სპირტიანი
სამელების პრობლემის მოსაგვარებლად
ახალმა ზნეობამ თავს გვარიანი
ძალადობა დაგვატეხა: ენთუზიაზმის
გამოვლინებები განფენილია
პირველის ნახევარზე გარეთ
გამოყრილ კაცებსა და ბარების
ნაჯახით მარბიელ ქალებს შორის.
დაპირისპირებაში ზომიერ და
გონიერ პოზიციად რატომღაც
ღვინის მხოლოდ წამლად გამოყენება
ითვლება. სწორედ ამ მიდგომის
მიმართ მაქვს განსაკუთრებით
სასტიკი მიუღებლობა. ერთი,
მართლაც უზნეო და ჭეშმარიტად
საშიში ღვინის სმის წესი მისი
წამლის სახით მიღებაა. თუ
ღვინოს სიამოვნებისთვის
სვამ, ცდილობ, რაღაც განსხვავებული
შეიძინო, ისეთი, რასაც განუწყვეტლად
არ ელოდები და თუ ცოტათი
დარტყმული არ ხარ, არც გინდა,
რომ განუწყვეტლად მიიღო. სულ
სხვა საქმეა, თუ ჯანმრთელობისთვის
სვამ; ეს ნიშნავს, რომ გინდა
რაღაც ბუნებრივის მიღება;
ისეთის, რის გარეშეც არ უნდა
დარჩე; რის გარეშე ყოფნასთან
შეგუება ძნელია. ადამიანი,
რომელსაც ექსტაზი განუცდია,
ექსტაზით ცდუნებას გაუძლებს;
ჩვეულებრივობის ექსტაზისთვის
თვალის გაწორება უფრო ძნელია.
ღონიერ კაცს რომ ჯადოსნური
მალამო შესთავაზო და უთხრა:
„ეს აი იმ მონუმენტზე მაღლა
აგახტუნებს,“ უეჭველად
გამოიყენებს და გადაახტება,
მაგრამ ამას მთელი დღის
განმავლობაში, მთელი ქალაქის
დასანახად და გასართობად არ
გააკეთებს. ბევრად უფრო დიდი
ცდუნება იქნება, თუ ამ მალამოს
ბრმას მიაწოდებ და ვეტყვი: „ეს მხედველობას დაგიბრუნებს.“
წარმოუდგენელია, უარი თქვას
მის გამოყენებაზე, ჯიშიანი
ცხენის თქარუნს ან რიჟრაჟზე
ჩიტების გალობას რომ გაიგონებს.
საზეიმოზე უარის თქმა უფრო
ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივზე.
აი ფაქტიც, რომელიც ყველა
ექიმმა იცის: ავდამყოფისთვის
ალკოჰოლოს მიცემა ხშირად
დამღუპველია, მაშინაც კი, როცა
ეს საჭიროა. არ ვამბობ, რომ
ავადმყოფისთვის ალკოჰოლის
გასამხნევებლად მიცემა
ყოველთვის გაუმართლებელია. ვამბობ,
რომ ჯანმრთელისთვის გასამხიარულებლად
მისი მიღება არის მისი ჭეშმარიტი
დანიშნულება, რაც ბევრად უფრო
თავსებადია ჯანმრთელობასთან.
სმის საღი
წესი, სხვა საღი წესების
მსგავსად, პარადოქსულად
მოგეჩვენებათ: დალიე იმიტომ,
რომ ბედნიერი ხარ, არასდროს –
იმიტომ რომ უბედური; თუ უამისოდაც
ცუდად ხარ, არ დალიო, თორემ
ქოხმახების ნაცრისფერსახიან
ლოთს დაემსგავსები. დალიე,
თუ ისედაც კარგად გრძნობ თავს,
მომღიმარ იტალიელ გლეხს რომ
დაემსგავსო. არასდროს დალიო
იმიტომ, რომ გჭირდება - ეს
რაციონალური სმის ჯოჯოხეთური
გზაა; დალიე იმიტომ, რომ არ
გჭირდება – ეს ირაციონალური
სმა და მსოფლიოს უძველესი
ჯანმრთელობაა.
ოცდაათ
წელზე მეტია, რაც დიდი აღმოსავლელის
დიდება და ჩრდილი აწევს ინგლისურ
ლიტერატურას. ომარ ხაიამის
ფიცჯერალდისეული თარგმანი
უკვდავი სიმძაფრით უყრის
თავს ჩვენი დროის ბნელი
ჰედონიზმის მთელ ნაკადს. ამ
ნაშრომის ლიტერატურულ ღირსებაზე
ლაპარაკი ბანალობაა; ადამიანთა
წიგნებს შორის იშვიათად
მოიძებნება მეორე, სადაც
ეპიგრამის შემტევი მხიარულება
და სიმღერის ბუნდოვანი სევდა
ასეა შერწყმული. თუმცა მისი
ფილოსოფიური, ეთიკური და
რელიგიური გავლენაც იმსახურებს
ყურადღებას, რადგან არაფრით
ჩამოუვარდება მის ბრწყინვალებას,
და ეს გავლენა, გამოგიტყდებით,
ჩემში შეურიგებელ, მტრულ
განწყობას აჩენს. რუბაიათის
სულისკვეთების და მისი
არაჩვეულებრივი ზეგავლენის
საწინააღმდეგოდ ბევრი რამ
შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთი
ბრალდება ავისმომასწავებლად
წამოწეულა – მისთვის სამარცხვინოდ
და ჩვენთვის საუბედუროდ. ესაა
საშინელი დარტყმა, რომელსაც
დიდებული წიგნი ცხოვრებისეულ
სიხარულს აყენებს. ვიღაცამ
ომარს „სევდიანი, მხიარული
სპარსი“ უწოდა. სევდიანი არის,
მხიარული – არა, ამ სიტყვის
არანაირი მნიშვნელობით. ის
მხიარულების მტერია - პურიტანელზე
უარესი.
მოხდენილი
და ჩაფიქრებული აღმოსავლელი
ვარდის ხის ქვეშ ღვინიანი დოქით
და ლექსთა გრაგნილით წამოწოლილა.
უცნაურად მოგეჩვენებათ, რომ
ეს ვინმეს საწოლებს შორის
მდგარ ექიმს მოაგონებს, ბრენდის
რომ არიგებს. კიდევ უფრო
უცნაურია ჯინისგან აკანკალებული,
თხრილში ჩავარდნილი ლოთის
გახსენება. თუმცა ამ სამს ღრმა
და ცუდი მსოფლხედველობითი კავშირი
აერთიანებს. ომარ ხაიამის
ღვინის სმა იმით კი არაა ცუდი,
რომ ღვინის სმაა, არამედ იმით,
რომ სამედიცინო ღვინის სმაა.
ესაა უბედური კაცის სმა. ესაა
ღვინო, რომელიც სამყაროს
გახსნის ნაცვლად ახშობს. ეს
არაა პოეტური სმა, ინსტიქტური
და მხიარული; ეს რაციონალური
სმაა, პროზაული, როგორც
ინვესტიცია, უგემური, როგორც
სასაქმებელი ზეთი. ძველი
ინგლისური სუფრულის განწყობა
(და არა სტილი) ზეცას წვდება:
"Then
pass the bowl, my comrades all,
And let the zider vlow."
(„გადააწოდეთ, ერთმანეთს თასი,
დაე იდინოს სიდრმა“)
ამ სიმღერას
აიტაცებდა ბედნიერი ადამიანი,
რადგან მისთვის მართლაც
ძვირფასია ძმობა და მეგობრული
საუბარი, ღარიბთა ხანმოკლე და
კეთილი მოცალეობა. რა თქმა
უნდა, ომარისეული ზნეობის
მიმართ გამოთქმული საყვედურების
უმრავლესობა ბავშვური და
სულელურია. ერთ კრიტიკოსს
ეყო სიბრიყვე, რომ მასზე ეთქვა
ათეისტი და მატერიალისტიაო.
აღმოსავლელისთვის ერთიც და
მეორეც თითქმის წარმოუდგენელია:
ამისთვის აღმოსავლეთი ზედმეტად
კარგადაა გარკვეული მეტაფიზიკაში.
ქრისტიანის მსოფლმხედველობითი
წინააღმდეგობა ომარის რელიგიის
მიმართ ის კი არაა, რომ ღმერთს
ადგილს არ უტოვებს, არამედ
პირიქით – ზედმეტად ბევრ
ადგილს უთმობს ღმერთს. ეს ის
საშინელი თეიზმია, რომელსაც
ვერაფერი წარმოუდგენია, გარდა
ღმერთისა, ადამიანის პიროვნებას
და ნებელობას კი საერთოდ ვერ
ამჩნევს.
"The ball no
question makes of Ayes or Noes,
But Here or There as strikes the
Player goes;
And He that tossed you down into the field,
He
knows about it all—he knows—he knows."
(„ბურთმა არ იცის ჰო და არა,
მხოლოდ იქით და აქეთ – მოთამაშის დარტყმის კვალდაკვალ
მან, ვინც მინდორში ჩამოგაგდო - მან იცის მხოლოდ
ყველაფერი ამის შესახებ.“)
(შესაბამისი ქართული თარგმანი ვერსად მოვიძიე.მთრგმნ.)
აუგუსტინეს
ან დანტეს დარი ქრისტიანი
მოაზროვნე ამას დაგმობდა,
რადგან აქ თავისუფალი ნების
- სულის ამ ღირსებისა და
ვაჟკაცობის - ნიშანწყალიც კი
არსად ჩანს. აღმატებული
ქრისტიანობა ამ სკეპტიციზმში
ღმერთის უარყოფას კი არ ებრძვის,
არამედ ადამიანისას.
სიამოვნების
პესიმისტურ მაძიებელთა კულტის
მსახურებს შორის რუბაიათი
პირველია, მაგრამ არა ერთადერთი.
ჩვენი დროის ბევრი ბრწყინვალე
გონი მოგვიწოდებს, იშვიათ
სიამოვნებებს ჩავეჭიდოთ.
ვალტერ პატერის აზრით, ყველანი
სიკვდილმისჯილები ვართ, ამიტომ
ყველა განსაკუთრებულ წამს
უნდა ჩავებღაუჭოთ. იგივეს
გვასწავლის ოსკარ უაილდის
მძლავრი და უკაცრიელი ფილოსოფია.
ეს carpe diem რელიგიაა. მაგრამ carpe
diem რელიგია არაა ბედნიერი
ადამიანის რელიგია; პირიქით,
ეს ძალიან უბედური ადამიანის
რელიგიაა. დიდი სიხარული
ვარდის კოკორს კი არ აგროვებს
შეძლებისდაგვარად; მისი მზერა
იმ უკვდავ ვარდს ხედავს, დანტე
რომ ჭვრეტდა. დიდი სიხარული
უკვდავების განცდას შეიცავს;
სიყმაწვილის მთელი დიდებულება
ის განცდაა, რომ მთელი სივრცე
მას ეკუთვნის, ფეხი რომ გაშალოს.
დიდი კომიკური ლიტერატურა,
„ტრისტამ შენდი“ ან „პიკვიკი“
სივრცის და შეუბღალავის
განცდაა; ვგრძნობთ რომ პერსონაჟები
უსასრულო ამბის უკვდავი
ადამიანები არიან.
თქმა არ
უნდა, ბედნიერების განცდა
ხანმოკლე და იშვიათი სტუმარია,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
მასზე, როგორც რაღაც წარმავალზე
ვიფიქროთ და „წამიერად
ვისიამოვნოთ.“ ეს რაციონალიზაცია
ბედნიერებას კლავს. ბედნიერება
რელიგიის მსგავსი საიდუმლოა
და რაციონალიზაციას გაურბის.
წარმოივიდგინოთ ადამიანი,
რომელიც სიამოვნების დიდებულ
წამს განიცდის. არ ვგულისხმობ
მინანქრის ნატეხს, ვგულისხმობ
ძლიერ, თითქმის ტკივილამდე
მისულ ბედნიერებას: პირველი
სიყვარულის ექსტაზს, ან ბრძოლაში
გამარჯვების განცდას.
შეყვარებულისთვის ეს სიამოვნებაა,
მაგრამ სიამოვნება ქალისთვის,
ან საკუთარი თავისთვის, და
არა „სიამოვნება სიამოვნებისთვის.“
მეომარი განიცდის სიამოვნებას,
მაგრამ არა სიამოვნებისთვის,
არამედ დროშისთვის. მიზეზი
დროშის აფრიალებისთვის
შეიძლება ბრიყვული და წარმავალი
არმოჩნდეს, სიყვარული კი -
ყმაწვილური გატაცება და ერთ
კვირას გასტანოს; მაგრამ
პატრიოტისთვის დროშა მარადიულია,
შეყვარებულისთვის სიყვარული
– დაუსრულებელი. ეს წამები
მარადისობითაა აღსავსე; ეს
წამები იმიტომაა ბედნიერი,
რომ წამიერად არ გვეჩვენება.
შეხედე მათ პატერივით - როგორც
წამებს - და მაშინვე ხელში
რაღაც ცივი შეგრჩება - პატერისა
და მისი სტილივით ცივი. ადამიანს
არ ძალუძს რამე მოკვდავის
შეყვარება. მას შეუძლია მხოლოდ
უკვდავის წამიერი სიყვარული.
პატერის
შეცდომა მის ყველაზე ცნობილ
ფრაზაში იკვეთება. ის მოგვიწოდებს
ვიწვოდეთ მყარი, ალმასური
ცეცხლით. ცეცხლი არასდროსაა
მყარი და ალმასური – შეუძლებელია
მისი ხელში დაჭერა ან დამუშავება.
ასევეა ადამიანური ემოციები
– ალივით საშიში შესახებად
ან თუნდაც საკვლევად. ერთადერთი,
რაც ვნებას ალმასივით გაამყარებს,
გაცივებაა. არაფერს ისე არ
გაუბერწებია ადამიანის
ბუნებრივი სიყვარული და
სიცილი, როგორც ესთეტთა ამ
carpe diem-ს. ნებისმიერ სიამოვნებას
ამისგან სრულიად განსხვავებული
განწყობა სჭირდება: მორცხვობა,
ბუნდოვანი იმედი, ბავშვური
მოლოდინი. სიწმინდე და სიმარტივე
განუყოფელია ვნებისაგან –
თვით ბოროტისგანაც კი. ბოროტებასაც
კი სჭირდება უმანკოების
მსგავსი რამ.
ომარის
(თუ ფიცჯერალდის) გავლენა
მსოფლიოზე მძიმე და დამადამბლავებელია.
პურიტანელები, უკვე ვთქვი,
უფრო მხიარულები არიან; თოროს
და ტოლსტოის მიმდევარი ახალი
ასკეტები – უფრო სიცოცხლისმოყვარულები.
მიუხედავად იმისა, რომ სასმელსა
და მსგავს ფუფუნებაზე ხელის
აღება შეიძლება უაზრო უარყოფად
მოგვეჩვენოს, ადამიანის
განკარგულებაში მაინც უამრავი
ბუნებრივი სიამოვნება დარჩება.
თორო დაისით ყავის გარეშეც
ისიამოვნებს; ტოლსტოის თუ
ქორწინება არ მოსწონს, იმდენი
ჯანმრთელობა მაინც შერჩენია,
რომ ტალახმა აღაფრთოვანოს.
ბუნებით ტკბობა ყველაზე უფრო
ბუნებრივი ფუფუნებების გარეშეც
შეიძლება. ლამაზ ბუჩქს ღვინო
არ სჭირდება, მაგრამ არც ბუნება,
არც ღვინო და არც სხვა რამ
სიამოვნებას არ განგაცდევინებს,
თუ ბედნიერების მიმართ არასწორი
დამოკიდებულება გაქვს; ომარის
(თუ ფიცჯერალდის) დამოკიდებულება
სწორედ ასეთია. ის და მისი
გავლენის ქვეშ მყოფნი ვერ
ხედავენ, რომ თუ გინდა ჭეშმარიტად
მხიარული იყო, უნდა გწამდეს,
რომ თვით საგანთა ბუნებაშია
მარადიული სიხარული. უბრალო
ცეკვითაც კი ვერ სიამოვნებ,
თუ არ გჯერა, რომ ვარსკვლავებიც
იგივე მოტივზე ცეკვავენ.
ნამდვილად მხიარული მხოლოდ
სერიოზული ადამიანი შეიძლება
იყოს. „და ღჳნო ახარებს გულსა
კაცისასა,“ გვასწვლის წმინდა
წერილი, მაგრამ მხოლოდ იმ
კაცისას, რომელსაც გული აქვს.
ბოლოსდაბოლოს, სიამოვნება
მხოლოდ საგანთა ბუნებაშია.
ბოლოსდაბოლოს, სიამოვნება
მხოლოდ რწმენაშია. ერთ დროს
ადამიანს სწამდა, რომ ვარსკვლავები
მისი ტაძრის ჰანგზე ცეკვავენ,
და მას შემდეგ ასე არასდროს
უცეკვია. ამ წარმართულ
ევდემონიასთან, ისევე, როგორც
მის ქრისტიანულ ნაირსახეობასთან
რუბაიათის ბრძენს არაფერი
ესაქმება. ის არც წმინდანია
და არც ბახუსის მიმდევარი.
დიონისო და მისი ეკლესია
სიცოცხლის ხალისს ეფუძნება
– უოლტ უიტმენის მსგავსს.
დიონისომ ღვინო საიდუმლოდ
შექმნა და არა წამლად. იესო
ქრისტემაც საიდუმლო შექმნა,
და არა წამალი. ომარი კი მას
წამლად აქცევს. ის ზეიმობს,
რადგან სიცოცხლე უსიხარულოა,
ის ქეიფობს, რადგან უქეიფოდაა.
„ დავლიოთ,“ ამბობს, „ რადგან
არ ვუწყით, საიდან მოვსულვართ,
ან რისთვის. დავლიოთ, რადგან
არ ვიცით, სად წავალთ და როდის.
დავლიოთ, რადგან არაფერია
სარწმუნო და საომარი. დავლიოთ,
რადგან ყველაფერი თანაბრად
ცუდი და ბოროტად მშვიდია.“
ასეთია ის – თასით ხელში.
ქრისტიანობის მაღალ საკურთხეველზე
კი სხვა შემართულა. მასაც
ღვინიანი თასი უპყრია. „დალიე,“
ამბობს ის, „რადგან სამყარო
ამ ღვინის ფერია, სიყვარულივით
და ღვთის რისხვასავით ალისფერი.
დალიე, რადგან საბრძოლო ბუკი
გიხმობს და გამხნევება გმართებს.
დალიე, რადგან ესაა სისხლი
ჩემი ახალი აღთქმის, შენთვის
დათხეული. დალიე, რადგან ვიცი,
საიდან მოხვედი და რატომ.
დალიე, რადგან ვიცი, სად წახვალ და როდის.“
No comments:
Post a Comment