არაფერი
ისე არ გვიჩვენებს
თანამედროვე საზოდადოების
უზარმაზარ და დაფარულ ნაკლს,
როგორც სიტყვა „ორთოდოქსის“
უჩვეულო ხმარება.
ადრე ერეტიკოსი იმით ამაყობდა,
რომ ერეტიკოსი არაა. ძლიერნი
ამა ქვეყნისა - პოლიცია და
მოსამართლეები – აი ვინ იყვნენ
ერეტიკოსები; თვითონ კი
ორთოდოქსი იყო. ის კი არ უჯანყდებოდა
მათ, პირიქით - მას უწყობდნენ
აჯანყებას. არმია თავისი
სასტიკი წესრიგით, მეფე
სახის ცივი გამომეტყველებით,
სახელმწიფო თავისი მოჩვენებითი
წესიერებით და კანონებით –
აი ვინ იყო ცხვარივით გზააბნეული.
ადამიანი კი ამაყობდა იმით,
რომ ორთოდოქსია, ანუ მართალი.
სიცარიელეში მარტოდმარტო
დარჩენილიც კი, ის უფრო მეტი
იყო, ვიდრე ერთი ადამიანი –
ის იყო ეკლესია; ის იყო სამყაროს
ცენტრი, რომელსაც ვარსკვლავები
გარს უვლიან. მივიწყებული
ჯოჯოხეთიდან ამოგლეჯილი
ვერანაირი ტანჯვა მას ვერ
აღიარებინებდა, რომ ერეტიკოსია.
თუმცა ორიოდე თანამედროვე
გამოთქმამ მოახერხა ის, რომ
ახლა ადამიანი ამით ტრაბახობს.
„მგონი საშინელი ერეტიკოსი
ვარ“ - ამბობს თვითკმაყოფილი
სიცილით და საპასუხოდ ტაშს
ელოდება. ერეტიკოსი არათუ აღარ
ნიშნავს მტყუანს, ახლა ის
გაბედული და ნათელი მოაზროვნეა;
ორთოდოქსი არათუ აღარ ნიშნავს
მართალს; ის პტაქტიკულად
მტყუანია. ყველაფერი ეს ერთადერთ
რამეზე მეტყველებს: საკუთარი
მსოფლმხედველობის ჭეშმარიტება
კაცობრიობას აღარ აღელვებს.
სხვანაირად რომ იყოს, ადამიანი
უმალ სიგიჟეს აღიარებდა, ვიდრე
მწვალებლობას. წითელყელსახვევიანი
ბოჰემა გაცხარებით დაიცავდა
საკუთარ ორთოდოქსობას; დინამიტის
დამდები ანარქისტი, სხვა
თუ არაფერი, ორთოდოქსობაზე
მაინც დადებდა თავს.
სისულელეა,
რა თქმა უნდა, მსოფლმხედველობითი უთანხმოების გამო ერთმა ფილოსოფოსმა
მეორე კოცონზე რომ დაწვას. შუა საუკუნეების უკანასკნელი
დაკნინების პერიოდში ამას
ხშირად აკეთებდნენ და სრულიად
უშედეგოდაც. მაგრამ არის ერთი
რამ, რაც განუზომლად უფრო
აბსურდულია და არაპრაქტიკული,
ვიდრე ფილოსოფიური მოსაზრებების
გამო ადამიანის კოცონზე დაწვა.
ესაა დაჟინებული მტკიცება იმისა, თითქოს მსოფლმხედველობას
მნიშვნელობა არ აქვს, რაც
საყოველთაო ჩვევად იქცა მეოცე
საუკუნეში - დიდი რევოლუციური
ეპოქის უკანასკნელი დაცემის
პერიოდში. ზოგადი თეორიები
უგულებელყოფილია; ადამიანის
უფლებები ადამიანის დაცემამ
უარყო. თვით ათეიზმიც კი
ზედმეტად თეოლოგიურად
გვეჩვენება. რევოლუცია სისტემად
იქცა; თავისუფლება - შეზღუდვად;
ჩვენ აღარ განვაზოგადებთ.
ბერნარდ შოუმ ყველაფერ ამას
შესანიშნავი ეპიგრამით მოუყარა
თავი: “ოქროს წესი მის
არარსებობაშიაო.“ ჩვენ სულ
უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ
დეტალებს ხელოვნებაში,
პოლიტიკაში, ლიტერატურაში.
მნიშვნელოვანია, რას ვფიქრობთ
ტრამვაიზე, ან ბოტიჩელიზე;
არ აქვს მნიშვნელობა, რას
ვფიქრობთ ზოგადად, ყველაფერზე.
შეგიძლია ქექო და შეისწავლო
მილიონობით საგანი, მაგრამ
არა ერთი, უცნაური, სახელად
სამყარო; რადგან თუ ამას იზამ,
რელიგიას იპოვი და დაიღუპები.
ყველაფერი მნიშვნელოვანია
– გარდა ყველაფრისა.
მსოფლმხედველობის
მიმართ ამ სრულიად ქარაფშუტული
დამოკიდებულების საჩვენებლად
მაგალითიც კი არაა საჭირო.
ჩვენ არავითარ პრაქტიკულ
მნიშნელობას არ ვანიჭებთ
იმას, პესიმისტია ადამიანი
თუ ოპტიმისტი, კარტეზიანელი
თუ ჰეგელიანელი, მატერიალისტი
თუ სპირიტუალისტი. უწყინარი
ჩაის სმისას შეიძლება ვინმემ
თქვას, მაგალითად, რომ ცხოვრება
არც ღირს. ასეთ გამონათქვამებს
ისევე ვეკიდებით, როგორც
ამინდზე საუბარს. არავინ
ფიქრობს, რომ ეს რამენაირად
მოქმედებს ადამიანზე თუ
სამყაროზე. და მაინც, თუ ამ
წამოძახილს დავეთანხმებოდით,
სამყარო თავდაყირა დადგებოდა.
მკვლელებს მედლებს დაურიგებდნენ
ადამიანების სიცოცლისგან
დახსნისათვის; მეხანძრეებს
დაგმობდნენ ადამიანების
გადარჩენისათვის, შხამს წამლად
აქცევდნენ და ექიმს ჯანმრთელ
ადამიანთან გამოიძახებდნენ;
სამეფო სამაშველო საზოგადოებას
ავაზაკების ბუდედ მონათლავდნენ
და ამოძირკვავდნენ. ჩვენ
არასდროს ვმსჯელობთ იმაზე,
ამაგრებს თუ ასუსტებს საზოგადოებას
ასეთი მოლაპარაკე პესიმისტი,
რადგან თეორიებს არაფრად
ვაგდებთ.
მათ, ვინც თავისუფლებას
გვაზიარა, ასეთი რამ ნამდვილად
არ ჩაუფიქრებია. ძველმა
ლიბერალებმა ყველანაირ ერესს
ალიკაპი იმიტომ ახსნეს, რომ
ამით რელიგიური და ფილოსოფიური
აღმოჩენებისთვის შეეწყოთ
ხელი. მათი აზრით, მსოფლმხედველობა
იმდენად მნიშვნელოვანია, რომ
თითოეული ადამიანის აზრი
გასათვალისწინებელია.
თანამედროვეთა აზრით, მსოფლმხედველობა იმდენად
უმნიშვნელოა, რომ არავის
ნათქვამს მნიშვნელობა აღარ
აქვს. ძველებმა კვლევა
გაათავისუფლეს – თითქოს
ჯიშიანი მეძებარი აუშვესო;
ახლები ამას ისე აკეთებენ,
საკვებად უვარგის დაჭერილ
თევზს უკან, ზღვაში რომ მოისვრიან
ხოლმე. პირველად, როცა ყველას
შეუძლია ამაში მონაწილეობის
მიღება, ადამიანის ბუნებაზე
აღარავინ მსჯელობს. ძველი
შეზღუდვა მხოლოდ ორთოდოქსს
აძლევდა რელიგიაზე მსჯელობის
უფლებას. თანამედროვე თავისუფლებამ
ეს უფლება ყველას ჩამოართვა.
კარგმა ტონმა – ადამიანთა
უკანასკნელმა და უბოროტესმა
ცრურწმენამ - გაიმარჯვა იქ,
სადაც ყველა დანარჩენი უძლური
აღმოჩნდა: მან დაგვადუმა.
სამოცი წლის წინ გაცხადებული
ათეისტობა ცუდ ტონად ითვლებოდა.
შემდეგ ბრედლოუს მიმდევარმა
ათეისტებმა, ამ უკანასკნელმა
რელიგიურმა ადამიანებმა,
რომლებსაც ღმერთი კიდევ
აღელვებდათ, სცადეს ამის
შეცვლა, თუმცა უშედეგოდ.
გაცხადებული ათეისტობა კვლავაც
ცუდი ტონია. სამაგიეროდ
სულთმობრძავმა ბრედლოუისტებმა
იმას მიაღწიეს, რომ გაცხადებული
ქრისტიანობაც ზუსტად ასევე
ცუდ ტონად ჩაითვალა. ემანსიპაციამ წმინდანიც ერესიარქთან
ერთად უბრალოდ დუმილის კოშკში გამოამწყვდია.
ახლა ლორდ ენგლსიზე და ამინდზე
ვსაუბრობთ და ამას რწმენის
თავისუფლებას ვუწოდებთ.
თუმცა
არსებობს ხალხი – და მეც მათ
შორის – ვინც ადამიანის
მსოფლმხედველობას უდიდეს
პრაქტიკულ მნიშვნელობას
ანიჭებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ
დიასახლისისათვის მდგმურის
შემოსავალია მთავარი, მაგრამ
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი
მისი მსოფლმხედველობაა.
ვთვლით, რომ მხედართმთავარს
უპირველესად მტრის სიმრავლე
უნდა აღელვებდეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - მისი
ფილოსოფია. საქმე ის კი არაა, ახდენს თუ
არა მსოფლხედველობა გავლენას,
არამედ ახდენს თუ არა გავლენას
რამე საერთოდ. მეთხუთმეტე
საუკუნეში ადამიანს აწამებდნენ
იმიტომ, რომ ის უზნეობას
ქადაგებდა; მეცხრამეტეში
ოსკარ უაილდი ასეთი ქადაგებისთვის
ვაქეთ და ვადიდეთ, შემდეგ კი
მისი განხორციელებისათვის
პატიმრობაში გული დავუმსხვრიეთ.
ვერ იტყვი, რომელი მეთოდია
უფრო სასტიკი, თუმცა ადვილი
სათქმელია, რომელია უფრო
შეუსაბამო; ინკვიზიციის ეპოქას
ნამდვილად ვერ დააბრალებ
სამარცხვინო საზოგადოების
შექმნას, რომელიც ადამიანს
კერპად აქცევს იმის ქადაგებისათვის,
რისი განხორციელებისათვისაც
ასამართლებს.
ჩვენს დროში ფილოსოფია და რელიგია, ანუ ჩვენი თეორია უზენაესის შესახებ მეტნაკლებად ერთდროულად განიდევნა ორი სფეროდან, რომელიც ტრადიციულად ეკუთვნოდა. საყოველთაო იდეალები დომინირებდა ლიტერატურაში, საიდანაც ისინი "ხელოვნება ხელოვნებისათვის" შეძახილმა გამოაძევა. საყოველთაო იდეალები ბატონობდა პოლიტიკაშიც, საიდანაც ისინი "შედეგიანობის" მოწოდებამ განდევნა. უკანასკნელი ოცი წელია წესრიგისა თუ თავისუფლების იდეალები ჯიუტად ქრება ჩვენი წიგნებიდან, სიბრძნისა და მჭევრმეტყველებისა კი - პარლამენტებიდან. წიგნიერება მიზანმიმართულად აპოლიტიკური, პოლიტიკა კი უწიგნური ხდება. ზოგადი თეორიები საგანთა ურთიერთკავშირის შესახებ ორივედან განიდევნა, ამდენად თავისუფლად შეიძლება ვიკითხოთ: 'რა მოგვცა ამ განდევნამ? გაუმჯობესდა ლიტერატურა ან პოლიტიკა მორალისტისა და ფილოსოფოსის გაძევებით?'
ჩვენს დროში ფილოსოფია და რელიგია, ანუ ჩვენი თეორია უზენაესის შესახებ მეტნაკლებად ერთდროულად განიდევნა ორი სფეროდან, რომელიც ტრადიციულად ეკუთვნოდა. საყოველთაო იდეალები დომინირებდა ლიტერატურაში, საიდანაც ისინი "ხელოვნება ხელოვნებისათვის" შეძახილმა გამოაძევა. საყოველთაო იდეალები ბატონობდა პოლიტიკაშიც, საიდანაც ისინი "შედეგიანობის" მოწოდებამ განდევნა. უკანასკნელი ოცი წელია წესრიგისა თუ თავისუფლების იდეალები ჯიუტად ქრება ჩვენი წიგნებიდან, სიბრძნისა და მჭევრმეტყველებისა კი - პარლამენტებიდან. წიგნიერება მიზანმიმართულად აპოლიტიკური, პოლიტიკა კი უწიგნური ხდება. ზოგადი თეორიები საგანთა ურთიერთკავშირის შესახებ ორივედან განიდევნა, ამდენად თავისუფლად შეიძლება ვიკითხოთ: 'რა მოგვცა ამ განდევნამ? გაუმჯობესდა ლიტერატურა ან პოლიტიკა მორალისტისა და ფილოსოფოსის გაძევებით?'
უძლურებას
და უშედეგობას მუდამ შედეგიანობაზე
საუბრები მოსდევს. ასეა
ადამიანიც: ჯანმრთელობაზე
პირველად სხეულის დაუძლურებისას
ალაპარაკდება. ღონიერი ორგანიზმი
პროცესებზე კი არა, მიზნებზე
ლაპარაკობს. ადამიანის ფიზიკურ
შესაძლებლობებზე საუკეთესოდ
ქვეყნის დასალიერში მოგზაურობაზე
მისი მხიარული ბაასი მეტყველებს.
ერის პრაქტიკულ სიძლიერეს
საუკეთესოდ მისი სამყაროს
დასასრულისკენ მოგზაურობაზე
– უკანასკნელი სამსჯავროსა
და ახალი იერუსალიმისკენ
მოგზაურობაზე მუდმივი საუბარი
ამტკიცებს. არ არსებობს უბრალო
ფიზიკური ჯანმრთელობის უკეთესი
ნიშანი, ვიდრე მაღალი იდეალებისკენ
თავშეუკავებელი სწრაფვა:
ბავშვური ენერგიის მოზღვავებაა, შეუძლებელს რომ გვანდომებს.
ძლიერი ეპოქის ძლიერი ადამიანი
ვერ გაგიგებდათ, რას გულისხმობთ
შედეგიანობის ამაღლებაში.
ჰილდებრანდი იტყოდა, რომ ის
კათოლიკური ეკლესიისათვის
იღწვის, და არა შედეგიანობის
ამაღლებისთვის. დანტონი
იტყოდა, რომ შედეგიანობის
ამაღლებას კი არა, ძმობას,
ერთობას და თავისუფლებას
ამკვიდრებს. ასეთი ადამიანის
იდეალი სულაც ვინმეს კიბეზე
თავდაყირა დაშვება რომ ყოფილიყო,
ის მიზანზე იფიქრებდა და არა
დამბლადაცემულივით – პროცესზე.
ასეთი ადამიანი არ გეტყოდათ:
„როგორც ხედავთ, ბარძაყის და
წვივის კუნთების გამოყენებით,
რომლებიც შესანიშნავ
მდგომარეობაშია, შედეგიანად
ვწევ მარჯვენა ფეხს და ...“ არა,
ბატონო ჩემო. მისი განწყობა
სრულიად განსხვავებულია. ის
იმდენად აღსავსეა კიბის ძირში
გაშხლართული ადამიანის
მშვენიერი ხილვით, რომ დანარჩენი
ელვის სისწრაფით მოსდევს ამ
აღმაფრენას. განზოგადების
და გაიდეალების ჩვევა არასდროს
ყოფილა ამქვეყნიური სისუსტის
ნიშანი. დიდი თეორიების დრო
დიდი შედეგების დროც იყო.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს,
სანტიმენტალიზმის და
კაზმულსიტყვაობის ეპოქაში,
ადამიანი ენერგიული და
შედეგიანია. სანტიმენტალისტებმა
ნაპოლეონი დაამარცხეს, ცინიკოსებმა კი დე ვეტი ვერ
დაიჭირეს. ასი წლის წინ ჩვენს
საქმეებს, ავად თუ კარგად,
ტრიუმფატორი ორატორები
განაგებდნენ. ახლა კი უჩუმრად
და უღიმღამოდ მდუმარე ძლიერი
ადამიანები ხლართავენ. დიდი
სიტყვებისა და დიდი ხედვების
უარყოფამ, პოლიტიკის მსგავსად,
ხელოვნებაშიც პატარა ადამიანების
მოდგმა წამოწია. ჩვენი თანამედროვე
პოლიტიკოსები კეისრისა და
ზეადამიანის კოლოსალურ
თავისუფლებას ითხოვენ;
აცხადებენ, რომ პრაგმატიზმი
მეტია პატიოსნებაზე და
პატრიოტიზმი – ზნეობაზე.
მისწრაფებათა მწვერვალი კი
ფინანსთა მინისტრობის
უფერულებაა. ხელოვნების
ფილოსოფოსები იგივე ზნეობრივ
თავისუფლებას იჩემებენ, ცას
და მიწას მუსრს ავლებენ, ოცნების
მწვერვალი კი კარის პოეტობაა.
არ ვამბობ, რომ ამათზე ძლიერი
ადამიანები არ არსებობენ;
მაგრამ ვინმე იტყვის, რომ
რომელიმე უფრო ღონიერია, ვიდრე
ის, ძველი, მსოფლმხედველობით
და რწმენით მტკიცე ადამიანი?
ალბათ შეზღუდულობას თავისუფლება
სჯობს, მაგრამ ვერავინ
უარყოფს, რომ მათი შეზღუდულობა უფრო მეტის მომტანია, ვიდრე ჩვენი თავისუფლება.
ხელოვნება
რომ ზნეობის გარეთ დგას,
არტისტულ წრეებში დამკვიდრებული
აზრია. თავისუფლად შეგიძლია
დაწერო „დაკარგული სამოთხე,“
და სატანას ღმერთი დაამარცხებინო,
ან „ღვთაებრივ კომედიაში“
სამოთხე ჯოჯოხეთის ქვეშ
მოაქციო, მაგრამ რას ვხედავთ?
ვინმემ ისარგებლა ამ უნივერსალიზმით?
შექმნა რამე უფრო დიდებული
და მშვენიერი, ვიდრე შეურიგებელმა
გიბელინმა კათოლიკემ ან ხისტმა
პურიტანელმა მასწავლებელმა?
მე მხოლოდ რამდენიმე რონდო
გამიგია. მილტონი ამათ საკუთარ
ღვთისმოსაობაშიც სჯობნის
და მათსავე უღმერთობაშიც.
ლექსების მთელ ამ ციცქნა
წიგნებში არ შემხვედრია
ღმერთის უფრო დახვეწილი
უარყოფა, ვიდრე მილტონისეულ
სატანას ეკუთვნის. ვერც
წარმართობის დიდებულებას
შეიგრძნობთ სადმე ისე, როგორც
გულანთებული ქრისტიანთან,
თავაწეულილი ფარინატას მიერ
ჯოჯოხეთს აბუჩად აგდებას რომ
აღწერს. მკრეხელობა რწმენაზეა
დამოკიდებული და მასთან ერთად
სუსტდება. თუ ვინმეს ეჭვი
ეპარება, დაჯდეს და სერიოზულად
სცადოს თორის მგმობელი აზრები
იფიქროს. დღის ბოლოსკენ ოჯახის
წევრები გამოფიტვის ნიშნებს უეჭველად შეამჩნევენ.
ამდენად,
არც პოლიტიკაში, არც ლიტერატურაში,
ზოგადი თეორიების უარყოფას
წარმატება არ მოჰყოლია.
კაცობრიობას ბევრჯერ არევია
გზა-კვალი შლეგური და დამაბნეველი
იდეებით, თუმცა ამათ შორის
განსაკუთრებული მაინც
პრაქტიკულობის იდეაა. არაფერს
არ გაუშვია ხელიდან იმდენი
შესაძლებლობა, როგორც ლორდ
როზბერის ოპორტუნიზმს. ის
ეპოქის ჭეშმარიტი სიმბოლოა
– ადამიანი, რომელიც თეორიულად
პრაქტიკოსია და პრაქტიკულად
ყველა თეორეტიკოსზე უფრო
არაპრაქტიკული. ამ ქვეყანად
არაფერია უფრო უაზრო, ვიდრე
ამქვეყნიური სიბრძნის
თაყვანისცემა. ადამიანი,
რომელიც გამუდმებით ფიქრობს, ეს მოდგმა უფრო ძლიერია თუ
ის, ეს საქმე უფრო პერსპექტიულია
თუ ის, ვერაფერს ირწმუნებს
იმ ხანგრძლივობით, რომელიც
წარმატების მისაღწევადაა
აუცილებელი. ოპორტუნისტი
პოლიტიკოსი ჰგავს მოთამაშეს,
რომელმაც მიატოვა ბილიარდი,
იმიტომ რომ დამარცხდა, შემდეგ
კი გოლფი, რადგან იქაც მარცხი
განიცადა. მყისიერ გამარჯვებაზე
გადაჭარბებული ორიენტაცია
ყველაზე უფრო გამოუსადეგარი
სამუშაო ორიენტირია. წარმატებასავით
არაფერი გაზარალებს.
რაკიღა
აღმოვაჩინე, რომ ოპორტუნიზმი
წარუმატებელია, იძულებული
გავხდი მისთვის უფრო ფართოდ
შემეხედა. ვფიქრობ, ბევრად
უფრო პრაქტიკულია დასაწყისიდან
დაწყება და თეორიების განხილვა.
ისინი, ვინც სამების ინტერპრეტაციის გამო
ერთმანეთს ხოცავდნენ,
ბევრად უფრო გონიერნი იყვნენ,
ვიდრე განათლების შესახებ
კანონზე მოკამათენი. ქრისტიანი
დოგმატიკოსები სიწმინდის
მმართველობას ამკვიდრებდნენ,
ამიტომაც ცდილობდნენ, ჯერ
გაერკვიათ, თუ რა არის ჭეშმარიტად
წმინდა. ჩვენი თანამედროვე
განმანათლებლები რელიგიურ
თავისუფლებას ამკვიდრებენ,
მაგრამ არც კი უცდიათ რელიგიის
ან თავისუფლების არსში გარკვევა.
ძველი ღვთისმსახურები, ვიდრე
ადამიანებს თავს რამეს
მოახვევდნენ, ცდილობდნენ
მაინც, წინასწარ ამის ცხადად
ჩამოყალიბებას. თანამედროვე
ანგლიკანელებს და ნონკორფომიტსტებს ჩამოუყალიბებელი დოქტრინისთვის
დევნა ერგოთ წილად.
ამ
და ბევრ სხვა მიზეზთა გამო,
მე, პირადად, გადავწყვიტე
საწყისებს დავუბრუნდე. ასეთია
ამ წიგნის ზოგადი აზრი. მინდა
ხელი მოვკიდო ჩემს რჩეულ
თანამედროვეთ, არა პირადი ან
ლიტერატურული, არამედ იმ
რეალური მსოფლმხედველობის
თვალსაზრისით, რომელსაც ისინი
ამკვიდრებენ. მე არ განვიხილავ
რადიარდ კიპლინგის ცოცხალ
ხელოვნებას ან მძლავრ პიროვნებას.
მე განვიხილავ მას, როგორც
ერეტიკოსს – კაცს, რომელსაც
ჰყოფნის თავხედობა, საგანთა
ბუნებაზე ჩემგან განსხვავებული
წარმოდგენა ჰქონდეს. მე არ
განვიხილავ ბერნარდ შოუს,
როგორც ერთ უბრწყინვალეს და
უპატიოსნეს ადამიანს ცოცხალთა
შორის, არამედ როგორც ერეტიკოსს
– კაცს, რომლის ფილოსოფია
სრულიად მყარი, სავსებით
თანმიდევრული და აბსოლუტურად
მცდარია. ვუბრუნდები მეცამეტე
საუკუნის პოლემიკურ ხერხებს
იმ იმედით, რომ რამეს მოვახერხებ.
წარმოიდგინეთ,
რომ ქუჩაში დიდი მოძრაობა
შეიმჩნევა, ვთქვათ – განათების
ბოძის ირგვლივ, რომლის წაქცევა
ბევრ გავლენიან ადამიანს
განუზრახავს. საქმეში
ნაცრისფერსამოსიანი ბერი
ერევა, შუასაუკუნოვანი განწყობით
და მშრალი, სქოლასტიკური
მანერით: „ძმანო ჩემნო, უპირველეს
ყოვლისა სინათლის მნიშვნელობაზე
ვისაუბროთ. თუ სინათლე თავისთავად
სიკეთეა, მაშინ...“ გასაგებია,
რომ მას იქვე ძირს ანარცხებენ.
ყველანი ბოძს აწყდებიან და
ათიოდ წუთში ბოძიც წაქცეულია.
ყველანი ულოცავენ ერთმანეთს
არაშუასაუკონოვანი პრაქტიკულობის
გამარჯვებას. თუმცა მდგომარეობა
იძაბება. ირკვევა, რომ ნაწილმა
ბოძი იმიტომ წააქცია, რომ
ახალი, ელექტრული განათება
უნდა, ნაწილს ჯართი აინტერესებს,
ნაწილს კი – სულაც სიბნელე,
ავი საქმეების დასატრიალებლად.
ზოგი თვლის, რომ ერთი ბოძი
ცოტაა, ზოგი თვლის რომ ბევრია;
ზოგს მუნიციპალური მოწყობილობის
განადგურება სურს, ზოგს –
უბრალოდ რამის განადგურება.
სიბნელეში ისეთი დავიდარაბა
იწყება, არავინ იცის, ვინ ვის
ურტყამს. თანდათან – ხვალ,
ზეგ, მაზეგ, აუცილებლად
გაიხსენებენ ბერს, რომელიც
მართალი იყო: ბოლოსდაბლოს,
ყველაფერი სინათლის ფილოსოფიაზეა
დამოკიდებული. ოღონდ ის, რაზეც
აირის შუქზე ვიმსჯელებდით,
ახლა სიბნელეში უნდა განვიხილოთ.
No comments:
Post a Comment