IV ბერნარდ შოუ

იმ ძველსა და კარგ დროში, ვიდრე თანამედროვეობის სხვადასხვა სენი შეგვეყრებოდა, ვიდრე გულითადი იბსენი ქვეყნიერებას ჯანსაღი სიხარულით ავსებდა, მივიწყებული ემილ ზოლას კეთილ ისტორიებს კი ბუხრის პირას ვკითხულობდით, ითვლებოდა, რომ ცუდია, თუ ადამიანის არასწორად ესმით. ასეა თუ არა ეს ზოგადად, სადაოა. არასწორად გაგებულ ადამიანს, მაგალითად, ერთი უპირატესობა აქვს მტრებთან შედარებით – მათ არ იციან არც მისი სუსტი წერტილი, და არც საბრძოლო გეგმა. ეს ანკესით ფრინველზე ნადირობის, ან ისრებით  თევზაობის მსგავსია. სიტუაციის საილუსტრაციოდ რამდენიმე თანამედროვე შემთხვევას მოვიშველიებ; ბ-ნი ჩემბერლენისა, მაგალითად, ძალიან კარგია. ის მუდმივად უსხლტება და ამარცხებს ოპონენტებს, რადგან მისი ძალა და სისუსტე სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც მას მეგობრები და მტრები მიაწერენ. მეგობრები მას ენერგიულ და ქმედით, ოპონენტები კი ცინიკური ანგარების კაცად თვლიან, არადა არც ერთია და არც მეორე: ერთი რომანტიკული ორატორი და მსახიობია. ამ მელოდრამის მარილი ის გახლავთ, რომ მას შესანიშნავი უნარი აქვს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს კედელთან ჰყავთ მიმწყვდეული – მაშინაც კი, როცა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ხალხის განწყობა იმდენად რაინდულია, რომ თუ გმირობა გსურს, უიღბლობა უნდა გაითამაშო – ეს თვალთმაქცობა ხარკია, რომელსაც ძალა სისუსტეს უხდის. ის ბრიყვულად, და ამავე დროს, მშვენივრად ლაპარაკობს მის მშობლიურ ქალაქზე, რომელსაც მისთვის არასდროს უღალატია. ის ცეცხლოვან, ფანტასტიკურ ყვავილს ატარებს, უმნიშვნელო დეკადენტი პოეტივით. ეს ბლეფი, სიმაგრე და საღი განსჯისკენ მოწოდება ხომ რიტორიკის უპირველესი ხრიკია. ის თავის მსმენელებს მარკუს ანტონიუსის აღმაფრენით მიმართავს:

„მე ბრუტოსივით მჭევრმეტყველი, იცით, არა ვარ,
ვარ მხოლოდ ერთი უეშმაკო, უბრალო კაცი...“

ესაა ორატორისა და ხელოვანის – ვთქვათ, პოეტის ან მოქანდაკის - მიზანთა შორის განსხვავების არსი: მოქანდაკე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოქანდაკეა, ორატორი კი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ორატორი არ არის. საკმარისია, ბ-ნი ჩემბერლენი ერთხელ მაინც პრაქტიკულ ადამიანად ჩათვალო და თამაში მოგებული აქვს; საკმარისია, იმპერიის თემაზე რამე შეთხზას და ხალხი წამსვე იტყვის, რომ ეს უბრალო ადამიანი დიდ რამეებს ეჭიდება; საკმარისია მეორეხარისხაოვანი მსახიობებისთვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი ბუნდოვანება ჩამოაგდოს, რომ იტყვიან: საქმიან ხალხს, ბოლოსდაბოლოს, ყველაზე დიდი იდეალები აქვს. ყველა მისი გეგმა კვამლით სრულდება, რასაც არ შეეხო, ყველაფერი აურდაურია. მასში არის კელტური პათოსის მსგავსი რამ, მეთიუ არნოლდის გელსის მსგავსად: „ის ბრძოლაში მიიწევს, მაგრამ მუდამ ეცემა.“ ის წარუმატებელი შემოთავაზებების მთაა, და მაინც – მთა; მთა კი მუდამ რომანტიკულია.

თანამედროვეთაგან ერთი ადამიანი, რომელიც ყველა თვალსაზრისით ბ-ნი ჩემბერლენის ანტიპოდია, აგრეთვე არასწორად გაგებული ადამიანის უპირატესობის მონუმენტია. ბ-ნი ბერნარდ შოუ მის მოწინააღმდეგეებს და ვშიშობ, მიმდევრებსაც (თუ ასეთები არსებობენ), იუმორისტად, ბრწყინვალე აკრობატად და სწრაფი გადაცმის ოსტატად წარმოუდგენიათ. ითვლება, რომ მისი სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, რომ ის ერთდროულად უტევს და იცავს ყველაფერს, აკეთებს ყველაფერს, რომ განაცვიფროს და გაამხიარულოს. ეს არაა მართალი, უფრო მეტიც, სიმართლის სრულიად საპირისპირო რამაა. დაახლოებით ასეთივე სისულელე იქნება, რომ თქვა: „დიკენსს არ გააჩნდა ჯეინ ოსტინის მკვეხარა მამაკაცურობა.“ ბერნარდ შოუს მთელი ძალა და ტრიუმფი მის საოცარ თანმიმდევრულობაშია. მთელი მისი სიმძლავრე თავდაყირა დგომისა და რგოლებში ხტომისაგან ძალიან შორს, საკუთარი ციხესიმაგრის დღედაღამ, თვალმოუხუჭავ დაცვაშია თავმოყრილი. შოუს ტესტს სწრაფად და მკაცრად ექვემდებარება ყველაფერი, რაც კი ამქვეყნად ხდება. მისი სტანდარტი უცვლელია. გონებასუსტ რევოლუციონერებს და გონებასუსტ კონსერვატორებს ერთაირად ეზიზღებათ და შიშს ჰგვრით სწორედ ის, რომ მისი სასწორი, როგორც ასეთი, მუდამ გაწონასწორებულია, ხოლო კანონი კი სამართლიანადაა გამოყენებული. შეგიძლია მის პრინციპებს შეუტიო, როგორც ამას მე ვაკეთებ, მაგრამ არა მათ გამოყენებას. თუ ის გმობს უკანონობას, ერთნაირად გმობს სოციალისტებში და ინდივიდუალისტებში. თუ ის გმობს პატრიოტულ ციებცხელებას, ერთაირად გმობს მას ბურებშიც და ირლანდიელებშიც, ისევე, როგორც ინგლისელებში. თუ ის გმობს ქორწინების პირობითობებს და ხუნდებს, ის კიდევ უფრო გმობს უკანონო სიყვარულის წარმოქმნილ კიდევ უფრო მეტ პირობითობებს და უფრო ძლიერ ხუნდებს. თუ ის აბუჩად იგდებს მღვდლების ავტორიტეტს, უფრო ხმამაღლა მეცნიერთა ყოყლოჩინობას ამასხარავებს. სადაც რწმენის უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს, იქ არც ხელოვნებისას ჩქმალავს. ბოჰემა იმით მოიმადლიერა, რომ ქალი კაცს გაუთანაბრა და იმით გააცოფა, რომ კაცი - ქალს. ის თითქმის მექანიკურადაა სამართლიანი; არის მასში რაღაც საშინელი, მანქანურის მაგვარი რამ. თავშეუკავებელი და დაუდგრომელი, მართლა ფანტასტიკური და ამოუცნობი ბ-ნი შოუ კი არაა, არამედ საშუალო მინისტრი, სერ მაიკლ ჰიკს-ბიჩია, ვინც რგოლებში ხტება, სერ ჰენრი ფაულერი გახლავთ, თავდაყირა რომ დგება. ამ ყაიდის სოლიდური და პატივცემული სახელმწიფო მოღვაწენი დახტიან ერთი პოზიციიდან მეორეზე, მზად არიან დაიცვან ყველაფერი და არაფერი; მათი სერიოზულად აღქმაა შეუძლებელი. მე შესანიშნავად ვიცი, რას იტყვის ბ-ნი ბერნარდ შოუ ოცდაათი წლის შემდეგ; ოცდაათი წლის შემდეგ რომ შევხვდე ბ-ნ შოუს, პატივცემულ არსებას, ვერცხლისფერი წვერი მიწას რომ წვდება, და ვუთხრა: „რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება ქალს სიტყვიერად შეუტიოს,“ პატრიარქი ასაკოვან ხელს აღმართავს და ძირს დამანარცხებს. გარწმუნებთ, ვიცი, რასაც იტყვის ბ-ნი შოუ ოცდაათი წლის შემდეგ. მაგრამ არის კი ვინმე, ვისაც ვარსკვლავებში და სამისნო წიგნებში ხელეწიფება იმის ამოკითხვა, რას იტყვის ბ-ნი ასქუითი ოცდაათი წლის შემდეგ?

მცდარია ვარაუდი, თითქოს მყარ შეხედულებათა არარსებობა გონებას თავისუფლებას და მოქნილობას სძენს. ადამიანს, რომელსაც რაღაცის სჯერა, გონებაც სხარტად უმუშავებს, რადგან მთელი თავისი იარაღი მზად აქვს. მას შემოწმება დაუყოვნებლივ შეუძლია. შოუსნაირ ადამიანთან მებრძოლს მოეჩვენება, თითქოს მას ათი სახე აქვს. ასეთივე შეგრძნება ეუფლება ბრწყინვალე დუელისტთან შებმულს: ეჩვენება, რომ მოწინააღმდეგე ათი დაშნით ებრძვის. სინამდვილეში დაშნა ერთია და ზუსტად დამიზნებული. გარკვეული მრწამსის მქონე ადამიანი ყოველთვის უცნაურად გვეჩვენება, რადგან წუთისოფელთან ერთად არ იცვლება; უძრავ ვარსკვლავზეა ამძვრალი, დედამიწა კი მის ქვეშ კალეიდოსკოპივით ბრუნავს. მილიონობით ადამიანი საკუთარ თავს ნორმალურ და საღ მოაზროვნედ აღიქვამს, რადგან მუდამ მოდური სიგიჟე აქვს შეყრილი და სამყაროს მორევში ერთიდან მეორეში მიიჩქარის.

ბ-ნ შოუს და მასზე ნაკლებად ჭკვიან ხალხსაც ადანაშაულებენ, აქაოდა შავზე თეთრს ამბობენო. არავინ ფიქრობს, ფერების თანამედროვე ენა ჭეშმარიტებას ასახავს თუ არა. ჩვეულებრივი ფრაზეოლოგია შავს ზოგჯერ თეთრს უწოდებს; ყვითელს, მწვანეს და მოწითალო-მოავისფროს კი - ძალიან ხშირად. ღვინოს „თეთრს“ ვეძახით, მაგრამ ყვითელია; „თეთრი“ ყურძენი – მწვანეა. მოვარდისფრო-მოყვითალო ევროპელს კი „თეთრი ადამიანის“ წოდება მივანიჭეთ, რომელიც პოს ყველა აჩრდილზე უფრო საშინელია.

კაცმა რომ რესტორანში ყვითელი ღვინო მოითხოვოს, ან მომწვანო-მოყვითალო ყურძენი, მიმტანს ნამდვილად შეშლილი ეგონება. ბირმაზე მომზადებულ ანგარიშში მოხელემ რომ ჩაწეროს: „აქ მხოლოდ ორ ათასამდე მოვარდისფრო ადამიანია,“ უადგილო მასხარაობისთვის სამსახურიდან კინწისკვრით გააგდებენ. ისიც ცხადია, რომ ორივე ადამიანი სიმართლის თქმისთვის დაზარალდება. რესტორნის სიმართლისმოყვარული ადამიანიც, ბირმაში მომუშავე სიმართლისმოყვარული ადამიანიც, ორივე – ბერნარდ შოუა. ის ექსცენტრიკული და გროტესკული ჩანს, რადგან არ ეგუება საყოველთაო რწმენას, რომ თეთრი ყვითელია. მან მთელი თავისი ბრწყინვალება და სიმყარე თუმცა გადაღეჭილ, მაგრამ მაინც მივიწყებულ ჭეშმარიტებაზე დააფუძნა: ნამდვილი მოგონილზე უფრო უცნაურია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მოგონილს ყოველთვის მოვირგებთ ხოლმე.

გასნჯითი შეფასება ბ-ნ შოუს შესანიშნავ, მთლიან ადამიანად წარმოაჩენს. მას მიაჩნია, რომ ყველაფერს დაუმახინჯებლად ხედავს, ზოგიერთს ისეთ რამესაც კი, რასაც მთელი ჩვენი ცივილიზაცია ვერ ამჩნევს. თუმცა ბ-ნი შოუს რეალიზმს რაღაც აკლია, და თანაც ძალიან სერიოზული.

მისი ძველი და აღიარებული ფილოსოფია მძლავრადაა წარმოდგენილი „იბსენიზმის კვინტესენციაში.“ მის თანახმად, კონსერვატიული იდეალი იმიტომ კი არაა ცუდი, რომ კონსერვატიულია, არამედ იმიტომ, რომ იდეალია; იდეალი ადამიანს აფერხებს კონკრეტული შემთხვევის სამართლიანად შეფასებაში; ზნეობრივი განზოგადება თრგუნავს პიროვნებას. ოქროს წესი მის არარსებობაშია. ეს თითქოს ათავისუფლებს ადამიანს, სინამდვილეში კი ხელს უშლის მას იმ ერთადერთი რამის გაკეთებაში, რაც მას გულით სურს. რა აზრი აქვს, მისცე საზოგადოებას, ყველა თავისუფლება, გარდა კანონის დაწესების თავისუფლებისა? სწორედ ეს თავისუფლება წარმოქმნის თავისაუფალ ხალხს. რა აზრი აქვს, უთხრა ადამიანს (ან ფილოსოფოსს), რომ მას აქვს ყველა თავისუფლება, გარდა განზოგადების თავისუფლებისა? სწორედ განზოგადება გვაქცევს ადამიანებად. მოკლედ, როდესაც ბ-ნი შოუ კრძალავს მკაცრ ზნეობრივ იდეალებს, ისე მოქმედებს, თითქოს ბავშვების ყოლას კრძალავს. თქმა იმისა, რომ „ოქროს წესი მის არარსებობაშია,“ ახალი ოქროს წესის შემოღებაა, ოღონდ ამჯერად ბევრად უარესის. ეს რკინის წესია, რომელიც ადამიანის პირველივე მოძრაობას ბორკავს.

თუმცა უკანასკნელი წლების გაოცება, რომელიც ბ-ნ შოუს უკავშირდება, მასში ზეადამიანის რელიგიის უეცარი განვითარებაა. მან, ვინც მივიწყებული წარსულის ღმერთებს დასცინოდა, ბუნდოვანი მომავლის ღმერთი აღმოაჩინა. მან, ვინც ყველანაირ იდეალს გმობდა, ყველაზე უფრო აბსურდული იდეალი დააწესა: ახალი არსების იდეალი. თუმცა მას, ვინც ადეკვატურად იცნობს და აფასებს ბ-ნი შოუს აზროვნებას, ამის წინასწარ ვარაუდი არ უნდა გასჭირვებოდა, რადგან ის ვერ ხედავს რეალობას. რომ ხედავდეს, მუხლს მოუყრიდა. მას აქვს საიდუმლო იდეალი, რომელიც ყველაფერ რეალურს აჭკნობს. ის მუდმივად ადარებს ადამიანებს რაღაცას, რაც არაადამიანურია: მარსიანულ ურჩხულს, სტოიკოსთა ბრძენს, ფაბიანელთა ეკონომიკურ ადამიანს, იულიუს კეისარს, ზიგფრიდს, ზეადამიანს. ასეთი შეუბრალებელი შინაგანი სტანდარტის არსებობა იქნება ძალიანაც კარგი იყოს, ან სულაც ძალიან ცუდი; რეალობის აღქმას რომ ხელს უშლის, ცხადია. ჯერ ასხელა ბრიარეუსის წარმოდგენა, შემდეგ კი ადამიანის ორხელა ხეიბრად მონათვლა არაა რეალობის აღქმა. ასთვალა არგუსის წარმოდგენა, შემდეგ კი ორვალა ადამიანის დაცინვაც არაა რეალობის აღქმა. არც ისაა საგნების ჭეშმარიტი ხედვა, უსასრულო გონებრივი შესაძლებლობის ნახევარღმერთი წარმოიდგინო, რომელიც ან გამოჩნდება ოდესმე დედამიწაზე და ან არა, და ამის გამო ჩვეულებრივი ადამიანები იდიოტებად ჩათვალო. სწორედ ესაა, რასაც ბ-ნი შოუ მეტნაკლებად ყოველვის სჩადის. თუ ადამიანს ვხედავთ ისეთს, როგორიცაა, კი არ ვკიცხავთ – თაყვანს ვცემთ, და სრულიად მართებულადაც. ურჩხული უცნაური თვალებითა და ცერებით, უცნაური ზმანებებით, უცნაური სინაზით ამ ადგილისა თუ იმ ბავშვის მიმართ, მართლაც შესანიშნავი და ამაღელვებელია. უბრალოდ ძალიან თავნება და ამპარტავნული ჩვევაა, რამე ისეთთან შედარება, რაც უპირატესობას გაგრძნობინებს. უპირატესობის გრძნობა სიწყნარეს და პრაქტიკულობას გვინარჩუნებს; უბრალო ფაქტები კი მუხლებში გვკეცავს და რელიგიური შიშით ძირს გვანარცხებს. ფაქტია, რომ შეგნებული ცხოვრების ნებისმიერი მომენტი განუმეორებელია; ფაქტია, რომ ნებისმიერი გამვლელის სახე ქუჩაში ზღაპრულად მოულოდნელია. ის, რაც ადამიანს ამის გაცნობიერებისგან აკავებს, გამოცდილება და ნათელი ხედვა კი არა, რაღაცასთან შედარების პენდანტური ჩვევაა. ბ-ნი შოუ, პრაქტიკულად ყველაზე ადამიანური ადამიანი ცოცხალთა შორის, ამ თვალსაზრისით არაადამიანია. ის ახალი ბატონის, ნიცშეს პირველადი გონებრივი სისუსტითაა ინფიცირებული, იმ უცნაური აზრით, თითქოს რაც უფრო დიდი და ძლიერია ადამიანი, მით უფრო არად აგდებს ყველაფერს. რაც უფრო დიდი და ძლიერია ადამიანი, მით უფრო მეტად იქნება მიდრეკილი, იმისკენ, რომ ენძელას წინ განერთხას. იმპერიებისა და ცივილიზაციების კოლოსალური პანორამის წინაშე ბ-ნი შოუს დამცინავი გამომეტყველებით აღმართული თავი სულაც არ ამტკიცებს იმას, რომ ის საგნებს რეალურად ხედავს. აი თავის ფეხებს რომ დასჩერებოდეს რელიგიური განცვიფრებით, სხვა საქმე იქნებოდა. „რაა ეს ორი მშვენიერი და დაუღალავი არსება,“ წარმომიდგენია, რომ საკუთარ თავს ეჩურჩულება, „ მუდამ რომ მემსახურება? რომელმა ფერიამ აიძულა ზრაპრეთიდან რომ მოსულიყვნენ? რომელ ღმერთს უნდა ვასიამოვნო ღვინით და ცეცხლით, სადმე რომ არ გადამკარგონ?“

გულწრფელი დაფასება ყოველთვის თავმდაბლობის იდუმალებას ეფუძნება. ადამიანმა, რომელმაც თქვა: „ნეტარ არს ის, ვინც არაფერს ელის, რადგან არ გაწბილდება,“ ცრუ ხოტბა აღავლინა. შეშმარიტია: „ნეტარ არს ის, ვინც არაფერს ელის, რადგან დიდებულად გაოცდება.“ ის ვინც არაფერს ელის, ვარდებს უფრო წითლად, ბალახს უფრო მწვანედ, მზეს უფრო ბრწყინვალედ ხედავს. ნეტარ არს, ვინც არაფერს ელის, რადგან ქალაქებს და მთებს დაეუფლება. ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათ დამკვიდრონ ქვეყანა. ვიდრე არ გავიაზრებთ, რომ საგნები შეიძლება არც ყოფილიყო, ვერ მივხვდებით, რომ ისინი არსებობს. ვიდრე სიბნელის ფონს არ დავინახავთ, ვერ მივხვდებით, რომ სინათლე შესანიშნავია და შექმნილი. ვიდრე არარსებობას არ წარმოვიდგენთ, ღმერთის გამარჯვებას, და მისი უძველესი ომის ალაფს ვაკნინებთ. ესაა ჭეშმარიტების მილიონიდან ერთ-ერთი თვისება: ვერაფერს შევიცნობთ, ვიდრე არაფერს არ შევიცნობთ.
 
ესაა ბ-ნი შოუს სიდიადის ერთადერთი ნაკლი – ძნელია, მას ასიამოვნო. ის თითქმის ერთადერთი გამონაკლისია იმ გამონათქვამისა, დიდ გონებას მცირედი რამ რომ სიამოვნებს. სწორედ თავმდაბლობის – ამ ყველაზე უფრო გაშმაგებული თვისების – უქონლობას მოსდევს ზეადამიანის დაჟინებული მოთხოვნა. უამრავი ადამიანის ხანგრძლივი ლანძღვის შემდეგ, აქაოდა არაპროგრესულები ხართო, ბ-მა შოუმ ნიშანდობლივი აღმოაჩენა გააკეთა: ნებისმიერი, ჩვეულებრივი ადამიანი არც შეიძლება, რომ პროგრესული იყოს. თუ კაცობრიობის პროგრესთან თავსებადობა ეჭვქვეშ აღმოჩნდება, ადამიანების უმეტესობა, რომელთაც იოლად ასიამოვნებ, პროგრესს მიატოვებს და კაცობრიობასთან დარჩება. ბ-მა შოუმ, რომელსაც იოლად ვერ ასიამოვნებ, კაცობრიობა მოისროლა და პროგრესი აირჩია. როდესაც ადამიანი პროგრესის ფილოსოფიასთან მწყრალადაა, ბ-ნი შოუ ახალი ყაიდის ფილოსოფიას კი არა, ახალი ყაიდის ადამიანს ითხოვს. წარმოვიდგინოთ, ძიძა რომ ჩვილს მწარე საკვებს უშედეგოდ აჩვევდეს და ფანჯრიდან საკვები კი არა, ბავშვი მოისროლოს. ბ-ნ შოუს არ ესმის, რომ ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანია – ლუდის მსმელი, მორწმუნე, მებრძოლი, შემცდარი, მგრძნობიარე და პატივსაცემი. ყველაფერი, რაც ამ არსებაზე დაფუძნდა, უკვდავია; ზეადამიანის ფანტაზიაზე დაფუძნებული კი მის შემქმნელ ცივილიზაციასთან ერთად კვდებოდა. როდესაც ქრისტე სიმბოლურ მომენტში თავის დიად საზოგადოებას უყრიდა საძირკველს, მის ქვაკუთხედად ბრწყინვალე პავლე ან მისტიკოსი იოანე კი არ აირჩია, არამედ ფრატუნა, მხდალი და სნობი – ერთი სიტყვით, ადამიანი. ამ კლდეზე ააგო მან ეკლესია და თვით ჯოჯოხეთის კარიბჭეც კი უძლური აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. ყველა იმპერია და სამეფო დაემხო იმ თანდაყოლი სისუსტის გამო, ძლიერი ადამიანების მიერ და ძლიერ ადამიანებზე რომ იყვნენ დაფუძნებულნი. ერთადერთი რამ - ისტორიული ქრისტიანული ეკლესია - სუსტ ადამიანს დაეფუძნა და ამის გამო ურღვევია, რადგან არცერთი ჯაჭვი არაა უფრო მტკიცე, ვიდრე მისი სუსტი რგოლი.


No comments:

Post a Comment