ნიჭიერი
და მახვილგონიერი მწერალი
არტურ საიმონსი აპოლოგიაში
„ლონდონური ღამეები“ აღნიშნავს,
რომ კრიტიკაში ზნეობა მთლიანად
უნდა დაემორჩილოს ხელოვნებას
და ამის განსაკუთრებულ
არგუმენტად მოჰყავს ის, რომ
ხელოვნება, ანუ მშვენიერის
თაყვანისცემა ყველა ეპოქაში
უცვლელია, მაშინ, როდესაც
ზნეობა ყველა პერიოდში ყველა
თვალსაზრისით ცვალებადობს.
ის იწვევს კრიტიკოსს და
მკითხველს, ზნეობის ერთი
უცვლელი ნიშანი ან თვისება
მაინც დაასახელონ. ეს ერთობ
საინტერესო მაგალითია იმ
არაჩვეულებრივი დამოკიდებულებისა
ზნეობის მიმართ, რომელიც ბევრ
ულტრათანამედროვე ესთეტთს
ავადმყოფურობით და ფანატიზმით
აღმოსავლელ მეუდაბნოეს
ამსგავსებს. ერთი ეპოქის
ზნეობა რომ სრულიად განსხვავებულია
მეორე ექპოქის ზნეობისაგან,
თანამედროვე ინტელექტუალიზმის
მოარული ფრაზაა, და თანამედროვე
ინტელექტუალიზმის მრავალი
სხვა ფრაზის მსგავსად, სრულიად
არაფრისმთქმელია. თუ ორი
ზნეობა სრულიად განსხვავებულია,
რატომ ვეძახით ორივეს ზნეობას?
ეს იმას ჰგავს, კაცმა რომ თქვას:
„აქლემი ყველგან განსხვავებულია:
ზოგან ექვსი ფეხი აქვს, ზოგან
- არცერთი, ზოგს ქერცლი აქვს,
ზოგს – ბუმბული, ზოგს რქები
აქვს, ზოგს – ფრთები, ზოგი
მწვანეა, ზოგი – სამკუთხედი.
მათ საერთო არაფერი აქვთ.“
ჭკვათამყოფელი ადამიანი
იკითხავს: მაშ რატომ ეძახით
აქლემს? რას გულისხმობთ აქლემში?
როგორ ხვდებით საერთოდ, რომ
აქლემია?“ რა თქმა უნდა, ზნეობაშიც
და ხელოვნებაშიც არის მუდმივი
შინაარსი; ამის თქმა იგივეა,
რომ თქვა: ხელოვნება ხელოვნებაა,
ზნეობა კი ზნეობა. იდეალური
კრიტიკოსი ყველა სკოლაში
ხედავს უწყვეტ მშვენიერებას,
ისევე როგორც იდეალური მორალისტი
ყველა მორალური კოდექსის
უკან ხედავს ზნეობას. მაგრამ
ბევრი საუკეთესო ინგლისელთაგანი
ბრამინის ვარსკვლავურ
ღვთისმოსავობაში მხოლოდ
სიბილწეს და კერპთაყვანისცემას
თუ დაინახავდა, ისევე როგორც
რენესანსის გიგანტები, ალბათ
გოთიკის ეთერულ ენერგიას
მხოლოდ ბარბაროსულ გამოვლინებად
აღიქვამდნენ.
ზნეობის
მიმართ თანამედროვე ესთეტთა
ეს მტრული განწყობა დიდად
არც ვლინდება. ეს არცაა
ზოგადად ზნეობის მიმართ
უარყოფითი განწყობა; ეს სხვისი
ზნეობის მიმართ უარყოფითი
განწყობა უფროა. ჩვეულებრივად
ის დაფუძნებულია მკვეთრად
განსაზღვრულ უპირატესობაზე,
რომელიც გარკვეული სახის
ცხოვრებას ანიჭებენ – წარმართულს,
საიმედოს, ადამიანურს. თანამედროვე
ესთეტი, რომელიც გვარწმუნებს,
რომ მშვენიერებას საქციელზე
მეტად აფასებს, კითხულობს
მალარმეს, და სვამს აბსენტს
დუქანში. მაგრამ ეს არაა მხოლოდ
მისი სასურველი მშვენიერება,
ეს მისი სასურველი საქციელიცაა.
მართლა რომ სურდეს დაგვარწმუნოს,
რომ მხოლოდ მშვენიერება
აღელვებს, მხოლოდ უესლიანურ
სკოლის შეკრებებზე ივლიდა
და ჩვილ უესლიანელთა თმაში
მზის სხივების თამაშს დახატავდა,
არაფერს წაიკითხავდა გარდა
ძველმოდური პრესვიტერიანელ
ღვთისმეტყველთა მჭევრმეტყველი
ქადაგებებისა. ყველანაირი
ზნეობრივი სიმპათიის არარსებობა
ნათლად დაამტკიცებდა, რომ
ინტერესი წმინდად ვერბალური
და ვიზუალურია – როგორც უნდა
იყოს; მაგრამ არა - ყველა წიგნში
რომელსაც ის წერს ან კითხულობს,
საკუთარი ზნეობის თუ უზნეობის
კალთასაა ჩაჭიდებული. l'art pour
l'art მსოფლმხედველობის დამცველი
რასკინს დამრიგებლურ ტონს
უწუნებს, წესით კი სტილს უნდა
უწონებდეს.
ზნეობასა
და ხელოვნებას შორის ზღვრის
დადების დოქტრინამ წარმატებას
დიდწილად იმ უთავბოლო აღრევას
უნდა უმადლოდეს, რომელიც დიდ
ხელოვანთა პიროვნებასა და
საქციელში მჟღავნდება. უისლერი
ამ წინააღმდეგობის პირდაპირი
განსხეულებაა. არავის არ
უქადაგია ხელოვნების ზეპიროვნულობა
ესოდენ კარგად; არავის არ
უქადაგია ხელოვნების ზეპიროვნულობა
ესოდენ პიროვნულად. მისთვის
ნახატს არაფერი ესაქმება
ხასიათის პრობლემებთან; თუმცა
თავგადადებულ თაყვანისმცემლებს
მისი ხასიათი უფრო მეტად
აინტერესებდათ, ვიდრე მისი
ნახატები. განთქმული, როგორც
ტყუილის და მართალის მიღმა
მდგომი ხელოვანი, ტყუილსა და
მართალზე ლაპარაკში ათენებდა
და აღამებდა. მრავალი ნიჭით
შემკულს არც თუ ბევრი სიქველე
გააჩნდა, თუ არ ჩავთვლით
გამოცდილ მეგობართა მიმართ
კეთილგანწყობას, რაზეც ბევრი
ბიოგრაფი იდებს თავს და რაც
თითქმის ყველა ადამიანის
თვისებაა, მეკობრეებისა და
ჯიბგირების ჩათვლით. ამის
მიღმა რჩება კიდევ ორი –
გამბედაობა და კარგი ნაშრომის
აბსტრაქტული სიყვარული. მე
კი მაინც მგონია, რომ ამ სიქველეთა
წყალობით მეტი რამ მოიგო,
ვიდრე მთელი თავისი ნიჭიერებით.
ადამიანი რაღაც თვალსაზრისი
მორალისტია, თუნდაც უზნეობას
რომ ქადაგებდეს.
პროფესორი
უოლტერ რელეი თავის
ნაშრომში
"In Memoriam: James McNeill Whistler," ხაზს უსვამს
ექსცენტრიკულ გამომსახველობით
პატიოსნებას, რომელიც მის
რთულ და ოდნავ დაბნეულ ხასიათს
ზოლად გასდევს. „ის გაანადგურებდა
ნებისმიერ ტილოს, და ჩარჩოს
შიგნით დაუდევარ ან გამომსახველობას
მოკლებულ ხაზს არ დატოვებდა,
მეასედ დაიწყებდა თავიდან
და შეკეთებით არ ეცდებოდა,
ტილო უკეთესად წარმოეჩინა,
ვიდრე სინამდვილეში იყო.“
არავინ
არ უსაყვედურებს პროფესორ
რელეის, რომელმაც, შეიძლება
ითქვას, გამოსათხოვარი სიტყვა
უთხრა უისლერს მემორიალური
გამოფენის გახსნაზე. ამ
მდგომარეობაში, რა თქმა უნდა,
ის ძირითადად გარდაცვლილის
დამსახურებითა და ძლიერი
მხარეები შემოიფარგლა. ჩვენ
ბუნებრივად სხვა გზას მივმართავთ
და უისლერის ნაკლსაც
წარმოვაჩენთ. თუმცა სინამდვილეში
საქმე არა იმდენად უისლერის
ნაკლში, არამედ მის არსებით
და თანდაყოლილ სისუსტეშია.
ის ერთი იმათგანი იყო, ვინც
ემოციური შემოსავლით საზრდოობს,
ვინც დაძაბულია და თრთის
ამაოებისაგან. მას არ გააჩნდა
დანდობის ძალა; მას არ გააჩნდა
არც სიკეთე, არც გულითადობა,
რადგან გულითადობა შეიძლება
განიმარტოს, როგორც დანდობის
ძალა. მას არ გააჩნდა ღვთაებრივი
უზრუნველობა; მას მუდამ ახსოვდა
საკუთარი თავი; მთელი მისი
ცხოვრება, მისივე თქმით,
„მოწყობილობა“ იყო. ის „ცხოვრების
ხელოვნებას“ მისდევდა –
უბადრუკი ხრიკი. ერთი სიტყვით,
ის დიდი ხელოვანი იყო და
არანაირად - დიდი ადამიანი.
ამ თვალსაზრისით სრული
უთანხმოება მაქვს პროფესორ
რელეისთან მის თითქოსდა
ყველაზე ეფექტურ შედარებაში.
ის უისლერის სიცილს სხვა
ადამიანის სიცილს ადარებს,
რომელიც დიდი ხელოვანიც იყო
და დიდი ადამიანიც: „მისი
დამოკიდებულება საზოგადოებასთან
ზუსტად ემთხვევა რობერტ
ბრაუნინგისას, რომელმაც
მიუღებლობისა და გაუგებრობის
ხანგრძლივი პერიოდი გადაიტანა
და ეს თავის ლექსის „The
Ring and the Book“
სტრიქონებში გამოხატა:
"'Well,
British Public, ye who like me not,
(God
love you!) and will have your proper laugh
At
the dark question; laugh it! I'd laugh first.'
„ბ-ნი
უისლერი,“ დასძენს პროფესორი
რელეი, „ყოველთვის პირველი
იცინოდა.“ სიმართლე ის გახლავთ,
რომ უისლერს ალბათ საერთოდ
არ გაუცინია. სიცილი არ იყო
მის ხასიათში, რადგან იქ არც
უდარდელობა
ყოფილა და არც თავდავიწყება.
ვერ წარმოვიდგენ, ვინმემ
„მტრის შეძენის დახვეწილი
ხელოვნება“ წაიკითხოს და
ჩათვალოს,
რომ ამ მახვილგონიერებაში
არის რამე სასაცილო. მისი
მახვილგონიერება მისივე
წამებაა. ის
სიტყვიერი სიზუსტის არაბესკად
იგრიხება; ის დაუნდობელი
სიზუსტითაა სავსე; ის გულწრფელი
ბოროტების სრული
სერიოზულობითაა შთაგონებული.
ის ტკენს საკუთარ თავს, რათა
ოპონენტს ატკინოს. ბრაუნინგი
იცინოდა, იმიტომ რომ უდარდელი
იყო - უდარდელი იმიტომ, რომ
დიდი ადამიანი იყო. და როდესაც
მარტივ, გონიერ ხალხს, რომელსაც
არ მოსწონდა მისი წიგნები
უთხრა (ფრჩხილებში): „ღმერთს
უყვარდეთ!“
ამაში ნიშანწყალიც კი არ
ყოფილა დაცინვის. ის იცინოდა
– ანუ იმას გულისხმობდა, რასაც
ამბობდა.
არსებობს
სამი განსხვავებული ჯგუფი
დიდი სატირიკოსებისა, რომლებიც
დიდი ადამიანებიც იყვნენ –
სამი ჯგუფი ადამიანებისა,
ვისაც შეუძლია იცინოს და სული
არ წაიწყმიდოს. პირველი ტიპის
სატირიკოსი, ჯერ თავს დასცინებს,
შემდეგ კი მტერს. ამ თვალსაზრისით
მას უყვარს მტერი და ქრისტიანული
გადაჭარბების მსგავსი
გრძნობით მით მეტად უყვარს,
რაც უფრო მტრად ეკიდება. მის
გაცხადებულ მრისხანებაში
წრეგადასული აგრესიული
ბედნიერებაა, მისი წყევლა
ისეთივე ადამიანურია, როგორც
დალოცვა. ამ სატირის მაგალითი
რაბლეა. ეს პირველი ტიპური
მაგალითია სატირის, რომელიც
ყბედობს, ძალადობს, უზრდელობს,
მაგრამ არაა ბოროტი. უისლერის
სატირა ასეთი არაა. არცერთ
თავის კამათში ის არ ყოფილა
უბრალოდ კმაყოფილი; ამის
საბუთი ისაა, რომ არასდროს
არ უთქვამს სრული უაზრობა.
მეორე ტიპის გონება სიდიდის
თვისებით დაჯილდოებულ სატირას
ქმნის. ის ხორციელედება
ადამიანში, რომლის ვნებები
უსამართლობის აუტანელი
გრძნობითაა გამოთავისუფლებული
და მიმართული. ის სიგიჟემდეა
განრისხებული; მისი ენა
უმართავია და მთელ კაცობრიობას
ერჩის. ასეტი კაცი იყო სვიფტი.
მისი
saeva
indignatio
სხვებზე
გამწარებაა, რომელიც საკუთარი
თავით
იწყება. უისლერი არც ასეთი
სატირიკოსი იყო. ის არ იცინის
რაბლესავით, იმიტომ რომ
კმაყოფილია; ის არც იმიტომ
იცინის, რომ სვიფტივით
უკმაყოფილოა.
დიდი
სატირის მესამე სახე ისაა,
სადაც სატირიკოსი
მსხვერპლზე
ამაღლებულია – ერთადერთი
სერიოზული აზრით, რომელიც
ამაღლებას შეიძლება ახლდეს:
სინანულით ცოდვის გამო და
პატივისცემით ადამიანის
მიმართ - მიუხედავად იმისა,
რომ ორივე სატირის საგნად
უქცევია. ასეთი მიღწევას
პოუპის „ატიკუსში“ ვპოულობთ,
სადაც სატირის საგანი გენიოსისთვის
დამახასიათებელი ნაკლია.
შესაბამისად, ის სიამოვნებით
აღნიშნავს მოწინააღმდეგის
სიძლიერეს,
ვიდრე სისუსტეს მიადგება. ეს
ალბათ სატირის უმაღლესი და
უკეთილშობილესი
ფორმაა. ეს არაა უისლერის
სატირა. ის არ იტანჯება ადამიანის
ბუნებისათვის მიყენებული
ზიანით, მისი ზიანი
მთლიანად საკუთარი თავით
შემოიფარგლება.
ის
არ იყო დიდი პიროვნება, რადგან
ზედმეტად ფიქრობდა საკუთარ
თავზე. და საქმე უარესადაც
კია. დროდადრო ის არც დიდი
ხელოვანი იყო, რადგან ზედმეტად
ბევრს ფიქრობდა ხელოვნებაზე.
ძალიან
საეჭვოა ადამიანი, რომელიც
ხელოვანობას იჩემებს და
ხელოვნებაზე ბევრს ლაპარაკობს.
ხელოვნება კარგი და ადამიანური
რამაა, როგორც სეირნობა ან
ლოცვა, მაგრამ როდესაც მასზე
ძალიან ამაღლებულად იწყებენ
ლაპარაკს, დარწმუნებული
ბრძანდებიდეთ, საქმე კარგად
ვერაა.
არტისტული
ტემპერამენტი დაავადებაა,
რომელიც მოყვარულებს ემართება.
ესაა
დაავადება, რომლის
მიზეზი გამოხატვის არასაკმარისი
ძალაა, რის გამოც ადამიანი
ვერ გამოთქვამს და ვერ იცილებს
ხელოვნების შინაგან ელემენტს.
ყველა
ნორმალური ადამიანისათვის
ჯანსაღი რამაა ხელოვნების
შინაგანი გამოთქმა. ყველა
ნორმალური ადამიანისთვის
არსებითია შინაგანი ხელოვნებისაგან
ნებისმიერი
საშუალებით გათავისუფლება.
დიდი
და მთლიანი
სასიცოცხლო ძალის ხელოვანი
ადვილად თავისუფლდება საკუთარი
ხელოვნებისაგან, ისევე როგორც
სუნთქავს, ან ოფლიანობს ადვილად.
ნაკლები ძალის ხელოვანში ეს
იწვევს
დაძაბულობას, ტკივილს, რასაც
არტისტულ ტემპერამენტს
უწოდებენ. ამდენად, ძალიან
დიდ ხელოვანს – შექსპირს,
ბრაუნინგს - შეუძლია ჩვეულებრივი
ადამიანი იყოს. არტისტულ
ტემპერამენტს ბევრი რეალური
ტრაგედია მოსდევს - ამაოების,
ძალადობისა თუ შიშის. თუმცა
უდიდესი ტრაგედია ისაა, რომ
მას არ შეუძლია
ხელოვნების შექმნა.
უისლერს
შეელო ხელოვნება შეექმნა და
ამდენად, ის დიდი ადამიანი
იყო. მაგრამ ის ვერ ივიწყებდა
ხელოვნებას, და ამდენად ის
მხოლოდ არტისტული ტემპერამენტის
ადამიანი გახლდათ. დიდი ხელოვანი
ნათლად ვლინდება ხელოვნების
საგნის უგულებელყოფაში.
შესაფერის შემთხვევაში ის
მას
ზღვის
ფსკერზე ჩაძირავს.
ამის მსგავსად, ყოველთვის
მეტ ნდობას იმსახურებს ის
ვექილი, რომელიც
ჭიქა ღვინოსთან ქონების
გადაცემის ნიუანსებზე ლაპარაკს
არ დაიწყებს. ჩვენ
გჭირდება, რომ ნებისმიერი
საქმიანობის ადამიანს შეეძლოს
ჩვეულებრივი ადამიანის მთელი
ძალა ამ კონკრეტულ საქმეს
მოახმაროს. ჩვენ არ გვინდა,
რომ საქმის მთელმა
ძალამ ჩვეულებრივ ადამიანში
გადაინაცვლოს.
სრულიად
უსარგებლო იქნება, თუ კონკრეტული
სასამართლო განხილვის მთელი
ენერგია ჩვენი ადვოკატის
ბავშვებთან თამაშში, ველოსიპედით
სეირნობაში ან ცისკრის
ვარსკვლავთან ფიქრში
გადაინაცვლებს.
ჩვენი სურვილია, რომ ბავშვებთან
თამაშით, ველოსიპედით სეირნობით
და ცისკრის ვარსკვკავზე ფიქრით
მიღებული ენერგიის ნაწილი
სასამართლო განხილვას მოხმარდეს.
ჩვენ
გვინდა, რომ თუ ველოსიპედმა
ფილტვები საგანგებოდ განავითარა,
ან ცისკრის ვარსკვლავმა რამე
განსაკუთრებული მეტაფორა
წარმოქმნა, ეს
ჩვენს
სასამართლო დავას გამოადგეს.
მოკლედ, სასიხარულოა, თუ ის
ჩვეულებრივი ადამიანია,
რადგან
ამის
წყალობით შესაძლოა განსაკუთრებული
ადვოკატობა გასწიოს.
უისლერს
წამითაც
არ შეუწყვეტია ხელოვანება.
მაქს ბეერბოიმის თქმით, უისლერი
უისლერს ხელოვნების უდიდეს
ნიმუშად თვლიდა. თეთრი
კულული, მონოკლი, შესანიშნავი
ქუდი – ეს ყველაფერი ბევრად
უფრო ეძვირფასებოდა, ვიდრე
ნებისმიერი ნოქტიურნი თუ
მოწყობილობა, რომელიც გადმოუგდია.
მას შეეძლო ნოქტიურნი გადმოეგდო;
მაგრამ არა ქუდი - რაღაც იდუმალი
მიზეზის გამო. მას არასდროს
ჩამოუგდია ესთეტიზმის ის
დისპროპორციული გროვა, რომელიც
მოყვარულის ტვირთია.
ზედმეტია
თქმა, რომ ეს იყო
რეალური მიზეზი გენიოსთა
საქციელის უკიდურესი
ჩვეულებრივობის, რომელიც
ესოდენ დამაბნეველია მრავალი
დილეტანტი კრიტიკოსისათვის.
მათი საქციელი იმდენად
ჩვეულებრივი იყო, რომ არავის
აღუწერია, იმდენად ჩვეულებრივი,
რომ იდუმალებას
იძენს;
ამიტომ ამბობს ხალხი, რომ შექსპირი ბეკონის დაწერილია.
თანამედროვე არტისტული
ტემპერამენტისთვის წარმოუდგენელია,
რომ ადამიანი, რომელიც
შექსპირისნაირ ლირიკას წერს,
შეიძლება
ვარვიკშირის პატარა ქალაქში
საქმიანობით იყოს დაინტერესებული.
ახსნა მარტივია: შექსპირს
რეალური ლირიკული იმპულსი
ჰქონდა, წერდა რეალურ ლირიკას,
თავისუფლდებოდა ამ იმპულსისგან
და საქმიანობას აგრძელებდა.
ხელოვანობა მას ჩვეულებრივ
ადამიანობაში ხელს არ უშლიდა,
ისევე როგორც ღამით ძილი და
სადილად სადილობა არ უშლიდა
ხელს, ყოფილიყო ჩვეულებრივი
ადამიანი.
ყველა
დიდ მასწავლებელს და ლიდერს
ჩვევად ჰქონდა, საკუთარი
თვალსაზრისი ადამიანურად
და ჩვეულებრივად ჩაეთვალა;
ისეთად, ნებისმიერ გამვლელს
რომ მიწვდება. თუ ადამიანი
მართლაც აღემატება სხვებს,
პირველი, რასაც იწამებს,
ადამიანთა თანასწორობაა.
ამას
ვხედავთ იმ უცნაურ და გულწრფელ
რაციონალურობაში, რომლითაც
ქრისტე მის ირგვლივ შეკრებილ
შემთხვევით, ჭრელ ხალხს
მიმართავს: „ასი
ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი
დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი
არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს
უდაბნოში და არ წავა დაკარგულის
საძებნად, ვიდრე არ იპოვის
მას?“ ან „თუ
გეგულებათ თქვენს შორის კაცი,
შვილმა რომ პური სთხოვოს და
ქვა მისცეს მას? ან
თევზი სთხოვოს და გველი მისცეს
მას?“ ეს უბრალოება, ამხანაგობის
ეს თითქმის პროზაული განწყობა
ყველა უდიდესი გონების ნიშანია.
უდიდესი
გონებისათვის ის, რაზეც
ადამიანები თანხმდებიან,
განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე უთანხმოებანი. იმდენად,
რომ ეს უკანასკნელნი პრაქტიკული
თვალსაზრისით ქრება. მასში
ერთობ ძლიერადაა შემორჩენილი
ის უძველესი მხიარულება
იმისთვის,
რომ აიტანოს
ქუდებს შორის განსხვავებაზე
კამათი
კაცებში, ორივე რომ ქალმა შვა,
ან კულტურათა მიუწვდომელ
განსხვავებაზე კამათი
კაცებში,
ორივე რომ უნდა მოკვდეს. პირველი
წყების დიდი ადამიანი სხვების
თანასწორია, როგორც შექსპირი.
მეორე წყების დიდი ადამიანი
სხვებს უჩოქებს, როგორც უიტმენი.
მესამე წყების დიდი ადამიანი
სხვებზე აღმატებულია, როგორც
უისლერი.
No comments:
Post a Comment