VI შობა და ესთეტები

სამყარო მრგვალია; იმდენად მრგვალი, რომ ოპტიმისტური და პესიმისტური სკოლები უხსოვარი დროიდან არკვევენ, აღმა იყურება თუ დაღმა. სიძნელის წყარო ის კი არაა, კეთილი და ბოროტი რომ დაახლოებით თანაბარი პროპორციითაა შერეული, არამედ ის, რომ ადამიანები ვერ თანხმდებიან, რომელი ნაწილია კეთილი და რომელი – ბოროტი. აქედანვე მომდინარეობს „არადენომინაციური რელიგიების“ სიძნელეც; აცხადებენ, რომ ყველა რწმენიდან საუკეთესო აქვთ აღებული, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ საქმე პირიქითაა. ყველა ფერის შერევამ, წესით, სრულყოფილი თეთრი უნდა მოგვცეს. სინამდვილეში პალიტრაზე ყოველთვის ტალახისმაგვარი რამ გამოდის, რაც ძალიან ჰგავს ახალ რელიგიებს. რწმენათა ასეთი ნარევი ხშირად ყველა ცალკე აღებულზე უარესია. შეცდომა იმის გარჩევის სიძნელიდან მოდის, რომელია კარგი ნაწილი და რომელი – უვარგისი ამა თუ იმ რელიგიაში. ეს უბედურება განსაკუთრებით იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ რელიგიის ნაწილები, ზოგადად კარგად რომ ითვლება, სინამდვილეში ცუდია და პირიქით.

ტრაგედიაა, როცა ადამიანთა ჯგუფით გულწრფელი აღტაცებას ამ ჯგუფის ფოტოგრაფიული ნეგატივითაა გამოწვეული. ძნელია, სითეთრის სიშავე მოიწონო, სიშავისა კი სითეთრე. ასეთი რამ ხშირად გვემართება რელიგიებთან დაკავშირებით. ავიღოთ ორი ინსტიტუტი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის რელიგიურ ენერგიას ამოწმებს: ხსნის არმია და ოგიუსტ კონტის ფილოსოფია.

ხსნის არმიასთან დამოკიდებულებას განათლებული ხალხი დაახლოებით ასეთი სიტყვებით გამოხატავს ხოლმე: „ეჭვი არავის ეპარება, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ეს ვულგარულად და წარმართულად გამოსდით; მიზნები შესანიშნავი აქვთ, მაგრამ მეთოდები – უვარგისი.“ სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ზუსტად საპირისპიროა მართალი: არ ვიცი, შესანიშნავია თუ არა ხსნის არმიის მიზნები, აი მეთოდები კი აღტაცებას იწვევს. ესაა ყველა მძაფრი და გულითადი რელიგიის მეთოდები; ხალხური, როგორც ყველა რელიგია, მებრძოლი, როგორც ყველა რელიგია, საჯარო და შთამბეჭდავი, როგორც ყველა რელიგია. ესენი არ არიან უფრო მოწიწებულნი, ვიდრე კათოლიკეები, რადგან მოწიწება, ამ სიტყვის ნაღვლიანი და მოკრძალებული მნიშვნელობით მხოლოდ ურწმუნოთათვის არის შესაძლებელი. ამ მშვენიერ მწუხრს ნახავთ ევრიპიდესთან, რენანთან და მეთიუ არნოლდთან, მორწმუნესთან კი – ვერასდროს, აქ მხოლოდ სიცილი და ბრძოლაა. ასეთ მოწიწებას ვერ იგრძნობ მარმარილოსავით მყარი ჭეშმარიტების მიმართ; მას მშვენიერი ტყუილი თუ აღგიძრავს. ხსნის არმიის ხმაც, მახინჯ გარემოში ხაფად რომ ისმის, ძველი, ბედნიერი და გაბრაზებული რწმენის ხმაა, დიონისოს ღრეობასავით ხმაურიანი და კათოლიკური გარგულიებივით ველური – აქ არ ვგულიახმობ ფილოსოფიას. პროფესორმა ჰაქსლიმ ერთ თავის ბრძნულ ფრაზაში ხსნის არმიას „აულაგმავი ქრისტიანობა“ უწოდა. ჰაქსლი უკანასკნელი და უკეთილშობილესია იმ სტოიკოსთა შორის, რომლებსაც ჯვარი არასდროს ესმოდათ. მას რომ ქრისტიანობა გაეგო, ისიც ეცოდინებოდა, რომ ქრისტიანობა ალაგმული არც არასდროს ყოფილა და ვერც ოდსემე გახდება.

მეთოდებსა და მიზნებს შორის ეს არსებითი სხვაობაა: ხსნის არმიის მიზნების განსჯა ძალიან ძნელია, რიტუალსა და განწყობაზე მსჯელობა კი ძალიან ადვილი. გენერალი ბუთის განსახლების გეგმის ავსა და კარგს მხოლოდ სოციოლოგი თუ შეაფასებს, მაგრამ სასულე ორკესრტის ხმა რომ კარგია, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი გეტყვით. სტატისტიკის ფურცელი, საცხოვრებლის გეგმა, ყველაფერი, რაც რაციონალურია, უბრალო გონებისთვის რთულია. ირაციონალურს კი ყველა იგებს. ამიტომ გავრცელდა რელიგია ასე ადრე და ასე ფართოდ. ამიტომ შეიქმნა მეცნიერება ასე გვიან და საერთოდ ვერ გავრცელდა. ისტორია პირდაპირ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისტიციზმი ერთადერთი რამაა, რაც ხალხისგან გაგების უმცირეს შანსს ინარჩუნებს. საღი აზრი ეზოთერულ საიდუმლოდ უნდა იქნას დაცული კულტურის ბნელ ტაძარში. და თუ ხსნის არმიის ქველმოქმედების გულწრფელობაზე ექიმებს შეუძლიათ იკამათონ, მათი სასულე ორკესტრების გულწრფელობა ხალასი და უტყუარია, რადგან სასულე ორკესტრი პირწმინდად სულიერია და შინაგანი ცხოვრების გამოცოხლებას ემსახურება. ქველმოქმედების მიზანია აკეთო კეთილი საქმე; რელიგიის მიზანი კი – თავად იყო კეთილი, თითბრის თეფშების ჟღარუნში, თუნდაც წამიერად.

ასეთივე ანტითეზა გვაქვს სხვა თანამედროვე რელიგიაზეც – ვგულისხმობ კონტის რელიგიას, ანუ კაცობრიობის თაყვანისცემას, საზოგადოდ პოზიტივიზმის სახელით რომაა ცნობილი. ფრედერიკ ჰარისონი, ეს ბრწყინვალე, რაინდული სულის ფილოსოფოსი, რომელიც პიროვნული თვისებების წყალობით მაინც რწმენის სასარგებლოდ მეტყველებს, გვეტყოდა, რომ კონტის მხოლოდ ფილოსოფიას გვთავაზობს, ყოველგვარი ფანტასტიკური გამოვლინებების – ახალი კალენდარის, დღესასწაულების და ცერემონიალების გარეშე. ის არ მოითხოვს, რომ ჰუმანიზმის ქურუმებივით გამოვეწყოთ ან ფოიერვერკი მოვაწყოთ მილტონის დაბადების დღის გამო. სოლიდური ინგლისელი კონტისტისთვის, მისი აზრით, ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, აბსურდულია. მე კი მგონია, რომ ეს კონტიზმის ერთადერთი აზრიანი ნაწილია – როგორც ფილოსოფია, ის სრულიად უვარგისია. ცხადია, რომ კაცობრიობის თაყვანისცემა ისეთივე შეუძლებელია, როგორც სევილის კლუბის. ორივე შესანიშნავი დაწესებულებაა, რომელთა წევრობაც სასიამოვნოა. თუმცა ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ სევილის კლუბს სამყარო ვარსკვლავებით არ შეუვსია. უაზროა, სამების დოქტრინას დამაბნეველი მისტიციზმის გამო უტევდე და ერთდროულად ადამიანებს მოსთხოვო, თაყვანი სცენ ღმერთს, ოთხმოცდაათ მილიონ პიროვნებას რომ აერთიანებს.

თუ კონტის სიბრძნე სიბრიყვეა, მისი სიბრიყვე ნამდვილი სიბრძნეა. დამტვერილი თანამედროვეობის ეპოქაში, როდესაც მშვენიერებას პრიმიტიულად თვლიან, სიმახინჯეს კი სიბრძნედ აღიქვამენ, მხოლოდ მან დაინახა, რომ ადამიანს ყოველთვის დასჭირდება მასკარადის სიწმინდე. მან დაინახა, რომ თუმცა ამ გაუთლელს ბევრი სასარგებლო რამ აქვს, მხოლოდ უსარგებლოა ჭეშმარიტად ადამიანური. მან დაინახა თითქმის საყოველთაოდ გავრცელებული დღევანდელი აზრის მცდარობა, თითქოს რიტუალები ხელოვნური, ზედმეტი და გადაგვარებულია. რიტუალი სინამდვილეში აზრზე ბევრად უფრო ძველია, უფრო მარტივია და დაუოკებელი. საგანთა არსთან მიახლოება ადამიანს არა მარტო იმას აგრძნობინებს, რომ არსებობს სწორი სათქმელი, არამედ იმასაც, რომ არსებობს სწორი საკეთებელიც. ამათგან უფრო სასიამოვნო მოიცავს ცეკვას, ტაძრების შენებას და ძალიან ხმამაღალ ყვირილს; ნაკლებად სასიამოვნო კი მწვანე მიხაკის ტარება და სხვა ფილოსოფოსების კოცონზე დაწვაა. ყველგან რელიგიური როკვა უსწრებდა რელიგიურ გალობას და ადამიანი რიტუალებს მანამდე ასრულებდა, ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდა. თუ კონტიზმი გავრცელდა, მსოფლიოს კონტისტური ფილოსოფია კი არა, კალენდარი მოაქცევს. ინგლისელმა პოზიტივისტებმა საკუთარი რელიგია დააუძლურეს, როცა წინამძღოლის სიძლიერე სისუსტედ მონათლეს. თუ გწამს, არამარტო მოწამეობისთვის უნდა იყო მზად, არამედ გამასხარავებისთვისაც. უაზრობაა იმაზე ლაპარაკი, თითქოს ადამიანი მზადაა იღვაწოს და მოკვდეს რწმენისთვის, როდესაც თავზე ყვავილების უბრალო გვირგვინსაც კი არ დაიდებს მისი გულისთვის. მე, მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ ჩავუღრმავდები კონტის ნაშრომებს, თუმცა ადვილად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ვაჩაღებ კოცონს დარვინის დღის აღსანიშნავად.

ეს დიდებული ძალისხმევა ისევე, როგორც ყველა სხვა მსგავსი წამოწყება, ჩაფლავდა. არც რაციონალისტური დღესასწაული არსებობს და არც რაციონალისტური თავდავიწყება. ადამიანები დღემდე გლოვობენ ღმერთის სიკვდილს. გასულ საუკუნეში ქრისტიანობაზე, როგორც ადამიანური სიხარულის მტერზე განხორციელებული შეტევები ყოველგვარ მიზეზს მოკლებულ თავდასხმებზე უფრო ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა. შელი, სუინბერნი და მთელი მათი არმიები გაუთავებლად ტკეპნიდნენ ნიადაგს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. ვერანაირი ახალი ჯილდო მსოფლიო მხიარულებას ვერ დაუწესეს. ვერცერთ ახალ დღესასწაულს ვერც სახელი მოუგონეს და ვერც მიზეზი. ბატონი სუინბერნი თავის წინდებს ვიქტორ ჰიუგოს დაბადების დღისთვის არ ჰკიდებს ხოლმე. ბ-ნი უილიამ არჩერიც არ უგალობს იბსენის დაბადებას თოვლიან ქუჩაში. რაციონალური და გაუხარელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღესასწული რჩება იმ უამრავი მხიარულებისაგან, რომელიც ოდესღაც მთელ დედამიწას მოიცავდა. შობა იმ დროს გვახსენებს, წარმართულსა თუ ქრისტიანულს, როდესაც პოეზიას ბევრი სჩადიოდა, ნაცვლად იმისა, რომ ცოტას ეწერა. ზამთარში, ჩვენს ტყეში, ერთადერთი ხე – ბაძგი ბრწყინავს (სიტყვათა თამაში: holly - ბაძგი).

ამ უცნაურ ჭეშმარიტებას სიტყვა „დღესასწაული“ გადმოსცემს. ერთი შეხედვით ძნელი მისახვედრია, ესოდენ ადამიანურს - მოცალეობას და მხიარულებას რატომ უნდა ჰქონოდა ყოველთვის რელიგიური წარმომავლობა. არ მოინახება რაციონალური მიზეზი, რომელიც ხელს უშლის სიმღერას და ერთმანეთის დასაჩუქრებას, ვთქვათ, მიქელანჯელოს დაბადების, ამ იუსტონის სადგურის გახსნის დღეს. რატომღაც ეს არ მუშაობს. ადამიანი ხარბად და დიდებულად მატერიალური მხოლოდ სულიერთან დაკავშირებით ხდება. გააუქმეთ ნიკეის მრწამსი და რაღაც უცნაურ უბედურებას შეჰყრით ძეხვის გამყიდველებს. წაართვით უცნაური მშვენიერება წმინდანებს და უანდსუორთის სიმახინჯე შეგრჩებათ. გადააგდეთ ზებუნებრივი და ნარჩენი არაბუნებრივი აღმოჩნდება.

ბოლოს ძალიან ნაღვლიან საგანს უნდა შევეხო. თანამედროვეთა შორის არის შესანიშნავ ადამიანთა ფენა, რომელიც აპროტესტებს იმას, რასაც ნეტარი ავგუსტინეს antiqua pulchritudo-ს უწოდებს, როდესაც ჩვილი მსოფლიოს დროინდელ, ძველ დღესასწაულებს იგონებს. უილიამ მორისმა და მისმა მიმდევრებმა გვაჩვენეს, რამდენად უფრო ნათელი იყო ბნელი საუკუნეები მანჩესტერის ეპოქასთან შედარებით. უილიამ ბათლერ იეიტსი ფეხს პრეისტორიულ ცეკვას უწყობს, მაგრამ არავინ უერთებს ხმას მივიწყებულ გუნდს, რომელიც მხოლოდ მას ესმის. ჯორჯ მური აგროვებს ირლანდიური წარმართობის ყველა ფრაგმენტს, რომელიც კათოლიკური ეკლესიის გულმავიწყობას გადაურჩა თუ მისმა სიბრძნემ შეინარჩუნა. უამრავი სათვალიანი, მწვანე სამოსში გამოწყობილი ადამიანი, ოცნებობს ოლიმპიური თამაშების და მაისის ხის დაბრუნებაზე. ამ ადამიანებში არის რაღაც შემაშფოთებელი, რაც შობის დაკარგვაზე მიანიშნებს. ძალიან მტკივნეულია ადამიანის ბუნების ამ კუთხით განხილვა, მაგრამ ვფიქრობ, ბატონ მურს კოვზი არ მისცეს, როცა პუდინგს ანთებდნენ. შესაძლოა, არც ბ-ნ იეიტს აუფეთქებია საშობაო ტკაცუნები. მაშ სადაა მათი საზეიომო განწყობა და ოცნებები? ქუჩის გაცხოველებული ვაჭრობის უძველეს სადღესასწაულო ტრადიციაზე ფიქრობენ, რომ ვულგარულია. დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მაისის ხის დროში იფიქრებდნენ, რომ მაისის ხეა ვულგარული; კენტენბერის პილიგრიმობის დროში – რომ პილიგრიმობაა ვულგარული; ასევე იქნებოდა ოლიმპიადების დროშიც. თავს ნურავინ მოიტყუებს: თუ ვულგარულობაში მოუხეშავ ენას, ტლანქ ხუმრობას, თავშეუკავებელ საქციელს, ჭორაობას და გვარიან სმას ვგულისხმობთ, ის ყოველთვის ახლდა და ახლავს მხიარულებას, ახლავს რწმენას და ღმერთებს. სადაც რწმენაა, იქ მხიარულებაა, სადაც მხიარულებაა, იქ საშიშროებაცაა. რწმენა და მითოლოგია ქმნის დიდ და მძლავრ ცხოვრებას, თავის მხრივ, დიდი და მძლავრი ცხოვრება ქმნის რწმენას და მითოლოგიას. თუ ოდესმე ინგლისელს ინგლისურ მიწაზე დავაბრუნებთ, ის მორწმუნე გახდება და თუ ყველაფერი კარგად წავა, ცრუმორწუნეც. თანამედროვე ცხოვრებიდან რწმენის ორივე – მაღალი და დაბალი ფორმის გაქრობა ძირითადად ბუნებასთან, ხეებთან და ღრუბლებთან გაყრამ გამოიწვია. გოგრის საფრთხობელების გაქრობა ძირითადად გოგრის უქონლობამ განაპირობა.









No comments:

Post a Comment