თანამედროვე
სამყაროში მეცნიერებას
მრავალნაირი გამოყენება
აქვს; თუმცა მისი მთავარი
დანიშნულება მაინც მდიდართა
გადაცდომების შესანიღბი
გრძელი სიტყვების გამოგონებაა.
მარტივი მაგალითი სიტყვა
„კლეპტომანიაა.“ ამას ფეხდაფეხ
მოსდევს უცნაური თეორია,
რომელიც ყოველთვის წინ წამოიწევს
ხოლმე, როცა კი ცნობილი ან
მდიდარი ადამიანი შარში გაეხვევა: რატომღაც ითვლება,
რომ სააშკარაოზე გამოყვანა
შეძლებულისთვის უფრო მძიმე
სასჯელია, ვიდრე უქონელისთვის.
რა თქმა უნდა, ყველაფერი
პირიქითაა. რაც უფრო მდიდარია
კაცი, მით უფრო ადვილია მისთვის
მაწანწალობა. რაც უფრო მდიდარია
კაცი, მით უფრო ადვილი მოსაპოვებელია
მისთვის პოპულარობა და
პატივისცემა კანიბალთა
კუნძულებზე, და რაც უფრო
ღარიბია, მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მის განვლილ ცხოვრებას ღამის თავშესაფრის
მოსაპოვებლად. პატიოსნება
არისტოკრატისთვის ფუფუნებაა,
სატუმროს კარისკაცისთვის –
აუცილებლობა. ეს ყველაფერი
მეორეხარისხოვანია, მაგრამ
ჩემი მთავარი იდეის საილუსტრაციოდ
მჭირდება – იდეის, რომლის
მიხედვითაც თანამედროვე
გამომგონებლობის დიდი ნაწილი
ძლიერთა გაუმართლებელი
საქციელის გამართლებას
ხმარდება. ეს გამართლება
ძირითადად საბუნებისმეტყველო
მეცნიერებისადმი მიმართვის
სახეს იღებს, და ყველა იმ ფორმას
შორის, რომლითაც მეცნიერება
თუ ფსევდომეცნიერება მდიდარისა
და ბრიყვის გადარჩენას ცდილობს,
ყველაზე უცნაური რასების
თეორიაა. როდესაც ინგლისელთა
მდიდარი ერი არმოაჩენს ხოლმე
სავსებით ცხად ფაქტს, რომ მის
მიერ ირლანდიელთა ღარიბი
ერის მართვა სამარცხვინოდ
უთავბოლოა, ის წამით ჩაფიქრდება
და ლაპარაკს კელტებსა და
ტევტონებზე იწყებს. რამდენადაც
მე მესმის ეს თეორია, ირლანდიელები
კელტები არიან, ინგლისელები
კი ტევტონები. რა თქმა უნდა,
ირლანდიელები ისეთივე კელტები
არიან, როგორც ინგლისელები
– ტევტონები. თუმცა ამ ეთნოლოგიური
დისპუტისთვის თვალის დევნებით
თავი დიდად არ შემიწუხებია,
მაგრამ ბოლო მეცნიერული
დასკვნა, რომელიც ვნახე, იქეთკენ
იხრებოდა, რომ ინგლისელები
მეტწილად კელტები, ირლანდიელები
კი ტევტონები არიან. თუმცა
არცერთი ადამიანი, ოდნავი
მეცნიერული ალღო თუ აქვს, არც
კი იფიქრებდა ამ ტერმინების
სერიოზულად გამოყენებას
რაიმე პოზიტიური თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი მათ უნდა
გადავულოცოთ, ვინც ანგლო-საქსონებზე
საუბრობს და თან ამ ტერმინს
ამერიკაზეც განავრცობს. ჯერ
რამდენი ანგლო-საქსონური
სისხლია (ვინც არ უნდა იყვნენ
ესენი) ჩვენს ბრიტანულ, რომაულ,
გერმანულ, დანიურ, ნორმანულ
და პიკარდიულ ნარევში,
ანტიკვარებმა იკვლიონ. ახლა
ამ გაზავებული სისხლის რა
ნაწილია შენარჩუნებული
ამერიკულ მორევში, სადაც მას
განუწყვეტლივ ერევა შვედური,
ებრაული, გერმანული, ირლანდიური
და იტალიური ნაკადი, შეშლილისთვის
მიმინდია. ინგლსიური მმართველი
ფენისთვის უფრო ჭკვიანური
იქნება თუ სხვა ღვთაებას
იხმობს. სხვა ღმერთები, რაოდენ
სუსტნიც არ უნდა იყვნენ,
მუდმივობას მაინც იჩემებენ.
მეცნიერება კი ცვალებადობას
იკვეხნის და ტრაბახობს, რომ
წყალივით არამდგრადია.
არც ინგლისს და
არც მის მმართველ ფენას არასდროს
მიუმართავს რასის ამ აბსურდული
ღვთაებისთვის, ვიდრე არ
ჩათვალეს, რომ სხვა ღმერთი,
რომელსაც მიმართავდნენ, აღარც
ეგულებოდათ. ყველა ნამდვილი
ინგლისელი დაამთქნარებდა
და გულიანად დაგცინებდა,
ანგლო-საქსონებზე ლაპარაკი
რომ დაგეწყო. არც კი მინდა ვიფიქრო მათ რეაქციაზე, თუ ეცდებოდი, რომ ერის
იდეა რასის იდეით ჩაგენაცვლებინა. ნამდვილად არ ვისურვებდი
ნელსონის ხელქვეითობას, რომელმაც საკუთარი ფრანგული სისხლი უეცრად ტრაფალგარის გარიჟრაჟზე
აღმოაჩინა. არც ნორფოლკელი
ან საფოლკელი ჯენტლმენის
ტყავში მინდა აღმოვჩნდე, ვინც
ადმირალ ბლეიქს უნდა აუხსნას,
რამდენად მყარია მისი გენეალოგიური
კავშირები ჰოლანდიასთან. ეს
ყველაფერი ძალზე მარტივია.
ეროვნება არსებობს და რასასთან
არაფერი ესაქმება. ეროვნება
ეკლესიასავით ან საიდუმლო
საზოგადოებასავითაა; ის
ადამიანის სულის და ნების
პროდუქტია; ის სულიერების
პროდუქტია; თანამედროვე
მსოფლიოში კი ბევრია ისეთი
ადამიანი, რომელიც ყველაფერს
იფიქრებს და ყველაფერს
მოიმოქმედებს, ოღონდ კი რაიმე სულიერების პროდუქტად არ
აღიაროს.
ერი კი, რომელიც
თანამედროვე სამყაროს
უპირისპირდება, წმინდად სულიერი
პროდუქტია. ის ხან დამოუკიდებლობაში იბადება,
როგორც შოტლანდია, ხან დამოკიდებული და დამორჩილებული,
როგორც ირლანდია. ხან მცირეთაგან
ერთიანდება, როგორც იტალია,
ხან დიდებს სწყდება, როგორც
პოლონეთი. ყველა შემთხვევაში
მისი ხარისხი წმინდად სულიერია,
თუ გნებავთ, წმინდად ფსიქოლოგიური.
ასე იქცევა ხოლმე ხუთი კაცი
მეექვსედ. ეს ყველამ იცის,
ვისაც კლუბი დაუარსებია. ესაა
წამი, როცა ხუთი ადგილი ერთი ადგილი ხდება ხოლმე. ეს ყველამ უნდა
იცოდეს, ვისაც შეტევა მოუგერიებია.
ბ-ნმა ტიმოთი ჰილიმ, თანამედროვე
თემთა პალატის ყველაზე უფრო
სერიოზულმა ინტელექტმა,
სრულყოფილად შეაჯამა ეროვნება,
როგორც ის, რისთვისაც ადამიანი
თავს გაწირავს, ლორდ ჰიუ
სესილის პასუხად, თითქოს „არავინ,
თვით კეთილშობილი ლორდიც კი
არ შეაკვდება გრინვიჩის
მერიდიანს.“ ეს წმინდად
ფსიქოლოგიური ხასიათის
აღიარებაა. აზრი არა აქვს იმის
კითხვას - რატომ სპარტა და
ათენი, და არა გრინვიჩის
მერიდიანი. იგივეა, რომ იკითხო,
რატომ უყვარდება ადამიანს
ერთი ქალი, და არა მეორე.
გარეგანი ვითარების,
რასის თუ სხვა ცხადი ფიზიკური
პირობებისგან დამოუკიდებელი,
ამ დიდი სულიერი ერთიანობის
ყველაზე შესანიშნავი მაგალითი
ირლანდიაა. რომი ერებს იპყრობდა,
ირლანდია კი რასებს. ნორმანები
მივიდნენ და ირლანდიელები
გახდნენ, შოტლანდიელები
მივიდნენ და ირლანდიელები
გახდნენ, ესპანელები მივიდნენ
და ირლანდიელები გახდნენ,
თვით კრომველის გამწარებული
ჯარისკაცებიც კი ირლანდიელებად
იქცნენ. ირლანდია, რომელიც
არც კი არსებობდა პოლიტიკურად,
უფრი ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე
ყველა მეცნიერულად არსებული
რასა. სუფთა გერმანული სისხლი,
სუფთა ნორმანული სისხლი,
გულანთებული შოტლანდიელი
პატრიოტის სისხლი არ არმოჩნდა
ისეთი მიმზიდველი, როგორც
უდროშო ერი. ირლანდია, არაღიარებული
და დაჩაგრული, შთანთქავდა
რასებს, რადგან ეს წვრილმანი
ადვილად შთაინთქმება. ის
ადვილად დაუსხლტა ბუნებისმეტყველებას,
რადგანაც ცრურწმენა ადვილი
გადასაგდებია. ეროვნულობა
თავის სისუსტეში უფრო ძლიერი
აღმოჩნდა, ვიდრე ეთნოლოგია
საკუთარ სიძლიერეში. დამარცხებულმა
ეროვნულობამ ხუთი გამარჯვებული
რასა დაამარცხა და შთანთქა.
ესაა ირლანდიის ჭეშმარიტი
და უცნაური დიდება და ძნელი
მომსასმენია მისი თანამედროვე
გულშემატკივრების მუდმივი
საუბარი კელტებზე და კელტობაზე.
მოდი ვინმემ მითხრას, ვინ
არიან კელტები? ან ვინმემ თავი
მოიკატუნოს, რომ არ იცის, ვინ
არიან ირლანდიელები? იეითსი,
თანამედროვეობის დიდი ირლანდიელი
გენიოსი, შესანიშნავად უარყოფს
კელტური რასის არგუმენტს.
მაგრამ მთლიანად მანაც ვერ
დააღწია თავი ამ არგუმენტის
ნაკლს, რომ აღარაფერი ვთქვათ
მის მიმდევრებზე. არგუმენტის
ნაკლი კი ისაა, რომ, ირლანდიელებს
და კელტებს უცნაურ და ცალკე
რასად წარმოგვიდგენს,
თანამედროვეობის ერთგვარ
ექსცენტრიკოსების მოდგმად,
რომელიც ბუნდოვან მითებსა
და ოცნებებში ჩაძირულა.
ტენდენცია ირლანდიელებს
უცნაურებად წარმგვიდგენს,
რადგან ფერიებს ხედავენ, ძველ
სიმღერებს მღერიან და ძველ
ცეცკვებს ცეკვავენ. ეს უბრალოდ
არასწორი კი არა, სიმართლის
საპირისპირო რამაა. უცნაურნი
ინგლისელები არიან, რადგან
ფერიებს ვეღარ ხედავენ.
კენსინგტონის მაცხოვრებლები
არიან უცნაურები, რადგან ძველ
სიმღერებს აღარ მღერიან და
ძველ ცეკვებს აღარ ცეკვავენ.
ირლანდიელობაში არაფერია
არც უცნაური და არც „კელტური,“
როგორც ამას ნათლავენ.
ირლანდიელები უბრალოდ და
ჩვეულებრივად გონიერი ერია,
რომელიც ნებისმიერი ჩვეულებრივი
და გონიერი ერის ცხოვრებას
მისდევს, ერისა, რომელიც არაა
ერთ მხრივ კვამლით გაჟღენთილი
და მევახშეებით შევიწროვებული,
მეორე მხრივ - კეთილდღეობით
და მეცნიერებით შერყვნილი.
ლეგენდაში კელტური არაფერია.
ის უბრალოდ ადამიანურია.
გერმანელებს რომელნიც (მგონი)
ტევტონები არიან, ასობით
ლეგენდა აქვთ ყველგან, სადაც
კი ადამიანობა აქვთ შენარჩუნებული.
პოეზიის სიყვარულში არაფერია
კელტური. ინგლისელს იქნებ
ყველაზე მეტადაც უყვარდა
პოეზია, ვიდრე საკვამურის და
ცილინდრის ჩრდილში არ მოექცეოდა.
ირლანდია კი არა, მანჩესტერია
შეშლილი და მისტიკური, დაუჯერებელი
და ადამიანურიდან გამონაკლისი.
ირლანდიას არაფერში სჭირდება
რასიული მეცნიერების სულელური
თამაშები. ირლანდიას არ სჭირდება
ნათელმხილველთა გამოცალკევებულ
ტომად წარმოჩენა. თუ ხილვაზე
მიდგება, ირლანდია ერზე მეტია - ირლანდია მისაბაძი ერია.
No comments:
Post a Comment