X სანდლებსა და უბრალოებაზე

თანამედროვე ინგლისელის ნაკლი სულაც არაა ის, რომ სხვებზე უფრო მკვეხარაა (მართლა არაა); უბრალოდ იმას იკვეხნის, რაც კვეხნისას ქრება. ფრანგი ამაყობს, რომ გაბედული და ლოგიკურია და ასეთად რჩება. გერმანელი ამაყობს, რომ დაფიქრებული და მოწესრიგებულია, და ამ თვისებებს არაფერი მოსდის. აი ინგლისელი ვერ იამაყებს იმით, რომ უბრალო და პირდაპირია ისე, რომ ეს თვისებები შეინარჩუნოს. ამ უცნაურ სიქველეთა ბუნება ისეთია, რომ აღიარება მათ კლავს. ადამიანი შეიძლება აცნობიერებდეს, რომ გმირია, ან ღვთაებრივი, მაგრამ არ შეიძლება აცნობიერებდეს, რომ არაცნობიერია (ანგლო-საქსონი პოეტების მცდელობის მიუხედავად).

ვერავინ უარყოფს, რომ ამ შეუძლებლობის გარკვეული ნაწილი ანგლო-საქსონური სკოლისაგან ძალიან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფს უკავშირდება. ვგულისხმობ უბრალო ცხოვრების იმ სკოლას, ტოლსტოისთან რომ ასოცირდება. საკუთარ ენერგიულობაზე გამუდმებით ლაპარაკი ამ ენერგიას ამცირებს, გაუთავებელი ლაპარაკისგან კიდევ უფრო მეტად ზარალდება უბრალოება. ვფიქრობ, სერიოზული უკმაყოფილების ერთი მიზეზი თანაბრად ეხება უბრალო ცხოვრების თანამედროვე მიმდევრებს მთელი თავისი მრავალფეროვანი ფორმებით - ვეგეტარიანელებიდან დუხობორებამდე. მიზეზი კი ისაა, რომ უმნიშვნელო გაუბრალოებული, მნიშვნელოვანი კი პირიქით, გართულებულია. უბრალოა ის, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს – კვების რაციონი, ჩაცმულობა, ეტიკეტი, ეკონომიკა. რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – მსოფლმხედველობა, ერთგულება, სულიერი მიუღებლობა – ყველაფერი გართულებულია. რა ბედენაა, პომიდორს დაბრაწულს მიირთმევ თუ უმს. მთავარია, ტვინი არ დაგებრაწოს. ერთადერთი გასფრთხილებელი უბრალოება გულის უბრალოებაა, უბრალოება მიღებისა და მხიარულებისა. შეიძლება საკამათო იყოს, თუ რომელი სისტემა ინარჩუნებს მას; უდავოა, რომ უბრალოების სისტემა მას ანგრევს. ადამიანში, რომელიც ხიზილალას დაუფიქრებლად მიირთმევს, მეტი უბრალოებაა, ვიდრე მასში, ვინც პრინციპულად ფაფით იკვებება. ამ ხალხის მთავარი შეცდომა მათ საყვარელ ფრაზაშია გამოხატული: „უბრალო ცხოვრება და ამაღლებული აზროვნება.“ ეს მათ არ სჭირდება, ეს მათ ვერ გააუმჯობესებს. ამაღლებული ცხოვრება და უბრალო აზროვნება – აი რა არის მათთვის აუცილებელი. ცოტაოდენი ამაღლებული ცხოვრება მათ ადამიანური დღესასწაულის ძალას და მნიშვნელობას აგრძნობინებდა, იმ წვეულებისას, სამყაროს შექმნიდან რომ გრძელდება; გააგებინებდა ისტორიულ ფაქტს, რომ ყველაფერი ხელოვნური ბუნებრივზე უფრო ძველია; ასწავლიდა, რომ სიყვარულის თასი ისეთივე ძველია, როგორც ნებისმიერი წყურვილი; რომ რიტუალი უფრო ძველია, ვიდრე რელიგია. ცოტაოდენი უბრალო აზროვნება კი აწავლიდა, რამდენად მკაცრი და მოგონილია მათი საკუთარი ეთიკა, რაოდენ ზედმეტად ცივილიზებული და ჩახლართული უნდა იყოს ტოლსტოელის გონება, რომელიც თვლის, რომ სამშობლოს სიყვარული არასწორია, დარტყმა კი უპირობო ბოროტებაა.

აი ახლოვდება ადამიანი, სანდლებით და უბრალო სამოსით. მარჯვენა ხელში უმი პომიდორი ჩაუბღუჯავს და ამბობს: „ოჯახური ბმები და სამშობლოს ერთგულება ადამიანის სიყვარულის სრულყოფილ განვითარებას აბრკოლებს.“ უბრალო მოაზროვნე ამაზე სიბრალულნარევი გაოცებით უპასუხებს: „რამდენი გაჭირვება გადაგიტანია, ასეთნაირად რომ ფიქრობ.“ ამაღლებული ცხოვრება უარყოფს პომიდორს. უბრალო აზროვნება იგივე შემართებით უარყოფს ყველანაირი ომის უპირობო ცოდვიანობას. ამალებული ცხოვრება გვარწმუნებს, რომ სიამოვნების, როგორც წმინდა მატერიალურის უარყოფა უკიდურესი მატერიალიზმის გამოვლინებაა. უბრალო აზროვნებაც გვარწმუნებს, რომ არაფერია იმაზე უფრო მატერიალისტური, ვიდრე ტანჯვის მხოლოდ მატერიალური ჭრილობებით შეზღუდვა.

ერთადერთი უბრალოება, რომელსაც აზრი აქვს, გულის უბრალოებაა. თუ ის დაიკარგა, უკან ვერც თალგამით მოაბრუნებ და ვერც ჯვალოს სამოსით – მხოლოდ ცრემლებით, კრძალვით და უქრობი ცეცხლით. და თუ ის რჩება, მნიშვნელობა აღარ აქვს - რამდენიმე ვიქტორიანული სავაძრლის საზოგადოებასაც აიტანს. მოდი რთული და დახვეწილი კერძი უბრალო მოხუცს ჯენტლმენს მივართვათ და უბრალო კერძი კი დახვეწილ მოხუც ჯენტლმენს. ვიდრე საზოგადოება ჩემს შინაგან სულიერებას არ შეხებია, ნაწილობრივ თანახმა ვარ, თავისი დაუოკებელი ნება ჩემს ფიზიკურ ექსტერიერზე გამოსცადოს. მე დავნებდები სიგარას, ბურგუნდიულის ბოთლს მორჩილად მოვეხვევი, თავს მდაბლად დავუკრავ კებს, თუ მხოლოდ ეს შემაძლებინებს, სულიერი უმანკოება შევინარჩუნო, რომელიც სიამოვნებას შიშნარევი გაოცებით შესცქერის. არ მითქვამს, თითქოს ეს მისი შენარჩუნების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, რომ სხვებიც არსებობს. თუმცა არაფერი მესაქმება უბრალოებასთან, რომელსაც არ ახლავს კრძალვა, განცვიფრება და მხიარულება; არაფერი მესაქმება ეშმაკეულ ხილვასთან ბავშვისა, რომელიც იმდენად უბრალოა, რომ არ უყვარს სათამაშო.

ბავშვი ამ ამბებში, ისევე როგორც ბევრ სხვაში, საუკეთესო მეგზურია. არაფერში არაა ბავშვი ისე მართებულად ბავშვური, არაფერში ისე არ ამჟღავნებს ასე ზუსტად უბრალოების მოწესრიგებულობას, როგორც იმ ფაქტში, რომ ყველაფერს, თუნდაც ძალიან რთულს, უბრალო სიამოვნებით ხედავს. ბუნებრივობის ყალბი ნაირსახეობა ყურადღებას ყოველთვის ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის განსხვავებულობაზე ამახვილებს. ამაღლებული ბუნებრივობა ამ განსხვავებას არ ცნობს. ბავშვისთვის ხე და განათების ბოძი ერთნაირადაა ბუნებრივიც და ხელოვნურიც, ან უფრო სწორად, არცერთი არაა ბუნებრივი - ორივე ზებუნებრივია. ორივე დიდებული და აუხსნელია. ყვავილი, რომლითაც ღმერთი რთავს ერთს და ალი, რომლითაც მეფანრე სემი რთავს მეორეს, ორივე ზღაპრულად ოქროცურვილია. ყველაზე უკაცრიელ მდელოზე ყველაზე უფრო სოფლელი ბიჭი – ნაძლევს ვდებ - ორთქმავლობანას თამაშობს.

ერთადერთი სულიერი თუ მსოფლმხედველობითი მოსაზრება ორთქმავალის საწინააღმდეგოდ ის კი არაა, რომ ადამიანები მასში ფულს იხდიან, ან მისთვის მუშაობენ, ან მას მახინჯად ამზადებენ, არც ის, რომ ადამიანებს კლავს; არამედ ის, რომ ადამიანები მას არ თამაშობენ. ცუდი ისაა, რომ ჩხირკედელობის ბავშვური პოეზია ქრება. ცოდვა ის კი არაა, რომ ორთქლმავალია მექანიკური, არამედ ის, რომ ადამიანია მექანიკური.

ამ და ყველა სხვა საკითხში, რომელსაც ამ წიგნში განვიხილავთ, მთავარი დასკვნა ისაა, რომ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი თვალსაზრისი, მსოფლმხედველობა და რელიგია, და არა ჩვევების ან სოციალური რუტინის შეცვლა. გადაუდებელი პრაქტიკული მოთხოვნილებანი მთლიანად აბსტრაქტული ხასიათისაა. ჩვენ გვჭირდება სწორი შეხედულებები ადამიანის დანიშნულებაზე, საზოგადოებაზე; ამ ენთუზიაზმით ბრაზიანად და ენერგიულად რომ გვეცხოვრა, აღმოჩნდებოდა, რომ სულიერი თვალსაზრისით უბრალო და ხალასი ცხოვრებით ვცხოვრობთ. სურვილი და საშიშროება ყველას აუბრალოებს. მათ კი, ვინც მჭევრმეტყველებას იაგერსა და კანის ფორებზე, აგრეთვე პლაზმონსა და სტომაქის გარსზე ხარჯავს, მათ უნდა მივახალოთ სიტყვები, რომლებსაც პრანჭიას და მუცელღმერთას მიახლიან ხოლმე: „ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.“ ეს გასაოცარი სიტყვები არამარტო შესანიშნავი პრაქტიკული პოლიტიკაა, არამედ არაჩვეულებრივი ჰიგიენაცაა. ყველა ამ პროცესის – ჯანმრთელობის, ძალის, მოხდენილობის და სილამაზის - სწორად წარმართვის ერთადერთი გზა რამე სხვაზე ფიქრია. თუ ადამიანი მეშვიდე ცაზე მიძვრება, შეუძლია კანის ფორებზე არ ღელავდეს; თუ თავის ოთხთვალაში ვარსკვლავს აბამს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს მისი სტომაქის გარსზეც. ჩაფიქრება რასაც ჰქვია, ბუნებრივად შეუძლებელია მარტივსა და წარმავალზე. ადამიანი შორეულს ჩაუფიქრდება და მხოლოდ ამის ხარჯზე შეუძლია ისეთ პრაქტიკულ რამეზე ფიქრი, როგორიც ჯანმრთელობაა.

1 comment: