სუინბერნის ელვარედ
თუ პატერის თავშეკავებულად
ნაქადაგებ ახალ წარმართობაში
(ნეოპაგანიზმი) დიდად შესაშფოთებელს
ვერაფერს ნახავთ, გარდა ინგლისურ ენაში ჩატარებული შეუდარებელი ვარჯიშისა. ახალი
წარმართობა კარგა ხანია ახალი
აღარაა და არც ნამდვილ
წარმართობასთან ჰქონია ოდესმე
რაიმე კავშირი. წარმოდგენა,
რომელსაც ის საზოგადოებას
უძველეს ცივილიზაციაზე უქმნის,
ნამდვილად უჩვეულოა. მხატვრულ
და მსუბუქ ლიტერატურაში
„წარმართი“ განუწყვეტლად
იხმარება იმ ადამიანის
აღსანიშნავად, რომელსაც
რელიგია არ გააჩნდა, არადა
სინამდვილეში ხუთი-ექვსის
მიმდევარი მაინც იქნებოდა.
ამ წარმოდგენის მიხედვით,
ყვავილოვანი გვირგვინით
მორთული წარმართი გაუთავებლად
და უდარდელად ცეკვავს. სინამდვილეში, თუ რამ ნამდვილად
სწამდათ იმ ცივილიზაციაში,
მკაცრი ღირსება და კიდევ უფრო
მკაცრი პასუხისმგებლობაა.
ამათი დახატული წარმართი
თავგასული და შეზარხოშებულია,
სინამდვილეში კი - თავშეკავებული
და პატივსაცემი; დაუმორჩილებლობისთვის
ხოტბას ასხამენ ადამიანებს,
რომელთა ერთადერთი დიდი
სიქველე სამოქალაქო მორჩილება
იყო; ადიდებენ და აქებენ
თავაშვებული ბედნიერებისათვის
მათ, ვისი ერთადერთი დიდი
ცოდვა უსასოობაა.
ბ-ნი დიკინსონი
ამ და მსგავსი თემებით დაკავებულ
მწერალთა შორის ყველაზე უფრო
პროდუქტიულია და ამასთან,
ბევრად უფრო სოლიდურცაა
იმისთვის, რომ წარმართული
ანარქიის ამ ძველ შეცდომას
აყვეს. ელინისტურ ენთუზიაზმზე
ხელების მოსათბობად, რომელსაც
იდეალად მადა და ეგოიზმი
გამოუცხადებია, ბევრი ფილოსოფიის
კი არა, ცოტაოდენი ბერძნულის
ცოდნაა საჭირო. ბ-ნმა დიკინსონმა
ფილოსოფიაც კარგად იცის და
ბერძნულიც, და მისი შეცდომა,
თუ ასეთი საერთოდ აქვს, უბრალო
ჰედონისტობა არაა . თუმცა
კონტრასტი ქრისტიანობის და
წარმართობის ზნეობრივ იდეალებს
შორის – კონტრასტი, რომელსაც
ის ძალიან ნიჭიერად წარმოადგენს წერილში
"How
long halt ye?" (როდემდის
უნდა კოჭლობდეთ?) – ვფიქრობ, უფრო ღრმა შეცდომის
შემცველია. მისი აზრით,
წარმართობის იდეალი უბრალოდ
შლეგური ვნება და ახირებული
ჭირვეულობა კი არა, არამედ
სრული და კმაყოფილი კაცობრიობის
იდეალია. ქრისტიანობის იდეალი
კი ასკეტიზმია. როდესაც ვამბობ,
რომ ეს იდეა ისტორიული და
ფილოსოფიური თვალსაზრისით
სრულიად მცდარია , წამითაც
არ ვგულისხმობ რამენაირ
საკუთარ იდეალურ ქრისტიანობას,
ან პირველყოფილ, მომდევნო
მოვლენებით შეურყვნელ
ქრისტიანობას. მე არ ვაფუძნებ,
ბევრი თანამედროვე ქრისტიანი
იდეალისტივით, ჩემს არგუმენტებს
იმაზე, რაც ქრისტემ თქვა, და
არც იმაზე - ბევრი სხვა ქრისტიანი
იდეალისტივით - რაც ქრისტეს
დაავიწყდა, რომ ეთქვა. მე
ვეყრდნობი ისტორიულ ქრისტიანობას
მთელი მისი ცოდვებით; ვიღებ
მას, როგორ ავიღებდი იაკობინელობას,
მორმონიზმს, ან სხვა, შერეულ
ან უსიამოვნო ადამიანურ
პროდუქტს, და ვამბობ, რომ მის
მიზანს ასკეტიზმში ვერ იპოვით;
რომ წარმართობისგან მისი
დაცილების მიზეზი ასკეტიზმი
არაა; რომ თანამედროვე მსოფლიოსგან
განსხვავების აზრი ასკეტიზმში
არაა. ვამბობ, რომ სვიმეონ
მესვეტეს შთაგონება ასკეტიზმიდან
არ მომდინარეობს, რომ მთავარი
ქრისტიანული იმპულსის ასკეტიზმად
მონათვლა შეუძლებელია, თვით
ასკეტებშიც კი.
მოდი საგანს ნათელი მოვფინოთ.
ქრისტიანობასა და წარმართობასთან
დაკავშირებული ერთი საყოველთაოდ
ცნობილი ფაქტი იმდენად მარტივია,
რომ ბევრს ღიმილს მოჰგვრის,
თანაც იმდენად მნიშვნელოვანია,
რომ ყველას დაავიწყდა. ეს
პირველადი ფაქტი კი ისაა, რომ
ერთი მეორეს მოჰყვა. ბ-ნი ლოუს
დიკინსონი მათზე ისე საუბრობს,
როგორც პარალელურ იდეალებზე
– დროდადრო კი წარმართობაზე,
როგორც თითქოს უფრო ახალზე,
და თანამედროვეობასთან უფრო
მორგებულზე. ის ვარაუდობს,
რომ წარმართული იდეალი
კაცობრიობის უმაღლესი სიკეთეა;
მაგრამ თუ ეს ასეა, მეტი
ცნობისმოყვარეობით, ვიდრე
ის იჩენს, უნდა ვიკითხოთ: როგორ
მოხდა, რომ ადამიანმა დედამიწაზე,
ვარსკვლავების ქვეშ, საკუთარი
სწორუპოვარი სიკეთე იპოვა
და მოისროლა? ამ საოცარი
საიდუმლოს ამოხსნა ცდად ღირს.
თანამედროვე
სამყაროში ერთადერთი რამ,
რაც წარმართობის პირისპირ
მდგარა და მასზე რამე სმენია,
ქრისტიანობაა. ეს ფაქტი უკვე
ნახსენები ჰედონისტური
ნეოპაგანიზმის მართლაც სუსტი
წერტილია. ყველაფერი, რაც
ევროპის უძველესი ჰიმნებისგან
თუ ცეკვებისგან შემორჩა, ის,
რამაც აპოლონის და პანის
ზეიმებიდან მოაღწია, ქრისტიანული
ეკლესიის ზეიმებში აისახა.
თუ ვინმეს მართლაც სურს
წარმართული მისტერიებისკენ
მიმავალ ჯაჭვს შეეხოს, ყვავილების
სააღდგომო გირლიანდას და
ძეხვების საშობაო ხვეულს
უნდა ჩაავლოს ხელი. თანამედროვე
მსოფლიოში ყველაფერი დანარჩენი
ქრისტიანული წარმოშობისაა,
თვით ერთი შეხედვით ყველაზე
ანტიქრისტიანულიც კი. საფრანგეთის
რევოლუცია, გაზეთი, ანარქისტები,
ფიზიკური მეცნიერება,
ქრისტიანობაზე თავდასხმები
– ეს ყველაფერი ქრისტიანული
წარმოშობისაა. დღეს ერთადერთი
რამ არსებობს, რაზეც დაზუსტებით
შეიძლება ითქვას, რომ წარმართული
წარმოშობისაა. ეს ერთადერთი
რამ ქრისტიანობაა.
განსხვავება
წარმართობასა და ქრისტიანობას
შორის შესანიშნავადაა შეჯამებული
იმ განსხვავებაში, რომელიც
წარმართულ, ანუ ბუნებრივ
სიქველეებს და სამ ქრისტიანულ
სიქველეს შორის არსებობს.
წარმართული, ანუ რაციონალური
სიქველეები სამართლიანობა
და ზომიერებაა, და ქრისტიანობამ
შეითვისა ისინი. სამი მისტიკური
სიქველე, რომელიც ქრისტიანობამ
კი არ შეითვისა, არამედ გამოიგონა,
რწმენა, იმედი და სიყვარულია.
ეს სამი სიტყვა იოლი და იაფფასიანი
ქრისტიანული რიტორიკით რომ
არ წავლეკო, მხოლოდ ორი,
თავისთავად ცხადი ფაქტით
შემოვიფარგლები. პირველი
ცხადი ფაქტი (მოცეკვავე
წარმართის ილუზიის საპირისპირო)
ისაა, რომ წარმართული სიქველენი
– სამართლიანობა და ზომიერება
– სევდიანი სიქველეებია,
რწმენის, იმედისა და სიყვარულის
მისტიკური სიქველეები კი -
მხიარული და თავშეუკავებელი.
მეორე, და კიდევ უფრო ცხადი
ფაქტი ისაა, რომ წარმართული
სიქველეები კეთილგონიერია,
რწმენის, იმედისა და სიყვარულის
ქრისტიანული სიქველეები კი
არსებითად და მაქსიმალურად
არაკეთილგონიერი.
სიტყვა
„არაკეთილგონიერმა“ გაუგებრობა
რომ არ წარმოქმნას, განმარტებისთვის
დავამატებ, რომ თითოეული
ქრისტიანული, ანუ მისტიკური
სიქველე საკუთარ ბუნებაში
პარადოქსის შემცველია,
განსხვავებით წარმართული,
ანუ რაციონალური სიქველისაგან.
სამართლიანობა გარკვეულ
ადამიანთან დაკავშირებული
გარკვეული რამის მოძიებას
და მისთვის გადაცემას გულისხმობს.
ზომიერება გარკვეული სურვილისთვის
სწორი საზღვრების დაწესებისა
და მათი დაცვისგან შედგება.
სიყვარული ნიშნავს უპატიებელის
პატიებას, იმედი - უიმედო
მდგომარეობაში იმედიანად
ყოფნას, რწმენა კი – დაუჯერებელის
დაჯერებას; სხვანაირად არცერთი
მათგანი სიქველე არაა.
ცოტა არ
იყოს, გასართობიც კიაა ამ სამი
პარადოქსის თანამედროვე
აღქმის განსხვავებულობის
დაკვირვება: სიყვარული ჩვენი
დროის მოდური სიქველეა –
დიკენსის უზარმაზარი კოცონით
განათებული. იმედიც მოდურია;
ჩვენი ყურადღება მას სტივენსონის
ვერცხლის საყვირმა მიაპყრო.
აი რწმენა კი მოდაში აღარაა
და ჩვეულებად იქცა მის წინააღმდეგ
მისივე პარადოქსულობის
გამოყენება. ყველა დამცინავად
იმეორებს ცნობილ, ბავშვურ
განმარტება: რწმენა არის
„იმის დაჯერების უნარი, რაც
ცნობილია, რომ არაა მართალი.“
და მაინც, ის ერთი ატომითაც
კი არაა უფრო მეტად პარადოქსული,
ვიდრე იმედი და სიყვარული.
სიყვარული იმის დაცვის უნარია,
რისი დაცვაც შეუძლებელია.
იმედი მხიარულების უნარია
მაშინ, როცა ვიცით, რომ ყველაფერი
უიმედოა. მართალია, არსებობს
იმედიანი განწობა, რომელიც
ნათელ ფიქრებს და დილას
უკავშირდება, მაგრამ ამაში
არაა იმედის სიქველე. ის
მიწისძვრასა და მზის დაბნელებაშია.
არსებობს ის, რასაც ქველმოქმედებას
უწოდებენ - უქონელთა დამსახურებულ ქველმოქმედებას, მაგრამ ეს
მხოლოდ სამართლიანობაა და
არა სიყვარული. სიყვარული
უღირსთ სჭირდება, და იდეალი
ან მათთვის არსებობს, ან არ
არსებობს საერთოდ. პრაქტიკული
თვალსაზრისით იმედიანი
ადამიანი უიმედობაში გვჭირდება
და სიქველე ან არ არსებობს,
ან ამ დროს იწყებს არსებობას.
იმედი სწორედ მაშინ ხდება
სასარგებლო, როდესაც კეთილგონიერებას
ეწინააღმდეგება. ძველმა
წარმართულმა სამყარომ განუხრელად
პირდაპირ იარა და აღმოაჩინა,
რომ ეს უზარმაზარი შეცდომა
იყო. კეთილშობილმა და მშვენიერმა,
სასიკვდილო აგონიაში აღმოაჩინა
მარადიული ჭეშმარიტება, რომ
კეთილგონიერება გამოუსადეგარია.
წარმართული ეპოქა ჭეშმარიტად
ედემი და ოქროს ხანაა, იმ
არსებითი თვალსაზრისით, რომ
ის არ აღდგება. ამის კიდევ
ერთი მიზეზი არსებობს: მიუხედავად
იმისა, რომ წარმართებზე
ნამდვილად უფრო მხიარულნი
და მართალნი ვართ, ჩვენს შორის
არავინაა ისეთი, უკიდურესი
დაძაბვითაც რომ შეძლებს,
მათსავით გონიერი იყოს.
აზროვნების ის შიშველი უბრალოება
ქრისტიანობის შემდეგ მიუწვდომელია
და თან შეცდომაში შემყვანიც.
ერთ მაგალითს მოვიყვან
წარმართული აზროვნების
მიუწვდომელ სიმარტივეზე,
თავში მაშინვე რომ მოგივა.
თანამედროვე სამყაროში
ტენისონის „ულისე“ ქრისტიანობის
უდიდესი ხარკია. პოეტმა ულისეს
ამბავში მოგზაურობის დაუოკებელი
ჟინი ამოიკითხა. თუმცა რეალურ
ულისეს სულაც არ სურს მოგზაურობა.
მას მხოლოდ სახლში დაბრუნება
უნდა. ის უძლეველ, გმირულ
თვისებებს მოზღვავებულ
უბედურებას უპირისპირებს.
ესაა და ეს. აქ არაა თავგადასავლის
სიყვარული - ეს ქრისტიანული
პროდუქტია. აქ არაა პენელოპეს
სიყვარული პენელოპეს გულისთვის
– ეს ქრისტიანული პროდუქტია.
იმ ძველ სამყაროში ყველაფერი
სუფთაა და ნათელი: კარგი კაცი
კარგია, ცუდი კაცი – ცუდი; ამის
გამო მათ არ გააჩნდათ სიყვარული,
რადგან სიყვარული მოწიწებული
აგნოსტიციზმია სულის
მრავალმხრივობის მიმართ.
ამის გამო მათ არ გააჩნდათ
თხზვის ხელოვნება, რომანი;
რადგან რომანი სიყვარულის
მისტიკური იდეის ნაყოფია.
მათთვის ლამაზი ხედი ლამაზი
ხედია, უშნო ხედი კი -უშნო.
ამდენად, მათ არ ჰქონიათ
რომანტიკული, რადგან რომანტიკა
საგანს უფრო სასიამოვნოდ
მიიჩნევს, თუ მას თან ხიფათი
ახლავს. ეს ქრისტიანული იდეაა.
ერთი სიტყვით, ჩვენ არ შეგვიძლია
მშვენიერი და გამაოგნებელი
წარმართული სამყაროს არა თუ
აღდგენა, წარმოდგენაც კი. იმ
სამყაროში საღი აზრი ჭეშმარიტად
საღი იყო.
ჩემი ზოგადი განწყობა
სამივე სიქველის მიმართ,
რომელთაც უკვე შევეხე, ვფიქრობ
საკმარისად ნათელია. სამივე
პარადოქსული და პრაქტიკულია;
და პარადოქსული იმიტომაა,
რომ პრაქტიკულია. უდიდესი
აუცილებლობის დაძაბულობამ
და საგანთა რაობის საშინელმა
ცოდნამ აიძულა ადამიანები
ეს გამოცანები დაეწესებინათ
და მათთვის თავი გაეწირათ.
რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს
წინააღმდეგობა, ერთადერთი
იმედი, რომელიც ბრძოლაში
გამოდგება ის იმედია, რომელიც
არითმეტიკას არ ცნობს. რასაც
არ უნდა ნიშნავდეს ეს წინააღმდეგობა,
ერთადერთი სიყვარული, რომელსაც
სუსტი სული ითხოვს, ან უხვი
განიცდის, ის სიყვარულია,
რომელიც სისხლისფერ ცოდვებს
მიუტევებს. როგორიც არ უნდა
იყოს რწმენის მნიშვნელობა,
ის ყოველთვის უნდა ნიშნავდეს
ისეთი რამეში დარწმუნებულობას,
რისი დამტკიცებაც შეუძლებელია.
ასე გვჯერა, რწმენის წყალობით,
მაგალითად, სხვა ადამიანების
არსებობა.
მაგრამ
არსებობს სხვა ქრისტიანული
სიქველეც, რომელიც ბევრად
უფრო ცხადად და ისტორიულად
უკავშირდება ქრისტიანობას;
სიქველე, რომელიც კავშირს
პარადოქსულობასა და პრაქტიკულ
აუცილებლობას შორის კიდევ
უფრო კარგად წარმოაჩენს. მას,
როგორც ისტორიულ სიმბოლოს,
ეჭვქვეშ ვერ დააყენებ;
ბ-ნი ლოუს დიკინსონი ამას
ნამდვილად არ გააკეთებს. ამ
სიქველით
ქრისტიანობის ასობით დამცველი
ტრაბახობს.
მასზე ქრისტიანობის ასობით
მოწინააღმდეგე ქილიკობს.
ბ-ნი დიკინსონისთვის, ესაა
არსებითი განსხვავება
ქრისტიანობასა და წარმართობას
შორის. რა თქმა უნდა, მორჩილების
სიქველეს ვგულისხმობ. მზად
ვარ ვაღიარო, რომ ცრუ აღმოსავლური
(ანუ წმინდა ასკეტური) მორჩილება
დიდი რაოდენობით შეერია
ევროპული ქრისტიანობის მთავარ
ნაკადს; ნუ დაგვავიწყდება,
რომ როცა ქრისტიანობაზე
ვლაპარაკობთ, მთელ კონტინენტს
ვგულისხმობთ ათასი წლის
განმავლობაში. ამ სიქველესთან
დაკავშირებით ზემოთ ჩამოყალიბებულ
აზრს კიდევ უფრო მეტად დავიცავ,
ვიდრე სამი დანარჩენი სიქველის
შემთხვევაში. ცივილიზაციამ
ქრისტიანული მორჩილება იმავე
გადაუდებელი მიზეზის გამო
არმოაჩინა, რაც რწმენა და
სიყვარული: ან აღმოაჩენდა,
ან დაიღუპებოდა.
წარმართობის
უდიდესი ფსიქოლოგური აღმოჩენა
რომელმაც ის ქტისტიანობად
აქცია, გარკვეული სიზუსტით
ერთ ფრაზაში შეიძლება ჩავატიოთ.
წარმართი საუკეთესო მნიშვნელობით
საკუთარი თავისგან სიამოვნების
მისაღებად იყო განწყობილი.
თავისი ცივილიზაციის დასასრულისკენ
აღმოაჩინა, რომ საკუთარი
თავისგან ნასიამოვნები
ადამიანი ვერანაირ სხვა
სიამოვნებას ვერ მიიღებს.
ბ-ნი ლოუს დიკინსონი შესანიშნავავი
სიცხადით აღწერს იმათ
აბსურდულობას, ვისაც წარმართული
სიამოვნება მტერიალურზე
დაჰყავს. ეს სიამოვნება
ინტელექტუალურიც იყო, ზნეობრივიც
და სულიერიც. მაგრამ ეს იყო
საკუთარი თავით სიამოვნება,
რაც სავსებით ბუნებრივად
ჩანდა. ფსიქოლოგიური აღმოჩენა
კი უბრალოდ ასეთია: ამ ლოგიკით,
სრული შესაძლო სიამოვნების
მისაღებად საკუთარი ეგო თითქოს
უსასრულოდ უნდა გაგვეზარდა;
სინამდვილეში კი აღმოჩნდა,
რომ პირიქით - ნულამდე უნდა
შევამციროთ.
მორჩილებაა
ის, რაც მუდმივად განაახლებს
დედამიწას და ვარსკვლავებს.
მორჩილებაა და არა მოვალეობა,
რაც აკავებს ვარსკვლავებს
არასწორი, უპატიებელი
გადადგომისაგან. მორჩილების
გამოა უძველესი ზეცა ჩვენთვის
მუდამ ახალი და ძლიერი.
პრეისტორიულმა წყევლამ
სასწაულის განცდა დაგვიკარგა.
მზე რომ პირველად გვენახა,
ყველაზე თავზარდამცემ და
მშვენიერ სანახაობად გვეჩვენებოდა;
მეათასედ რომ ვხედავთ,
უორდსვორთის საზარელი და
მკრეხელური ფრაზით „ჩვეულებრივი
დღის სინათლეს“ ვეძახით. ჩვენ
მიდრეკილნი ვართ მოთხოვნილებათა
ზრდისკენ. ჩვენ შეიძლება ექვსი
მზე მოვითხოვოთ, შეიძლება
ლურჯი და მწვანე მზე მოვითხოვოთ.
მორჩილება მუდმივად პირველყოფილ
სიბნელეში გვაბრუნებს. მთელი
იქაური სინათლე ელვაა, მყისიერი
და დამაბრმავებელი. ვიდრე
პირველყოფილ უკუნეთს არ
გავიგებთ, სადაც არც ხედვაა
და არც მოლოდინი, საგანთა
დიდებულ შეგრძნებებს ბავშვური
გულწრფელობით ხოტბას ვერ
შევაგებებთ. ოპტიმიზმი და
პესიმიზმი, მსგავსად თანამედროვე
სიტყვათა უმრავლესობისა,
არაფრისმთქმელია, თუმცა
ბუნდოვანი მნიშვნელობის
მოუხედავად თუ მაინც გამოვიყენებთ,
შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დიდ
ფაქტში პესიმიზმი ოპტიმიზმის
საფუძველია. ადამიანი, რომელიც
საკუთარ თავს ანგრევს, სამყაროს
ქმნის. თავმდაბალი ადამიანისთვის,
და მხოლოდ მისთვის, მზე მართლაც
მზეა, ზღვა – მართლაც ზღვა.
როდესაც ქუჩაში გამვლელთა
სახეებს აკვირდება, დრამატულ
სიამოვნებით აცნობიერებს,
რომ ისინი ცოცხლები არიან და
არა მკვდრები.
არაფერი მითქვამს მორჩილების
აღმოჩენის ფსიქოლოგიური
აუცილებლობის სხვა მხარეზე,
რადგან უფრო ცხადიცაა და უფრო
ხშირადაც ახსენებენ. თუმცა
ასევე ცხადია, რომ მორჩილება
მუდმივად აუცილებელი პირობაა
ძალისხმევისა და თვითშემოწმებისათვის.
ჯინგოიზმის ერთ-ერთი მომაკვდინებელი
შეცდომა ისაა, თითქოს ერს სხვა
ერების ზიზღი აძლიერებდეს.
სინამდვილეში უძლიერსი ის
ერია, პრუსიისა და იაპონიის
მსგავსად, რომლებიც თავიდან
იწყებს და სამარცხვინოდ არ
მიაჩნია უცხოელის ფეხებთან
ჯდომა და ყველაფრის სწავლა.
თითქმის ყველა ცხადი და
პირდაპირი გამარჯვება
პლაგიატორის გამარჯვებაა.
მართალია, ეს მორჩილების ძალზე
უმნიშვნელო თანმხლები პროდუქტია,
მაგრამ მაინც მისი პროდუქტია
და ამიტომაცაა წარმატებული.
პრუსია მოკლებულია ქრისტიანულ
მორჩილებას შინაგან მოწყობაში,
ამიტომაც მისი შინაგანი
მოწყობა სავალალოა. თუმცა მას
ეყო ქრისტიანული მორჩილება,
მონურად რომ მიებაძა საფრანგეთისთვის
(თვით ფრიდრიხ დიდის პოეზიის
ჩათვლით) და ის, რაც თავმდაბლად
გადაიღო, იმის დაპყრობის
პატივიც ერგო. იაპონიის
შემთხვევა კიდევ უფრო ცხადია:
მათი ერთადერთი ქრისტიანული
და შესანიშნავი თვისება ისაა,
რომ თავს იმდაბლებენ, რათა
ამაღლდნენ. მორჩილების ამ
ასპექტს აღარ შევეხები, რადგან
სრულადაა გაშუქებული თითქმის
ყველა იდეალისტი მწერლის
მიერ.
თუმცა იქნებ ღირდეს, დავაკვირდეთ,
რა განასხვავებს თანამედროვე
ძლიერ ადამიანს ისტორიულისაგან
მორჩილების თვალსაზრისით.
კარლაილმა უარყო გამონათქვამი „მსახურის თვალში გმირი ვერ
იქნები.“ თუ ის უბრალოდ თვლიდა,
რომ ეს ფრაზა გმირის თაყვანისცემის
დაკნინებაა, მთელი თანაგრძნობა
მის მხარესაა. გმირის თაყვანისცემა
ნამდვილად გულუხვი ადამიანური
იმპულსია; გმირი შეიძლება
ნაკლოვანი იყოს, მაგრამ არა
მისი თაყვანისცემა. იქნებ
ვერავინ შეძლებს იყოს გმირი
მსახურისათვის, მაგრამ ყველა
შეძლებს გმირს ემსახუროს.
საქმე ისაა, რომ ეს გამოთქმაც
და კარლაილის საყვედურიც
არსებითს ვერ ხედავს: უმაღლესი
ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება
ის კი არაა, რომ კაცი საკუთარი
მსახურისთვის გმირი ვერ
იქნება, უმაღლესი ფსიქოლოგიური
ჭეშმარიტება და ქრისტიანობის
საფუძველი ისაა, რომ ვერა კაცი
საკუთარი თავისთვის გმირი
ვერ იქნება. კრომველი კარლალილის
მიხედვით ძლიერი კაცი იყო,
საკუთარი თვალსაზრისით კი
– სუსტი.
კარლაილისეული არისტოკრატიის
სუსტი წერტილი მის ყველაზე
ცნობილ ფრაზაშია. მან თქვა,
რომ ადამიანი უმეტესად ბრიყვია.
ქრისტიანობა უფრო დაბეჯითებული
და მოკრძალებული რეალიზმით
აცხადებს, რომ ყველა ადამიანი
ბრიყვია. ამ დოქტრინას ხანდახან
პირველქმნილი ცოდვის დოქტრინასაც
უწოდებენ. მას შეიძლება
ადამიანთა თანასწორობის
დოქტრინაც დავარქვათ. მისი
დედააზრი ისაა, რომ ყველა
ზნეობრივი საფრთხე, რომელიც
ერთ ადამიანს ემუქრება, ყველა
სხვასაც ემუქრება. ცდუნებით
ყველა ადამიანი შეიძლება
დამნაშავე გახდეს; შთაგონებით
ყველა ადამიანი შეიძლება
გმირად იქცეს. და ეს დოქტრინა
არაფერს ტოვებს კარლაილის
(ან ვისიც გინდა) უბადრუკი
„მცირერიცხოვან ბრძენთა“
რწმენისაგან. არ არსებობენ
„მირერიცხოვანი ბრძენნი.“
ნებისმიერი, ოდესმე არსებული
არისტოკრატია გადამწყვეტ
მომენტში ყოველთვის ბრბოსავით
იქცეოდა. ყველა ოლიგარქია ქუჩის
თავყრილობაა - მხიარული, მაგრამ
არასანდო. პრაქტიკულ საქმეებში
კი არავინ ისე არ ჩაფლავებულა,
როგორც ყველაზე უფრო ამაყი
ოლიგარქია. მაგალითად პოლონეთი
და ვენეცია გამოდგება. არმია
კი, რომელიც ყველაზე სწრაფად
და უეცრად ანადგურებს
მოწინააღმდეგეს, რელიგიური
არმიაა – მუსლიმთა, მაგალითად,
ან პურიტანელთა. რელიგიური
არმია თავისი ბუნების მიხედვით
შეიძლება განისაზღვროს როგორც
არმია, სადაც თვითოეული კაცი
ისეა გაწვრთნილი, რომ თავს
კი არ განადიდებს, არამედ
განაქიქებს. ბევრი თანამედროვე
ინგლისელი იჩემებს ღონიერი
პურიტანელის ღონიერ შთამომავლობას, მაგრამ ძროხას უფრთხის. პურიტანელი წინაპრისთვის
რომ გეკითხათ, მაგალითად
ბანიანისთვის, ღონიერია თუ
არა, წრემლნარევ პასუხს
მიიღებდით, რომ წყალივით
სუსტია. ამის გამო იყო, წამებას
რომ გაუძლო. მორჩილების აი
ეს სიქველე, იმდენად პრაქტიკული,
რომ ბრძოლაში იმარჯვებს,
ყოველთვის პარადოქსული იქნება,
პედანტს თავგზა რომ აუბნიოს.
ამაში ის სიყვარულის სიქველესთანაა
გვერდიგვერდ. ყველა დიდსულოვანი
ადამიანი აღიარებს, რომ
სიყვარულმა უპატიებელი უნდა
მიუტევოს. და ყველა დიდსულოვანი
ადამიანი ასევე დაგეთანხმებათ,
რომ ერთადერთი სიამაყე, რომელიც
სრულად დასაგმობია, იმ ადამიანის
სიამაყეა, რომელსაც მართლაც
აქვს საამაყო. სიამაყე, რომელიც
ხასიათს არ აზარალებს, ისაა,
სადაც პიროვნული დამსახურება
არ ფიგურირებს. მაგალითად,
სამშობლოთი მოამაყე ადამიანი
სრულიად უვნებელი დარჩება,
შორეული წინაპრებით ამაყი
კი ოდნავ იზარალებს. ფულის
შოვნით გაამაყებულს დიდი
ზიანი მიადგება; კიდევ უფრო
საზიანოა ფულზე ბევრად უფრო
კეთილშობილით – ინტელექტით
გამოწვეული სიამაყე. ყველაზე
უფრო საშიში კი ამ ქვეყანაზე
საუკეთესო რამით – სიკეთით
გაამაყებაა. ადამიანი თუ იმით
ამაყობს, რაც მართლა დაუმსახურებია,
ფარისეველია, თვით ქრისტემაც
რომ ვერ შეიკავა თავი, ხელი
რომ არ შემოეკრა.
ბ-ნ ლოუს დიკინსონთან და
წარმართული იდეალის სხვა
განმაახლებლებთან ჩემი
დაპირისპირების არსი ესაა:
მე მათ ბრალს ვდებ ადამიანთა
მიერ ზნეობრივ სფეროში
გაკეთებული აღმოჩენების
უგულებელყოფაში. აღმოჩენებისა,
რომლებიც ისეთივე ცხადია,
თუმცა არა ისეთივე მატერიალური,
როგორც სისხლის მიმოქცევის
აღმოჩენა. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით
აზროვნების და კეთილგონიერების
იდეალს, ვინაიდან კაცობრიობამ
აღმოაჩინა, რომ აზროვნებას
კეთილგონიერებამდე არ მივყავართ.
ჩვენ ვერ დავუბრუნდებით
სიამაყისა და სიამოვნების
იდეალს, რადგან კაცობრიობამ
აღმოაჩინა, რომ სიამაყეს არ
მოაქვს სიამოვნება. ვერ ვხდები,
რომელი გონებრივი კატასტროფის
შედეგია, თანამედროვე მწერლები
პროგრესის იდეას გამუდმებით
დამოუკიდებელ აზროვნებას
რომ უკავშირებენ. პროგრესი
ხომ დამოუკიდებელი აზროვნების
ანტითეზაა: დამოუკიდებელი,
ანუ ინდივიდუალისტური აზროვნება
ისაა, ყველა ადამიანი თავიდან
რომ იწყებს და დაახლოებით იმ
გზას გაივლის, რაც მანამდე
მამამისმა გაიარა. პროგრესის
მაგვარი რამ ყოველთვის წარსულის
გულისხმიერ შესწავლას ეყრდნობა.
ჩემი ბრალდება ბ-ნ დიკინსონის
და მისი რეაქციული მიმდევრების
მიმართ მხოლოდ რეალისტურია.
მისი ნებაა, შეუძლია არ შეიმჩნიოს
სიყვარულის, რაინდობის და
რწმენის საიდუმლოებათა უდიდესი
ისტორიული აღმოჩენები. შეუძლია
არ შეიმჩნიოს გუთნის და სტამბის
აღმოჩენაც. მაგრამ თუ მარტივი
და რაციონალური თვითსრულყოფის
წარმართულ იდეალს გავაცოცხლებთ
და ავედევნებით, იქ დავამთავრებთ,
სადაც წარმართობამ დაამთავრა.
არ ვგულისხმობ განადგურებას.
ვგულისხმობ ქრისტიანობას.
No comments:
Post a Comment