XV მოდურ რომანისტებსა და მაღალ საზოგადოებაზე

კარგი ლიტერატურის კითხვას, რაღაც თვალსაზრისით, ცუდი ლიტერატურის კითხვა სჯობს. კარგი ლიტერატურა ერთი კაცის გონებას ასახავს, ცუდი კი ბევრისას. კარგი რომანი მის გმირზე მოგვითხრობს, ცუდი - მის ავტორზე. მეტიც, ის მკითხველსაც გვაცნობს, და მით უფრო ახლოს, რაც უფრო ცინიკური და უზნეოა მისი შექმნის მოტივი. რაც უფრო ცუდია წიგნი, მით უფრო ფასეულია, როგორც საჯარო დოკუმენტი. გულწრფელი რომანი ერთი ადამიანის სიმარტივეს გადმოსცემს, არაგულწრფელი – კაცობრიობისას. პედანტური გადაწყვეტილებებს და განსაზღვრულ გაუმჯობესებებს გრაგნილებში, საკანონმდებლო დავთრებში და ხელნაწერებში იპოვით, ადამიანის ძირითად იმედებსა და დაუშრეტელ ენერგიას – გროშიან სათავგადასავლო მოთხრობებში. ამდენად, ბევრი დღევანდელი ადამიანი კარგი ლიტერატურიდან ვერაფერს შეიძენს, გარდა კარგი ლიტერატურის შეფასების უნარისა, ცუდი ლიტერატურით კი შესაძლოა იმპერიების მართვა ისწავლოს და კაცობრიობის რუკა აითვისოს.

აი ერთი საინტერესო მაგალითი ასეთი მდგომარეობისა, როდესაც სუსტი ლიტერატურა,  უფრო ძლიერია, ძლიერი კი უფრო სუსტი: პირობითად მას არისტოკრატული , ან თუ გნებავთ, სნობური ლიტერატურა შეიძლება ვუწოდოთ. თუ ვინმეს მართლაც განუზრახავს არისტოკრატიის საკითხის ყოვლისმომცველი და გულწრფელი შესწავლა, კონსერვატორი ფილოსოფოსები და ნიცშე კი არ უნდა იკითხოს, არამედ Bow Bells Novelettes. ნიცშეს შემთხვევას უფრო ეჭვის თვალით ვუცქერ: მართალია, ორივე არსებითად ერთი ხასიათისაა; ორივე აღმერთებს ხვეულულვაშიან, ჰერკულესური ძალის მაღალ კაცს და ორივეს მანერა ოდნავ ქალური და ისტერიულია, მაგრამ აქაც ფილოსოფიურ უპირატესობას Novelette ინარჩუნებს, რადგან ძლიერ კაცს მისთვის ზოგადად დამახასიათებელ ღირსებებს მიაწერს, როგორიცაა მაგალითად, სიზარმაცე, უდარდელი კეთილგანწყობა და სუსტის დაჩაგვრისადმი ზიზღი. ნიცშე კი, თავის მხრივ, ძლიერ კაცს სისუსტის მიმართ ისეთნაირ გულარძნილობას მიაწერს, რომელსაც მხოლოდ ხეიბარში თუ ნახავთ. თუმცა დიდი გერმანელი ფილოსოფოსის მეორეხარისხოვან კი არა, ამ იაფფასიანი საკითხავის პირველხარისხოვან დამსახურებაზე ვაპირებ რომ მოგითხროთ. არისტოკრატიის სურათი, რომელსაც პოპულარული სენტიმენტალური ნოველა გვიხატავს, სრულიად დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური და ფილოსოფიური გზამკვლევია. აქ შეიძლება უზუსტობას გადაეყაროთ ბარონეტის წოდებაში, ან იმ უფსკრულის ზომაში დაეჭვდეთ, ბარონეტი თავს ადვილად რომ გადაევლება ხოლმე, მაგრამ არისტოკრატიის ზოგადი იდეის და განწყობის საჩვენებლად ის სულაც არაა ცუდი. არისტოკრატიის არსებითი იდეა ბრწყინვალება და გამბედაობაა. და თუ Family Herald Supplement დროდადრო სცოდავს ან აჭარბებს ამ მიმართულებით, ნაკლებობას ნამდვილად ვერავინ დასწამებს. ის არაფრის დიდებით არ დაავიწროვებს უფსკრულს და ფერადოვნებას არ მოაკლებს  ბარონეტის ტიტულს. თუმცა ამ ძველი, საღი და სანდო სნობური ლიტერატურის გვერდით ჩვენს დროში ახალი ყაიდის სნობური ლიტერატურა აღმოცენდა, რომელიც ბევრად უფრო მეტს იჩემებს და ბევრად ნაკლებ პატივისცემას იმსახურებს. სხვათა შორის (თუ ამას აქვს მნიშვნელობა), ხარისხით ეს ლიტერატურა სჯობს, მაგრამ განუზომლად უარესია ფილოსოფიური, ზნეობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, განუზომლად უარესად წარმოადგენს არისტოკტრატიასაც და მთლიანად კაცობრიობას, ვიდრე რელურადაა. ასეთი წიგნებიდან, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რა შეიძლება დამართოს გონიერმა ადამიანმა არისტოკრატიის იდეას, Family Herald Supplement კი გვიჩვენებს, რა შეიძლება დამართოს არისტოკრატიის იდეამ არც თუ ისე გონიერ ადამიანს. და თუ ეს ვიცით, ინგლისის ისტორიაც გვცოდნია.

ეს ახალი არისტოკრატული ლიტერატურა აუცილებლად მიიპყრობდა ყველას ყურადღებას, ვინც ბოლო თხუთმეთი წელია საუკეთესო ბელეტრისტიკას კითხულობს. ეს ის მაღალი საზოგადოების ლიტერატურაა, გულწრფელი თუ ყალბი, რომელიც მას გამორჩეულად წარმოაჩენს, თან არა მარტო სამოსით, არამედ გამონათქვამებითაც. ცუდ ბარონეტს, კარგ ბარონეტს, რომანტიკულ ბარონეტს, რომელიც ცუდი ჰგონიათ, სინამდვილეში კი კარგია, ამ სკოლამ აქამდე არნახული კონცეპცია – საინტერესო ბარონეტი დაუმატა. არისტოკრატი ახლა უკვე მოკვდავზე უფრო მაღალი და ლამაზი კი არაა მხოლოდ, არამედ უფრო გონებამახვილიც. ესაა მოკლე ეპიგრამის გრძელი კაცი. ბევრმა გამოჩენილმა და თანაც დამსახურებულად გამოჩენილმა თანამედროვე რომანისტმა უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა სნობიზმის ამ ყველაზე უფრო მდარე ფორმის – ინტელექტუალური სნობიზმის მხარდაჭერისთვის. თავად ამ მოდის შექმნისთვის გარკვეულწილად „დოდოს“ ნიჭიერი ავტორია  პასუხისმგებელი . ბ-ნი ჰიჩენსი თავის „მწვანე მიხაკში» ადასტურებს ამ უცნაურ იდეას, თითქოს ახალგაზრდა არისტოკრატები კარგად მეტყველებენ; თუმცა მის შემთხვევას ბუნდოვანი ბიოგრაფიული საფუძველი მაინც გააჩნდა გასამართლებლად. ქ-ნი ქრაიგი მნიშვნელოვნად უფრო დამნაშავეა, რადგან არისტოკრატულ ნოტს ზნეობრივი და რელიგიური გულწრფელობის ნოტიც გაურია. როდესაც ადამიანის სულს გადაარჩენ, თუნდაც რომანში, უწესობაა იმაზე ლაპარაკი, რომ ის ჯენტლმენია. ამ ბრალდებას მთლიანად ვერც ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობის მქონე ადამიანს მოვაშორებთ, ადამიანს, რომელმაც უმაღლესი ინსტინქტის – რომანტიკული ინსტინქტის ფლობა დაამტკიცა: ენტონი ჰოუპს ვგულისხმობ. „ ზენდას პატიმრის“ გაჭენებულ, აუტანელ მელოდრამაში მეფეთა სისხლი ფანტასტიკური თემის თუ სიუჟეტური ძაფის საგნად იქცა. მაგრამ მეფეთა სისხლის სერიოზულად განხილვა განა საკადრისია? და როცა ბ-ნი ჰოუპი მაგალითად, ამდენ დროს და სიმპათიას უთმობს ვინმე ტრისტამ ბლენტის სერიოზულ შესწავლას, ადამიანის, რომელმაც მთელი ცეცხლოვანი ყმაწვილობა რაღაც სულელურ ძველ მამულზე ფიქრს შეალია, ბ-ნ ჰოუპშიც კი ვგრძნობთ ოლიგარქიული იდეით გადაჭარბებული გატაცების ნიშნებს. ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმ ახალგაზრდა კაცით დაინტერესება, რომელიც მთლიანად მოუცავს ბლენტის სახლის დაუფლების იდეას იმ ასაკში, როცა ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავების დაუფლებას ცდილობს.

თუმცა ბ-ნი ჰოუპის შემთხვევა შედარებით მსუბუქია, რადგან მასში რომანტიკის ელემენტს კარგი ირონიის ელემენტიც ეხამება, რაც მთელი ამ ელეგანტურობის ზედმეტად სერიოზული აღქმისგან გვიცავს. ყველაფერთან ერთად, არისტოკრატის იმპროვიზირებული მახვილსიტყვაობით აღჭურვისას მას ზომიერებაც არ ღალატობს.  შეძლებული ფენისათვის მახვილგონიერების დაჟინებული დაბრალება ყველა მლიქვნელობაზე უფრო დიდი მლიქვნელობაა. ეს შეუდარებლად უფრო ამაზრზენია, ვიდრე იმ ნოველების სნობიზმი, სადაც აპოლონის ღიმილიან არისტოკრატს ცოფიან სპილოს აჭენებინებენ. მართალია, ეს სილამაზის და გაბედულების გაბუქებაა, მაგრამ სილამაზე და გაბედულება ხომ არისტოკრატთა – თუნდაც ბრიყვ არისტოკრატთა - არაცნობიერი იდეალებია.

ნოველის არისტოკრატი შეიძლება სულაც არ იყოს რეალური არისტოკრატიის ჩვევებით დაჯილდოვებული. თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა: ის პრაქტიკული იდეალია. წიგნისეული ჯენტლმენი არ ბაძავს ცხოვრებისეულს, მაგრამ რეალური კი ბაძავს ლიტერატურულს: იქნებ არცაა განსაკუთრებით წარმოსადეგი, მაგრამ მისთვის უმთავრესია, რომ კარგად გამოიყურებოდეს; არც ცოფიან სპილოს არ აჯირითებს, მაგრამ პონის კი ამ განწყობით დააჭენებს. ბოლოს და ბოლოს, მაღალი ფენა არა მარტო მოსურნეა მშვენიერებისა და გაბედულების, არამედ გარკვეულწილად მატარებელიც. ამდენად, განსაკუთრებით ცუდი და მლიქვნელური არაფერია იმაში, პოპულარული ლიტერატურაში ყველა მარკიზი რომ შვიდი ფუტის სიმაღლისაა. ეს სნობიზმია, მაგრამ არა მლიქვნელობა, ეს გადაჭარბებაა, რომელიც დაუოკებელ, გულწრფელ აღტაცებას ეფუძნება. ეს გულწრფელი აღტაცება კი მართლაც არსებობს. ინგლისში არც დაბალ ფენას და არც ვინმეს საერთოდ  მაღალი ფენის იოტისოდენა შიშიც კი არ აქვს, ეს უბრალოდ თავისუფალი და სენტიმენტალური თაყვანისცემაა. არისტოკრატიის ძალა თავად მასში კი არა, ქოხმახებშია; არა ლორდთა პალატაში, არა საჯარო სამსახურში, არა მთავრობის კაბინეტებში და მიწის ფლობის უზარმაზარ მონოპოლიაშიც კი არა; ის გარკვეულ სულისკვეთებაშია. ამას ნათლად გამოხატავს ფაქტი: როცა მიწისმთხრელს უნდა კაცის შექება, იტყვის: ჯენტლმენივით მოიქცაო. დემოკრატიის თვალსაზრისით იგივეა, რომ ეთქვა: ვიკონტივით მოიქცაო. თანამედროვე ინგლისური თანამეგობრობის ოლიგრქიული ხასიათი არაა დაფუძნებული ღარიბთა მიმართ მდიდართა სისასტიკეზე, როგორც ბევრ სხვა ოლიგარქიაშია. ის მდიდართა მიმართ ღარიბთა მრავალწლიან და უცვლელ კეთილგანწყობას ეყრდნობა.

ამრიგად, მდარე ლიტერატურის სნობიზმი არაა მაამებლური. აი კარგი ლიტერატურის სნობიზმი კი მლიქვნელურია. ძველებური გროშიანი რომანი, სადაც ჰერცოგინია ალმასებით ბრწყინავს, არაა მლიქვნელური, ახალი რომანი კი, სადაც ეპიგრამებით – არის. მაღალი ფენის ინტელექტის და საუბრის ხელოვნების განსაკუთრებული და გასაოცარი ხარისხით დაჯილდოვება, იმის მიწერაა, რაც მას არც გააჩნია და მაინცდამაინც არც სურს, რომ გააჩნდეს. დიზრაელის სიტყვებით რომ ვთქვათ (რომელიც გენიოსი იყო, მაგრამ არა ჯენტლმენი და იქნებ პასუხისმგებელიცაა კეთილშობილთა მიმართ პირფერობის ამ ტიპის დამკვიდრებისთვის), ჩვენ მაამებლობის არსებით ფუნქციას ვასრულებთ, როდესაც ადამიანებს იმ თვისებებს ვუქებთ, რომლებიც მათ არ გააჩნიათ. ქება-დიდება შეიძლება არანორმალურად გადაჭარბებული იყოს და მაინც, მლიქვნელობად არ იქცეს, თუ საქებარი თვისება არსებობის ნიშნებს მაინც ამჟღავნებს. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ჟირაფის თავი ვარსკვლავებს წვდება, ან რომ ვეშაპი ჩრდილოეთის ზღვაში არ ეტევა, და ეს უბრალო ხატოვან გამოთქმად ჩაითვალოს. მაგრამ როცა ჟირაფს ფრთებს ვუქებთ, ვეშაპს კი კიდურების მოხდენილობას, ვაწყდებით იმას, რასაც მლიქვნელობა ჰქვია. საშუალო ან დაბალი ფენის ლონდონელი შეიძლება გულწრფელ, მაგრამ არც თუ მთლად უსაფრთხო აღტაცებას გრძნობდეს არისტოკრატთა ჯანმრთელობის და მოხდენილობის მიმართ: ბოლოს და ბოლოს, არისტოკრატია მართლაც უფრო ჯანმრთელი და მოხდენილია. მაგრამ არისტოკრატთა მახვილგონიერებით აღტაცება არ შეიძლება, გულწრფელი რომ იყოს, რადგან არისტოკრატი არაა ღარიბზე უფრო სხარტი გონების მფლობელი – უფრო პირიქით. მოდურ რომანებში დიპლომატებს შორის ვახშმობისას სიტყვიერი მარგალიტების ცვენას რეალურ ვახშამზე ვერსად ნახავთ. ასეთ მიმოცვლას ჰოლბორნში გაჭედილი ორი ომნიბუსის კონდუქტორს შორის უფრო შეესწრებით. ენამახვილ პერს, ქ-ნი ქრეიგის და ფაულერის წიგნებს ექსპრომტებით რომ ავსებს, პირველივე შემხვედრი ფეხსაცმლის მწმენდავი საუბრის ხელოვნებაში ნაფლეთებად აქცევს. ეს ყველაფერი უბრალოდ ღარიბთა სენტიმენტალიზმია და თან ძალიანაც გასაგები, თუ მათ ჯენტლმენის მარჯვე ხელი და მარჯვე ფული მოსწონთ. მაგრამ თუ სხარტ ენას უქებენ, მაშინ უბრალოდ მონები და მლიქვნელები ყოფილან, რადგან ამ სიკეთეს თავად მომეტებულად ფლობენ.

ამ რომანების ოლიგარქიულ განწყობას, ვფიქრობ, სხვა, დაფარული მხარეც აქვს, რომლის გარკვევვა უფრო ძნელიცაა და უფრო სასარგებლოც. თანამედროვე ჯენტლმენმა, განსაკუთრებით – ინგლისელმა ჯენტლმენმა, ამ წიგნებში და მათი წყალობით – ლიტერატურაში და აზროვნების წესში იმდენად ცენტრალური და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, რომ მისმა თვისებებმა, თანდაყოლილმა თუ შეძენილმა, არსებითმა თუ შემთხვევითმა, საგრძნობლად შეცვალა ჩვენი მხიარული ინგლისური ხასიათი. კერძოდ სტოიკურმა იდეალმა, აბსურდულად რომ ჩავთვალეთ ინგლისურ იდეალად, გაგვამყიფა და გაგვაცივა. ეს არაა ინგლისური იდეალი, თუმცა, გარკვეულწილად, არისტოკრატული იდეალია, ან უფრო გადაგვარების გზაზე დამდგარი, შემოდგომის არისტოკრატიის იდეალი. ჯენტლმენი სტოიკოსია, რადგან რაღაც თვალსაზრისით ველურია; ის აღსავსეა პირველყოფილი შიშით, რომ ვინმე უცნობი გამოელაპარაკება. ამიტომაა მესამე კლასის ვაგონი საზოგადოება, პირველი კლასის ვაგონი კი მეუდაბნოეთა კრებული. თუმცა ამას, თქვენი ნებართვით, ცოტა შორიდან შემოვუვლი.

უშედეგობის განცდა, რომელიც თითქმის მთელ ამ მახვილგონიერ და ეპიგრამულ ლიტერატურას განჭოლავს, ბოლო რვა - ათი წლის განმავლობაში მოდური რომ გახდა, მათ შორის მეტ-ნაკლებად გულწრფელ ნაშრომებს, როგორიცაა „დოდო,“ „იზაბელ ქარნაბიზე“ და თუნდაც „ცოტაოდენი ემოცია და მორალი,“ ბევრნაირად შეიძლება გამოვხატოთ, თუმცა უმრავლესობა ჩვენთაგანისთვის ის ერთ რამეზე დაიყვანება. ეს ახალი ლაღობა ყალბი და მოჩვენებითია, რადგან მხიარულებას არ შეიცავს. ქალბატონებს და ვაჟბატონებს, მახვილგონიერებათა კორიანტელს რომ აყენებენ, ერთმანეთიც, და მგონი საკუთარი თავიც სძულთ. ნებისმიერი შეიძლება გაკოტრების, ან სიკვდილით დასჯის პირას იყოს. ისინი ხუმრობენ, მაგრამ არა მხიარულების, არამედ უსასოობის გამო, რადგან გულის სიცარიელისგან მეტყველებს პირი. არაფრისმთქმელ აბდაუბდასაც კი ფრთხილად წარმოთქვამენ – მომჭირნედ; გილბერტის მახვილი გამოთქმისა არ იყოს, ეს ხომ „ძვირფასი აბდაუბდაა.“ ამჩატებულნიც კი გულდამძიმებულნი არიან. ყველამ, ვისაც კი რამე წაუკითხავს თანამედროვეთა რაციონალიზმზე, კარგად უწყის, რომ მათი განსჯა უსიხარულოა, თუმცა არც განუსჯელობაა  დალხენილი.

ამ უგერგილობის მიზეზი არც ისე ძნელი დასადგენია. აქ მთავარი სენტიმენტალურობის უბადრუკი შიშია, თანამედროვე შიშებს შორის ყველაზე უფრო მდარე – თვით იმ შიშზე უფრო მდარეც კი, ჰიგიენა რომ წარმოშობს. ჯანსაღი და ხალისიანი იუმორი ყოველთვის იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც არამარტო სენტიმენტალურობას, არამედ სულელურად სენტიმენტალურობასაც კი ახერხებენ. ვერცერთი იუმორი სიჯანსაღითა და ხალისით ვერ შეედრება სენტიმენტალისტ სტილის, სენტიმენტალისტ სტერნის და სენტიმენტალისტ დიკენსის იუმორს. ესენი ქალებივით ქვითინებდნენ, მაგრამ კაცებივით ხარხარებდნენ. მართალია, მიკობერის იუმორი კარგი ლიტერატურაა, პატარა და საწყალობელი ნელის კი - ცუდი. მაგრამ ის კაცი, რომელსაც ყოფნის გამბედაობა, ერთ შემთხვევაში ასე ცუდად წეროს, იგივე კაცია, რომელიც მეორეში ასე შესანიშნავად წერს. ერთი და იგივე არაცნობიერმა, ძლიერმა, უშუალო და გიგანტურმა ქმედუნარიანობამ მოუტანა ნაპოლეონს იენაც და მოსკოვიც. აქ ჩანს საგანგებოდ თანამედროვე მახვილგონიერთა მყიფე და სუსტი შეზღუდვები. ესენი ძალას არ ზოგავენ, გმირულ მცდელობას ავლენენ, მაგრამ არა - ცუდად წერა არაფრით არ გამოსდით. დროდადრო გეჩვენება, რომ აჰა, ცოტაც, და მიზანი მიღწეულია, მაგრამ იმედი იმწამსვე ქრება, როგორც კი მათ მცირე გადაცდომებს ბაირონისა და შექსპირის ბუმბერაზულ სიბრიყვეებს შეადარებ.

გულიანი სიცილისთვის აუცილებელია, გულს შეეხო. არ ვიცი, გულთან შეხებას ყოველთვის მხოლოდ უბედურებას და თანაგრძნობას რატომ უკავშირებენ. გულს შეიძლება მხიარულებით და ზეიმით შეეხო. თუმცა ყველა ჩვენი კომიკოსი ტრაგიკული კომიკოსია. ეს ახალი, მოდური მწერლები თხემით ტერფამდე პესიმისტები არიან; იმდენად, რომ არც კი წარმოუდგენიათ, თუ გულს ღიმილთან რამე ესაქმება. როცა გულზე ლაპარაკობენ, ყოველთვის სინდისის ქენჯნას და გულგატეხილობას გულისხმობენ. როდესაც ამბობენ, რომ ადამიანს გული საგულეს აქვს, როგორც ჩანს, ჩექმები წარმოუდგენიათ. ჩვენს ეთიკურ საზოგადოებებს ესმით თანაგრძნობა, მაგრამ არ ესმით მეგობრობა. მსგავსად ამისა, ჩვენს მახვილგონიერთ ესმით საუბარი და არ ესმით გულითადი საუბარი. იმისათვის, დოქტორ ჯონსონივით გულითადი საუბარი რომ შეძლო, აუცილებელია, დოქტორ ჯონსონის მსგავსად თანამგრძნობი, კეთილი ადამიანი იყო, იცოდე მეგობრობა, გქონდეს პატიოსნება და უძირო სათნოება. ამას გარდა, აუცილებელია ღია, დაუფარავი ადამიანობა და ყველა ადამისეული პირველყოფილი შიშის და ნაკლის აღიარება. ჯონსონი ნათელი გონების იუმორიანი კაცი იყო და ამიტომაც არ ერიდებოდა რელიგიაზე სერიოზულ ლაპარაკს. ჯონსონი გულადი იყო, ერთი ყველაზე გულადთაგანი, ვისაც მიწაზე ფეხი დაუდგამს, ამიტომაც არავისთვის დაუმალავს, რომ სიკვდილის საშინლად ეშინოდა.

იდეა, თითქოს საკუთარ გრძნობათა დათრგუნვაში არის რამე ინგლისური, ერთი იმ იდეათაგანია, არცერთ ინგლისელს რომ არ სმენოდა, ვიდრე ინგლისის მართვა მთლიანად შოტლანდიელების, ამერიკელების და ებრაელების ხელში არ გადავიდა. უკეთეს შემთხვევაში ეს განზოგადება ველინგტონის ჰერცოგისგანაა აღებული, რომელიც ირლანდიელი გახლდათ, უარესში – იმ სულელური ტევტონინიზმის ნაწილია, რომელსაც არც ინგლისის და არც ანთროპოლოგიის არაფერი გაეგება და მუდამ ვიკინგებზე ლაპარაკობს. საინტერესო ისააა, რომ თავად ვიკინგებს აზრადაც არ მოსვლიათ საკუთარი გრძნობების დათრგუნვა: ისინი ბავშვებივით ტიროდნენ და ერთმანეთს გოგოებივით კოცნიდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით ისევე იქცეოდნენ, როგორც აქილევსი და ღმერთების შთამომავალი ყველა ძლიერი გმირი. და თუმც ინგლისელ ერს ვიკინგებთან  იმდენივე აკავშირებს, რაც ფრანგს ან ირლანდიელს,  ინგლისელები ნამდვილად ვიკინგთა შვილებად შეიძლება ჩავთვალოთ, როცა საქმე ცრემლსა და ამბორზე მიდგება. ყველა ინგლისელი მწერალი შექსპირისა და დიკენსის, რიჩარდსონის და თეკერეის ჩათვლით სენტიმენტალისტია. მეტიც, ინგლისელ მოღვაწეთა უმრავლესობაც სენტიმენტალურია - იქნებ უფრო მეტად სენტიმენტალურიც კი. ელისაბედის ბრწყინვალე ეპოქაში, როდესაც ინგლისელი ერი საბოლოოდ გამოიჭედა, დიდებულ მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც ბრიტანული იმპერია შენდებოდა, სად იყო ეს სიმბოლური ინგლისელი სტოიკოსი, უსახურ მოშავო-მოყავისფრო სამოსში რომ გამოწყობილა და გრძნობათა დათრგუნვითაა დაკავებული? განა ასეთები იყვნენ ელისაბედის მეომრები და მეკობრეები? იქნებ გრენვილი მალავდა ემოციებს, როცა ღვინის ჭიქებს კბილებით ამტვრევდა და გასისხლიანებული ღეჭავდა? ან ესექსი, ქუდი რომ ზღვაში მოისროლა? იქნებ რელეი თვლიდა გაწონასწორებულ საქციელად ესპანური ქვემეხებისათვის, საყვირებით პასუხის გაცემას? ერთხელ მაინც თუ გაუშვია ხელიდან სიდნეის თეატრალური რეპლიკის გამოყენების საშუალება გინდ სიცოცხლეში და გინდ სიკვდილში? თვით პურიტანელები იყვნენ კი სტოიკოსები? ინგლისელმა პურიტანელებმა ბევრი რამ დათრგუნეს, მაგრამ ისინიც კი ზედმეტად ინგლისელები აღმოჩნდნენ გრძნობები რომ დაეთრგუნათ. კარლაილის გენია თუ მოახერხებდა ორი ისეთი არათავსებადი რამით ერთდროულად აღტაცებას, როგორც სიჩუმე და ოლივერ კრომველია. კრომველი ჩუმი, ძლიერი კაცის სრული ანტიპოდი იყო: თუ არ ქვითინებდა, გამუდმებით ლაპარაკობდა. ვერავინ იტყვის, თითქოს "Grace Abounding" -ის ავტორს საკუთარი გრძნობების რცხვენოდა. მილტონი მართლაც შეიძლება, სტოიკოსად წარმოვადგინოთ, ზუსტად ისევე, როგორც პედანტად, მრავაცოლიანად და კიდევ რამდენიმე უსიამოვნო წარმართული თვისების მატარებლად. თუმცა როდესაც ამ დიდებულ და მიტოვებულ სახელს გავცდებით, რომელიც მართლა შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს, ემოციონალიზმის ინგლისური ტრადიციის უწვეტობა წამსვე აღდგება. როგორიც არ უნდა იყოს ეთრიჯის და დორსეთის, სედლის და ბუკინგემის ვნებათა ზნეობრივი სურათი, შეუძლებელია ისინი მათ მიჩქმალვაში დაადანაშაულო. ჩარლზ მეორე ძალიან უყვარდათ, რადგან ყველა ნამდვილი ინგლისელი მეფის დარად თავის ვნებებს ღიად გამოხატავდა, ვილჰელმ ორანელს კი არ სწყალობდნენ, რადგან უცხოელობის გამო ემოციებს მალავდა. გამოდის, რომ ის ყოფილა იდეალური ინგლისელი, რომელიც ჩვენს თანამედროვე თეორიას შეესაბამება. ზუსტად ამიტომაა ყველა ნამდვილ ინგლისელს ჭირივით რომ სძაგდა. მეთვრამეტე საუკუნის დიდი ინგლისის აღმასვლაში ნათლად ვხედავთ ამ ღია ემოციურ ტონს - წერილებსა და პოლიტიკაში, ხელოვნებასა და მხედრობაში. ალბათ ერთადერთი რამ, რაც დიდ ფილდინგს და დიდ რიჩარდსონს აერთიანებს, გრძნობათა გამოხატვის თავისუფლებაა. სვიფტი მართლაც იყო თავშეკავებული და ლოგიკური, მაგრამ სვიფტი ხომ ირლანდიელია. და როდესაც მეთვრამეტე საუკუნის ჯარისკაცებზე და მმართველებზე , პატრიოტებსა და იმპერიის მშენებლებზე გადავინაცვლებთ, დავინახავთ, რომ ისინი რომენტიკოსებზე უფრო რომანტიკულები და პოეტებზე მეტად პოეტურნი არიან. ჩეთემი, რომელმაც მსოფლიოს მთელი თავისი სიძლიერე ანახა, თემთა პალატაში მთელი საკუთარი სისუსტე გამოაჩინა. ვულფი ოთახში ხმალამოღებული დადიოდა და თავს კეისარს და ჰანიბალს ეძახდა, სიკვდილს კი ლექსით შეეგება. კლაივი კრომველის და ბანიანის, ან თუ გნებავთ – ჯონსონის ტიპის ადამიანი იყო: ძლიერი, გონიერი, მელანქოლიისა და ისტერიულობის შინაგანი ზამბარით. იმდროინდელი ინგლისის ადმირალების და ავანტიურისტების ამბები ტრაბახით, სენტიმენტალობით და დიდებული მანერულობითაა სავსე. თუმცა მრავალრიცხოვანი მაგალითები არც არის საჭირო, როცა ერთი ყველა დანარჩენს ზევიდან დაჰყურებს. რადიარდ კიპლინგი ინგლისელებზე თვითკმაყოფილებით ამბობს: „შეხვედრისას ჩვენ არ ვეხვევით და არ ვკოცნით ერთმანეთს.“ ეს უძველესი და საყოველთაო ჩვეულება მართლაც გაუჩინარდა ინგლისის თანამედროვე დასუსტების კვალდაკვალ. სიდნეი სპენსერს დაუფიქრებლად გადაკოცნიდა. შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ ბ-ნი ბროდრიკი არ ისურვებდა ბ-ნი არნოლდ-ფოსტერის კოცნას, თუ ეს რამენაირად ამტკიცებს ინგლისში ვაჯკაცობის და სამხედრო ძლიერების ზრდას. თუმცა ინგლისელს, რომელიც აღარ აჩენს გრძნობებს, ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უნარი ინგლისურის დანახვისა ნაპოლეონური ომების დიდ, გმირ ზღვაოსანში. ნელსონის ლეგენდის დანგრევა შეუძლებელია. და დიდების ამ დაისს ცეცხლოვანი ასოებით აწერია მარადიული ინგლისური გრძნობა: „ მაკოცე, ჰარდი.“


ამდენად, თვითდათრგუნვის ეს იდეალი, სადაურიც არ უნდა იყოს, ინგლისური არაა. იქნებ აღმოსალურია, ან სულაც პრუსიული, თუმცა მგონია, რომ ძირითადად მაინც მოკლებულია რომელიმე ერთ, რასიულ ან ეროვნულ წყაროს. ის, როგორც ვთქვი, გარკვეული თვალსაზრისით არისტოკრატიულია: ხალხისგან კი არა, ფენისგან მოდის. თვით არიატოკრატიაც, ვფიქრობ, არ იყო ასეთი სტოიკური საკუთარი ძლიერების დღეებში. მიუხედავად იმისა, ეს უემოციო იდეალი ჯენტლმენის ძირეული ტრადიციაა, თუ თანამედროვე ჯენტლმენის (რომელსაც გადაგვარების პირას მყოფი ჯენტლმენი შეიძლება ვუწოდოთ) ერთ-ერთი გამოგონებაა, ის ნამდვილად უკავშირდება მაღალი საზოგადოების ცხოვრების აღმწერ ამ ნოველებს. არისტოკრატების გრძნობის დამთრგუნველ ადამიანებად წარმოდგენიდან ერთი ნაბიჯია არისტოკრატების უგრძნობელ ადამიანებად წარმოდგენამდე. ასე მიაწერენ ოლიგარქიას  ორმაგ ალმასურ ღირსებას – ბრწყინვალებას და სიმტკიცეს - მეჩვიდმეტე საუკუნის სონეტერივით, რომელიც თავის შთაგონების წყაროს „ცივს“ და „უგულოს“ შესამკობლად უწოდებდა. რა თქმა უნდა, ინგლისურ გვაროვნულ არისტოკრატიასავით უკურნებლად გულკეთილი და ბავშვური ხალხისგან აქტიურ სისასტიკეს ვერ ეღირსები, ამიტომაც ეს წიგნები პასიურს მიაწერენ: მართალია, სასტიკად არ მოქმედებენ, მაგრამ ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს ნიშნავს: მაცოცხლებელი და ძალის მომცემი ინგლისური იდეალი ხალხის წიაღში უნდა ვეძებოთ, იქ, სადაც დიკენსი პოულობდა – დიკენსი, რომლის დიდება მის იუმორში, სენტიმენტალიზმში, სიღარიბეში, ოპტიმიზმში და ინგლისელობაშია; თუმცა ამ დიდებათაგან უდიდესი იმაშია, რომ ის მთელ კაცობრიობას მის გასაოცარ, ტროპიკულ ბრწყინვალებაში ხედავდა და არისტოკრატია არც კი შეუმჩნევია; დიკენსი, რომლის დიდებათაგან უდიდესი ისაა, რომ მას ვერ შეძლო ჯენტლმენის აღწერა.








No comments:

Post a Comment