XVI ბ-ნ მაკქეიბსა და ღვთაებრივ ფრივოლურობაზე

ერთმა აღშფოთებულმა კრიტიკოსმა მისაყვედურა: „იქნებ ასეთ სერიოზულ საგნებზე ხუმრობისგან მაინც შეიკავოთ თავიო.“ გაოცებულმა ვუპასუხე: "რაზე უნდა იხუმროს ადამიანმა, თუ არა სერიოზულ საგნებზე-მეთქი.“ პატივისცემისა და ხუმრობის ურთიერთდამოკიდებულებაზე მსჯელობა უსაგნოა. ყველა ხუმრობა უპატივცემულობას ეფუძნება იმ აზრით, რომ აი, არის რაღაც, თითქოს ძალიან ამაღლებული, და უცებ აღმოჩნდება, რომ არც ისე ამაღლებულია. ხუმრობა თუ რელიგიას და ზნეობას არ ეხება, მაშინ პოლიციის მაგისტრატზე, მეცნიერ-პროფესორზე, ან დედოფალ ვიქტორიასავით გამოწყობილ სკოლადამთავრებულებზეა. პოლიციის მაგისტრატზე უფრი ხშირად ხუმრობენ, ვიდრე პაპზე; არა იმიტომ, რომ მაგისტრატი პაპზე უფრო არასერიოზული საგანია, არამედ პირიქით. რომის ეპისკოპოსის იურისდიქცია ინგლისს არ ეხება, მაშინ როდესაც მაგისტრატმა თავისი სერიოზულობა სრულიად მოულოდნელად შეიძლება დაგვატეხოს თავს. ბებერ პროფესორებზე უფრო მეტს ხუმრობენ, ვიდრე ეპისკოპოსებზე – არა იმიტომ, რომ მეცნიერება უფრო მსუბუქია. პირიქით, მეცნიერება თავისი ბუნებით ბევრად უფრო მკაცრი და საზეიმოა, ვიდრე რელიგია. ეს მე არ ვარ, ეს არც ჟურნალისტების ერთი, განსაკუთრებული ჯგუფია, ვინც სერიოზულ საგნებზე ხუმრობს – ეს ადამიანთა მთელი მოდგმაა. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ცხოვრებას, ყველა დაგეთანხმებათ, რომ ადამიანები მომაკვდინებელი სერიოზულობით უმნიშვნელო საგნებზე ლაპარაკობენ,  ქარაფშუტულად კი – სერიოზულზე. გოლფზე, თამბაქოზე, ჟილეტებსა და პარტიულ პოლიტიკაზე მოსაუბრეთ კარდინალთა კოლეგიის გამომეტყველება აქვთ. ქორწინება და სახრჩობელა - სერიოზული და საშინელი თემები კი  უძველესი ხუმრობების საგანია.

თუმცა ერთმა ღირსეულმა ადამიანმა – ბ-მა მაკქეიბმა ეს საკითხი ლამის ჩემდამი მოწოდების სიმაღლემდე აიყვანა; და რადგან ამ კაცის გულწრფელობასა და ინტელექტს დიდ პატივს ვცემ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ. ბ-ნმა მაკქეიბმა უკანასკნელი ესსეს, „ქრისტიანობა და რაციონალიზმი სამსჯავროზე“, მნიშვნელოვანი ნაწილი არა ჩემი შეხედულებების, არამედ მეთოდის კრიტიკას დაუთმო და მეგობრული ღირსებით მომიწოდა მასზე ხელი ამეღო. ვაპირებ ამ საკითხში თავი დავიცვა ბატონი მაკქეიბის პატვისცემის და კიდევ უფრო მეტად – სიმართლის პატივისცემის გამო, რომელიც მისი შეცდომის წყალობით განსაცდელშია და თან, არა მარტო ამ ერთ შემთხვევაში. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თავად ბ-ნი მაკქეიბის სიტყვებს მოვიყვან: „ვიდრე ბ-ნ ჩესტერტონს კერძო საკითხებში გავყვები, მინდა ზოგადად მისი მეთოდი მიმოვიხილო. მისი საბოლოო მიზანი ისეთივე სერიოზულია, როგორც ჩემი საკუთარი და ამისთვის პატივს ვცემ. მას ესმის, რომ კაცობრიობა გზაგასაყარზეა. უცნობი მიზნისკენ ის საუკუნეებია მიიწევდა, ბედნიერების ყოვლისმომცველი სურვილით შთაგონებული. დღეს ის მერყეობს და ყველა სერიოზულმა მოაზროვნემ იცის, რაოდენ მოულოდნელი შეიძლება იყოს გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ის აპირებს რელიგიური გზა მიატოვოს და სეკულარიზმის გზას დაადგეს. ნუთუ გრძობადობის ჭაობში უნდა ჩაეფლოს ამ ახალ გზაზე? ნუთუ სამრეწველო და საზოგადოებრივ ქაოსში წლები უნდა იფართხალოს იმის მისახვედრად, რომ გზას აცდა და რელიგიას უნდა დაუბრუნდეს? თუ ბოლოს და ბოლოს უკან ჩამოიტოვებს ჭაობს და ნისლს, შეუდგება დიდი ხნის წინ შორს დალანდული მთის აღმართს და ნანატრ უტოპიას მიაშურებს? ესაა ჩვენი დროის დრამა, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს.
„ბ-ნ ჩესტერთონს ის ესმის. მეტიც, ის ღირსეულად გვიფასებს ჩვენს გაგებასაც. მას არაფერი აქვს საერთო წვრილმან ბოროტებასა და უცნაურ სიჩლუნგესთან, რომლითაც მრავალი მისი კოლეგა უმიზნო ხატმბრძოლებად და მორალულ ანარქისტებად გვაცხადებს. ის აღიარებს, რომ ჭეშმარიტებისა და პროგრესისათვის უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩაბმულები. ისიც იგივეს აკეთებს. და თუ საკითხის მნიშვნელოვნებაზე ვთანხმდებით, მყისიერად რატომღა მივაგდებთ ამ წინააღმდეგობის მოგვარების სერიოზულ მეთოდებს? როცა ჩვენი დროის სასიცოცხლო აუცილებლობად ქცეულა კაცისა და ქალისათვის იმის შეხსენება, რომ მათ, ღმერთების მსგავსად, კაცობრიობის ბედი კალთაში უზით – რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ფრაზების ეს კალეიდოსკოპური თამაში შეუფერებელია? ალჰამბრის ბალეტებსაც, ქრისთალ პალასის ფოიერვერკებსაც და ბ-ნი ჩესტერტონის დეილი ნიუზის წერილებსაც თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, რომ სერიოზული სოციალური მკვლევარი ახლანდელი თაობის უდარდელობას ყურით მოთრეული პარადოქსებით ებრძოდეს; ხალხისთვის სოციალური პრობლემების საღი წვდომის მიწოდებას ჟონგლიორობით ცდილობდეს; სერიოზული საკითხების მოგვარებას არაზუსტი ფაქტებით, შუშხუნისმაგვარი მეტაფორების წვიმით და განსჯის წარმოსახვით ჩანაცვლების საშუალებით აპირებდეს.“
ეს ნაწყვეტი განსაკუთრებული სიამოვნებით მოვიყვანე, რადგან ბ-ნი მაკქეიბი ვერ აცნობიერებს, რაოდენ ღისეულად ვაფასებ მისი და მისი სკოლის გულწრფელ და პასუხისმგებელ ფილოსოფიურ მიდგომას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ყველა სიტყვა გულწრფელია. მაგრამ რატომღაც ბ-ნ მაკქეიბს იდუმალი ორჭოფობა იპყრობს ჩემს გულწრფელობასთან დაკავშირებით; რატომაა ის ნაკლებად დარწმუნებული ჩემი მიდგომის პასუხისმგებლობაში, ვიდრე მე მისაში? თუ ამ კითხვებს პირდაპირ და კარგად ვუპასუხებთ, საგნის ფესვს უმოკლესი გზით მივაკვლევთ.
ბ-ნი მაკქეიბს მიაჩნია: თუ ვხუმრობ, არასერიოზული ვარ, რადგან სასაცილო სერიოზულის საპირისპირო ჰგონია. სასაცილოს საპირისპირო მხოლოდ არასასაცილოა – სხვა არაფერი. ადამიანის თვითგამოხატვა გროტესკული და სასაცილოა, თუ აღმატებული და თავშეკავებული, არც მოტივის საკითხია და არც ზნეობრივი მდგომარეობის. ამას თვითგამოხატვის ინსტინქტი განსაზღვრავს. სიმართლეს გრძელი წინადადებებით იტყვი, თუ მოკლე ხუმრობებით, იმის ანალოგიური გადაწყვეტილებაა, გერმანულად იტყვი, თუ ფრანგულად. თავის სახარებას ადამიანი გროტესკულად ქადაგებს, თუ სერიოზულად, ჰგავს საკითხს – ლექსად ქადაგებს თუ პროზაში. კითხვა, იყო თუ არა სვიფტის ირონია სასაცილო, სრულიად განსხვავებულია კითხვისგან, იყო თუ არა სვიფტის პესიმიზმი სერიოზული. თვით ბ-ნი მაკქეიბიც არ ჩათვლის, რომ რაც უფრო სასაცილოა „გულივერის“ გამოსახველობითი ხერხი, მით უფრო ნაკლებად გულწრფელია მისი მიზანი. სიმართლე ის გახლავთ, რომ სასაცილო და სერიოზული ისევეა დაკავშირებული ერთმანეთთან, როგორც შავი და სამკუთხედი. ბერნარდ შოუ სასაცილო და გულწრფელია. ჯორჯ როუბი სასაცილო და არაგულწრფელია. ბ-ნი მაკქეიბი გულწრფელი და არასასაცილოა. კაბინეტის საშუალო მინისტრი არც გულწრფელია და არც სასაცილო.

მოკლედ, ბ-ნი მაკქეიბი საფუძვლიანი შეცდომის ტყვეობაშია, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ძალიან გავრცელებულია კლერიკალური ტიპის ადამიანებში. სამღვდელოების წარმომადგენლები დროდადრო მსაყვედურობენ ხოლმე რელიგიაზე ხუმრობის გამო, და თითქმის ყოველთვის იმ ძალიან გონიერ აღთქმას მოიშველიებენ ხოლმე: „არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ღვთისა ამაოსა ზედა.“ რა თქმა უნდა, ვპასუხობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვახსენებ სახელს ამაოდ. ხუმრობა ამაო არაა. ამაო უსარგებლოს ნიშნავს, ხუმრობა კი შეიძლება უკიდურესად სასარგებლო  იყოს. ის შეიძლება სიტუაციის მთელ მიწიერ არსს შეიცავდეს, რომ არაფერი ვთქვათ ზეციურზე. და ის, ვინც ბიბლიაში მცნებებს პოულობს, ხუმრობებსაც მრავლად აღმოაჩენს. იმავე წიგნში, სადაც ღმერთის სახელს გალავანი აქვს შემოვლებული ამაო გამოყენებისაგან დასაცავად, თვით ღმერთი იობს საშინელ ხუმრობათა ნაკადს მოუვლენს. იგივე წიგნი, რომელიც გვიკრძალავს ღმერთის სახელის ამაოდ ხსენებას, უდარდელად ლაპარაკობს მოცინარ ღმერთზე. როგორც ჩანს, ეს ის ადგილი არაა, სადაც სახელის ამაო გამოყენების მაგალითები უნდა ვეძებოთ. არც ისაა ძნელი მისახვედრი, მართლა სად  უნდა მოვიძიოთ ასეთი მაგალითები. ადამიანები, რომლებიც ღვთის სახელს ამაოზე მოიღებენ, თავად სამღვდელოების წევრები არიან (და ეს არაერთგზის მითქვამს მათთვის ტაქტიანად). არსებითად ფრივოლური უდარდელი ხუმრობა კი არა, უადგილო სერიოზულობაა. თუ ბ-ნ მაკქეიბს მართლაც აინტერესებს იმის გარკვევა, რეალობისა და სიმყარის რა გარანტიებს უზრუნველყოფს ეგრეთწოდებული სერიოზული ლაპარაკი, ერთ კვირა დღეს მქადაგებელთა კათედრებს ჩამოუაროს, ან კიდევ უკეთესი – პარლამენტში შეიაროს. თვით ბ-ნ მაკქეიბი იძულებული იქნება, აღიაროს, რომ ეს ხალხი სერიოზულია - ჩემზე ბევრად უფრო სერიოზული. ვფიქრობ, ამასთან ერთად იმის აღიარებაც მოუწევს, რომ ეს ხალხი ფრივოლურია, თან ჩემზე ბევრად უფრო მეტად. რატომ ხარჯავს ბ-ნი მაკქეიბი მჭევრმეტყველებას ფანტასტიკური და პარადოქსული მწერლებისგან მომავალი საფრთხის აღწერაზე? რატომ სურს ასე ძლიერ სერიოზული და მრავალსიტყვიანი მწერლობა? ფანტასტიკური და პარადოქსული მწერლების რიცხვი მცირეა, მრავალსიტყვიანი და სერიოზული მწერლებისა კი ეზარმაზარი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ყველაფერი, რაც ბ-ნ მაკქეიბს ეზიზღება (და რაც მეც მეზიზღება) ძალასა და ენერგიას ინარჩუნებს. როგორ მოხდა, რომ ესოდენ გონიერი ადამიანი თვლის, თითქოს პარადოქსი და ხუმრობა რამეს აფერხებს? სერიოზულობაა, ყველანირ თანამედროვე ძალისხმევას რომ წინ ეღობება. სწორედ მისი საყვარელი „სერიოზული მეთოდები,“ „მნიშვნელოვნება“ და „განსჯაა,“ გზა რომ ჩაუხერგავს. ეს შესანიშნავად ესმის ყველას, ვინც მინისტრთან მისულ დეპუტაციას ჩადგომია სათავეში, ან ვისაც თაიმსისთვის წერილი მიუწერია. ნებისმიერი მდიდარი ღარიბის გასაჩუმებლად „მნიშვნელოვნებაზე“ იწყებს საუბარს. კაბინეტის ნებისმიერი მინისტრი, რომელსაც პასუხი არ გააჩნია, „განსჯას“ მიმართავს ხოლმე. ყველა მყვლეფავი, რომელიც ბოროტ მეთოდებს იყენებს, „სერიოზულ მეთოდებს“ გვირჩევს. ცოტა ხნის წინ ვთქვი – გულწრფელობას სერიოზულობასთან არაფერი ესაქმება-მეთქი. აღარ ვარ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე მსოფლიოში ასე აღარაა. თანამედროვე მსოფლიოში სერიოზულობა გულწრფელობას უკვე პირდაპირ მტრობს.  სერიოზულობა და გულწრფელობა თითქმის ყოველთვის სხვდასხვა მხარეს არიან. გულწრფელობის ცხარე და მხიარულ შეტევას ყოველთვის სერიოზულობის უბადრუკი პასუხი მოსდევს. ბ-ნ მაკქეიბს, ან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ გულწრფელობა მოღუშულობას მოითხოვს, ვთავაზობ, წარმოიდგინოს სოციალისტების დელეგაცია სათავეში ბერნარდ შოუ რომ უდგას, ბ-ნ ოსტინ ჩემბერლენთან მიღებაზე. ვის მხარეს იქნება სერიოზულობა? გულწრფელობა?

სიამოვნებით აღმოვაჩინე, რომ ბერნარდ შოუც ჩემთან ერთად ირიცხება ქარაფშუტების ბ-ნი მაკქეიბისეულ სიაში. მგონი ერთხელ თქვა, რომ ბ-ნი შოუს აბზაცები  კომიკურად და სერიოზულად უნდა დახარისხდეს. არ ვიცი, ბ-ნი შოუს რომელი აბზაცია სერიოზული; თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბ-ნი მაკქეიბის ეს აბზაცი კომიკურია. მას ისიც აქვს ნათქვამი, რომ ბ-ნი შოუ საგანგებოდ ამბობს ისეთ რამეს, რასაც მისგან არავინ ელოდება. ამაზე ჯაფას აღარ დავხარჯავ, რადგან ბერნარდ შოუს შესახებ ჩემს შენიშვნებში ვილაპარაკე. საკმარისი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ერთმა ადამიანმა მეორეს ყური შეიძლება რომ დაუგდოს, მოულოდნელის გაგონების მოლოდინია. შეიძლება პარადოქსია, მაგრამ პარადოქსები ჭეშმარიტებაა. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ თუ მასწავლებელის ან წინასწარმეტყველის მოსასმენად მიდიხარ, შეიძლება არ გქონდეს სიბრძნის, ან მჭერვრმეტყველების, მაგრამ აუცილებლად გექნება მოულოდნელის მოსმენის მოლოდინი. სხვანაირად სახლიდან ფეხს არ გაადგამდი. თუ ბ-ნი მაკქეიბი იმას გულისხმობს, რომ ბ-ნი შოუ ყოველთვის პოულობს თავისი მსოფლმხედველობის მოულოდნელი გამოყენებისა და მსმენელთათვის მიწოდების საშუალებას, ვეთანხმები, რადგან ამის თქმა იგივეა, რომ ბერნარდ შოუს ორიგინალური ადამიანი უწოდო. მაგრამ თუ გულისხმობს, რომ ბ-ნ შოუს თავისი მსოფლმეხედველობის გარდა რამე სხვა ან უღიარებია, ან უქადაგია, ცდება. ბერნარდ შოუს დაცვა ჩემი საქმე არაა; მას საერთოდ არ ვეთანხმები. თუმცა ყველა მის ჩვეულებრივ ოპონენტს, მათ შორის ბ-ნ მაკქეიბს, ამ საკითხში პირდაპირ დავუპირისპირდები. მე მოვითხოვ, რომ ბ-ნმა მაკქეიბმა, ან ნებისმიერმა სხვამ, დაასახელოს ერთი მაგალითი, სადაც ბ-ნმა შოუმ სიახლის ან მახვილსიტყვაობის გამო ისეთი პოზიცია დაიკავა, რომელიც პირდაპირ არ გამომნდინარეობდა მისი მსოფლმხედველობიდან.

თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებმნიშვნელოვანია. ჩემი ყურადღების უშუალო საგანი ბ-ნი მაკქეიბის მოწოდებაა, ნაკლებად ფრივოლური ვიყო. მოდი ამ მოწოდების ტექსტს დავუბრუნდეთ. იქ ბევრი რამაა, რაზეც დაწვრილებით შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ ბ-ნ მაკქეიბს შეცდომით მიაჩნია, თითქოს რელიგიის გაქრობა მე გრძნობადობის მოზღვავებით მაშინებს. მე კი პირიქით, ვფიქრობ, რომ ამით სიცოცხლე დაკნინდება და მასთან ერთად – გრძნობადობაც. მე არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე დასავლური მატერიალიზმი ანარქიას გვიქადის. მე იმის მეშინია, რომ პირადი სიმამაცეც კი არ შეგვრჩება, რომელიც თავისუფლების შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. მოძველებული შეცდომაა, თითქოს სკეპტიციზმს იმიტომ ვეწინააღმდეგებით, რომ ცხოვრებიდან წესრიგს განდევნის. სინამდვილეში ის დაინტერესების მამოძრავებელ ძალას ანადგურებს. მატერიალიზმი შეზღუდვებს არ ამსხვრევს, ის თავადაა უდიდესი შეზღუდვა. მაკქეიბის სკოლა პოლიტიკურ თავისუფლებას იცავს, მაგრამ უარყოფს სულიერს. ის აუქმებს კანონებს, რომელთა დარღვევა შესაძლებელია და შემოაქვს ისეთი, რომელსაც ვერ დაარღვევ. ეს რეალური მონობაა.

მეცნიერულ ცივილიზაციას, რომელიც ბ-ნ მაკქეიბს სწამს, ერთი განსაკუთრებული ხინჯი აქვს: ის გამუდმებით ცდილობს ჩვეულებრივი ადამიანის ხელისუფლება ანუ დემოკრატია გაანადგუროს. მეცნიერება სპეციალიზმია, სპეციალიზმი კი ოლიგარქიაა. ის, რომ გარკვეული ადამიანი გარკვეულ შედეგებს აღწევს ფიზიკასა და ასტრონომიაში, ბუნებრივად გიბიძგებს რწმენისკენ, რომ გარკვეულ ადამიანს უნდა მიანდო მმართველობა და ხალხის იძულება. თუ ჩათვლი, რომ ერთი ხოჭო ერთმა და მხოლოდ ერთმა კაცმა უნდა შეისწავლოს, მალე მიხვალ იმ უწყინარ დასკვნამდე, რომ პოლიტიკაც ერთი კაცის შესწავლის საგანი უნდა იყოს. ყველგან ამ წიგნში ხაზს ვუსვამ, რომ ექსპერტი უფრო არისტოკრატია, ვიდრე თავად არისტოკრატი, რადგან არისტოკრატი უბრალოდ უკეთ ცხოვრობს, ექსპერტმა კი უკეთ იცის. და თუ მეცნიერული ცივილიზაციის პროგრესს გავაყოლებთ თვალს, დავინახავთ, როგორ აჭარბებს ექსპერტის ფუნქცია თანდათანობით სახალხოს. ერთ დროს ადამიანები მაგიდას უსხდნენ და ერთად, ხმაშეწყობილად მღეროდნენ; ახლა ერთი ადამიანი მარტო მღერის იმ აბსურდილი მიზეზით, რომ ამას სხვებზე უფრო კარგად აკეთებს. თუ სამეცნიერო ცივილიზაცია ასე განვითარდა (რაშიც ეჭვი მეპარება) მხოლოდ ერთი ადამიანი იცინებს, რადგან ეს დანარჩენებზე უფრო კარგად გამოსდის.

უფრო მოკლედ, ვიდრე თავად ბ-ნი მაკქეიბის წინადადებაშია, ამას ვერ გამოვხატავ: „ალჰამბრის ბალეტებსაც, ქრისთალ პალასის ფოიერვერკებსაც და ბ-ნი ჩესტერტონის დეილი ნიუზის წერილებსაც თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში.“ მსურს, რომ ჩემმა წერილებმაც ისეთივე კეთილშობილი ადგილი დაიმკვიდრონ, როგორც პირველმა ორმა. თუმცა მოდი, საკუთარ თავს ვკითხოთ (სიყვარულის სულისკვეთებით, როგორც დიკენსისეული მისტერ ჩადბანდი იტყოდა), რას წარმოადგენს ალჰამბრის ბალეტი? ალჰამბრის ბალეტი არის ინსტიტუტი, სადაც საგანგებოდ შერჩეული ჯანმრთელი ხალხი ატარებს მოქმედებას, რომელიც ცეკვის სახელითაა ცნობილი. ყველა საზოგადოებაში, სადაც რელიგია ზეობს - არა მართო შუა საუკუნეების ქრისტიანული საზოგადოებეში, არამედ ბევრ სხვა, პრიმიტიულშიც – ცეკვის ჩვეულება საყოველთაო იყო და მაინცდამაინც პროფესიული ფენით არ იფარგლებოდა. ადამიანს შეეძლო ეცეკვა, მოცეკვავეც რომ არ ყოფილიყო. ამისთვის არც საუკეთესო ჯანმრთელობა იყო სავალდებულო. ბ-ნი მაკქეიბის სამეცნიერო ცივილიზაციის განვითარების და შესაბამისად, რელიგიური ცივილიზაციის (ანუ ჭეშმარიტი ცივილიზაციის) დაკნინების პროპორციულად, ცეკვავენ სულ უფრო მეტად „მომზადებულნი“ და ჯანმრთელნი, არამოცეკვავე ხალხი კი უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. ბ-ნ მაკქეიბი ამის მაგალითს ადვილად ამოიცნობს უძველესი ევროპული ვალსის, ანუ პარტნიორთან ცეკვის   დისკრედიტაციაში და მისი საშინელი და დეგრადაციული ამღმოსავლური ინტერლუდიით ჩანაცვლებაში, skirt-dancing-ის სახელით რომაა ცნობილი. ესა დეკადანსის არსი – ჩაანაცვლო ხუთი კაცი, რომელიც ამას სიამოვნებისთვის აკეთებდა, ერთით, რომელიც ამას ფულისთვის აკეთებს. როცა ბ-ნი მაქეიბი ამბობს, რომ ალჰამბრის ბალეტებს და ჩემს წერილებს „ თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში,“ ის ძალას არ იშურებს ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც ცეკვას ცხოვრებაში ადგილი საერთოდ აღარ ექნება. თუ ფიქრობ, რომ ცეკვა ალჰამბრის დაქირავებული ქალების საქმეა, იგივე პრინციპით შეიძლება რელიგიაზეც იფიქრო, რომ ეს ვიღაც თეთრჰალსტუხიანი დაქირავებული ხალხის საქმეა. ორივე ეს საქმე ჩვენს მაგივრად კი არა, ჩვენს მიერაა საკეთებელი. ბ-ნი მაკქეიბი რომ მართლა მორწმუნე ყოფილიყო, ბედნიერი იქნებოდა. და თუ მართლაც ბედნიერი იქნებოდა, კარგადაც დაუვლიდა.

მოკლედ, ასე ვთქვათ: მთავარი ის კი არ არის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში ალჰამბრის ბალეტს თავისი ადგილი აქვს; თანამედროვე ცხოვრების უზარმაზარი ტრაგედია ისაა, რომ ბ-ნ მაკქეიბს ალჰამბრის ბალეტში თავისი ადგილი არ გააჩნია. ცვალებადი და მოხდენილი პოზის, კიდურთა მუსიკასთან შეთანხმებული მოძრაობის, სამოსის ფრიალის და ცალ ფეხზე დგომის სიხარული სრულად უნდა ეკუთვნოდეს ბ-ნ მაკქეიბს, და მასთან ერთად, მეც, ანუ ყველა ჩვეულებრივ, ჯანმრთელ მოქალაქეს. ჩვენ ალბათ ვიუარებთ ასეთი გარდაქმნების გავლას, მაგრამ ამის მიზეზი ჩვენს უბადრუკ თანამედროვეობასა და რაციონალიზმშია. საკუთარი თავი ჩვენ უბრალოდ მოვალეობაზე უფრო მეტად კი არ გვიყვარს  – ჩვენ ის სიხარულზე უფრო მეტად გვიყვარს.
ამრიგად, როცა ბ-ნი მაკქეიბი ალჰამბრის ცეკვებს (და ჩემს წერილებს) ცხოვრებაში ადგილს მიუჩენს, ვფიქრობ, უფლება გვაქვს ვუთხრათ, რომ მისი ფილოსოფიის ბუნების და მისი რჩეული ცივილიზაციის წყალობით ეს ადგილი სრულიად არაადეკვატურია. ბ-ნი მაკქეიბი ალჰამბრას და ჩემს წერილებს (თუ ამ ჩემთვის ძალიან საამაყო პარალელს გავაგრძელებ) ძალიან უცნაურ და აბსურდულ რამედ მიიჩნევს, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული ხალხი მის გასართობად აკეთებს (ალბათ ფულისთვის). თუმცა ოდესმე მაინც რომ ეგრძნო ცეკვის უძველესი, ამღლებული, ძირეული ადამიანური ინსტინქტი, აღმოაჩენდა, რომ ცეკვა სულაც არაა ქარაფშუტული – პირიქით, ძალიან სერიოზული რამაა; აღმოაჩენდა, რომ ეს გარკვეული სახის ემოციების გამოხატვის წმინდა და პატიოსანი ხერხია. მსგავსად ამისა, ბერნარდ შოუსა და ჩემსავით პარადოქსის იმპულსი რომ გასჩენოდა ოდესმე, მიხვდებოდა, რომ არც პარადოქსია ფრივოლური, არამედ ძალიან სერიოზული რამაა. მიხვდებოდა, რომ პარადოქსი გარკვეული სახის ჯიუტი სიხარულია, რწმენას რომ ახლავს. ყველა ცივილიზაციას, რომელსაც დაუოკებელი ცეკვის საყოველთაო ჩვევა არ ახასიათებს, სრული მნიშვნელობით დეფექტურ ცივილიზაციად ჩავთვლიდი, ყველა გონებას კი, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით დაუოკებელი აზროვნების ჩვევასაა მოკლებული - დეფექტურ გონებად. ბ-ნი მკქეიბისგან ამაოა იმის თქმა, რომ ბალეტი მისი ნაწილია; ის უნდა იყოს ბალეტის ნაწილი, სხვანაირად მხოლოდ ნაწილია ადამიანის. ამაოა იმის თქმა, რომ „ის არ ეწინააღმდეგება კამათში იუმორის შემოტანას.“ მან თავად უნდა შეიტანოს იუმორი ყველა კამათში; რადგან თუ ადამიანი ნაწილობრივაა იუმორისტი, ის მხოლოდ ნაწილობრივაა ადამიანი. მოკლედ, როცა ბ-ნი მაკქეიბი მეკითხება, რატომ შემაქვს ფრივოლურობა ადამიანის ბუნებაზე მსჯელობაში, ვპასუხობ, რომ ფრივოლუობა ადამიანის ბუნების ნაწილია და იმიტომ. როდესაც მეკითხება, რატომ შემომყავს ის, რასაც თავად პარადოქსს უწოდებს ფილოსოფიურ პრობლემაში, ვპასუხობ, რომ ფლოსოფიური პრობლემები მიდრეკილია პარადოქსულობისაკენ და იმიტომ. როდესაც ეწინააღმდეგება ცხოვრების ჩემეულ, დაუდგრომელ განხილვას, ვპასუხობ, რომ ცხოვრება თავადაა დაუდგრომელი და იმიტომ. და სამყაროც, როგორც მე მას ვხედავ, ბევრად უფრო ჰგავს ქრისთალ პალასის ფოიერვერკს, ვიდრე მის ფილოსოფიას. მთელ სამყაროშია რაღაც დაძაბული და იდუმალი მხიარულება – გაი ფოქსის ღამისთვის მზადების მსგავსი. მარადისობა რაღაცის დასაბამია. ყოველთვის, როცა ვარსკვლავებს ავხედავ, მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს ბიჭუნას გაშვებული შუშხუნის ნაპერწკლებია, დაუსრულებელ ვარდნაში შეკავებული.

No comments:

Post a Comment