III რადიარდ კიპლინგსა და სამყაროს დაპატარავებაზე

უინტერესო საგანი არ არსებობს; არსებობს უინტერესო ადამიანი. არაფერი ისე მძაფრად არ გვჭირდება, როგორც აბეზარის დაცვა. როცა ბაირონმა კაცობრიობა აბეზარებად და გაბეზრებულებად დაყო, დაავიწყდა იმის თქმა, რომ უმაღლესი თვისებებით მხოლოდ აბეზარი არის შემკული, მდაბლით კი გაბეზრებულები, რომლებსაც საკუთარ თავს მიაკუთვნებდა. აბეზარი თავისი ვარსკვლავური ენთუზიაზმით და მოზეიმე ბედნიერებით, გარკვეული თვალსაზრისით  საკუთარ პოეტურობას ამტკიცებს. აი გაბეზრებული კი ნამდვილად პროზაულია.

ყველა ბალახის ღეროს ან ხის ფოთლის დათვლა უდაოდ მოსაწყენი მოგვეჩვენება, მაგრამ არა იმიტომ, რომ გაბედულები და ხალისიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არც ერთი ვართ და არც მეორე. აბეზარი - გაბედული და ხალისიანი - წინ გასწევს და ბალახს ლაშქრის ლაპლაპა ხმლებს მიამსგავსებს. აბეზარი ჩვენზე ძლიერი და მხიარულია. ის ნახევრად ღმერთი – არა, ღმერთია. ღმერთებია, ვისაც გამეორება არ ღლის; მათთვის მწუხრი ყოველთვის ახალია, უკანასკნელი ვარდი – პირველივით ხასხასა წითელი.

განცდა იმისა, რომ ყველაფერი პოეტურია, მკვიდრი და უპირობოა; ეს არაა უბრალო ფრაზეოლოგია, ამაში შეიძლება დავრწმუნდეთ. გამოიწვიეთ ადამიანი, რომელიც ამას უარყოფს. დაასახელოს თუნდაც ერთი რამ, რაც არაა პოეზიის საგანი. მახსოვს, დიდი ხნის წინ, ერთმა ჭკვიანმა რედაქტორმა, იღლიაში ამოჩრილ წიგნზე მითხრა: „აქედან მისტიკურს ვერაფერს ამოიღებო.“ წიგნს მგონი „მისტერ სმითი,“ თუ „სმითის ოჯახი“ ერქვა. მე მას თვალები ავუხილე; თუმცა გამარჯვება ადვილად და უბრძოლველად მერგო. უმეტეს შემთხვევებში სახელია არაპოეტური, ფაქტი კი პოეტურია. სმითის შემთხვევა კი იმდენად პოეტურია, რომ ამ სახელის ღირსეულად ტარებას დიდი ძალისხმევა და გმირობაც კი სჭირდება. მჭედელს ხომ თვით მეფენიც კი აფასებდნენ, ამ ხელობას ეკუთვნის ნახევარი arma virumque-ს ხოტბისა, რომელსაც ეპოსი აღავლენს. სამჭედლოს სული იმდენად ახლოა სიმღერის განწყობასთან, რომ მილიონ ლექსში შეაღწია და ყველა მჭედელი ჰარმონიული მჭედელია.

სოფლელი ბავშვიც კი გრძნობს ბუნდოვნად, რომ მჭედლობა პოეტურია, ბაყლობა და მეწაღეობა კი – არა; გრძნობს, როცა შემოქმედებითი ძალადობის ქვაბულში, დამაყრუებელ დარტყმებში მოცეკვავე ნაპერწკლებთან ერთად ზეიმობს. ბუნების უხეში პასუხი, ადამიანური ეშმაკობის აღმაფრენა, დედამიწის უმტკიცესი ლითონი, ელემნტთა შორის ყველაზე უცნაური, დაუმორჩილებელი რკინა, რომელიც მხოლოდ ერთ დამპყრობელს ნებდება, ბორბალი და სახნისი, მახვილი და ორთქლის ჩაქუჩი, ლაშქართა წყობა და იარაღის ლეგენდა – ყველაფერი ეს მოკლედ, მაგრამ გარკვევით აწერია მისტერ სმითის სავიზიტო ბარათს. და მაინც, ჩვენი რომანისტები გმირს „აილმერ ვალენსს“ ან „ვერნონ რეიმონდს“ არქმევენ, რაც არაფერს ნიშნავს. არადა, შეუძლიათ სმითი დაარქვან – ცეცხლისა და რკინისაგან შექმნილი წმინდა სახელი. სრულიად ბუნებრივი მგონია, ყველა სმითი ცოტათი ზევიდან რომ იყურებოდეს: ვინ-ვინ, და სმითი მეტიჩარა ვერ იქნება. ისტორიის რიჟრაჟიდან მოყოლებული, ეს მოდგმა იბრძვის; მისი ნაალაფარი ყველას ხელთ აქვს; მისი სახელი ყველგანაა; ის უფრო ძველია, ვიდრე ერები და მისი ნიშანი თორის ჩაქუჩია. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს არაა მთლად ჩვეულებრივი შემთხვევა. ჩვეულებრივი საგნების პოეტურობა საზოგადო ამბავია, მაგრამ საზოგადო სახელების პოეტურობა არც ისე ჩვეულებრივია. უმეტესად სწორედ სახელია დაბრკოლება. უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი ეს მტკიცება ჩვეულებრივის პოეტურობაზე უბრალო ლიტერატურული ხრიკი და სიტყვების თამაშია. სწორედ საპირისპიროა მართალი. ის, რომ ზოგიერთი რამ არაპოეტურია, ლიტერატურული ხრიკია და სიტყვების შედეგი. სიტყვა „შუქნიშანი“ არაპოეტურია, მაგრამ თავად საგანი ძალიანაც პოეტური გახლავთ. ეს ის ადგილია, სადაც სიფხიზლის აგონიაში მყოფი ადამიანები წითელ და მწვანე სასიგნალო შუქებს ანთებენ, სხვა ადამიანები დაღუპვას რომ აარიდონ. ესაა მისი მარტივი და გულწრფელი აღწერა, პროზა კი მხოლოდ სახელს მოჰყვება. „საფოსტო ყუთი“ არაპოეტური სიტყვათა შეთანხმებაა, მაგრამ არა ყუთი თავად. ეს ის ადგილია, რომელსაც მეგობარი ან შეყვარებული თავის გზავნილს ანდობს იმ განცდით, რომ ის წმინდა და ხელშეუხებელი ხდება არა მარტო უცხოსთვის, არამედ თავად მისთვისაც. ეს წითელი გოდოლი ერთი უკანასკნელი ტაძართაგანია. წერილის გაგზავნა და ქორწინება უკანასკნელი სრულად რომანტიკული ქმედებებია, რადგან რომანტიკა ხომ აუცილებლად შეუქცევადია. შუქნიშანი იმიტომ გვეჩვენება პროზაულად, რადგან არაფერთან გარითმულა; გვეჩვენება არაპოეტურად, რადგან ლექსში არასდროს შეგვხვედრია. თუმცა ფაქტი პოეზიის სასარგებლოდ მეტყველებს; შუქნიშანი მხოლოდ სახელად ჰქვია; ეს ხომ სიკვდილ-სიცოცხლის სახლია. საფოსტო ყუთიც მხოლოდ სახელია: ის ადამიანის სიტყვათა ტაძარია. თუ სახელი „სმითი“ პროზაულად გეჩვენება, ამის მიზეზი პრაქტიკულობა და გონიერება კი არა, გადაჭარბებული ლიტერატურული დახვეწილობის გავლენაა. სახელი პოეზიას ღაღადებს. თუ სხვანაირად ფიქრობ, ვერბალურ რემინესცენციებს უნდა დააბრალო, რომელშიც გვარიანად ხარ ჩამბალი: „პანჩის“ და „კომიკ ქათსის“ მისტერ სმითი ხომ ლოთია, ან ცოლის კალთაზეა გამობმული. თავდაპირველად ყველაფერი პოეტურად მოგვეცა, ჩვენ კი ხანგრძლივი და ჩახლართული ლიტერატურული პროცესის ზემოქმედებით პროზად ვაქციეთ.

პოეზიის დაკარგული პროვინციებისთვის ბრწყინვალების დაბრუნება და გაცოცხლებაა ის პირველი და სამართლიანი რამ, რაც რადიარდ კიპლინგზე ითქმის. მას არ აშინებს უხეში, მატერიალისტური განწყობა, რომელიც მხოლოდ სიტყვებს მოსდევს. ის თავად საგანთა რომატიკულ, წარმოსახვით არსს წვდება. მან მოახერხა ორთქლისა და სლენგის ფილოსოფიური მნიშვნელობის აღქმა. ორთქლი, თუ გნებავთ, მეცნიერების თანმდევი ჭუჭყიანი პროდუქტია, სლენგი კი – ენის, მაგრამ მან დაინახა მათი ღვთაებრივი წარმომავლობა და მიხვდა, რომ სადაც კვამლია, იქ ცეცხლიცაა, ანუ უწმინდესი ყოველთვის უმდარესთან სიახლოვესაა. რაც მთავარია, მას ყოველთვის ჰქონდა სათქმელი, ჰქონდა ცხადი ხედვა, ეს კი იმას მოასწავებს, რომ ადამიანი უშიშარია და ყველაფრისთვის თვალის გამსწორებელი. მსოფლხედველობის შეძენით მყისვე სამყაროს ეუფლები.

გზავნილი, იდეა, რომელზეც არის კონცენტრირებული – აი ერთადერთი რამ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია მასში და ნებისმიერ სხვა ადამიანში. მას ხშირად შეუთხზავს ცუდი ლექსი, როგორც, მაგალითად, უორდსვორთს, ან უთქვამს სისულელე, როგოც პლატონს, პოლიტიკურ ისტერიასაც მისცემია, როგორც გლადსტონი, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ ის მუდმივად და გულწრფელად ამბობს სათქმელს. ერთადერთი და სერიოზული საკითხავი კი მხოლოდ ისაა, თუ რის თქმას ცდილობს? იქნებ ამის პატიოსნად ჩამოყალიბების საუკეთესო გზა იმ ელემენტით დაწყებაა, რომელსაც თავადაც ხაზს უსვამს და მისი ოპონენტებიც – ვგულისხმობ მის დაინტერესებას მილიტარიზმით. თუმცა, როდესაც ადამიანის დამსახურებას არკვევ, არასწორია მის მტრებს მიმართო და კიდევ უფრო სულელური – თავად მას.

მილილიტარიზმის კიპლინგისეული თაყვანისცემა სრულიად არასწორია, თუმცა მისი ოპონენტებიც, ზოგადად რომ ვთქვათ, ზუსტად მასავით ცდებიან. მილიტარიზმის ბოროტება ის კი არაა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეურიგებელ, ქედმაღალ ომის მოსურნედ აქცევს, არამედ ის, რომ უმრავლესობას - მოშინაურებულ, დაშინებულ ქალაჩუნებად. პროფესიონალი ჯარისკაცი მით მეტ გავლენას იძენს, რაც უფრო კნინდება საზოგადოების საერთო სიმამაცე. პრეტორიანული გვარდია რომის ფუფუნებაში ჩაძირვისა და დასუსტების ფონზე აღზევდა. სამხედროების სამოქალაქო ძალაუფლების ზრდა მოქალაქეთა მხედრული თვისებების დაკნინების პროპორციულია. თანამედროვე ევროპაც ისეთივე დღეშია, როგორც ძველი რომი: არასდროს ყოფილა სახელმწიფო უფრო მეტად მილიტარისტული, ადამიანი კი ნაკლებად მამაცი. ყველა ეპოქის ყველა ეპოსი იარაღსა და ადამიანს ასხამდა ხოტბას; ჩვენ ადამიანის დაკნინება და იარაღის ფანტასტიკური დახვეწა ერთდროულად მოვახერხეთ. მილიტარიზმი რომის დაკნინებასაც მოასწავებს და პრუსიისასაც.

ბ-ნი კიპლინგიც ამას ამტკიცებს, გაუცნობიერებლად და თან შესაშურად. თუ გულწრფელად გავერკვევით მის თხზულებებში, ჯარისკაცის ხელობა ყველაზე უფრო მიმზიდველად ან მნიშვნელოვნად არავითარ შემთხვევაში არ წარმოგვიდგება. მას არ აღუწერია ჯარისკაცი ისე შესანიშნავად, როგორც რკინიგზელი, ხიდის მშენებელი ან სულაც ჟურნალისტი. ბ-ნ კიპლინგს მილიტარიზმი ვაჯკაცობით კი არა, წესრიგით იზიდავს. შუა საუკუნეებში, როცა არცერთ მეფეს მუდმივი ჯარი არ ჰყავდა, ყველა კაცს კი ხმალი ერტყა და მშვილდი ეკიდა, ერთ კვადრატულ მილზე ბევრად უფრო მეტი სიმამაცე მოდიოდა. რეგულარული ჯარი ბ-ნი კიპლინგის აღტაცებას სიმამაცით კი არ იწვევს – ეს ნაკლებად აინტერესებს – არამედ დისციპლინით. ესაა მისი უპირველესი თემა. თანამედროვე არმია არ ახდენს გამბედაობის სასწაულებს: ამის საშუალება მას არ ეძლევა – ყველა დანარჩენის ლაჩრობის გამო. აი ორგანიზაციის სასწაულს კი ნამდვილად ვხედავთ, და სწორედ ესაა კიპლინგური იდეალი. მისი საგანი გამბედაობა კი არაა, რომელიც მართებულად ეკუთვნის ომს, არამედ ურთიერთდამოკიდებულება და შედეგიანობა, რომელიც მემანქანეების, მეზღვაურების, სახედრების ან ორთქმავლების კუთვნილება უფროა. ამიტომაა, რომ ის საუკეთესოდ მემანქანეს, მეზღვაურს, სახედარს და ორთქმავალს აღწერს. ნამდვილი პოეზია, „ჭეშმარიტი რომანტიკა,“ რომელიც ბ-მა კიპლინგმა გვასწავლა შრომის დანაწილებისა და პროფესიული დისციპლინის რომანტიკაა. ის მშვიდობის ხელოვნებას უფრო ზუსტად უმღერს, ვიდრე ომისას და მისი მთავარი მოსაზრება სასიცოცხლოდ ცხოვრებისეული და ფასეულია. ყველაფერი სამხედროა იმ თვალსაზრისით, რომ მორჩილებას ეფუძნება. არ არსებობს ეპიკურეული კუნჭულიც კი, არ არსებობს უპასუხისმგებლობა: ყველა გზა ადამიანმა ოფლითა და მორჩილებით გაგვიკვალა. ჰამაკში შეიძლება ღვთაებრივი უზრუნველობით გაიშხლართო, მაგრამ უნდა გიხაროდეს, რომ ბადის დამწნელს უზრუნველობა არ გამოუჩენია; შეიძლება სახუმაროდ საბავშვო ხის ცხენს მოახტე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დურგალს ხუმრობით ფეხები მიუწებებელი არ დაუტოვებია. კიპლინგი იმას კი არ ქადაგებს, ხიშტის მწმენდავი ჯარისკაცი თაყვანისცემის ღირსია, აქაოდა სამხედროაო, არამედ ნათლად და ცხადად იმას, რომ პურის მცხობელი ხაბაზი და ქურქის მკერავი თერძიც ისეთივე სამხედროები არიან, როგორც ყველა დანარჩენი.

მოვალეობის ყოვლისმომცველი ხედვის ერთგული კიპლინგი ბუნებრივი კოსმოპოლიტია. ის მაგალითებს ბრიტანულ იმპერიაში პოულობს, თუმცა ნებისმიერი სხვა იმპერია გამოადგებოდა, ან ნებისმიერი სხვა მაღალცივილიზებული ქვეყანა. ის, რაც ბრიტანულ არმიაში მის აღტაცებას იწვევს, გერმანულში კიდევ უფრო აშკარაა; ის რისი დანახვაც უნდა ბრიტანულ პოლიციაში, ფრანგულში უკვე ჰყვავის. დისციპლინის იდეალი არაა მთელი ცხოვრება, თუმცა მთელ ქვეყნიერებაზე ვრცელდება და მისი თაყვანისცემა ადასტურებს ბ-ნ კიპლინგში ამქვეყნიური სიბრძნის და მოგზაურის გამოცდილების განცდას, რაც მისი საუკეთესო ნაშრომების ნამდვილი ხიბლია.

მის გონებაში არსებულ დიდ სიცარიელეს უხეშად შეიძლება პატრიოტიზმის არარსებობა ვუწოდოთ; მას არ გააჩნია უნარი რამესთან ან ვინმესთან საბოლოო და ტრაგიკული მიბმის, რადგან ყველაფერი საბოლოო უცილოდ ტრაგიკულია. ინგლისი მას აღაფრთოვანებს, მაგრამ არ უყვარს. აღფრთოვანებას მიზეზი სჭირდება, სიყვარულს კი არა. ინგლისი მას აღაფრთოვანებს იმიტომ, რომ ძლიერია, და არა იმიტომ, რომ ინგლისია. ამას დაუნდობლობით არ ვამბობ; სიმართლე ითქვას, ამას თვითონ აღიარებს ჩვეული ხატოვანი გულახდილობით. თავის საინტერესო ლექსში ის ამბობს:

"If England was what England seems"
(ინგლისი რომ ისეთი იყოს, როგორიც ჩანს,)

ანუ სუსტი და უშედეგო; ინგლისი რომ არ იყოს (როგორც თავად სწამს) ის, რაც არის – ძლიერი და პრაქტიკული,

"How quick we'd chuck 'er! But she ain't!"
(რა სწრაფად მივაგდებდით – მაგრამ არ არის!)

ის აღიარებს, რომ მისი ერთგულება განსჯითია, რაც სავსებით საკმარისია, რომ ბურების პატრიოტიზმისგან სრულიად განსხვავებულ კატეგორიაში მოვათავსოთ, რომელთაც ის სამხრეთ აფრიკაში სდევნიდა. ირლანდიელებისნაირი ჭეშმარიტად პატრიოტი ხალხის შესახებ ლაპარაკისას ის ამრეზისაგან თავს ძლივს იკავებს. განწყობას, რომელსაც მშვენიერებით და კეთილშობილებით აღწერს, კოსმოპოლიტის განწყობაა, რომელიც ადამიანებს და ქალაქებს ეცნობა.

"For to admire and for to see,

For to be'old this world so wide."


(„რომ აღფრთოვანდე, რომ ნახო,

რომ დააკვირდე ფართოდ მსოფლიოს.“)



ის დიდებული ოსტატია იმ მსუბუქი სევდის გადმოცემისა, რომლითაც ადამიანი ბევრი სხვადასხვა საზოგადოების მოქალაქეობას იხსენებს, იმ მსუბუქი სევდის მსგავსი, რომლითაც კაცს მრავალი ყოფილი საყვარელი რომ აგონდება. ის ერთაშორისი მუსუსია. შეიძლება ქალებზე ბევრი რამ შეიტყო გაუთავებელი არშიყით, მაგრამ პირველი სიყვარული ვერასდროს განიცადო. შეიძლება ულისესავით უამრავი ქვეყანა ნახო, მაგრამ პატრიოტიზმზე წარმოდგენაც კი ვერ შეიქმნა.

ცნობილ ეპიგრამაში ბ-მა კიპლინგმა იკითხა, რა იცის ადამიანმა ინგლისზე, თუ მხოლოდ ინგლისი იცის. ბევრად უფრო მწვავე და ღრმა შეკითხვაა: „რა იცის ადამიანმა ინგლისზე, თუ მხოლოდ მსოფლიო იცის?“ რადგან მსოფლიო არ შეიცავს ინგლისს იმაზე მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ეკლესიას. როგორც კი რამეს ჭეშმარიტად შეიყვარებ, მყისიერად მსოფლიო – ანუ ეს ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესები – შენი მტერი ხდება. ქრისტიანებმა გვიჩვენეს ეს, როდესაც თქვეს, რომ გვმართებს „შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.“ თუმცა შეყვარებულნიც ამასვე ამბობენ: „მსოფლიო დავკარგე.“

ასტრონომიული თვალსაზრისით მესმის, რომ ინგლისი მსოფლიოში მდებარეობს; ასევე, ვფიქრობ, ეკლესიაც მსოფლიოს ნაწილია და შეყვარებულებიც ამ ბურთზე ცხოვრობენ. მაგრამ ისინი ცხადად გრძნობენ, რომ თუ რამეს შეიყვარებ, მსოფლიო მტრად მოგეკიდება. ამდენად, ბ-ნი კიპლინგი ნამდვილად იცნობს მსოფლიოს; ის მსოფლიოს ადამიანია, მთელი იმ სივიწროვით, რომელიც ამ პლანეტის ტუსაღობას მოსდევს. ის იცნობს ინგლისს, როგორც განათლებული ინგლისელი ჯენტლმენი იცნობს ვენეციას. ის ბევრჯერაა აქ ნამყოფი, ხანგრძლივადაც დარჩენილა, მაგრამ აქაურობას არ ეკუთვნის, ისევე როგორც არ ეკუთვნის არცერთ სხვა ადგილს. ამას იმით ამტკიცებს, რომ ინგლისი ადგილი ჰგონია. ადგილი ქრება, როგორც კი იქ ფესვებს გაიდგამ. მაშინ ემსგავსები ხეს, რომელიც სამყაროს მთელი ძალით საზრდოობს.

მოგზაურის სამყარო ბევრად უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ის, რომელშიც გლეხი ცხოვრობს; მოგზაური ყოველთვის ადგილობრივი ჰაერით სუნთქავს. ლონდონი ადგილია, როდესაც ჩიკაგოს ადარებ; ჩიკაგოც ადგილია, თუ ტიმბუქტუს ადარებ; მაგრამ ტიმბუქტუ აღარაა ადგილი, თუ იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მას სამყაროდ მიიჩნევენ და ადგილობრივ ჰაერს კი არა, სამყაროს ქარებს შეისუნთავენ. ლაინერის მგზავრს ყველა ჯურის კაცი უნახავს და მან იცის, რა განასხვავებს ადამიანებს: საკვები, ტანსაცმელი, სამკაულები, რგოლები ცხვირში – აფრიკაში და ყურში – ევროპაში, ლურჯი საღებავი ძველებში და წითელი – თანამედროვე ბრიტანელებში. კომბოსტოს ბაღჩის გლეხს საერთოდ არავინ უნახავს, მაგრამ იცის, ის რაც აერთიანებს ადამიანებს: შიმშილი და ბავშვები, ქალების მშვენიერება და ცისგან მომავალი სიკეთე თუ საფრთხე. ბ-ნი კიპლინგი, მთელი მისი დამსახურებით, მოგზაურია; მას არ გააჩნია მოთმინება, რომ რისამე ნაწილი გახდეს. ასეთ დიდ და ნამდვილ ადამიანს ცინიკურ კოსმოპოლიტიზმს ვერ დასწამებ; და მაინც, კოსმოპოლიტიზმი მისი სისუსტეა. ეს სისუსტე მშვენივრადაა გამოსახული მის ერთერთ საუკეთესო ლექსში: "The Sestina of the Tramp Royal," სადაც კაცი აცხადებს, რომ ყველაფერს გაუძლებს – შიმშილს, შიშს, ოღონდ არა ერთ ადგილზე ყოფნას. აქაა საშიშროება. რაც უფრო მშრალი და უსიცოცხლოა რამე, მით უფრო ბევრს მოგზაურობს. ასეთებია მტვერი, ბირკა და სამხრეთ აფრიკის კომისარი. ნაყოფიერება რამდენადმე უფრო წონადია, მსხმოიარე ხესავით, ან ნილოსის ლამივით. ახალგაზრდული უდარდელობით ვის არ გაგვიპროტესტებია გამოთქმა, „მგორავ ქვას ხავსი არ ეკიდება.“ ვის რა ჯანდაბად უნდა ხავსი – გვიფიქრია – გარდა ჩერჩეტი და დახავსებული ბებრებისა? თუმცა ასაკთან ერთად ანდაზას აზრი ემატება და ხვდები, რომ დაგორებული ქვა კლდეებს ეჯახება და რახა-რუხი გასდის, მაგრამ უსიცოცხლოა. აი ხავსი კი არ ხმაურობს, იმიტომ რომ ცოცხალია.

შესწავლა და გაფართოება სამყაროს ამცირებს. ტელეგრაფი და ხომალდი სამყაროს აპატარავებს. ტელესკოპიც. ერთადერთი რამ, რაც მას ადიდებს, მიკროსკოპია. სულ მალე მსოფლიოს ტელესკოპისტებსა და მიკროსკოპისტებს შორის გაჩაღებული ომი გახლეჩს. პირველნი დიდ საგნებს სწავლობენ და პატარა სამყაროში ცხოვრობენ, მეორენი კი პირიქით. ეჭგარეშეა, საინტერესოა მსოფლიოს ირგვლივ ავტომობილით რომ შემოუზუზუნო, არაბეთი ქვიშიანი ქარის მონაბერად, ჩინეთი კი ბრინჯის მდელოს გაელვებად რომ აღიქვა. თუმცა არაბეთი არაა ქვიშიანი ქარი, ჩინეთი კი ბრინჯის ყანა. ეს უძველესი ცივილიზაციებია, რომელთა უცნაური სიქველენი განძივითაა ჩამარხული. თუ მათში ჩაწვდომა გვსურს, ტურისტებად და მკვლევარებად კი არ უნდა ვიქცეთ, არამედ ბავშვის ერთგულებით და პოეტის უდიდესი მოთმინების უნარით უნდა აღვიჭურვოთ. ამ ადგილების დაპყრობა მათი დაკარგვის ტოლფასია. ბოსტანში მდგომი ადამიანი, რომლის ჭიშკართანაც ზღაპრეთი იშლება, დიდი იდეების ადამიანია; მისი გონება სივრცეს წარმოქმნის. ავტომობილი მას ბრიყვულად ანადგურებს. ჩვენს თანამედროვეს დედამიწა ბურთად წარმოუდგენია, სკოლის მასწავლებელივით; ისეთად, ადვილად რომ შემოუვლი. ეს მუდმივად ვლინდება იმ უცნაურ შეცდომაში, რომელიც სესილ როდსთან დაკავშირებით მოსდით. მტრები ამბობენ, შესაძლოა დიდი იდეები ჰქონდა, მაგრამ ცუდი კაციაო. მეგობრები ამბობენ, შეიძლება ცუდი ადამიანია, მაგრამ ნამდვილად დიდი იდეები ჰქონდაო. სიმართლე კი ისაა, რომ ის არა განსაკუთრებულად ცუდი ადამიანი, არამედ საგანგებოდ ვიწრო შეხედულებების ადამიანი იყო. არანაირი სიდიდე არაა რუკის წითლად გაფერადებაში. ეს უწყინარი ბავშვური გართობაა. ასევე ადვილია, კონტინენტები კენჭებად წარმოიდგინო. სირთულე თვითოეულის არსის გარკვევისას იწყება. როდსის ბურების წინააღმდეგობასთან დაკავშირებული პროგნოზები შესანისნავი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ იფურჩქნება „დიდი იდეა,“ როდესაც კონტინენტებით კი არაა დაკავებული, არამედ რამდენიმე ჩვეულებრივი ადამიანის საქციელით. კოსმოპოლიტური პლანეტის უზარმაზარი ილუზიის ქვეშ, მისი იმპერიებითა და როიტერის სააგენტოთი, რეალური ცხოვრება ამ ხესა თუ იმ ტაძარზე, ამ მოსავალსა თუ იმ სიმღერაზე ზრუნვაში მიედინება, სრულიად გაუაზრებლად და ხელშეუხებლად. და ამ ვიწროადგილობრივი, დიდებული საფარველიდან ის ღიმილით უცქერს საავტომობილო ცივილიზაციას, ტრიუმფალურად რომ მიექანება, უსწრებს დროს, შთანთქავს სივრცეს, უყურებს ყველაფერს და ხედავს ვერაფერს, ქუხილით იპყრობს მზის სიტემას, და ბოლოსდაბოლოს აღმოაჩენს, რომ მზე ქალაქელია, ვარსკვლავები კი – სოფლელები.






No comments:

Post a Comment