ჩვენს დროში ადამიანთა
შორის ძმობის დოქტრინის
ირგვლივ უცნაური
იდეები ტრიალებს. მთელი ჩვენი
თანამედროვე ჰუმანიზმით, მის
არსში ნაკლებად ვერკვევით
და პრაქტიკაში მას კიდევ უფრო
ნაკლებად ვიყენებთ. არაფერი
განსაკუთრებულად არადემოკრატიული
არაა, მაგალითად, მსახურის
კიბეზე დაგორებაში. ეს იქნებ
არასწორია, მაგრამ ძმობის
სულისკვეთებას არ ეწინააღმდეგება.
გარკვეული თვალსაზრისით,
კინწისკვრა ან ჭიტლაყი
თანასწორობის აღიარებაა:
მსახურს ფიზიკურად ეხები,
თითქმის დუელის პატივს მიაგებ.
არაფერი ანტიდემოკრატიული
არაა, თუმცა არც მაინცდამაინც
ჭკვიანურია, თუ მსახურისგან
ბევრს მოელი; და როცა ის ღვთაებრივ
სიმაღლეს ვერ სწვდება, გაოცების
სიშლეგე გიპყრობს. აი რაც
ნამდვილად არაა ძმური და დემოკრატიული, მსხაურის
მეტ-ნაკლები ღვთაებრიობის
მოლოდიზე ხელის აღებაა,
თანამედროვე ჰუმანისტივით
იმის თქმა, რომ „ ქვედა საფეხურზე
მდგომთ ანგარიში უნდა გავუწიოთ.“
ყველაფრის გათვალისწინებით,
ყოველგვარი გადაჭარბების
გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ
ანტიდემოკრატიული და ძმობის
სულისკვეთების საწინააღმდეგო
მსახურის კიბეზე დაუგორებლობის
საყოველთაო პრაქტიკაა.
მხოლოდ
იმიტომ, რომ თანამედროვე
მსოფლიოს უდიდესი ნაწილი
დემოკრატიულ განწყობასთან
მწყრალადაა, ეს განცხადება
ბევრისგან არასერიოზულად
იქნება აღქმული. დემოკრატია
ფილანტროპია არაა; ეს არც
ალტრუიზმია და არც სოციალური
რეფორმა. დემოკრატიის საფუძველი
ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ
სიბრალული როდია. დემოკრატია
ჩვეულებრივი ადამიანის
პატივისცემაზეა აგებული, ან
თუ გნებავთ – მის მიმართ რიდზეც
კი. ის არ იცავს ადამიანს
იმიტომ, რომ საწყალობელია,
არამედ იმიტომ, რომ ამაღლებულია.
ის ჩვეულებრივი ადამიანის
მონობაზე უფრო მეტად იმას
ეწინააღმდეგება, რომ ის მეფე
არაა, რადგან მისი ოცნება
რომის პირველი რესპუბლიკის,
მეფეთა ერის ოცნებაა.
ჭეშმარიტ
რესპუბლიკას დემოკრატიულობის ხარისხით მემკვიდრეობითი დესპოტია
მოსდევს. ვგულისხმობ დესპოტიას,
სადაც არანაირი კვალი არაა
ინტელექტზე და საგანგებო
გამოსადეგობაზე უაზრო
ლაპარაკისა. რაციონალური,
ანუ შერჩევითი დესპოტიზმი
კაცობრიობის წყევლაა, რადგან
მართავს ბღენძი, რომელსაც
ჩვეულებრივი ადამიანის
არანაირი არც ცოდნა აქვს და
არც ძმური პატივისცემა.
ირაციონალური დეპოტიზმი კი
დემოკრატიულია, რადგან ტახტი
ჩვეულებრივ ადამიანის უჭირავს.
მონობის უსაშინლესი ფორმა ცეზარიზმია, ანუ გაბედული
და ბრწყინვალე ადამიანის
დესპოტად შერჩევა შესაფერისობის
გამო, რადგან ამ დროს ადამიანები
ირჩევენ წარმომადგენელს,
რომელიც მათ არ წარმოადგენს.
ადამიანები ენდობიან ჩვეულებრივ
კაცს, ისეთს, როგორიც გეორგ
III ან უილიამ IV იყო, რადგან ჩვეულებრივია და
ესმის მათი. ადამიანი ჩეულებრივ
ადამიანს იმიტომ ენდობა, რომ
საკუთარ თავს ენდობა, დიდ
ადამიანს კი იმიტომ, რომ საკუთარ
თავს არ ენდობა. ამიტომაა, რომ
დიდი ადამიანის თაყვანისცემა
სიმხდალისა და სისუსტის დროში
წარმოიშვება ხოლმე. დიდი
ადამიანის გამოჩენას სხვა
ადამიანების სიმცირე სჭირდება.
ამრიგად,
მემკვიდრეობითი დესპოტიზმი
არსით და განწყობით დემოკრატიულია,
რადგან შემთხვევით არჩევანს
ეფუძნება. მართალია, ის არ
აცხადებს, რომ ყველას შეუძლია
მართოს, მაგრამ დემოკრატიულობით
მომდევნო რასმე ეყრდნობა:
ყველანაირს შეუძლია მართოს.
მემკვიდრეობითი არისტოკრატია
ბევრად უფრო უარესი და საშიშია,
რადგან არისტოკრატიის
მრავალრიცხოვნება მას დროდადრო
საშუალებას აძლევს, თავი
ინტელექტის არისტოკრატიად
წარმოადგინოს. ზოგიერთ მათგანს
ტვინიც აქვს, და ამგვარად
ისინი სოციალურის შიგნით
ინტელექტუალურ არისტოკრატიას
ქმნიან. ისინი მართავენ
არისტოკრატიას ინტელექტის
წყალობით, ქვეყანას კი
არისტოკრატების საშუალებით.
ასე მკვიდრდება ორმაგი სიყალბე და მილიონობით
ღმერთის ხატი, რომელიც საკუთარი
ცოლშვილის საბედნიეროდ, არც
ჯენტლმენია და არც ჭკვიანი,
წარმოდგენილი ხდება ბატონების: ბალფურისა და უაინდჰემისნაირი
კაცებით, იმიტომ რომ ის იმდენად
ჯენტლმენია, რომ მხოლოდ ჭკვიანს
ვერ უწოდებ, და ზედმეტად ჭკვიანი
იმისთვის რომ უბრალოდ ჯენტლმენად
ჩათვალო. თუმცა მემკვიდრეობითმა
არისტოკრატიამაც შეიძლება
დროდადრო, შემთხვევით გამოაჩინოს
დემოკრატიული თვისება, რომელიც
მემკვიდრეობით დესპოტიზმს
ახასიათებს. მახალისებს იმაზე
ფიქრი, რამდენი კონსერვატიული
გამომგონებლობა დახარჯეს ლორდთა პალატის დაცვაზე
მათ, ვინც ამაო თავგანწირვით
ამტკიცებდა, რომ იქ ჭკვიანი
ხალხი ზის. ლორდთა პალატის
ერთადერთი კარგი დაცვა არსებობს,
თუმცა პერობის თაყვანისმცემლები
მორცხვად არიდებენ თავს მის
გამოყენებას. ეს დაცვა კი
იმაში გახლავთ, რომ ლორდთა
პალატა, თავისი სრული და
ჭეშმარიტი ძლიერებით სწორედ უჭკუო
ხალხისგანაა შედგენილი. სრულიად დაუცველი
ამ კრებულისთვის ერთადერთი
საიმედო დაცვა იმის ჩვენებაა,
რომ ჭკვიანი ხალხი თემთა
პალატაში, რომლებმაც ძალაუფლება
ჭკუის წყალობით მოიპოვეს,
საბოლოოდ საშუალო ადამიანმა
უნდა შეამოწმოს, ვინც ძალაუფლებას
შემთხვევას უმადლის. ამ
არგუმენტს ბევრი პასუხი
მოჰყვება, როგორც მაგალითად
ის, რომ ლორდთა პალატა დიდი
ხანია აღარაა ლორდთა, არამედ
დიდწილად ვაჭართა და ფინანსისტთა
პალატად იქცა, ან რომ ჩვეულებრივ
კეთილშობილთა დიდი ნაწილი
აღარ იღებს კენჭისყრაში
მონაწილეობას და ეს საქმე
ბღენძებს, სპეციალისტებს და
ბებერ, ჰობის მიმდევარ
ჯენტლმენებს შეატოვა. ჩამოთვლილ
ნაკლთა მიუხედავად, ლორდთა
პალატა გარკვეულწილად მაინც
ინარჩუნებს წარმომადგენლობითობას.
როცა მთელი პერები გლადსტონის
ჰოუმრულის
მეორე კანონპროექტს ერთხმად
შეეწინააღმდეგნენ, ის, ვინც
ამბობდა, რომ პერები ინგლისელ
ხალხს წარმოადგენენ, მართალი
აღმოჩნდა. ეს ძვირფასი ბებრები,
რომლებიც პერებად დაიბადნენ,
იმ წამს და იმ საკითხში მათხოვრად
თუ საშუალო ფენის ჯენტლლმენად
დაბადებული ყველა ძვირფასი
ბებრის ნაწილი იყვნენ. პერების
ამ გროვამ მართლა წარმოადგინა
ინგლისელი ხალხი – ანუ იყო
გულწრფელი, უცოდინარი, გაურკვევლად
აღგზნებული, თითქმის ერთსულოვანი
და როგორც ჩანს, არასწორი.
რაციონალური დემოკრატია,
რაღა თქმა უნდა, სჯობს სახალხო
ნების გამოხატვაში შემთხვევით
მემკიდრეობით მეთოდს. თუ
დემოკრატიაა, მოდი რაციონალური
იყოს, მაგრამ თუ ოლიგარქია
უნდა გვქონდეს, ისევ ირაციონალური
სჯობს: ამ შემთხვევაში ადამიანები
მაინც გვმართავენ.
თუმცა
დემოკრატიის გამართული
მუშაობისთვის არაა საკმარისი
მხოლოდ დემოკრატიული სისტემა
და თვით დემოკრატიული
მსოფლმხედველობაც კი. მთავარი
დემოკრატიული შეგრძნებაა,
რომლის აღწერა ძალიან ძნელია
- ყველაფერი ელემენტარულის
და შეუცვლელის მსგავსად;
განსაკუთრებით ჩვენს განათლებულ
ეპოქაში - იმ მარტივი მიზეზის
გამო, რომ ძნელად თუ სადმე
იპოვი. ეს გარკვეული ალღოა,
რომელიც გრძნობს, რაზე თანხმდება
ყველა ადამიანი, როგორც
გამოუთქმელად უმნიშვნელოვანესზე,
და რაზე არა, როგორც გამოუთქმელად
უმნიშვნელოზე. ჩვეულებრივი,
ცხოვრებისეული მაგალითი
ამისა უბრალო ადამიანური
გამოვლინებაა განსაცდელის
ან სიკვდილის შემთხვევაში.
საშინელი აღმოჩენის შემდეგ
ადამიანი იტყვის: „ტახტის
ქვეშ მკვდარი კაცია.“ არავინ
იტყვის: „ტახტის ქვეშ მნიშვნელოვანი
წარმოსადეგობის მკვდარი
კაცია.“ ან ვიტყვით: „ქალი
წყალში ჩავარდა,“ და არა „ძალიან
განათლებული ქალი წყალში
ჩავარდა.“ არავინ იტყვის: „თქვენს ბაღში ნათელი მოაზროვნის
ნეშტი იმყოფება,“ ან „თუ არ
იჩქარე, მშვენიერი მუსიკალური
სმენის მქონე ადამიანი კლდიდან
გადაიჩეხება.“ ეს განწყობა,
რომელიც ყველა ჩვენთაგანს
აქვს, ისეთ რამესთან დამიკიდებულებაში,
როგორც დაბადება და სიკვდილია,
ზოგიერთი ადამიანისთვის
ბუნებრივი და უწყვეტია
ჩვეულებრივ დროსა და ჩვეულებრივ
ადგილებში. ის ბუნებრივი იყო
წმ. ფრანცისკ ასიზელისთვის,
ის ბუნებრივი იყო უოლტ
უიტმენისტვის. ამ დიდებული
და უცნაური ხარისხით ის ვერ
განსმჭვალავს საზოგადოებას
და ცივილიზაციას მთლიანად;
მაგრამ ერთ საზოგადოებას,
ერთ ცივილიზაციას ის მეტად
შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე
მეორეს. არცერთ ერთობას ის
მეტად არ ჰქონია, ვიდრე ადრეულ
ფრანცისკანელებს. არცერთი
ცივილიზაცია მას ისე მოკლებული
არ ყოფილა, როგორც ჩვენია.
დაკვირვებული
შესწავლით ჩანს, რომ ყველაფერი
თანამედროვე არსებითად
ანტიდემოკატიულია. რელიგიისა
და ზნეობის თვალსაზრისით,
უნდა ვაღიაროთ, რომ განათლებული
ფენის ცოდვები უქონელი და
უცოდინარი ფენის ცოდვებთან შედარებით უფრო დიდი თუ არა,
მცირე ნამდვილად არაა. უდიდესი
განსხვავება ჩვენს და
შუასაუკუნოვან ზნეობას შორის
ისაა, რომ ჩვენი ყურადღებას
უცოდინართა ცოდვებზე ამახვილებს და განათლებულთა ცოდვებს
ცოდვადაც კი არ თვლის. ბევრს
ვლაპარაკობთ თავშეუკავებელ
სმაზე, რადგან ნათელია, რომ
უქონელნი ამ მხრივ უფრო
სცოდავენ, ამპარტავნობას კი
ცოდვადაც აღარ ვთვლით, რადგან
აქ ღარიბი მდიდართან ახლოსაც
ვერ მივა. განათლებული კაცი,
რომელიც ქოხებში დადის და
გაუნათლებლებს რჩევებს აძლევს,
ლამის წმინდანად და წინასწარმეტყველად
გამოვაცხადოთ. წმინდანის და
წინასწარმეტყველის შუასაუკუნოვანი
იდეა კი სრულიად განსხვავებულია:
შუა საუკუნეებში წმინდანი
გაუნათლებელი კაცი იყო, რომელიც
დიდებულ სასახლეებში დადიოდა
და განთლებულებს კეთილ რჩევებს
აძლევდა. ძველად ტირანი
ღარიბებს ყვლეფდა, მაგრამ
ისე არ გათავხედდებოდა, რომ
მათთვის ექადაგა. ჯენტლმენი
ქოხმახებს ავიწროებდა , მაგრამ
ქოხი ჯენტლმენს ამუნათებდა.
და როგორც რელიგიასა და ზნეობაში
ვართ ანტიდემიკრატიულები,
ზუსტად ასევე ვართ პოლიტიკაშიც,
თვით საგნის ბუნებიდან
გამომდინარე. ის, რომ არსებითად
დემოკრატიული სახელმწიფო
არ ვართ იქიდან ჩანს, რომ მუდამ
იმის კითხვაში ვართ, რა მოვუხერხოთ
ღარიბებს. დემოკრატები რომ ვიყოთ, ვიკითხავდით, ღარიბებმა
რა უნდა მოგვიხერხონ.
ჩვენი მმართველი ფენა გამუდმებით
ეკითხება საკუთარ თავს: „რა
კანონები უნდა მივიღოთ?“
ნაცვლად იმისა, რომ კითხულობდეს:
„რა კანონებს უნდა დავემორჩილოთ?“ წმინდად
დემოკრატიული სახელმწიფო
ალბათ არც არასდროს არსებულა,
მაგრამ ფეოდალიზმის ეპოქაც
კი იყო იმ დონემდე დემოკრატული,
რომ ყველა მმართველს სცოდნოდა:
მის მიერ მიღებული კანონი
შესაძლოა მასვე შებრუნებოდა.
თანამედროვე კანონები თითქმის
ყოველთვის ისეთი კანონებია, მართულ ფენაზე რომ მოქმედებს
და არა მმართველზე. გვაქვს
პაბების ლიცენზირების კანონი,
მაგრამ არ გვაქვს მოხმარების
მარეგულირებელი კანონი. ეს
ნიშნავს, რომ ღარიბთა მხიარულებას
და სტუმართმოყვარეობას
ვზღუდავთ, მდიდრებისას კი –
არა. გვაქვს მკრეხელობის
საწინააღმდეგო კანონი – კანონი
უხეში და შეურაცხმყოფელი
ლაპარაკის წინააღმდეგ, რომელსაც
მხოლოდ უხეშ და გაუნათლებელ
ადამიანს თუ მიუყენებ. სამაგიეროდ,
არ გვაქვს კანონი ერესის, ანუ მთელი ხალხის
ინტელექტუალური მოწამვლის
წინააღმდეგ, რაშიც მხოლოდ
აყვავებული და დაწინაურებული
ადამიანი თუ მიაღწევს წარმატებას.
არისტოკრატიის ბოროტება ის
კი არაა, რომ აუცილებლად
ცუდ რამეს გვახვევს თავს;
არისტოკრატია ყველაფერს
ადამიანთა ერთი ჯგუფის ხელში
აქცევს, რომლებიც არასდროს
განიცდიან იმას, რასაც სხვას
თავს ახვევენ. კარგია ეს
თავსმოხვეული თუ ცუდი, მათ
არ ეხება. ინგლისის თანამედროვე
მმართველ ფენას ეგოიზმში
ბრალს ვერ დასდებ. ინგლისელი
ოლიგარქები, თუ გნებავთ,
ფანტასტიკურად არაეგოისტურები
არიან. მათი ბრალი ისაა, რომ
როდესაც საყოველთაო კანონებს
წერენ, საკუთარ თავს ყოველთვის
გამოტოვებენ ხოლმე.
მოკლედ,
არადემოკრატიულები ვართ
რელიგიაში, რასაც ღატაკთა
„აღზრდის“ მცდელობით ვამტკიცებთ; არადემოკრატიულები ვართ
მთავრობაში, რაც მათი კარგად
მართვის უწყინარ მცდელობაში
ვლინდება. მაგრამ ყველაზე
მეტად არადემოკრატიულები
ლიტერატურაში ვართ, რასაც
ჩვენი გამომცემლებისაგან
ყოველთვიურად გადმოღვრილი,
ღარიბებისადმი მიძღვნილი
რომანების და სერიოზული
გამოკვლევების დაუშრეტელი
ნაკადი ამტკიცებს. და რაც უფრო
„მოდერნულია“ წიგნი, მით უფრო
მოკლებულია დემოკრატიულ
განწობას.
ღარიბია
კაცი, რომელსაც ბევრი ფული
არ გააჩნია. ეს ალბათ მარტივი
და უსარგებლო აღწერა იქნებოდა,
რომ არა თანამედროვე ფაქტისა
და შეთხზულის უზარმაზარი
მასა; სოციოლოგებისა და
რეალისტების უმრავლესობა
ღარიბზე ისე ლაპარაკობს,
თითქოს რვაფეხა იყოს, ან
ალიგატორი. სიღარიბის ფსიქოლოგიას
არ სჭირდება უფრო ფართო
შესწავლა, ვიდრე ცუდი ხასიათის
ფსიქოლოგიას, ან ამაოების
ფსიქოლოგიას, ან ცხოველთა
სულების ფსიქოლოგიას. ადამიანს
უნდა ესმოდეს შეურაცხყოფილი
ადამიანის ემოციები არა
იმიტომ, რომ შეურაცხყვეს,
არამედ იმიტომ, რომ ადამიანია.
ღარიბი ადამიანის ემოციებიც
ასევე უნდა ესმოდეს – ადამიანობის,
და არა სიღარიბის გამო. ამიტომ
ყველა მწერალს, ვინც სიღარიბეს
აღწერს, საყვედური ეკუთვნის,
თუ საკითხი შეისწავლა; დემოკრატი
მას წარმოიდგენდა.
ბევრი
მკვახე სიტყვა თქმულა სიღარიბესთან
რელიგიურ, პოლიტიკურ და სოციალურ
ლაქუცზე. თუმცა ყველაზე უარესი
შემოქმედებითი ლაქუცია.
მღვდელმსახურს ქუჩის მოვაჭრე
იმიტომ უნდა აინტერესებს,
რომ ადამიანია; პოლიტიკოსს
იმიტომ, რომ რაც არ გინდა იყოს,
მოქალაქეა; მხოლოდ უბადრუკ
მწერალს აინტერესებს ის,
როგორც ქუჩის მოვაჭრე.
მიუხედავად ამისა, ვიდრე ის
უბრალოდ შთაბეჭდილების
ძებნაშია, ან უნდა მისი ხელობის
დამახასიათებელი ნიშნები
გადმოიღოს, ეს თუმცა მოსაბეზრებელი,
მაგრამ მაინც პატიოსანი საქმეა.
მაგრამ როცა იწყებს ქუჩის
მოვაჭრის შინაგანი სამყაროს, მისი ბუნდოვანი
ნაკლების და ნატიფი სიქველეების
აღწერას, მისი მიზანი უაზრო
და სასაცილო ხდება. მას უნდა
შევახსენოთ, რომ ის მხოლოდ
ჟურნალისტია და სხვა არაფერი.
მას ბევრად ნაკლები ფსიქოლოგიური
ავტორიტეტი აქვს, ვიდრე უჭკუო მისიონერს. ის ყოველდღიურობის
სამსახურში დგას, მისიონერი
კი მარადისობის. მისიონერი
მოდის და ეუბნება ღატაკს, რომ
ის სხვა ადამიანებთან ერთნაირ
მდგომარეობაშია. ჟურნალისტი
მიდის და ეუბნება ხალხს, როგორი
განსხვავებულია ღატაკი ყველა
დანარჩენი ადამიანისგან.
თუ თანამედროვე,
ქოხმახების აღმწერი რომანები,
როგორებიცაა ბ-ნი არტურ მორისონის
ან განსაკუთრებული ნიჭიერებით
დაჯილდოვებული სომერსეთ
მოემის,
შემძვრელად არის ჩაფიქრებული,
უნდა ვაღიარო, რომ ეს კეთილშობილი
და გონივრული მიზანია, რომელსაც
ავტორები აღწევენ კიდეც.
შენჯღევა, წარმოსახვის შოკი, ცივ წყალთან შეხებასავით
ყოველთვის სასარგებლო და
გამამხნევებელია. ეჭვგარეშეა,
ადამიანები ყოველთვის იქნებიან
ასეთი ძლიერი განცდის ძიებაში,
მათ შორის უცხო ხალხის
უცნაურობათა შესწავლის ფორმით.
მეთორმეტე საუკუნეში ადამიანები
ამ განცდებს აფრიკაში მცხოვრებ
ძაღლისთავიან ხალხზე კითხვისას
იღებდნენ, მეოცეში – ღორისთავიან
ბურებზე კითხვისას. უნდა
ვაღიაროთ, რომ მეოცე საუკუნის
ადამიანი უფრო მიმნდობი
აღმოჩნდა: მეთორმეტე საუკუნეში
აფრიკელთა თავების გასწორების
მიზნით მოწყობილ სისხლიან
ლაშქრობაზე არაფერია ცნობილი.
ისე, პოპულარული მითოლოგიიდან
ურჩხულების გაქრობის გამო
იქნებ აუცილებელიცაა ჩვენი
ლიტერატურისათვის საზარელი,
ბანჯგვლიანი ისტ-ენდელის
ხატი, ჩვენში საშინელი უცნაურობის
ბავშვური განცდის შესანარჩუნებლად.
შუა საუკუნეებში (ბევრად უფრო
მეტი საღი აზრით, ვიდრე მიღებულია, რომ ვაღიაროთ) ბუნებისმეტყველებას
ცოტათი არასერიოზულად
უყურებდნენ; სულს ექცეოდა
დიდი ყურადღება. ამიტომ
ძაღლისთავიანი ადამიანი კი
ჰყავდათ ბუნებისმეტყველებაში,
მაგრამ მისი ფსიქოლოგია არ
აინტერესებდათ. არ ცდილობდნენ
მისი გონების არეკვლას, მისი
სათუთი საიდუმლოებების
გაზიარებას და ამაღლებული
ფიქრების წვდომას. ისინი არ
წერდნენ რომანებს ნახევრადძაღლ
არსებაზე და არ აჯილდოვებდნენ
მას უძველესი ავადმყოფურობით
და უახლესი ახირებებით.
დასაშვებია ადამიანის ურჩხულად
წარმოდგენა, თუ გვინდა მკითხველი
შეხტეს. როცა ვინმეს აიძულებ,
რომ შეხტეს, ეს ქრისტიანული
აქტია, მაგრამ დაუშვებელია
წარმოადგინო, რომ ადამიანები
საკუთარ თავს თვლიან ურჩხულებად,
ან საკუთარ თავს აიძულებენ,
რომ შეხტნენ. რომ შევაჯამოთ,
ქოხმახების ჩვენეული ლიტერატურა
მისაღებია ესთეტიკური, მაგრამ
მიუღებელია სულიერების
თვალსაზრისით.
ერთი
გადაულახავი წინააღმდეგობა
ეღობება მის აქტუალურობას.
ადამიანები, რომლებიც მას
წერენ და კითხულობენ, საშუალო
და მაღალი ფენის ხალხია; ან
ისინი, პირობითად განათლებულ
ფენას რომ ვუწოდებთ. შესაბამისად,
ცხოვრება, როგორც მას დახვეწილი
ადამიანი ხედავს, ვერ იქნება
ცხოვრება, რომლითაც დაუხვეწავი
ცხოვრობს. მდიდარი წერს ღარიბზე,
და მას უხეში, ან მძიმე ან
ჩახლეჩილი ხმით ალაპარაკებს.
ღარიბმა რომ ჩემზე და თქვენზე
დაწეროს რომანი, სამაქტიანი
ფარსის ჰერცოგის ქალის
აბსურდული, გამყინავი და
გაპრანჭული ხმით გვალაპარაკებდა.
ფსკერის აღმწერი რომანისტი
მთელ ეფექტს მკითხველისთვის
უცნობი დეტალებით აღწევს;
თუმცა ეს დეტალი თავისთავად
უცნაურობას არ შეიცავს. ის
არ შეიძლება უცნაური იყოს
შესწავლის ობიექტისათვის.
რომანისტი ერთი ნაცრისფერი
ნისლით ბურავს ჭუჭყიან
ფაბრიკასაც და ჭუჭყიან დუქანსაც.
თუმცა აღწერილი ადამიანისთვის
მათ შორის ისეთივე განსხვავებაა,
როგორც საშუალო ფენის კაცისთვის
ღამის ოფისს და პაგანისთან
ვახშამს შორის. რომანისტი
იმით კმაყოფილდება, რომ მისი
თვალით დანახული წერაქვიც
და თითბრის ქოთანიც ერთანაირად
ჭუჭყიანია, შესწავლის ობიექტი
კი მათ შორის ისეთივე განსხვავებას
ხედავს, როგორც კლერკი დავთარსა
და პრიალა ჟურნალს შორის.
ცხოვრების შუქჩრდილი დასაკარგადაა
განწირული, რადგან ჩვენთვის
სინათლეც და ჩრდილიც ერთნაირად
განაცრისფრებულია. თუმცა იმ
ცხოვრებაში, ისევე როგორც
ნებისმიერ სხვაში, ასე არაა.
კაცი, რომელსაც სურს ღატაკის
სიამოვნებანი აღწეროს, მათი
განცდაც უნდა შეეძლოს. მოკლედ,
ეს წიგნები არაა სიღატაკის
ფსიქოლოგიის აღწერა. ესაა
კეთილდღეობისა და კულტურის
განცდა სიღატაკესთან შეხვედრისას.
ეს არაა ქოხმახების მდგომარეობის
აღწერა. ესაა მათ მობინადრეთა
მდგომარეობის ძალიან გამუქებული
და საშინელი აღწერა. ამ რეალისტ
მწერლებს რომ თანაგრძნობა
არ გააჩნიათ, უთვალავი მაგალითიდან
ჩანს, თუმცა დასკვნითი, უმარტივესი
და აშკარა მათი რეალისტობაა.
ღატაკებს ბევრი სხვა ნაკლი
აქვთ, მაგრამ რეალისტობაში
ბრალს ვერ დასდებ. ღატაკი
ბუნებით მელოდრამატული და
რომანტიკულია, ღატაკს მაღალი
ზნეობის ბანალობების და
ანბანური ჭეშმარიტებების
სჯერა; იქნებ ამაშია დიდი
სიტყვების - „ნეტარ არიან
ღატაკნი“ უმაღლესი აზრი. ნეტარ
არიან ღატაკნი, რადგან ისინი
ყოველთვის ცდილობენ ცხოვრება
ადელფის
წარმოდგენას დაამსგავსონ.
ზოგიერთი გულუბრყვილო
განმანათლებელი და ფილანტროპი
(თვით ფილანტროპიც კი შეიძლება
იყოს გულუბრყვილო) გაოცებას
ვერ მალავს იმის გამო, რომ
მასებს შილინგიანი საშინელებები
და მელოდრამები ურჩევნიათ
მეცნიერულ ტრაქტატებს და
პრობლემურ პიესებს. მიზეზი
უმარტივესია. რეალისტური
ამბავი მელოდრამაზე ბევრად
უფრო არტისტულია. თუ გაწაფული
მოქმედება, დახვეწილი პროპორციები
და არტისტული ატმოსფერო გსურთ,
ყველაფერში, რაც მსუბუქი,
კაშკაშა და ორნამენტულია,
სრული უპირატესობა რეალისტური
ისტორიის მხარესაა. მაგრამ
მელოდრამა ერთ უდავო უპირატესობას
ფლობს: ის ბევრად უფრო ჰგავს
ცხოვრებას, ის ბევრად უფრო
ადამიანურია, განსაკუთრებით,
ღარიბულად ადამიანური. ძალიან
ბანალური და არაარტისტულია,
როცა ადელფის ღატაკი ქალი
ამბობს: „გგონია, საკუთარ
შვილს გავყიდი?“ მაგრამ ბეთერსი
ჰაი როუდის ღატაკი ქალები
ზუსტად ამას ამბობენ. ამბობენ
ყოველი შესაძლებლობისას,
ამის ბუტბუტი მთელი ქუჩის
გასწვრივ ისმის. ძალიან
ხავსმოდებული და სუსტი დრამატული
ხელოვნებაა (თუ არის საერთოდ),
მუშა რომ ოსტატს უპირისპირდება:
„მეც კაცი ვარ!“ მაგრამ მუშა
ამას დღეში ორ-სამჯერ იმეორებს.
ალბათ მოსაბეზრებელია, როცა
ღატაკი რამპის სინათლეზე
მელოდრამატულად ჩანს, თუმცა
გარეთ, ქუჩაშიც ასეთივეა.
მოკლედ, მელოდრამა თუ მოსაწყენია,
იმიტომაა, რომ ზუსტია. რამდენადმე
მსგავსი პრობლემაა საყმაწვილო
ამბებშიც. კიპლინგის „სტალკი
და კომპანია“ ბევრად უფრო
გასართობია, ვიდრე განსვენებული
დინ ფარარის „ერიკი; ანუ
თანდათან.“ მაგრამ „ერიკი“
განუზომლად უფრო ჰგავს რეალურ
სასკოლო ცხოვრებას. რეალური
სასკოლო ცხოვრება, რეალური
ბიჭობა სავსეა იმით, რითაც
ერიკი - ბღენძობით, უხეში
ღვთისმოსავობით, სუსტი და
გაუთავებელი ჰეროიკული
მცდელობით, ერთი სიტყვით,
მელოდრამით. და თუ გვსურს,
ღარიბთა დახმარებას მყარი
საფუძველი დავუდოთ, რეალისტურად
გარედან კი არ უნდა შევხედოთ,
არამედ მელოდრამატულად –
შიგნიდან. მწერალმა თავისი
უბის წიგნაკი კი არ უნდა ამოიღოს
და თქვას: „მე ექსპერტი ვარ.“
არა ბატონო. მან ადელფის მუშას
უბდა მიბაძოს, გულზე მუშტი
დაიკრას და თქვას: „ მეც კაცი
ვარ!“
No comments:
Post a Comment