XIV ოჯახის ინსტიტუტსა და ზოგიერთ თანამედროვე მწერალზე

ოჯახი სამართლიანად ითვლება კაცობრიობის უზენაეს ინსტიტუტად. ყველა დაგეთანხმებათ, რომ ის მთავარი და ცენტრალური ერთეულია ყველა საზოგადოებაში, გარდა ვგონებ, ლაკედემონისა, რომელიც „შედეგიანობას“ მისდევდა და ამიტომაც ისე გაქრა, რომ კვალიც კი არ დაუტოვებია. ქრისტიანობამ, მიუხედავად უკიდურესი რევოლუციურობისა, არ შეცვალა ეს უძველესი ველური სიწმინდე. უბრალოდ შეინარჩუნა. მას არ უარყვია მამის, დედის და შვილის სამება. უბრალოდ შეაბრუნა და ისე წაიკითხა: შვილი, დედა და მამა. ამას ჰქვია არა ოჯახი, არამედ წმინდა ოჯახი. თავდაყირა დაყენებით ბევრი რამ ხდება წმინდა. თუმცა ჩვენი დეკადანსის ზოგიერთი ბრძენი ოჯახს სერიოზულად უტევს ხოლო დამცველები, ვფიქრობ, არასწორად იცავენ: ამტკიცებენ, რომ დაძაბულსა და ცვალებად ცხოვრებაში ოჯახი მშვიდი, სასიამოვნო და ერთიანია. ჩემთვის ცხადი სხვა დაცვაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ოჯახი არც მშვიდია, არც სასიამოვნო და არც ერთიანი.

ჩვენს დროში პატარა ერთიანობის უპირატესობებზე ლაპარაკი მოდური აღარაა. გვეუბნებიან, რომ დიდ იმპერიებს და დიდ იდეებს უნდა ვესწრაფოდეთ. თუმცა ერთი უპირატესობა, რომელიც პატარა ქვეყანას, ქალაქს თუ სოფელს გააჩნია, ადვილად შესამჩნევია, თვალს თუ ძალად არ დაიბრმავებ. ადამიანი, რომელიც მცირე საზოგადოებაში ცხოვრობს, ბევრად უფრო დიდი სამყაროს ნაწილია. მან მეტი იცის ადამიანთა შეურიგებელ ნაირსახეობათა და უკომპრომისო განსხვავებათა შესახებ. მიზეზი ნათელია. დიდ საზოგადოებაში შეგვიძლია თანამგზავრის არჩევა. პატარაში თანამგზავრი ჩვენთვის უკვე არჩეულია. მაღალცივილიზებულ საზოგადოებაში ჯგუფები სიმპათიის მიხედვით ყალიბდება და გარე სამყაროსგან მონასტერივითაა გამოკეტილი. კლანში არაფერია ვიწრო; ჭეშმარიტად ვიწრო ხროვაა. კლანში ადამიანები ერთად იმიტომ ცხოვრობენ, რომ ერთნაირ ტარტანს ატარებენ და ერთი წმნინდა ძროხის შთამომავლები არიან; თუმცა მათ სულებში ღვთიური იღბლით ყოველთვის მეტი ფერი იქნება, ვიდრე ნებისმიერ ტარტანში. ხროვაში კი ერთნაირი სულის ადამიანები იყრიან თავს და მათი სივიწროვე სულიერი სიახლოვის და ერთიანობის სივიწროვეა, ჯოჯოხეთურის მსგავსი. დიდი საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ ხროვები შექმნას. დიდი საზოგადოება სივიწროვის შესაქმნელადაა. ესაა მექნიზმი მარტოხელა და მგრძნობიარე ინდივიდუუმის მწარე და გამამხნევებელი ადამიანური კომპრომისებისგან დასაცავად. ესაა პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტიანული ცოდნის გავრცელების შემაკავებელი საზოგადოება.

ეს ცვლილება ადვილად შეიმჩნევა მაგალითად, კლუბის თანამედროვე გარდასახვაში. როცა ლონდონი უფრო მცირე ზომის იყო, მისი ნაწილები კი - თვითკმარი და შეზღუდული, კლუბი ის იყო, რაც ჯერ კიდევ არის სოფლად და სრულიად საპირისპირო იმისგან, რადაც ახლა იქცა. მაშინ კლუბი ადამიანთა საურთიერთო ადგილი იყო, ახლა კი განმარტოების შესაძლებლობით ფასობს. რაც უფრო ფართოვდება და ვითარდება ჩვენი ცივილიზაცია, მით უფრო ნაკლებადაა კლუბი ხმაურიანი კამათის, და მით უფრო მეტადაა დაბეგვილი ხორცის წყნარად მისართმევი ადგილი. მისი მიზანი კომფორტის შექმნაა, კომფორტი კი ურთიერთობის მტერია. ურთიერთობა, ყველა სხვა სიკეთის მსგავსად, დისკომფორტით, საფრთხით და უარით არის სავსე. კლუბი ფუფუნებაში ჩაძირული განდეგილის ყველაზე უფრო შეურახცმყოფელ კომბინაციას წარმშობს, - ადამიანს, რომელიც ლუკულუსის თავკერძობას წმ. სვიმეონ მესვეტის შლეგურ მარტოობას უთავსებს.

თუ ხვალ დილით საკუთარ ქუჩაზე დიდთოვლობის გამო ჩავიკეტებით, ბევრად უფრო დიდ სამყაროში შევაბიჯებთ, ვიდრე ოდესმე გვინახავს. ტიპური თანამედროვე ადამიანის სწრაფვის არსი საკუთარი ქუჩისგან თავის დაღწევაა. ჯერ თანამედროვე ჰიგიენას ვიგონებთ და მარგეითში მივდივართ, შემდეგ – თანამედროვე კულტურას და ფლორენციაში მიემგზავრებით, ბოლოს კი იმპერიალიზმს აღმოვაჩენთ და ტიმბუქტუს მივაშურებთ. ცხრა მთას იქით თითქოს ვნადირობთ ვეფხვზე, თითქმის დავაჭენებთ აქლემს, და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ დავაღწიოთ თავი ქუჩას, რომელზეც დავიბადეთ; ვამბობთ, რომ ეს ქუჩა მოსაწყენია. ტყუილია. პირიქით - ზედმეტად საინტერესოა და იმიტომ გავურბით. საინტერესო იმიტომაა, რომ მომთხოვნია; მომთხოვნი კი იმიტომ, რომ ცოცხალია. ვენეციელი ვენეციელია და მორჩა; ჩვენს ქუჩაზე კი ადამიანები არიან. შეიძლება მიაშტერდე ჩინელს - ჩინელი პასიური რამაა, რასაც აშტერდებიან; მეზობელ ეზოში მოხუც ქალს ვერ მიაშტერდები, რადგან წამსვე გააქტიურდება. მოკლედ, გავურბით თანასწორთა საზოგადოებას – თავისუფალ, პიროვნულ, უხერხულ, ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს. ბრიქსტონის ქუჩები კაშკაშა და დამღლელია. ვეფხვებსა და სვავებს, აქლემებსა და ნიანგებს შორის თავს ვიმშვიდებთ. ყველა ეს არსება ჩვენგან ძალიან განსხავდება, მაგრამ არცერთი არ აპირებს ფორმის, ფერის ან ჩვევის გამო გადამწყვეტ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში ჩაგვითრიოს; არ ცდილობს ჩვენი პრინციპების დარღვევას და საკუთარის დამკვიდრებას; ქალაქის განაპირა ქუჩის ურჩხულები კი ცდილობენ. აქლემი დამცინავ ღიმილში არ ჭმუჭნის სახეს იმის გამო, რომ მისტერ რობინსონს კუზი არ აქვს; აი კულტურული ჯენტლმენი ნომერი ხუთიდან იმანჭება, რადგან რობინსონს კედლები ხით არ მოუპირკეთებია. სვავი არ დაგცინებს, თუ ვერ დაფრინავ; აი მაიორი ნომერი ცხრიდან კი გულიანად იხარხარებს, თუ არ ეწევი. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზობელი გულზე არ გვეხატება, და არა იმიტომ, რომ როგორც ვამბობთ, შეზღუდული თვალსაწიერი აქვს, არამედ იმიტომ, რომ მისი გაფართოების ყოვლისმომცველი სურვილი ამოძრავებს. ჩვეულებრივი, ადამიანურის მიმართ ყველა სხვა ამრეზილობაც ზუსტად ასეთივე ბუნებისაა – არა სისუსტით (როგორც წარმოადგენენ ხოლმე), არამედ ენერგიით არის გამოწვეული. მიზანთროპს რომ ჰკითხო, კაცობრიობა სისუსტეთა გამო ეზიზღება, სინემდვილეში კი მისი ძლიერება აფრთხობს.

უბრალო ადამიანის უხეში ცხოველმყოფელობით გაღიზიანება სავსებით გასაგები და მისატევებელია, თუ რამე სახის უპირატესობის განცდა არ შეეპარა. აი როცა არისტოკრატულობას ან ესთეტიზმს იჩემებს და ბურჟუაზე აღმატებულად მოაქვს თავი, აუცილებელი ხდება მისი თანდაყოლილი სისუსტის გამოაშკარავება. მომეტებული მომთხოვნელობა ცოდვათაგან ყველაზე ადვილად, სიქველეთაგან კი ყველაზე ძნელად მისატევებელია. ნიცშე, რომელიც ამას საუკეთესოდ განასახიერებს, სადღაც შესანიშნავადაც აღწერს, თუ როგორი ყოვლისმომცველია ზიზღი, რომელსაც მასში ჩვეულებრივი ადამიანები იწვევენ – მათი ჩვეულებრივი სახეებით, ჩვეულებრივი ხმებით და ჩვეულებრივი აზროვნებით. როგორც ვთქვი, ეს დამოკიდებულება თითქმის შესანიშნავია, თუ მას სისუსტედ მივიჩნევთ. ნიცშეს არისტოკრატია სუსტთა კუთვნილი მთელი სიწმინდის მატარებელია. როცა გვაგრძნობინებს, თუ როგორ ვერ იტანს უთვალავ სახეს, გაბმულ ხმებს, დამთრგუნველ ყოვლისმომცველობას, ბრბოს რომ ახასიათებს, მას ყველა უთანაგრძნობს, ვისაც კი გემზე ზღვის ავადობა შეჰყრია, ან გაჭედილი ომნიბუსით უმგზავრია. ყველა ადამიანს შესძულებია კაცობრიობა, როდესაც ადამიანზე ნაკლები გამხდარა. ყველას მისწოლია თვალებში მისი დამაბრმავებელი ნისლი, ან უგრძვნია ნესტოებში მისი მახრჩობელა სუნი. მაგრამ ნიცშესავით იუმორის გრძნობას მოკლებული და წარმოსახვის უუნარო თუ დაინახავს ამ არისტოკრატიაში ძლიერი კუნთებისა და ძლიერი სულის არისტოკრატიას. სიმართლეს უნდა ითქვას: ეს სუსტი ნერვების არისტოკრატიაა.

ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს; ჩვენ ვირჩევთ მტრებს; მეზობელს კი ღმერთი გვირჩევს და ის ყველა ბუნებრივი  უბედურებით შემოსილი გვეახლება: უცნაური, როგორც ვარსკვლავი, უგუნური და გულგრილი, როგორც წვიმა. ის ადამიანია – ცხოველთა შორის უსაშინლესი. ამიტომ იყო, რომ ძველი რელიგიები და ძველი აღთქმის ენა ესოდენ დიდ სიბრძნეს ავლენდა, როდესაც არა კაცობრიობის , არამედ მოყვასის მიმართ ვალდებულებაზე ლაპარაკობდა. კაცობრიობის მიმართ ვალდებულება ხშირად არჩევანის ფორმას იღებს; ის შეიძლება პირადული და სასიამოვნო იყოს. ასეთი ვალდებულება შეიძლება გატაცებად ან დროსტარებადაც კი იქცეს. შეიძლება ისტ ენდში მუშაობდე, იმიტომ რომ საგანგებოდ მორგებული ხარ ისტ ენდში მუშაობას, ან ასე გგონია; შეიძლება საერთაშორისო მშვიდობისთვის იბრძოდე, რადგან ძალიან გიტაცებს ბრძოლა. საშინელი წვალება, უმძიმესი გამოცდილება შეიძლება შეგნებული არჩევანის ან გემოვნების საკითხი იყოს. შეიძლება მოგვწონდეს შეშლილები ან განსაკუთრებით გვაინტერესებდეს კეთროვანები. შეიძლება გვიყვარდეს ზანგები სიშავის გამო, ან გერმანელი სოციალისტები იმიტომ, რომ პედანტები არიან. მაგრამ მეზობელი უნდა გვიყვარდეს იმის გამო, რომ არსებობს, რაც ბევრად უფრო სერიოზული ქმედების ბევრად უფრო შემაშფოთებელი მიზეზია. ის კაცობრიობის ნიმუშია, რომელიც მოგვეცა. ის ნებისმიერია, ამიტომ ყველაა. ის სიმბოლოა, რადგან შემთხვევაა.

ადამიანი გარბის მცირე გარემოდან მომაკვდინებელ სივრცეში და ეს ბუნებრივია, რადგან გაურბის სიცოცხლეს, და არა სიკვდილს. ეს პრინციპი მუშაობს სოციალურ სისტემაშიც. ადამიანი გარკვეული ტიპის ადამიანებს ეძებს და არა უბრალოდ განსხვავებულობას. როცა ბრიტანელი დიპლომატი იაპონელი გენერლების საზოგადოებას ირჩევს, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ განსხვავებული საზოგადოება სურს. თუ ეს სურვილი ამოძრავებს უჯობს სახლში დარჩეს და მოახლესთან რელიგიაზე ისაუბროს. თუ სოფლელ გენიოსს ლონდონის დაპყრობა უნდა, ლონდონში უნდა წავიდეს, მაგრამ თუ რაიმე უფრო საფუძვლიანად და სიმბოლურად მტრულის დამარცხება აქვს გადაწყეტილი, და თან ძალიან ძლიერის, შინ დარჩება და სოფლის მღვდელს შეებმება. განაპირა უბნის მაცხოვრებელი სწორს შვრება, თუ რამსგეითში რამსგეითის გულისთვის მიდის, – რაც ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ, თუ როგორც თავად ამბობს, ამას უბრალოდ გარემოს შესაცვლელად აკეთებს, მეზობლის ბაღში გადაძრომით ისეთ შედეგს მიაღწევდა, რამსგეიტის მთელ ჰიგიენას სრულად რომ დაჩრდილავდა რომანტიკულობით და მელოდრამატულობით.

ეს პრინციპი, რომელიც სამართლიანია იმპერიისთვის, იმპერიის შიგნით - ერისთვის, ერის შიგნით - ქალაქისთვის, ქალაქის შიგნით – ქუჩისთვის, ასევე სამართლიანია ქუჩის შიგნით მდებარე სახლისთვის. ოჯახი ზუსტად იმავე მიზეზითაა საქები, როგორც ერი ან ქალაქი. ოჯახში ცხოვრება ზუსტად ისეთივე სიკეთეა, როგორც გამაგრებულ ქალაქში ყოფნა, ისეთივე მშვენიერი და სასიამოვნოა, როგორც დათოვლილ ქუჩაზე ჩარჩენა. ეს ყველაფერი გვაგრძნობინებს, რომ ცხოვრება გარეგანი კი არა, შინაგანი რამაა. უფრო მეტიც: ეს გვაიძულებს მივხვდეთ, რომ სიცოცხლე, თუ ის ჭეშმარიტად საინტერესო და წარმტაცია, ჩვენს გარეშეც არსებობს. თანამედროვე მწერლები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ღიად აცხადებენ ოჯახს მავნე ინსიტუტად, ზოგადად მძაფრი, გულნატკენი ან საწყალობელი განცხადებით იფარგლებიან – აქაოდა, ოჯახში ყოველთვის თანხმობა არ სუფევსო. სწორედ უთანხმოების გამოა ოჯახი კარგი ინსტიტუტი. ის ჯანსაღია, რადგან ესოდენ დიდი რაოდენობის განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას იტევს. სენტიმენტალისტების თქმისა არ იყოს, ის პატარა სამეფოს ჰგავს და მისი მდგომარეობა, სხვა პატარა სამეფოების მსგავსად, ძირითადად ანარქიას მოგაგონებთ. სწორედ ის, რომ თქვენს ძმას, ჯორჯს, თქვენს რელიგურ პრობლემებზე მეტად ტროკადეროს რესტორანი აინტერესებს, ოჯახს თანამეგობრობის შემაკავშირებელ თვისებას სძენს. სწორედ ის, რომ ძია ჰენრის არ მოსწონს თქვენი დის, სარას თეატრალური ამბიციები, ამსგავსებს ოჯახს კაცობრიობას. ადამიანი, რომელიც ოჯახს ავი თუ კარგი მიზნით უჯანყდება, ჯანყს, ავი თუ კარგი მიზნით, კაცობრიობას უწყობს. დეიდა ელსაბედი კეთილგონიერებით არ გამოირჩევა – ზუსტად ისევე, როგორც კაცობრიობა. მამილო ისეთივე აზარტულია, როგორც კაცობრიობა. უმცროსი ძმა დაუდგრომელია, როგორც კაცთა მოდგმა ზოგადად, პაპა კი სულელი და მოხუცი, როგორც ეს სამყარო.

მათ, ვინც მიზეზით თუ უმიზეზოდ, აქედან თავის დაღწევას ცდილობს, ნამდვილად უფრო ვიწრო სამყაროში მოხვედრა განუზრახავს. მათ ოჯახის სიდიდე და მრავალფეროვნება თრგუნავს. სარას უნდა ქვეყანა თეატრალებისგან შედგებოდეს. ჯორჯი ტროკადეროს სამყაროდ აღიქვამს. სულაც არ ვცდილობ ვთქვა, რომ ამ ვიწრო ცხოვრებაში გაქცევა არასწორი გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც მონასტრისთვის თავის შეფარება. მე ვამბობ, რომ ცუდია ყველაფერი, რაც ამ ხალხს აიძულებს იფიქროს, თითქოს საკუთარზე უფრო დიდ და მრავალფეროვან სამყაროში შეაბიჯეს. კაცობრიობასთან შეხვედრის მზაობის გამოსაცდელად საუკეთესო იქნებოდა შემთხვევით არჩეული სახლის ბუხარში ჩაძრომა და დამხვდურებთან საუკეთესო შესაძლო ურთიერთობის დამყარება. არსებითად ესაა, რაც ყველა ჩვენგანი აკეთებს, როდესაც ამ ქვეყანას ევლინება.

ამაშია ოჯახის დიდებული და განსაკუთრებული რომანტიკა: ოჯახი წილისყრაა; ოჯახი ისაა, რასაც მტრები უწოდებენ. ის რომანტიკულია, რადგან შემთხვევითია - რაცაა ისაა. შეგნებულად შერჩეული ადამიანთა ჯგუფს საგანგებო, სექტანტური ატმოსფერო ახლავს. ირაციონალურად გაერთიანებული ადამიანებში იწყება თავგადასავალი, რადგან თავგადასავალი თავისი ბუნებით ისაა, რაც ჩვენთან მოდის. ის გვირჩევს ჩვენ, და არა ჩვენ – მას. შეყვარებას ხშირად უმაღლეს თავგადასავლად, რომანტიკული შემთხვევითობის მწვერვალად მიიჩნევენ. ეს იმდენადაა მართალი, რამდენადაც მასში არის არის რაღაც, რაც ჩვენს მიღმაა – მხიარული ბედისწერის მსგავსი. სიყვარული გვეუფლება, გარდაგვსახავს და გვაწამებს. ის გულს გაუსაძლისი მშვენიერებით გვტკენს – მუსიკის მსგავსი გაუსაძლისი მშვენიერებით. თუმცა აქვეა ჩვენი მზაობაც, რამე მოვიმოქმედოთ; გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, შევიყვაროთ, ხანდახან გადავეშვათ კიდეც სიყვარულში; და ვინაიდან ხშირად ვირჩევთ, და გარკვეულწილად რადგან განვსჟით კიდეც – ამ თვალსაზრისით შეყვარება ვერ ჩაითვლება უმაღლეს თავგადასავლად. პირველობა აქ დაბადებას ეკუთვნის. ჩვენ უეცრად დიდებულ და საოცარ მახეში ვხვდებით. იქ ისეთებს ვხედავთ, რაზეც არც კი გვიოცნებია: მამა და დედა წვანან და გველოდებიან, და უცებ გვეცემიან, როგორც ავაზაკები ბუჩქებიდან. ჩვენი ბიძა გამაოცებელია, დეიდა – მოწმენდილი ციდან ქუხილი. როდესაც ოჯახში დაბადების წყალობით შევაბიჯებთ, ვხდებით სამყაროში, რომელიც გათვლას არ ექვვემდებარება, საკუთარი, უცნაური კანონები აქვს, შეუძლია უჩვენოდ არსებობა და არაა ჩვენი შექმნილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ ზღაპარში ვხვდებით.

ფანტასტიკური თხრობის ეს ელფერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა სდევდეს ოჯახს და ჩვენს მასთან დამოკიდებულებას. რომანტიკა ყველაზე უფრო ღრმაა – თვით რეალობაზე უფრო ღრმა. რეალობამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, მაგრამ უმნიშვნელო და შეუმჩნეველი არასდროსაა. არასწორი ფაქტებიც კი ძალიან უცნაურია ხოლმე. ცხოვრების ეს უცნაურობა, მოულოდნელობა, რომელიც მოვლენებს ახასიათებს, დაუძლეველ ინტერესს იწვევს. გარემოება, რომლებსაც ვმართავთ, მოთვინიერებული და პესიმისტურია. აი „უმართავი გარემოებანი“ ღვთიურია მათთვის, ვისაც მისტერ მიკობერივით მათი გამოძახება და გაძლიერება შეუძლია. ბევრს უკვირს, რატომაა რომანი ლიტერატურის ყველაზე პოპულარული ჟანრი. უკვირთ, რატომ კითხულობენ რომანს მეტად, ვიდრე მეცნიერულ თუ მეტაფიზიკურ წიგნებს. მიზეზი უმარტივესია: რომანში მეტი სიმართლეა. ცხოვრება დროდადრო მეცნიერულ წიგნს ემსგავსება, კიდევ უფრო ხშირად – მეტაფიზიკის წიგნს, მაგრამ ის მაინც რომანია. ჩვენი არსებობა შეიძლება აღარც სიმღერა იყოს და აღარც გლოვა, არც სამართლიანობის განცდა ახლდეს და არც ბოროტების, მაგრამ ჩვენი არსებობა ამბად რჩება. ყველა დაისს ცეცხლოვანი ასოებით გამოჰყავს : „გაგრძელება იქნება.“ საკმარის ინტელექტს თუ ვფლობთ, ფილოსოფიურ დედუქციას ზუსტად შევასრულებთ; შესაბამისი გონებრივი ძალისხმევით ნებისმიერ მეცნიერულ აღმოჩენას დავაგვირგვინებთ, მაგრამ ტიტანური გონებაც კი არ კმარა უმარტივესი, სულელური ამბის სწორად დამთავრებისათვის. მიზეზი ისაა, რომ ამბის უკან უბრალოდ ინტელექტი კი არ დგას, რომელიც ნაწილობრივ მექანიკურია, არამედ ნება, რომელიც არსებითად ღვთაებრივია. მთხრობელმა გმირი შეიძლება ბოლოსწინა თავში სახრჩობელაზე აიყვანოს. ასეთივე ღვთაებრივი წარმოშობის თავნებობით თვით ავტორმაც შეიძლება საკუთარი თავი გააგზავნოს სახრჩობელაზე და შემდეგ ჯოჯოხეთში – თუ ეს მისი არჩევანია. ერთმა და იმავე ცივილიზაციამ, ევროპულმა რაინდულმა ცივილიზაციამ, რომელმაც მეცამეტე საუკუნეში თავისუფალი ნება განაცხადა, შექმნა რომანი მეთვრამეტეში. როდესაც თომა აქვინელმა ადამიანის სულიერი თავისუფლება გამოაცხადა, მან ბიბლიოთეკებში მოარულ ყველა უნიჭო რომანს მისცა დასაბამი.

თუმცა იმისთვის, რომ სიცოცხლე ამბად ან რომანად იქცეს, აუცილებელია, რომ მისი უდიდესი ნაწილი ჩვენი ნებართვის გარეშე მოეწყოს: ცხოვრება-სისტემა მოსაბეზრებელია, და ეს არსებითია, თუ გვინდა, რომ ის დრამა იყოს. მართალია, ხშირად ამ დრამას ვიღაც სხვა გვიწერს, რომელიც სულაც არ გვეპიტნავება, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებად მოგვეწონებოდა, ავტორი საათში ერთხელ ფარდასთან რომ გამოდიოდეს და შემდეგი მოქმედების მოფიქრებას გვაიძულებდეს. ადამიანი ბევრს რასმე მართავს საკუთარ ცხოვრებაში; საკმარისად ბევრს, რომანის გმირად რომ იგრძნოს თავი. აი ყველაფერს რომ მართავდეს, იმდენად გმირი გახდებოდა, რომ რომანისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა. მიზეზი, რატომაც მდიდართა ცხოვრება საფუძველშივე თვინიერი და მოვლენებით ღარიბია, იმაშია, რომ მათ თავად შეუძლიათ მოვლენების არჩევა. მათი გაბეზრება მათივე ყოვლისშემძლეობიდან მოდის. ისინი ვერ გრძნობენ თავგადასავალს, რადგან თავად შეუძლიათ შექმნან. ის, რაც ცხოვრებას რომანტიკას და ცეცხლოვანებას უნარჩუნებს, უზარმაზარი და მარტივი შეზღუდვებია, მოულოდნელს და უსიამოვნოს რომ შეგვახვედრებს ხოლმე. ამაოა ყოყლოჩინა თანამედროვეთა წუწუნი შეუფერებელი გარმოს გამო. შეუფერებელი გარემო რომანტიკის საფუძველია. ამ ქვეყანაზე დაბადება შეუფერებელ, და შესაბამისად, რომანტიკულ გარემოში დაბადებაა. ამ დიდ შეზღუდვებს და ჩარჩოებს შორის, რომლებიც ცხოვრების პოეტურ მრავალფეროვნებას აყალიბებს, უმთავრესი ოჯახია. ამდენად, თანამედროვეთა წარმოდგენა, თითქოს რომანტიკა სრულყოფილად გაიფურჩქნება მდგომარეობაში, რომელსაც ისინი თავისუფლებად ნათლავენ, მცდარია. ამათთვის გასაოცარი და რომანტიკული იქნება, ადამიანის ხელის აქნევით მზე ციდან თუ ჩამოვარდება. გასაოცარი და რომანტიკული კი ისაა, რომ მზე არ ვარდება. ესენი ყველა ფორმის უკან ეძებენ სამყაროს, სადაც შეზღუდვები არ არსებობს, ანუ სამყაროს, სადაც არ არსებობს მონახაზი – სამყაროს, სადაც არაა ფორმა. უსაზღვრობაზე პრიმიტიული რამ არ არსებობს. ამათ რომ ჰკითხო, სურთ, რომ სამყაროსავით ძლიერები იყვნენ. სინამდვილეში ის უნდათ, მთელი სამყარო მათსავით სუსტი იყოს.







No comments:

Post a Comment