XI მეცნიერება და ველურები

ფოლკლორისა და მსგავსი საგნების კვლევას თან ერთი მუდმივი წინააღმდეგობა სდევს: მეცნიერი, როგორც წესი, არაამქვეყნიურია. ის ბუნების მკვლევარია, მაგრამ არა ადამიანის ბუნების. მაშინაც კი, როცა ამ სიძნელეს დაძლევს და ადამიანის ბუნების შესწავლას ჰკიდებს ხელს, ეს ადამიანურობისაკენ გადადგმული მხოლოდ პირველი, მტკივნეული ნაბიჯია. ამიტომაა პირველყოფილი ტომის ან რელიგიის კვლევა თითქმის ყველა ჩვეულებრივი მეცნიერული კვლევისგან განსხვავებული. ადამიანს ასტრონომიის გასაგებად ასტრონომობა სჭირდება, ენტომოლოგიის გასაგებად – ენტომოლოგობა (ან მწერობა), ანთროპოლოგიის დიდი ნაწილის გასაგებად კი - უბრალოდ ცოტაოდენი ადამიანობა, რადგან თავადაა ის ცხოველი, რომელსაც იკვლევს. ასე წარმოიქმნება ის, რაც ყველა ეთნოლოგიურ და ფოლკლორულ ანგარიშში თვალშისაცემია: ცივი და განყენებული მიდგომა, რომელიც წარმატებულია ასტრონომიასა და ბოტანიკაში, კატასტროფულ შედეგებს იძლევა მითოლოგიასა და ადამიანის წარმოშობის კვლევაში. იმისთვის, რომ მიკრობს ჯეროვანი ყურადღება მიაქციო, უნდა დაივიწყო, რომ ადამიანი ხარ, ადამიანს რომ ჯეროვანი ყურადღება დაუთმო, ეს აუცილებელი არ არის. სიმპათიის დათრგუნვა, ინტუიციისა და ვარაუდების გვერდზე გადადება, რაც ადამიანის აზროვნებას ობობას სტომაქის კვლევისას ზედმიწევნით ამახვილებს, ადამიანის გულის კვლევისას მას სრულიად აჩლუნგებს. იმისთვის, რომ ადამიანურს ჩაწვდეს, ის არაადამიანი ხდება. მიღმისეული სამყაროს იგნორირებით ბევრი მეცნიერი ტრაბახობს, მაგრამ ეს დეფექტი მიღმისეული სამყაროს კი არა, ამ სამყაროს არცოდნისგან ჩნდება. გამოცანა, რომელსაც ანთროპოლოგი უკირკიტებს, წიგნებით და მოგზაურობით კი არ იხსნება, არამედ ადამიანებთან ჩვეულებრივი ურთიერთობით. იმის გასაგებად, თუ რატომ ეთაყვანება რომელიღაც ველური ტომი მაიმუნს ან მთვარეს, არაა აუცილებელი ამ ველურებს შორის სიარული და მათი გამოკითხვის შედეგების ჩანიშვნა, თუმცა უჭკვიანესი ხალხიც კი ამას აკეთებს. არადა თავსატეხის პასუხი ინგლისშია – ლონდონში – არა, სულაც საკუთარ თავში. თუ მივხვდებით, რატომ ატარებენ ბონდ-სტრიტზე გამვლელები შავ ქუდს, იმწამსვე გავიგებთ, რატომ ირჭობენ ტიმბუქტუში თმაში წითელ ფრთას. რომელიმე საბრძოლო ცეკვის საიდუმლოს ახსნა სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშებში კი არა, საქველმოქმედო მეჯლისსზე უნდა ვეძებოთ. თუ ადამიანს რელიგიის ძირები აინტერესებს, სენდვიჩის კუნძულებს კი არა, ეკლესიას უნდა მიაკითხოს. თუ ვინმე სურს გაერკვეს, როგორ წარმოიქმნა ადამიანური საზოგადოება, რას წარმოადგენს ის ფილოსოფიური თვალსაზრისით, ბრიტანულ მუზეუმში კი არა, საზოგადოებაში უნდა იტრიალოს.

ცერემონიულის რეალური ბუნების ეს სრული გაუგებრობა პირველყოფილი ტომების და ეპოქების ადამიანთა საქციელის ყველაზე უხერხულ და დეჰუმანიზებულ ვერსიებს წარმოშობს. მეცნიერი, რომელსაც არ ესმის, რომ ცერემონიალი არსებითად ისეთი რამაა, რასაც მიზეზი არ გააჩნია, იძულებულია ყველას ახსნა მოუძებნოს, და როგორც ადვილი სავარაუდოა, ხშირად – უაღრესად აბსურდული; აბსურდული იმიტომ, რომ ველურის მარტივი გონების კი არა, პროფესორის დახვეწილი ტვინის პროდუქტია. მაგალითად, შეხვდებით ასეთს: „მუმბოჯუმბო ტომის წევრებს სჯერათ, რომ მიცვალებულს სხვა სამყაროში მოგზაურობისას საკვები სჭირდება. ამას ის ადასტურებს, რომ სამარხში საკვებს აყოლებენ და თუ ოჯახი ამას ეწინააღმდეგება, კულტის მსახურის და ტომის რისხვას იმსახურებს.“ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ადამიანური უცხო არაა, ეს უკუღმართი ლაპარაკია. იგივეა რომ თქვა: „მეოცე საუკუნის ინგლისელებს სწამთ, რომ მიცვალებულს შეიძლება სუნი ჰქონდეს. ამას ის ადასტურებს, რომ საფლავს ყოველთვის შროშანებით, იებით და სხვა ყვავილებით ფარავენ. ამ ქმედების უგულებელყოფას, როგორც ჩანს, ღვთისმსახურთა და ტომობრივი ხასიათის რისხვა უკავშირდება, რადგან აღნუსხულია ხნიერი ქალების ძლიერი სულიერი მღელვარების რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მათ მიერ შეკვეთილი გვირგვინი დაკრძალვაზე დაგვიანებით მიიტანეს.“ რა თქმა უნდა, ვერ გამორიცხავ, რომ ველურებს მართლა სწამთ, მიცვალებულს საკვები რომ სჭირდება და იარაღსაც სამარხში იმიტომ ატანენ, მომავალ ბრძოლაში რომ გამოიყენოს. პირადად მე ამის არ მჯერა. ვფიქრობ, იარაღიც და ყვავილებიც ერთ მიზანს ემსახურება: ეს უბრალოდ თავისთავადი და ბუნებრივი საქციელია. მართალია, ჩვენ ვერ ავხსნით იმ ემოციას, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს თავისთავადი და ბუნებრივია; ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ადამიანური ემოცია არსებითად ირაციონალურია. ჩვენ არ გვესმის ველურის ემოცია იმავე მიზეზის გამო, რატომაც ველურს არ ესმის ჩვენი; და ველურიც ისევე ვერ გარკვეულა საკუთარში, როგორც ჩვენ.

საკმარისია, რამემ ადამიანის ტვინში გაიაროს, რომ საბოლოოდ და სამუდამოდ დაკარგოს მეცნიერული ღირებულება, რადგან იდუმალი და უსასრულო ხდება; მოკვდავი უკვდავად გადაიქცევა. თვით ჩვენი სურვილები, მატერიალურს რომ ვეძახით, სულიერია, რადგან ადამიანურია. მეცნიერებას შეუძლია ღორის ხორცის გაანალიზება და თქმა, როგორია მასში ფოსფორის და პროტეინის შემცველობა. მაგრამ მეცნიერება ვერ გააანალიზებს შემწვარი ღორის ხორცის სურვილს – რამდენია მასში შიმშილი, რამდენია ტრადიცია, ნერვული ფანტაზია, მშვენიერისკენ სწრაფვა. შემწვარი ღორის ხორცის ადამიანური სურვილი ისეთივე მისტიკური და ეფემერულია, როგორც ზეციურისკენ სწრაფვა. ამდენად ადამიანურის გამეცნიერება – ისტორიის მეცნიერება, სოციოლოგიის მეცნიერება, ფოლკლორის მეცნიერება თავისი ბუნებით არა მხოლოდ უიმედო, არამედ სულელურიცაა. ადამიანის ფულისკენ სწრაფვა რომ ფულისკენ სწრაფვაა და სხვა არაფერი, ეკონომიკის ისტორიაში ისეთივე სიზუსტით შეგიძლია განაცხადო, როგორც ჰაგიოლოგიაში, რომ წმინდანის სწრაფვა ღმერთისკენ ღმერთისკენ სწრაფვაა მხოლოდ. პირველად მოვლენათა ეს ბუნდოვანება მეცნიერული მიდგომისთვის არსებითი დარტყმაა. მეცნიერების შესაქმენლად შეიძლება მცირე რაოდენობის ხელსაწყოებს დასჯერდე, მაგრამ ეს სანდო ხელსაწყოები უნდა იყოს. ერთი პეშვი კენჭებით იქნებ მთელი მათემატიკა გამოიყვანო, მაგრამ ერთი პეშვი თიხა ამაში არ გამოგადგება, რადგან ის ნაწილებად იშლება და ახალ კომბინაციებს წარმოქმნის. შეიძლება ლერწმის ღერომ ცა და დედამიწა გაგაზომინოს, მაგრამ ეს ლერწამი მზარდი არ უნდა იყოს.

ფოლკლორის უზარმაზარი ჩავარდნის მაგალითს თქმულებათა გავრცელების და მათი წყაროების სავარაუდო ერთიანობის კვლევაში იპოვით. მითოლოგები ერთიმეორის მიყოლებით ჭრიან მათ ისტორიიდან და მსგავსების მიხედვით ათავსებენ საკუთარ მუზეუმში. პროცესი შრომატევადია და საინტერესოა, თუმცა მთლიანად უმარტივეს შეცდომას უფძნება. თუ რომელიღაც ამბავს ყველგან და ყოველთვის ყვებიან, ეს არავითარ შემთხვევაში არ ამტკიცებს, იმას, რომ ეს ამბავი არასოდეს მომხდარა, უფრო მეტიც, ოდნავაც არ მიგვანიშნებს, ან მცირედითაც კი არ ზრდის იმის ალბათობას, რომ ეს ამბავი არ მომხდარა. უამრავი მეთევზე იტყუება, რომ ორფუტიანი ქარიყლაპია დაუჭერია, მაგრამ ამას არაფერი ესაქმება რეალურ კითხვასთან, დაუჭერია თუ არა ვინმეს ასეთი ქარიყლაპია. უამრავი ჟურნალისტი ფულის გულისთვის გაუთავებლად აანონსებს ფრანკო-გერმანულ ომს, მაგრამ ეს არანაირ მტკიცებულებად არ გამოდგება იმ ბნელ კითხვაზე საპასუხოდ, მოხდარა თუ არა ასეთი ომი საერთოდ. ეჭვგარეშეა, რომ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ის უთვალავი არმომხდარი ფრანკო-გერმანული ომი სრულიად წაშლის მეცნიერულ გონებაში 1870-ის ლეგენდარულ ომს, რომელიც მოხდა. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ ფოლკლორის მკვლევარები – თუ საერთოდ შემორჩნენ – ბუნებას ვერ შეიცვლიან. ფოლკლორისთვის მათ მიერ გაწეული სამსახური უფრო დიდია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ისინი ღვთაებრივ საქმეს აკეთებენ: ლეგენდებს კი არ იკვლევენ, არამედ ქმნიან.

ამბავი, რომელსაც მეცნიერები შეუძლებლად იმიტომ აცხადებენ, რომ ყველა იმეორებს, ორი სახისაა. პირველს ყველგან ყვებიან, რადგან ჭკვიანურია ან უცნაური. მასში არაფერია ისეთი, რის გამოც ის ნებისმიერ ადამიანს თავს ვერ გადახდებოდა, ან თავში აზრად ვერ მოუვიდოდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ამბავი ბევრ ადამიანს გადახდა თავს. მათი მეორე სახის „მითს“ ყველგან იმიტომ ჰყვებიან, რომ უბრალოდ ყველგან ხდება. პირველი სახისაა ვილჰელმ ტელის ამბავი, რომელსაც ამჟამად უპირობოდ ლეგენდებს მიაკუთვნებენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის სხვა ხალხების გადმოცემებშიც გვხდება. ნათელია – მას ყველგან ყვებიან იმიტომ, რომ ტყუილია თუ მართალი, ეს, როგორც იტყვიან, „კარგი ამბავია:“ ის უცნაურია, საინტერესოა და კულმინაციაც აქვს. თუმცა იმის მტკიცება, რომ ასეთი ექსცენტრიკული ინციდენტი მშვილდოსნობის ისტოტრიაში არასოდეს მომხდარა, და არცერთ ადამიანს არ შემთხვევია, ნამდვილი თავხედობაა. ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ სამიზნეში სროლის იდეა ნებისმიერი პოეტური წარმოსახვის უნარიან გონებაში შეიძლება გაჩნდეს. ეს აზრი ნებისმიერ მკვეხარა მოისარსაც შეიძლება მოუვიდეს, ან რომელიმე მთხრობელის ფანტაზიის კაპრიზი იყოს, ან ტირანის თავში დაიბადოს. ის შეიძლება ჯერ რეალურად მოხდა, შემდეგ კი ლეგენდად იქცა, ან პირიქით. თუ სამყაროს დასაბამიდან ბიჭის თავიდან ვაშლი ჯერ არავის ჩამოუგდია, ასეთი რამ შეიძლება ხვალ დილით მოხდეს, თან ისეთმა კაცმა მოიმოქმედოს, ვილჰელმ ტელის სახელიც რომ არ სმენია.

ამ ტიპის ამბის მსგავსია აჩვეულებრივი ანეკდოტი, რომელიც სხარტი ან სულელური პასუხით მთავრდება. ცნობილ "je ne vois pas la necessite"-ს ხან ტალეირანს მიაწერენ, ხან ვოლტერს, ხან ანრი მეოთხეს, ხან ვის და ხან ვის. თუმცა ეს მრავალფეროვნება სულაც არ ამცირებს მისი წარმოთქმის შესაძლებლობას. იქნებ ვინმე უცნობმა თქვა, ან მართლაც ტალეირანს ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში, სულაც არაა ძნელი წარმოსადგენი, რომ ეს ენამოსწრებული გამოთქმა საუბარში დაიბადა და არა მემუარების წერისას. მოკლედ, ეს შეეძლო ეთქვა ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს, მაგრამ ალბათ არა უკლებლივ ყველას, და სწორედ აქ გვაქვს განსხვავება მეორე სახის „მითისგან“, რომელიც ვახსენე. ამ, მეორე სახის ამბავში ერთი და იგივე რამ შეიძლება საერთო იყოს ხუთი - ექვსი გმირისთვის, ვთქვათ ზიგურდის, ჰერკულესის, როსტომის, სიდისათვის და ასე შემდეგ. ასეთი მითისათვის დამახასიათებელი ისაა, რომ ვარაუდი, თითქოს ერთი და იგივე რამ უკლებლივ ყველა გმირს შეემთხვა, სავსებით დამაჯერებლად გამოუყურება. ასეთი ამბავია, მაგალითად, დიდი კაცის მიერ ქალის გამო ძალის დაკარგვა. ვილჰელმ ტელის ამბის პოულარობას მისი განსაკუთრებულობა განაპირობებს, სამსონ და დალილას, არტურის და გუინევერის ამბავს კი პირიქით, ჩვეულებრივობა. თუ სამსონის და ჰერკულესის ქალისგან დაღუპვას ერთი ლეგენდარული წარმომავლობა აქვს, ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ ნელსონისა და პარნელის ქალისგან დაღუპვაც ზღაპარი ყოფილა. მართლაც, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ეჭვიც არ მეპარება, ფოლკლორისტები არაფრით არ დაიჯერებენ, რომ ელისაბედ ბარეთი რობერტ ბრაუნინგთან ერთად გაიქცა და ამას იმ უდავო ფაქტის მოშველიებით დაადასტურებენ, რომ ამ ეპოქის ლიტერატურა თავიდან ბოლომდე მსგავსი გაქცევებითაა სავსე.


პრიმიტიული რწმენის თანამედროვე მკვლევართა ახირებათაგან ალბათ ყველაზე უბადრუკი ის წარმოდგენაა, თავად ანთროპომორფიზმს რომ უწოდებენ. სჯერათ, რომ პირველყოფილი ადამიანი მოვლენებს ადამიანის მსგავს ღმერთს იმიტომ მიაწერდა, რომ მისი გონებაშეზღუდულობა საკუთარ ტაკიმასხარულ არსებობას ვერ ცდებოდა: ქუხილს ადამიანის ხმას ამსგავსებდა, ელვას – ადამიანის თვალებს და ამით, თითქოს, მათ კომფორტულსა და გასაგებს ხდიდა. ვისაც სურს, ამ ფილოსოფიისაგან სამუდამოდ განიკურნოს, ღამით ტყეში გავიდეს. უმალ აღმოჩნდება, რომ რაიმეს ნახევრადადამიანური ფორმით წარმოდგენა უკანასკნელი საქმეა და ბუნებრივი კი არა, ზებუნებრივია. ეს საგნებს გასაგებს კი არა, ასჯერ უფრო გაუგებარს და იდუმალს ხდის. ღამით გასეირნებისას ადვილად შეამჩნევთ, რომ ვიდრე ბუნება თავის ჩარჩოში რჩება, ჩვენთან ხელი არ აქვს. ვიდრე ხე ხეა, სულაც არ გვაშინებს. აი როგორც კი რამე ჩვენნაირს მივამსგავსებთ, მაშინ იწყება რაღაც უცნაური და საშინელი. როცა ხე ადამიანს ემსგავსება, მუხლები გვეკეცება. და როცა სამყარო ემსგავსება ადამიანს, მიწაზე პირქვე ვემხობით.

No comments:

Post a Comment