XVIII ახალგაზრდა ერის მცდარ მეტაფორაზე

თქვა ადამიანზე, რომ იდეალისტია, იგივეა, რომ თქვა – ადამიანიაო. თუმცა არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები: კაცობრიობა შეიძლება ცნობიერ და არაცნობიერ იდეალისტებად დავყოთ. ამის მსგავსია კაცობრიობის ცნობიერ და არაცნობიერ რიტუალისტებად დაყოფა. საინტერესო ისაა, რომ ცნობიერი რიტუალიზმი შედარებით უფრო მარტივია, არაცნობიერი კი მძიმეა და რთული.  შედარებით პრიმიტიული და სწორხაზოვანი რიტუალიზმი ისაა, ადამიანები პირდაპირ რომ ეძახიან „რიტუალისტურს.“ ის მარტივისაგან შედგება, მაგალითად პურისაგან, ღვინისაგან და ცეცხლისაგან. რიტუალს, რომელიც ნამდვილად რთული, მრავალფეროვანი, დეტალური და აუტანლად ფორმალისტურია, ადამიანები არაცნობიერად ასრულებენ. ის მართლაც რთულ ელემენტებს შეიცავს, მაგალითად: ფეხის საწმენდ ხალიჩას, კარის ჩაქუჩს, ელექტროზარს, ცილინდრს, თეთრ ჰალსტუხს, ბრჭყვიალა ბარათს და კონფეტის. თანამედროვე ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია ძველსა და მარტივთან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის რაიმე რელიგიურს აღასრულებს. რიტუალისგან თავის დაღწევას თანამედროვე ადამიანი რიტუალისტურ ეკლესიაში თუ შეძლებს. ამ ძველი და მისტიკური ფორმალობების შემთხვევაში ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიტუალი მხოლოდ რიტუალი არაა; რომ გამოყენებული სიმბოლოები პირველადი ადამიანური პოეზიის ნაწილია. ალბათ ქრისტიანული ცერემონიალის დაუძინებელი მტერიც კი აღიარებს - ეკლესიას რომ არ დაეწესებინა პური და ღვინო, ამას ვინმე სხვა გააკეთებდა. ყველა, ვინც პოეტურ ალღოს არაა მოკლებული, დაგეთანხმებათ, რომ პური, როგორც სიმბოლო, ძნელად თუ შეიძლება რამით ჩაანაცვლო; რომ იქ, სადაც სიმბოლო ღვინოა, სხვა რამ ძნელად თუ გამოდგება. აი თეთრი ჰალსტუხი საღამოს - რიტუალია და სხვა არაფერი. არავინ გეტყვით, თეთრი ჰალსტუხი პირველადი და პოეტურიაო. არავინ დაიჟინებს, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ალღო ოდესმე მიდრეკილი იყო საღამოს იდეის სიმბოლოდ თეთრი ჰალსტუხი ექცია. ჩემი წარმოდგენით, ჩვეულებრივი ადამიანური ალღო, საღამოს სიმბოლოდ ყელსახვევს ამჯობინებდა, დაისის ფერებით შეფერილს. ბ-ნ ჯეი ეი ქენზითს, მაგალითად, წარმოუდგენია, რომ რიტუალიზმთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანივის მსგავსად, მისი ყოველდღიურობა უწყვეტი მისტიკური მასკარადი და ფუსფუსია. ასიდან ერთი მაგალითი ავიღოთ: წარმომიდგენია, როგორ მოუხდის ქუდს ბ-ნი ქენზითი ქალს; განყენებულად თუ შევხედავთ, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო პომპეზური და უაზრო, როცა სხვა სქესის არსებობის ფაქტს სამოსის ნაწილის გახდით და ჰაერში აფრიალებით ავღნიშნავთ? ვიმეორებ, ეს არაა ბუნებრივი და პრიმიტიული სიმბოლო, ცეცხლის ან პურის მსგავსი. ადამიანმა ასეთივე წარმატებით შეიძლება ჟილეტიც გაიძროს, და თუ ეს მისი ცივილიზაციის სოციალური რიტუალია, ყველა წესიერი და ზრდილობიანი კაცი იგივეს გააკეთებს ქალის დანახვისას. მოკლედ, ბ-ნი ქენზითი და მის თანამოაზრენი თვლიან, და თანაც გულწრფელად, რომ ადამიანები სხვა სამყაროს თაყვანისცემას ზედმეტად უკმევენ გუნდრუკს. არავინ ფიქრობს, რომ ზედმეტი ცერემონიალური ყურადღებით და გუნდრუკის კმევით თავად ამ სამყაროს თაყვანისცემაშია ჩართული. ამრიგად, ყველა რიტუალისტია, შეგნებულად თუ შეუგნებლად. შეგნებული, ზოგადად, მცირედი და მარტივი, ელემენტარული ნიშნებით კმაყოფილდება; შეუგნებელს ვერაფერი აკმაყოფილებს, მან მთელი ცხოვრება ნახევრადშეშლილ რიტუალად აქცია. პირველს რიტუალისტს უწოდებენ, რადგან ერთი რიტუალი აღმოაჩინა და ახსოვს; მეორეს ანტი-რიტუალისტი ჰქვია, რადგან ათასს აღასრულებს და ყველა ავიწყდება. ეს განსხვავება, რომელიც უნებურად ასე გრძლად აღვწერე, შეგნებულ და შეუგნებელ იდეალისტს შორის განსხვავების მსგავსია. ცინიკოსის და მატერიალისტის ლანზღვა უსარგებლო საქმეა: არც ცინიკოსი და არც მატერიალისტი არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი იდეალისტია; უბრალოდ ძალიან ხშირად ხდება, რომ არასწორ იდეალს ირჩევს. ნებისმიერი ადამიანი უკურნებლად სენტიმენტალურიცაა; სამწუხაროდ, ხშირად სენტიმენტები აქვს ყალბი. რომელიმე უსინდისო კომერსანტზე საუბრისას გვითქვამს, რომ ის ფულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს არაა ზუსტი გამოთქმა. კაცმა რომ თქვას, ეს გვარიანი ცილისწამებაა. ფულისთვის ის ყველაფერს არ გააკეთებს. ის ფულისთვის მხოლოდ ზოგიერთ რამეს იკისრებს: მაგალითად, გაყიდის სულს, და მირაბოს ხუმრობისა არ იყოს, ჭკვიანურადაც მოიქცევა, რადგან „ნაგავში ფულს აიღებს;“ მაგალითად, შეავიწროებს კაცობრიობას. მაგრამ საქმე ისაა, რომ მას არ სჯერა არც სულის და არც კაცობრიობის – ეს არაა მისი იდეალები. თუმცა მას აქვს იდეალები - ბუნდოვანი და დელიკატური – და ის მათ ფულზე არ გაცვლის. ის არ დახვრიპავს წვნიანს ჩამჩით ფულისთვის; ის არ ატარებს ფრაკს უკუღმა ფულისთვის; ფულის გულისთვის ის არ გაავრცელებს ცნობას, რომ ტვინის დარბილება აქვს. ცხოვრებისეული გამოცდილება იდეალების საკითხში რიტუალების მსგავს მდგომარეობას გვიხატავს. ვხედავთ, რომ ფანატიზმის საფრთხე, რომელიც სავსებით რეალურად მომდინარეობს არაამქვეყნიური იდეალების მქონე ადამიანებისაგან, არანაკლებ რეალურია ამქვეყნიური იდეალების მატარებელთაგან.

როცა ამბობენ, რომ იდეალი საფრთხის შემცველია, რომ ის წამლავს და აგიჟებს, ეს სრული სიმართლეა. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მომწამვლელი იდეალის ნაკლებიდეალისტური სახეობაა. ნაკლებად მომწამვლელი იდეალი  კი ძალიან იდეალისტური იდეალია; ის უცებ გვაფხიზლებს, როგორც დიდ სიმაღლეს, ღრმა უფსკრულს და დიდ მანძილს სჩვევია. ძალიან ცუდია, თუ ღრუბელი ყურეში აგვერევა; და ეს მით უფრო შესაძლებელია, რაც უფრო ახლოა ღრუბელი მიწასთან. ასევე საშიშია, როცა იდეალი რაღაც პრაქტიკულში გერევა, და აქაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე საშიში ამ თვალსაზრისით ის იდეალია, რომელიც პრაქტიკულად გამოიყურება. ძნელია მაღალი იდეალის მიღწევა და შესაბამისად, საკუთარი თავის დარწმუნებაც იმაში, რომ მას მიაღწიე. დაბალი იდეალი იოლი მისაღწევია და საკუთარი თავის ამაში დარწმუნებაც ადვილია, მაშინაც კი, თუ მსგავსი არაფერი გაგიკეთებია. შემთხვევითი მაგალითი ავიღოთ. ვთქვათ, კაცს დაუსახავს მიუღწეველი სიმაღლის მიზანი – გახდეს მთავარანგელოზი. ასეთი კაცი ალბათ გამოავლენს ასკეტიზმს,  შესაძლოა სიშლეგესაც, მაგრამ არა მგონია მოჩვენებები დაეწყოს: ის არ იფიქრებს, რომ მთავარანგელოზი გახდა და ხელების ქნევას არ დაიწყებს, აქაოდა ფრთებიაო. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს დაბალი იდეალი აქვს – უნდა, რომ ჯენტლმენი იყოს. ყველა, ვისაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, გეტყვით, რომ ცხრა კვირა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ კაცმა საკუთარი ჯენტლმენობა ირწმუნოს. და რადგან ეს ასე არაა, შედეგიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულიად რეალურ და პრაქტიკულ დეფორმაციას და უსიამოვნებას გამოიწვევს. თვინიერი იდეალებია და არა ბობოქარი, ქვეყანას რომ აზანზარებენ.

არსის საილუსტრაციოდ იქნებ პარალელი თანამედროვე პოლიტიკიდან მოვიშველიოთ. ამბობენ, თითქოს გლადსტონის ტიპის ძველ ლიბერალებს მხოლოდ იდეალები აღელვებდათ, რაც რა თქმა უნდა, სისულელეა – მათ კიდევ ბევრი რამ აღელვებდათ, ხმების ჩათვლით. და როდესაც გვესმის, რომ ჩემბერლენისა თუ ლორდ როუზბერის ყაიდის თანამედროვე პოლიტიკოსებს, , მხოლოდ ხმები თუ მატერიალური ინტერესი ამოძრავებთ, კვლავ სისულელეა – ამ ადამიანებს, სხვების მსგავსად, იდეალებიც აქვთ. რეალური განსხვავება ისაა, რომ ძველი პოლიტიკოსის იდეალი იდეალი იყო, და სხვა არაფერი, ახალისთვის კი ოცნება უბრალოდ კარგი ოცნება კი არა, რეალობაა. ძველი პოლიტიკოსი იტყოდა: „კარგი იქნებოდა რომ მსოფლიოში რესპუბლიკური ფედერაცია  დომინირებდეს.“ თანამედროვე პოლიტიკოსი კი აღარ ამბობს: „კარგი იქნებოდა, მსოფლიოში ბრიტანული იმპერიალიზმი რომ დომინირებდეს, ის ამბობს: „კარგია, რომ მსოფლიოში ბრიტანული იმპერიალიზმი  დომინირებს;“ სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ხდება. ძველი ლიბერალი იტყოდა: „ირლანდიაში კარგი ირლანდიული მმართველობაა საჭირო.“ ჩვეულებრივი თანამედროვე უნიონისტი არ ამბობს: „ ირლანდიაში კარგი ინგლისური მმართველობაა საჭირო;“ არამედ: „ირლანდიაში კარგი ინგლისური მმართველობაა;“ რაც აბსურდია. მოკლედ, თანამედროვე პოლიტიკოსი თვლის, რომ ადამიანს პრაქტიკულობას პრაქტიკულ საგნებზე გაკეთებული განცხადებები სძენს. როგორც ჩანს, ბოდვა მისაღებია, თუ ის მატერიალისტური ბოდვაა. უმეტეს ჩვენგანს ალღო სრულიად საპირისპიროს კარნახობს. კაცს, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთია, უფრო გავუზიარებდი ჩემს ბინას, ვიდრე იმას, ვინც თვლის, რომ კალიაა. პრაქტიკული საგნებისა და სახეების მუდმივ ტყვეობაში ყოფნა, ყველა საქმის აქტუალურად, გადაუდებელად და დასრულების პროცესში მყოფად აღქმა – ასეთი რამ სულაც არ ამტკიცებს ადამიანის პრაქტიკულობას; ეს უფრო აშლილობის დამახასიათებელი ნიშნებია. ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო მოღვაწეთა მატერიალიზმი სულაც არ გამორიცხავს მათ ავადმყოფურობას. ხილვაში ანგელოზების ნახვამ შეიძლება ადამიანს ზებუნებრივისაკენ გადაჭარბებული სწრაფვა გაუჩინოს. აი ალკოჰოლურ ცხელებაში დანახული გველები მას ბუნებისმეტყველებისკენ ვერ უბიძგებს.

და როდესაც ჩვენი თანამედროვე პრაქტიკული პოლიტიკოსების ძირითად ცნებებს ვეცნობით, ვრწმუნდებით, რომ ეს ძირითადად ილუზიებია. ეს ფაქტი უამრავი მაგალითითაა გამაგრებული. ავიღოთ სიტყვა „კავშირი“, მასთან დაკავშირებული ცნებები და ქება-დიდება. თქმა არ უნდა, რომ გაერთიანება შინაგანად არაფრით არაა უკეთესი, ვიდრე დაშლა. კავშირის მხარდამჭერი პარტია და დაშლის მხარდამჭერი პარტია ისეთივე აბსურდულია, როგორც კიბეზე ასვლის და კიბეზე დაშვების პარტიები. საქმე ხომ ის არაა, ზევით ავალთ თუ ქვევით დავეშვებით, საქმე ისაა, სად მივალთ და რისთვის. კავშირი ძალაა; კავშირი სისუსტეცაა. ურემში ორი ცხენის შებმა კარგია, ორი კების გაერთიანება და ოთხთვალად გადაკეთება – ცუდი. ათი ერის ერთ იმპერიაში გაერთიანება შეიძლება ისეთივე იოლი აღმოჩნდეს, როგორც ათი შილინგის ნახევარ სოვერენად გადახურდავება; ან ისეთივე სულელური, როგორც ათი ტერიერისგან ერთი მასტიფის შექმნა. საკითხი კავშირის ყოფნა – არყოფნას კი არა, იდენტობის ყოფნა-არყოფნას უკავშირდება. გარკვეული ისტორიული და ზნეობრივი მიზეზების გამო, ორი ერი შეიძლება ერთი მთელივით შეკავშირდეს ერთმანეთის დასახმარებლად. მაგალითად, ინგლისი და შოტლანდია ერთმანეთის ქება-დიდებაში ათენებენ და აღამებენ; თუმცა მათი ენერგია და განწყობა ცალკე და პარალელურად მიედინება და შესაბამისად, არსად ეჯახება ერთმანეთს. შოტლანდია მისდევს განათლებას და კალვინიზმს. ინგლისი – გაუნათლებლობასა და კმაყოფილებას. თუმცა სხვა ზნეობრივ-ისტორიული პირობებში ორი ერის კავშირი ორივესთვის შემაფერხებელია, მათი ხაზები ეჯახება და არაა პარალელური. ინგლისი და ირლანდია, მაგალითად, ისეა გაერთიანებული, რომ ირლანდიელები დროდადრო ინგლისს მართავენ, მაგრამ ირლანდიას – ვერსადროს. განათლების სისტემა, უკანასკნელი განათლების აქტის ჩათვლით აქ, ისევე როგორც შოტლანდიის შემთხვევაში, შესანიშნავი ტესტია. ილანდიელთა უდიდეს უმრავლესობას მკაცრი კათოლიციზმის სჯერა; ინგლისელთა უდიდეს უმრავლესობას – ბუნდოვანი პროტესტანტიზმის. ირლანდიური პარტია საკმარისად დიდია, რათა არ დაუშვას ინგლისური განათლების განუსაზღვრელი პროტესტანტიზმი და საკმარისად მცირერიცხოვანი, რომ ირლანდიური განათლება სრულად გააკათოლიკოს. მდგომარეობა ისეთია, რომ არცერთი ჭკვათამყოფელი ადამიანი მის გაგრძელებას არ ისურვებდა, სიტყვა „კავშირის“ სენტიმენტალიზმით რომ არ იყოს მოჯადოებული.

დამკვიდრებული უსარგებლობა და სიყალბე, რომელიც თანამედროვე პრაქტიკოსი პოლიტიკოსის ყველა წინადადებას თან სდევს, სხვა მაგალითის საშუალებით მინდა გაჩვენოთ. ეს მეორე და ბევრად უფრო გავრცელებული ილუზიაა, რომლითაც ყველა პარტიის პრაქტიკული კაცების გონება და სიტყვებია გამსჭვალული და რომელიც ერთ ყალბ მეტაფორაზე აგებული ბავშვური სისულელეა. ახალგაზრდა და ახალ ერებზე საყოველთაო თანამედროვე საუბარს ვგულისხმობ; ამერიკა რომ ახალგაზრდაა და ახალი ზელანდია – ახალი, აი იმას. ყველაფერი მხოლოდ სიტყვებით თამაშია. ამერიკა არაა ახალგაზრდა. ახალი ზელანდია არაა ახალი. საკითხავია, ორივე ინგლისზე და ირლანდიაზე ბევრად უფრო ძველი ხომ არაა.

რა თქმა უნდა, ამერიკასა თუ კოლონიების მიმართ ახალაზრდობის ამ მეტაფორის გამოყენება დასაშვებია, თუ მხოლოდ წარმოშობას ვგულისხმობთ, მაგრამ თუ მას იმიტომ ვიყენებთ (და სწორედ ასე ვიქცევით), რომ ძალაზე, ცხოველმყოფელობაზე, სინედლესა და გამოუცდელობაზე, იმედზე ან ხანგრძლივ მომავალ ცხოვრებაზე, ან ახალგაზრდობის სხვა რომელიმე რომანტიკულ ნიშანზე მივანიშნოთ, მაშინ დღესავით ნათელია, რომ დაობებული ფიგურალური გამოთქმით ვისულელებთ თავს. ამას ადვილად დავინახავთ დამოუკიდებელი ერის რამე პარალელური ინსტიტუტით ჩანაცვლებით. ვთქვათ, გუშინ შეიქმნა „რძის და გაზიანი წყლის ლიგა.“ ცხადია, რომ ეს ახალგაზრდა კლუბია, რადგან გუშინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მხოლოდ ამ, და არანაირი სხვა მნიშვნელობით. ის შეიძლება მთლიანად მიხრწნილი ჯენტლმენებისაგან შედგებოდეს და თავადაც მომაკვდავი იყოს. მას შეიძლება ახალგაზრდა კლუბი ვუწოდდოთ რადგან გუშინ შეიქმნა, შეიძლება –  ბებერი, რადგან ალბათ ხვალვე გაკოტრდება. ამ ფორმით ეს იოლად გასაგებია. ყველას, ვინც „ახალგაზრდა საზოგადოების“ ილუზიას ბანკთან ან საყასბოსთან მიმართებით გამოიყენებს, თავშესაფარში უკრავენ თავს. თუმცა ამერიკის და კოლონიების ახალგაზრდული ძალისა და ენერგიის თანამედროვე პოლიტიკური ცნება არაფერს განსხვავებულს არ ეფუძნება. ამერიკა რომ ინგლისის დაფუძნებიდან დიდი დროის გავლის შემდეგაა დაფუძნებული, უმცირესადაც კი არ გამორიცხავს იმას, რომ ამერიკა ინგლისზე ბევრად ადრე არ დაიღუპება. ის, რომ ინგლისი თავის კოლონიებზე ბევრად უფრო ადრე არსებობდა, სულაც არ ამცირებს იმის ალბათობას, რომ ის კოლონიების შემდეგაც გააგრძელებს არსებობას. როდესაც მსოფლიოს რეაულურ ისტორიას ვუყურებთ, ვედავთ, რომ დიდმა ევროპულმა ერებმა სიცოცხლისუნარიანობით საკუთარ კოლონიებს აჯობეს, რომ თუ რამ არსებობს, რაც მოხუცი იბადება და ახალგაზრდა კვდება, ეს კოლონიაა. ბერძნული კოლონიები საბერძნეთის ცივილიზაციაზე ბევრად უფრო ადრე დაიმსხვრა. ასევეა ესპანეთის შემთხვევაშიც. არც ის ვარაუდია უსაფუძვლო, რომ კოლონიური ცივილიზცია, რომელიც თავის წარმოშობას ინგლისს უმადლის, უფრო ხანმოკლე და ნაკლებად ღონიერი აღმოჩნდეს, ვიდრე თავად ინგლისური ცივილიზაცია. რა თქმა უნდა, საინტერესო კითხვაა, მართლაც არსებობს თუ არა რამე საბუთი ამერიკის და კოლონიების არა ტრივიალური ქრონოლოგიური, არამედ მორალური და ინტელექტუალური ახალგაზრდობისა ? ცნობიერად თუ არაცნობიერად, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საბუთი არ არსებობს და შესაბამისად, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ჩვენ მას ვიგონებთ. ამ სუფთა და მტკნარი გამოგონების კარგ მაგალითს რადიარდ კიპლინგის ბოლოდროინდელ პოემაში იპოვით. ინგლისელებზე სამხრეთაფრიკულ ომში კიპლინგი ამბობს: „ ცხენოსანი და მეთოფე ახალგაზრდა ერებისგან სახვეწი გაგვიხდა.“ ბევრმა ამ წინადადებით შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სიმართლე არ არის. მოხალისეთა კოლონიური რაზმები იყვნენ უდავოდ სასარგებლონი, მაგრამ არა საუკეთესონი, და უმაღლესი სამხედრო მიღწვებიც მათ ანგარიშზე არ ირიცხება. ინგლისურ მხარეს საუკეთესო მხედრული შედეგი საუკეთესო ინგლისურმა ნაწილებმა აჩვენეს. ცხენოსანი და მეთოფე არა ენთუზიასტი მელბურნელი სიმინდის ვაჭარი, არა ჩიფსაიდელი ენთუზიასტი კლერკი, არამედ დიდი ევროპული სახელმწიფოს მოქმედ არმიაში გამობრძმედილი კაცი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, კოლონისტები გაბედულნი და ათლეტურნი არიან, როგოც საშუალო თეთრი ადამიანი. რა თქმა უნდა, მათ ქება დაიმსახურეს. ერთადერთი. რის თქმასაც ვცდილობ, ისაა, რომ ახალი ერის ამ თეორიის მიზნები მოითხოვს ითქვას, თითქოს კოლონიურმა ძალებმა მეტი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, ვიდრე კოლენსოს მეზარბაზნეებმა, ან მებრძოლმა მეხუთემ, ამის მტკიცებისათვის კი იოტისოდენა საბუთი არც არსებობს, და არც ოდესმე არსებულა.

მსგავს მცდელობას, მართალია, კიდევ უფრო ნაკლები წარმატებით, ლიტერატურაშიც ვაწყდებით - თითქოს კოლონიური უფრო ხალასი, ენერგიული და მნიშნელოვანი იყოს. იმპერიული ჟურნალები გამუდმებით გვთავაზობენ გენიოსებს ქუინსლენდიდან თუ კანადიდან, რომელთაგანაც ბუჩქის ან პრერიის სურნელი უნდა ვიგრძნოთ. სინამდვილეში ყველა, ვისაც ოდნავად მაინც აინტერესებს ლიტერატურა, როგორც ასეთი (და უნდა გამოვტყდე, რომ მე მხოლოდ ოდნავ მაინტერესებს ლიტერატურა, როგორც ასეთი) გეტყვით, რომ ამ გენიოსთა მოთხრობებს მხოლოდ საბეჭდი მელნის სურნელი აქვს, და ისიც უხარისხოსი. იმპერიული წარმოსახვის უდიდესი დაძაბვით გულუხვი ინგლისელი ხალხი ამ ნაშრომებში ძალისა და სიახლის ამოკითხვას ახერხებს. თუმცა ძალა და სიახლე არა ამ ახალ მწერლებში, არამედ ინგლისელის უძველეს გულშია. ყველა, ვინც მათ მიუმხრობლად შეისწავლის, მიხვდება, რომ პირველხარისხოვანი კოლონიური მწერლობა არც განსაკუთრებულად ორიგინალური ატმოსფეროთია აღბეჭდილი, და არც ახალი სახის კარგ ლიტერატურას ქმნის, არამედ რაიმე თვალსაზრისით მაინც ახალი სახის ცუდ ლიტერატურასაც კი ვერ ქმნის. პირველხარისხოვანი კოლონიური მწერლობა ძველი ქვეყნების მეორეხარისხოვანის თითქმის ზუსტი ასლია. რა თქმა უნდა, ისინი გრძნობენ ველური ბუნების, ბუჩქის იდუმალებას – ვინ არ იგრძნობს ამას მელბურნში ან მარგეითში. თუმცა როდესაც გულწრფელად და წარმატებულად წერენ, ფონად ბუჩქის იდუმალებას კი არა, გამოსახულს თუ წარმოდგენილს, ჩვენს საკუთარ რომანტიკულ, კოკნი ცივილიზაციას უდებენ. მათ სულს კეთილად ველური ბუნების იდუმალება კი არა, კების იდუმალება ზაფრავს.
რა თქმა უნდა, ამ განზოგადებას გამონაკლისებიც აქვს. ყურადღებას იპყრობს ოლივ შრეინერი, რომელიც წესის დამადასტურებებლი გამონაკლისია. ის ბრწყინვალე, დაუოკებელი, რეალისტი რომანისტია: ეს ყველაფერი კი იმიტომაა, რომ არაა ინგლისელი: მისი ფესვები ტენიერსის და მაარტენ მაარტენსის ქვეყანაშია – რეალისტების ქვეყანაში. მისი ლიტერატურული ფესვები კი კონტინენტის პესიმისტურ ლიტერატურაშია – რომანისტებთან, რომელთა სიბრალულიც კი დაუნდობელია. ოლივ შრეინერი ერთი ინგლისელი კოლონისტია, რომელიც არასდროს გახდება ინგლისელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამხრეთ აფრიკა ის ინგლისური კოლონიაა, რომელიც არაა ინგლისური და არც არასდროს იქნება. არის სხვა მცირე გამონაკლისებიც. მახსენდება ბ-ნი მაკლივანის ავსტრალიური მოთხრობები, ნიჭიერი და ეფექტური – ალბათ ამიტომაც არ წარუდგენიათ ის საზოგადოებისთვის ბუკითა და ნაღარით. თუმცა ჩემ ზოგად არგუმენტს ნებისმიერ ლიტერატურის მოყვარული - თუ გაიგებს – არ გააპროტესტებს. კოლონიური ცივილიზაცია არც გვაძლევს და არც ნიშნებს გვიჩვენებს, რომ მოგვცემს ლიტერატურას, რომელიც გააოცებს და გააახლებს ჩვენსას. იქნებ კარგიცაა, ასე აღტაცებულები რომ ვართ ამით – ეს სხვა საქმეა. კოლონიებმა ინგლისს იქნებ შესძინეს ახალი ემოციები; მე ვამბობ, ახალი წიგნი არ შეუძენიათ–მეთქი.
ამ ინგლისურ კოლონიებთან დაკავშირებით არ მინდა, არასწორად გამიგონ: მე არ ვამბობ, რომ მათ ან ამერიკას მომავალი არ აქვს, ან დიდ ერებად არ იქცევიან. მე უბრალოდ უარვყოფ მათ მიმართ დამკვიდრებულ თანამედროვე დამოკიდებულებას. მე უარვყოფ, რომ „დიადი მომავალი მათი ხვედრია.“ მე უარვყოფ, რომ რაიმე ადამიანურს აქვს „ხვედრი.“ მთელი ეს აბსურდული ფიზიკური მეტაფორების, როგორებიცაა ახალგაზრდობა და ასაკი, სიკვდილი და სიცოცხლე, ერების მიმართ გამოყენება ფსევდომეცნიერული მცდელობაა იმისა, რომ ადამიანს მისი მარტოხელა სულის საშინელი თავისუფლება დაუმალონ.

ამერიკისთვის ეს გაფრთხილება სამაგალითო და არსებითია. როგორც ნებისმიერი ადამიანური რამ, მან, რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით შეიძლება იცოცხლოს ან მოკვდეს - როგორც თვითონ აირჩევს. თუმცა ახლანდელ მდგომარეობაში ამერიკა ძალიან სერიოზულად უნდა ფიქრობდეს არა იმაზე, თუ რამდენად ახლოა დაბადებასთან, არამედ იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა სიკვდილთან. ამერიკული ცივილიზაციია ახალგაზრდობა მხოლოდ ვერბალური საკითხია; აი არის თუ არა ის მომაკვდავი, შესაძლოა ძალიან პრაქტიკული და გადაუდებელი საკითხი აღმოჩნდეს. „ახალგაზრდობის“ ამ გამოგონილ ფიზიკურ მეტაფორას წუთიერი დაფიქრების შემდეგ აუცილებლად გვერდზე რომ გადავდებთ, რა სერიოზული საბუთი დაგვრჩება იმისა, რომ ამერიკა ახალი ძალაა, და არა ძველი? მას უამრავი ხალხი ჰყავს, როგორც ჩინეთს; მას უამრავი ფული აქვს, როგორც დამარცხებულ კართაგენს ან მომაკვდავ ვენეციას; ის ხმაურიანი და აღგზნებულია, როგორც ათენი დანგრევის შემდეგ, როგორც დაცემის გზაზე დამდგარი ბერძნული ქალაქები. მას უყვარს სიახლეები, მაგრამ ძველებს ყოველთვის უყვართ ისინი; ახალგაზრდები ქრონიკას კიხულობენ, მაგრამ გაზეთები ხომ მოხუცების საქმეა; ის ეთაყვანება ძალას და კარგ შესახედაობას, მაგალითად თავის ქალების დიდ და თვალშისაცემ სილამაზეს, მაგრამ ასე იყო კარზე გოთებმომდგარ რომშიც. ყველაფერი ეს სავსებით თავსებადია დაღლილობასა და დაკნინებასთან. არსებობს სამი ძირითადი სიმბოლო, რომელშიც ერს შეუძლია თავისი სიდიდე და ბედნიერება გამოამჟღავნოს – რამდენად გმირულია ის მმართველობაში, რამდენად გმირულია ის ხელოვნებაში და რამდენად გმირულია ის მხედრობაში. მმართველობის მიღმა, რომელიც ერის ფორმა და სხეულია, მოქალაქეში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დღესასწაულის მიმართ არტისტული და ბრძოლის მიმართ ზნეობრივი დამოკიდებულებაა – ანუ ის, თუ როგორ ხვდება ის სიცოცხლეს და სიკვდილს.
ამ მარადიული გამოცდების მიხედვით, ამერიკა ცინცხალი და ხელშეუხებელი არანაირად ჩანს. მასაც ემჩნევა თანამედროვე ინგლისის და ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოს სისუტე და დაღლილობა. პოლიტიკაში, ინგლისის მსგავსად, გასაოცარ ოპორტუნიზმში და ფლიდობაშია ჩაშვებული. ომთან დამოკიდებულებით ინგლისთან მსგავსება კიდევ უფრო მეტად სევდისმომგვრელია. მეტნაკლები სიზუსტით, ძლიერი ხალხის ცხოვრება სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ. თავდაპირველად სუსტი სახელმწიფო სუსტებს ებრძვის, მეორე ეტაპზე ძლიერი – ძლიერებს, მესამეზე კი ძლიერი - სუსტებს, მაგრამ თავს იტყუებს, თითქოს სუსტები ძლიერები იყვნენ, რათა ძველი გრძნობის ნაღვერდალი გააღვივოს. ამას ისევ სისუსტეში დაბრუნება მოსდევს. ინგლისმა ეს სიმპტომი ტრანსვაალთან ომში გამოამჟღავნა, ამერიკამ კი კიდევ უფრო უარესად – ესპანეთთან ომში. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია ძლიერი ხაზის ძალზე მოუფიქრებელი და სუსტი მოწინააღმდეგის ძალზე დაფიქრებული არჩევანი. ამერიკამ გვიანდელი რომის და ბიზანტიის ყველა დანარჩენ ელემენტს კარაკალას ტრიუმფიც შემატა – ტრიუმფი არაფრის გამო.

და როცა ეროვნულობის უკანასკნელ გამოცდას, ხელოვნებით და ლიტერატურით გამოცდას ვუბრუნდებით, შედეგები საშინელია. კოლონიებს არ შეუქმნიათ დიდი ხელოვნება, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ისინი მდუმარე შესაძლებლობებითა და მარაგით არიან აღსავსე. ამერიკა კი დიდ ხელოვანთ წარმოშობს. და ეს ფაქტი ცხადად ამტკიცებს, რომ ის ნატიფი ამაოებითა და მოახლოებული დასასრულითაა აღსავსე. არის უისლერის ხელოვნება გაბედული, თვალშისაცემი, ბედნიერი და დაუოკებელი? აქვს ჰენრი ჯეიმსს გადამდები ყმაწვილური განწყობა? არა; კოლონიები ხმას არ იღებენ, და ეს შეიძლება ჯერ არდაბადებულის დუმილია. ამერიკიდან კი ტკბილი და ამაღელვებელი ხმა ისმის, მომაკვდავის ხმა, არაფერში რომ არ აგერევა.











No comments:

Post a Comment