XX დასკვნითი შენიშვნები ორთოდოქსიის მნიშვნელობაზე

შესაძლებელია თუ არა  გონების წინსვლა? ეს საკითხი თითქმის არ განიხილება და არაფერია იმაზე უფრო სახიფათო, ვიდრე სოციალური ფილოსოფიის ისეთ თეორიაზე დაფუძნება, რომელიც განხილვას ექვემდებარება, მაგრამ არ განხილულა. მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ ეს შესაძლებელი იყო, ან გახდება მომავალში, ამ წინსვლის თანამედროვე ვერსია სერიოზულ წინააღმდეგობას აღგვიძრავს. გონებრივი პროგრესის თანამედროვე ცნების მანკიერება იმაშია, რომ მას ყოველთვის ბმების წყვეტასთან, საზღვრების წაშლასთან და დოგმების გადაყრასთან აკავშირებენ. მაგრამ თუ გონებრივი განვითარება მართლაც არსებობს, ის უნდა ნიშნავდეს უფრო განსაზღვრული რწმენისკენ, სულ უფრო მეტი დოგმებისაკენ მოძრაობას. ადამიანის ტვინი დასკვნების მიღების მანქანაა; თუ ის ვერ ასკვნის, დაჟანგულა და ესაა. როდესაც გვესმის, ეს ადამიანი ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ სწამდესო, საქმე ტერმინოლოგიურ წინააღმდეგობასთან გვაქვს. იგივეა, რომ თქვა, ეს ლურსმანი ზედმეტად კარგია ამ ნოხის დასამაგრებლად, ან ეს ურდული ზედმეტად კარგია კარის ჩასაკეტად. ადამიანს ძნელად თუ განსაზღვრავ, კარლაილის მსგავსად, იარაღის დამამზადებელ ცხოველად; ჭიანჭველა, თახვი და ბევრი სხვა ცხოველიც ამზადებს იარაღს. ადამიანი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ცხოველი, რომელიც დოგმებს ქმნის. როდესაც ის დოქტრინას დოქტრინაზე და დასკვნას დასკვნაზე ახვავებს რომელიღაც უზარმაზარი ფილოსოფიური სისტემის და რელიგიის ჩამოსაყალიბებლად, ის ამ სიტყვის ერთადერთი ლეგიტიმური მნიშვნელობით, უფრო ადამიანური ხდება. როდესაც დახვეწილი სკეპტიციზმით დოქტრინას დოქტრინაზე უარყოფს; უარს ამბობს, რომ სისტემას მიებას, ამბობს, რომ დეფინიციებს გადაალაჯა, არ სჯერა დასრულებულობის; როდესაც საკუთარ წარმოდგენაში ღმერთივით ზის, არცერთი ფორმის რწმენას არ ფლობს და ყველას ათვალიერებს, თვით ამ პროცესის წყალობით ის ნელ-ნელა იძირება მაწანწალა ცხოველის და ბალახის მდგომარეობაში. ხეები არ ცნობენ დოგმებს. თალგამს განსაკუთრებით ფართო თვალსაწიერი აქვს.

ვიმეორებ, გონებრივი წინსვლა თუ შესაძლებელია, ის ცხადი მსოფლმხედველობის აგებაში უნდა აისახოს. ეს მსოფლმხედველობა უნდა იყოს ჭეშმარიტი, სხვები კი – მცდარი. ყველა, ან თითქმის ყველა ნიჭიერი მწერალი, რომელიც ამ წიგნში მიმოვიხილეთ, კონსტრუქციული და მტკიცებითი ხასიათის თვალსაზრისს ფლობს, რომელსაც სერიოზულად ეკიდება და ჩვენგანაც ამას მოითხოვს, რაც ძალიან სასიხარულოა. რადიარდ კიპლინგში არაფერია სკეპტიკურად პროგრესული. არც ბერნარდ შოუს სჭირს ფართო თვალსაწიერის მსგავსი რამ. ლოუს დიკინსონის წარმართობა ნებისმიერ ქრისტიანობაზე უფრო პირქუშია. ჰერბერტ უელსის ოპორტუნიზმიც კი სხვის იდეალიზმზე უფრო დოგმატურია. მგონი, მეთიუ არნოლდს უსაყვედურეს, კარლაილივით დოგმატიკოსი გახდიო, რაზეც მან უპასუხა: „იქნებ ასეცაა, მაგრამ მთავარი განსხვავება გამოგრჩენიათ: მე მართალი დოგმატკოსი ვარ, კარლაილი კი მტყუანი დოგმატიკოსია.“ ამ შენიშვნის მძაფრმა იუმორმა მისი მარადიული სერიოზულობა და საღი აზრი არ უნდა მიჩქმალოს. იგივე სტილში ვიტყვი, რომ ვფიქრობ, დოგმატიკოსი ვარ და მართალი, ბ-ნი შოუ კი დოგმატიკოსია და ტყუის. ადამიანმა არც უნდა დაწეროს და არც უნდა თქვას რამე, თუ დარწმუნებული არაა საკუთარ სიმართლეში და სხვის მცდარობაში. თუმცა ამჯერად ჩემი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ავღნიშნო: ამ მწერალთა შორის უმთავრესნი შეგნებულად და გაბედულად გამოდიან დოგმატიკოსების, სისტემის შემქნელების როლში. მართალია, რომ შოუში ყველაზე უფრო მეტად ის მაინტერესებს, რომ ტყუის. თუმცა ისიც მართალია, რომ შოუს საკუთარ თავში ყველაზე უფრო მეტად ის აინტერესებს, რომ მართალია. იქნებ ბ-ნი შოუ საკუთარი თავის ამარაა დარჩენილი, მაგრამ მას სკუთარი თავი არ აღელვებს; მას აღელვებს ის უზარმაზარი მსოფლიო ეკლესია, რომლის ერთადერთი წევრიც თვითონაა.

ორი გენიოსი, რომელიც ვახსენე და რომლებითაც ეს წიგნი დავიწყე, ძალიან სიმბოლურია, თუნდაც იმიტომ, რომ მათ აჩვენეს: შეურიგებელი დოგმატიკოსი საუკეთესო ხელოვანია. Fin de siècle ატმოსფეროში ყველა გაიძახოდა, რომ ლიტერატურა უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი მიზეზებისგან და რწმენებისგან. ხელოვნებას მხოლოდ გამორჩეული ოსტატობა მოეთხოვებოდა, და იმ დღეთა განსაკუთრებული სულისკვეთება ბრწყინვალე პიესებზე და მოკლე მოთხრობებზე არსებული მოთხოვნაში გამოიხატა. და როესაც ეს მიიღეს, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ორიოდე მორალისტმა გააკეთა. საუკეთესო მოკლე მოთხრობები დაწერა კაცმა, რომელიც იმპერიალიზმს ქადაგებდა, საუკეთესო პიესები კი სოციალიზმის მქადაგებელმა. დანარჩენ ხელოვანთა ხელოვნება მოსაწყენი ჩანდა ამ ხელოვნებასთან შედარებით, რომელიც პროპაგანდის თანამდევი პროდუქტი იყო.

მიზეზი მართლაც მარტივია. ადამიანი ვერ იქნება საკმარისად ჭკვიანი, თუ არაა იმდენად ჭკვიანი, რომ ფილოსოფოსობა სწადდეს. ადამიანს ვერ ექნება კარგი ხელოვნების შესაქმნელად საკმარისი ენერგია, თუ არ გააჩნია საკმარისი ენერგია, რომ მას გასცდეს. პატარა ხელოვანს ხელოვნება აკმაყოფილებს. დიდი ხელოვანს არაფერი აკმაყოფილებს, გარდა ყველაფრისა. ამიტომ ვხედავთ: როდესაც არენაზე რეალური ძალა - ავი თუ კარგი, კიპლინგის ან შოუს მაგვარი – გამოდის, მას არა მარტო გამაოგნებელი და დამატყვევებელი ხელოვნება, არამედ გამაოგნებელი და დამატყვევებელი დოგმებიც მოყვება. და მათ თავად უფრო მეტად აღელვებთ და უნდათ, რომ ჩვენც უფრო მეტად გვაღელვებდეს არა მათი გასაოცარი ხელოვნება, არამედ მათი გასაოცარი დოგმები. ბ-ნი შოუ კარგი დრამატურგია, მაგრამ ურჩევნია, კარგი პოლიტიკოსი რომ იყოს. ღვთაებრივი ახირებაა ბ-ნი რადიარდ კიპლინგი რომ ბუნებრივი გენიოსი და არაჩვეულებრივი პოეტია; თუმცა მას ყველაზე უფრო მეტად სურს ჩვეულებრივი პოეტი იყოს - თავისი ხალხის პოეტი, მათი სისხლის და ხორცის  ნაწილი, მათი წარმოშობის მცოდნე და დანიშულების მონაწილე. მას სურს იყოს პოეტი-ლაურეატი, რაც ყველაზე უფრო გონივრული, საპატიო და საზოგადოებრივი სულისკვეთებით გამსჭვალული სურვილია. ღმერთებისგან განუმეორებლობით, ანუ სხვებთან უთანხმოებით დაჯილდოებული, მათთან ღვთაებრივ თანხმობას ესწრაფის. თუმცა ყველაზე უფრო საკვირველი ბ-ნი ჰერბერტ უელსის მაგალითია. მან წმინდა ხელოვნების ბავშვური სიგიჟით დაიწყო. მან დაიწყო ახალი მიწის და ახალი ცის შექმნით ისეთივე უდარდელობით, რომლითაც კაცი ახალ ჰალსტუხს ან ბუტონიერს ყიდულობს. მან დაიწყო ვარსკვლავებთან და სისტემებთან თამაშით, რათა ეფემერული ანეკდოტები შეექმნა; მან სამყარო ხუმრობით მოკლა კიდეც. ამის შემდეგ ის უფრო და უფრო დასერიოზულდა, და როგორც დასერიოზებულ ადამიანს ემართება ხოლმე, თვალსაწიერი უფრო და უფრო დაუვიწროვდა. ის ფრივოლური იყო ღმერთების დაისთან, მაგრამ სერიოზულია ლონდონის ომნიბუსთან, უდარდელი იყო „დროის მანქანაში“ რადგან ის ყველაფრის მომავალზე ახდენდა გავლენას, მაგრამ „კაცობრიობა შექმნაში“ დაფიქრებულ და ფრთხილ უელსს გვიჩვენებს, რადგან საქმე მხოლოდ ხვალინდელ დღეს ეხება. სამყაროს დასასრულით დაწყება ადვილია. ახლა ის სამყაროს შექმნით აგრძელებს, ეს კი ძნელია. მთავარი შედეგი კი იგივეა, რაც სხვა შემთხვევებში: გაბედული, რეალისტი, და შეურიგებელი ხელოვანი, როგორც აღმოჩნდა, „გამიზნულად წერს.“ წარმოიდგინეთ ნებისმიერი აუღელვებელი და ცინიკური ხელოვნების კრიტიკოსი, რომელიც სრულადაა მოქცეული იმ აზრის გავლენის ქვეშ, რომ ხელოვანი მაშინაა დიდი, როცა წმინდა ხელოვნებას მისდევს, ადამიანი, რომელიც ნიჭიერად ქადაგებს ჰუმანურ ესთეტიზმს, როგორც მაქს ბეერბომი, ან უხეშ ესთეტიზმს, როგორც ბ-ნი ჰენლი. ასეთ ადამიანს თვალი რომ გადაევლო 1895 წლამდე შექმნილი მხატვრული ლიტერატუტისთვის და სამი ყველაზე უფრო ძლიერი და მომავლის მქონე ნაწარმოები და ავტორი აერჩია, დარწმუნებული ვარ, იტყოდა, რომ ნატიფი არტისტულობით, განწყობით და სიახლის განცდით კიპლინგის „ჯარისკაცის ხე,“ შოუს „იარაღი და ადამიანი“ და უელსის „დროის მანქანა“ ყველაზე წინ დგას. და რა? სამივე ეს ადამიანი გამოუსწორებელი დიდაქტიკოსი არმოჩნდა. საქმის არსი, თუ გნებავთ შეიძლება ასე გამოხატოთ: თუ გვსურს დოქტრინა, უნდა მივაკითხოთ დიდ ხელოვანს. თუმცა ეს არ იქნება ფსიქოლოგიურად გამართული პასუხი. სწორი პასუხი ასეთია: თუ გვინდა ნამდვილად ცოცხალი და გაბედული ხელოვნება, დოქტრინერს უნდა მივაკითხოთ.

ამ წიგნის დასასრულს, შესაბამისად, მინდა გთხოვოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებზეც ვსაუბრობდი, არავითარ შემთხვევაში არ მიაყენოთ შეურაცხცყოფა მათი ხელოვანებად შერაცხვით. არავის აქვს უფლება უბრალოდ ისიამოვნოს ბერნარდ შოუს ნაშრომით; ასეთივე წარმატებით შეიძლება შენს ქვეყანაში ფრანგების შემოსევით ისიამოვნო. ბ-ნი შოუ იმიტომ წერს, რომ ან დაგვარწმუნოს, ან გაგვაცოფოს. არ შეიძლება იყო კიპლინგიტი და არ იყო პოლიტიკოსი, თან იმპერიალისტი. თუ ადამიანი ჩვენთანაა, იმიტომაა, რომ საკუთარ თავთანაა. თუ ადამიანი გვარწმუნებს, ეს იმიტომაა, რომ თავი დაირწმუნა. თუ კიპლინგის ლექსი გვძულს პოლიტიკური გზნებით, ის იგივე მიზეზით გვძულს, რომლის გამოც პოეტს უყვარს; თუ ის არ მოგვწონს მისი პოზიციის გამო, ის საუკეთესო მიზეზის გამო არ მოგვწონს. ჰაიდ პარკში საქადაგოდ მისული ადამიანის აბუჩად აგდება დასაშვებია, წარმოდგენაში მონაწილე დათვივით მისთვის ტაშის დაკვრა კი უზრდელობაა. ხელოვანიც მხოლოდ წარმოდგენაში მონაწილე დათვია ყველაზე უბადრუკ ადამიანთან შედარებითაც კი, რომელსაც წარმოუდგენია, რომ რაღაც აქვს სათქმელი.

არსებობს თანამედროვე მწერალთა ერთი ფენა, რომელსაც ამ თვალსაზრისით გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა აქ ვერ შევძლებთ მათ დაწვრილებით განსჯას, რაც, სიმართლე ითქვას, ძირითადად ლანძღვა იქნებოდა. ვგულისხმობ მათ, ვინც გადაახტა ყველა ამ უფსკრულს და შეარიგა ყველა ეს წინააღმდეგობა „ჭეშმარიტების ასპექტებზე“ ლაპარაკით, თითქოს კიპლინგის ხელოვნება ჭეშმარიტების ერთი ასპექტია, უილიამ უოტსონისა კი მეორე: ბერნარდ შოუსი – ერთი, კანინგემ გრეჰემის – მეორე; ჰერბერტ უელსის – ერთი, ქოვენთრი პეტმორის (სიტყვაზე) – მეორე. ვფიქრობ, რომ ესაა ხრიკი, რომელიც არც კი ცდილობს, სიტყვებით შეინიღბოს. თუ ჭეშმარიტების ასპექტზე ვლაპარაკობთ, აშკარაა, რომ ჭეშმარიტებაც გვცოდნია: მაგალითად ძაღლის უკანა ფეხს თუ ახსენებ, იცი, ძაღლი რაც არის. სამწუხაროდ, ფილოსოფოსი, რომელიც ჭეშმარიტების ასპეზტებზე ლაპარაკობს, ყოველთვის სვამს კითხვას: „რა არის ჭეშმარიტება?“ ხშირად ჭეშმარიტების არსებობას უარყოფს, ან ამტკიცებს, რომ ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. მაშინ ასპექტებს როგორღა ცნობს? არ მინდა ვიყო არქიტექტორის ტყავში, რომელიც მშენებელს მიუტანს გეგმას და ეტყვის: „ეს ზღვისხედიანი სახლის სამხრეთი ასპექტია. რა თქმა უნდა, თავად სახლის გეგმა არ არსებობს.“ არც ის პერსპექტივა მომწონს, რომ ავუხსნა, თითქოს გეგმა არსებობს, მაგრამ ადამიანის გონებისთვის მოუწვდომელია. არც ის მიზიდავს, გამოჩერჩეტებული მეტაფიზიკოსი ვიყო და ყველგან ჭეშმარიტების არარსებულ ასპექტებს ვხედავდე. რა თქმა უნდა, კიპლინგთან არის ჭეშმარიტება, ისევე, როგორც შოუსთან და უელსთან. თუმცა ხარისხი, რომლითაც მას აღვიქვამთ, მკაცრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ღრმაა ჩვენს შიგნით არსებული ჭეშმარიტების კონცეპცია. სასაცილოა ის ვარაუდი, თითქოს რაც უფრო სკეპტიკურად ვართ განწყობილნი, მით უფრო მეტად ვხედავთ სიკეთეს ყველაფერში. ცხადია, რომ რაც უფრო ზუსტად ვიცით, რა არის სიკეთე, მით უფრო დავინახავთ მას ყველაფერში.

ამიტომ ვითხოვ, რომ ამ ადამიანებს ან დავეთანხმოთ, ან - არა. ვითხოვ, იმაში მაინც დავეთანხმოთ, რომ აბსტრაქტული შეხედულება ვიქონიოთ. თუმცა ვიცნობ თანამედროვე მსოფლიოს ის დინებას, რომელიც აბსტრაქტულ შეხედულებათა წინააღმდეგ მრავალ ბუნდოვან წინააღმდეგობას შეიცავს და ვფიქრობ, წინ ვერ წავიწევთ, ვიდრე მათ ნაწილს მაინც არ მივხედავთ. პირველი წინააღმდეგობა ადვილი ჩამოსაყალიბებებლია.

პირველი მერყეობა, რომელიც ჩვენს დროში მყარ შეხედულებებს უკავშირდება, განსაკუთრებით სამყაროსეულ საკითხებში, იმაშია, რომ წარსულში ასეთი მყარი შეხედულებები შეუწნარებლობის საფუძველს ქმნიდა. პირდაპირ მტკიცებულებათა მცირე რაოდენობაც კი ადვილად აქარწყლებს ამ მოსაზრებას. რეალურ ცხოვრებაში ყველაზე უფრო შეუწყნარებელი ის ხალხია, ვისაც არანაირი შეხედულებები არ გააჩნია. მანჩესტერის სკოლის ეკონომისტი, რომელიც სოციალიზმს არ ეთანხმება, სოციალიზმს სერიოზულად აღიქვამს. ბონდ-სტრიტელი ახალგაზრდაა ის, ვისაც სოციალიზმის არაფერი გაეგება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს სოციალისტი ტიპები არაფრისგან დიდ ხმაურს ტეხავენ.
ადამიანს, რომელსაც კალვინიზმის ფილოსოფია იმდენად ესმის, რომ ეთანხმება, კათოლიკურიც იმდენად უნდა ესმოდეს, რომ არ დაეთანხმოს. ჩვენი თანამედროვეა, ვერაფერში რომ ვერ გარკვეულა, ყველაზე მეტად დარწმუნებული იმაში, რომ დანტე ტყუის. ლათინური ეკლესიის სერიოზულმა ოპონენტმა, როდესაც მის ჩადენილ უკეთურებაზე ლაპარაკობს, ისიც იცის, რომ მან ბევრი დიდი წმინდანიც წარმოშვა. ხისთავიანი მაკლერია, რომელსაც არც ისტორიის და არც რელიგიის არა გაეგება რა, ვინც თვლის, რომ ყველა მღვდელი არამზადაა. შეუწყნარებლობა უხეშად შეიძლება განიმარტოს, როგორც შეხედულებათა არმქონე ადამიანის ბრაზი. ესაა წინააღმდეგობა გარკვეული იდეების მიმართ იმ ხალხისაგან, ვისაც ძალიან გაურკვეველი იდეები აქვს. შეუწყნარებლობას შეიძლება ინდიფერენტულის გაცოფება დავარქვათ. ეს მართლაც საშინელი რამაა. იდიფერენტულის გაცოფებაა ყველა საშინელი და ყოვლისმომცველი დევნის მიზეზი. ის, ვისაც აღელვებს, არ დევნის. ასეთი ხალხი ყოველთვის მცირერიცხოვანია. დევნის ის, ვისაც არ აღელვებს; ასეთები ავსებდნენ მსოფლიოს ცეცხლითა და წამებით. ინდიფერენტული ხელი ანთებდა კოცონს და აკრავდა ძელს. მგზნებარედ დარწმუნებულთაგანაც წამოსულა დევნა, მაგრამ ეს შეუწყნარებლობა კი არა, ფანატიზმია - სრულიად განსხვავებული და რაღაც თვალსაზრისით შესანიშნავი რამ. შეუწყნარებლობა ძირითადად უინტერესოთა ზეობაა, წყვდიადში და სისხლში, მათზე, ვისაც აინტერესებს და აღელვებს.

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უფრო ურღმავდებიან დოგმებისგან მომავალ საფრთხეს. ბევრს ჰგონია, რომ მყარი ფილოსოფიური შეხედულებები შეიძლება არც წარმოქმნიან (როგორც ისინი თვლიან) მოუქნელ და არსებითად ქარაფშუტულ შეუწყნარებლობას, სამაგიეროდ ხელს უწყობენ გარკვეულ კონცენტრირებას, გადაჭარბებას და ზნეობრივ მოუთმენლობას, რომელსაც შეთანხმებით ფანატიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ესენი ამბობენ, რომ იდეები, საზოგადოდ, სახიფათო რამაა. პოლიტიკაში, მაგალითად, ამას ბრალად ბალფურსა და ჯონ მორლის უყენებენ. თუმცა ჭეშმარიტი თვალსაზრისის ჩამოყალიბება არც აქ არის ძნელი; იდეები სახიფათოა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად – იდეური ადამიანისათვის. ის იცნობს იდეებს და მათ შორის ლომის მომთვინიერებელივით დაიარება. იდეები სახიფათოა, და ყველაზე მეტად – უიდეო ადამიანისთვის. უიდეო ადამიანს პირველივე იდეა, რომელიც თავში შეუფრინდება, ისე დაჰკრავს, როგორც ხამად მყოფს არაყი. ჩემს საკუთარ თანამოაზრეთა შორის რადიკალური იდეალისტები ფინანსისტს და ბიზნესმენს იმპერიისთვის საშიშ ადამიანებად აღიქვამდნენ მათი მატერიალიზმისა და ანგარების გამო. სინამდვილეში ისინი საფრთხეს იმიტომ ქმნიან, რომ ნებისმიერი სენტიმენტის გამო სენტიმენტალურდებიან და ნებისმიერი იდეალის გამო იდეალისტდებიან; მსგავსად იმ ყმაწვილისა, ქალისა რომ ბევრი არაფერი გაეგება და პირველ შემხვედრს რომ ერთადერთად აღიქვამს. ბევრი, მაგალითად, ღიად გაჰყვა სესილ როდს, აქაოდა ხედვა აქვსო. ასეთივე წარმატებით შეიძლება გაჰყოლოდნენ იმის გამო, რომ ცხვირი აქვს; ადამიანი, რომელსაც სრულყოფილებაზე არ ოცნებობს, უცხვირო ურჩხულს ჰგავს. ადამიანის ბუნებისთვის შეუთავსებელია უიმედობა და უმიზნობა. ძველი აღთქმის გონიერებაა: „როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი.“ სწორედ იდეალის ამ აუცილებლობის გამოა, რომ იდეალის გარეშე დარჩენილი ადამიანი ფანატიზმის გამუდმებულ საფრთხეშია. არაფერი ისე დაუცველს არ ტოვებს ადამიანს უეცარი და გაუწონასწორებელი ხედვის შემოტევისაგან, როგორც საქმიანი ჩვევების განვითარება. ყველანი ვიცნობთ მოუხეშავ საქმოსანს, რომელსაც ჰგონია, რომ დედამიწა ბრტყელია, რომ ბ-ნი კრუგერი დიდი სამხედრო დესპოტიის მმართველი იყო, რომ ადამიანი ბალახისმჭამელია, შექსპირი კი ბეკონის დაწერილია. რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები ცეცხლივით სახიფათოა და ამ სახიფათო ხიბლს მათ ვერაფერი მოაშორებს. ამ ხიფათისაგან დაცვის ერთადერთი საშუალება  ფილოსოფიაში ჩაძირვა და რელიგიით გაჟღენთვაა.

მოკლედ, ამ ორ საპირისპირო საშიშროებას – შეუწყნარებლობას და ფანატიზმს - უარვყოფთ, რომელთაგანაც პირველი ბუნდოვანების, მეორე კი ზედმეტი კონცენტრაციის შედეგია. შეუწყნარებლის წამალი რწმენაა, იდეალისტის წამალი კი იდეებია. არსებობის საუკეთესო თეორიათა ცოდნა და მათგან საუკეთესოს არჩევა (ანუ ჩვენი საკუთარი, ძლიერი რწმენის მიხედვით საუკეთესოსი) არის შეუწყნარებლობისა და ფანატიზმისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა - გზა ადამიანისკენ, რომელიც შეუწყნარებელზე უფრო მტკიცეა და ფანატიკოსზე უფრო მრისხანე – ადამიანისკენ ჩამოყალიბებული შეხედულებით. თუმცა შეხედულების ჩამოყალიბება ადამიანის აზროვნების ძირეული საკითხებით უნდა დაიწყოს, და მათი, როგორც შეუსაბამოს უგულებლყოფა არ უნდა მოხდეს, ისე, როგორც მაგალითად, რელიგიის შემთხვევაში ხდება. რელიგიის საკითხს გადაუჭრელადაც რომ ვთვლიდეთ, შეუსაბამოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ. თავად რომც არ გაგვაჩნდეს შეხედულება უმაღლეს ჭეშმარიტებებზე, უნდა ვთვლიდეთ, რომ როდესაც ვინმეს ასეთი შეხედულებები აქვს, ეს მასში ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია. როგორც კი რამე შეუცნობადი აღარაა, იმწამსვე შეუცვლელი ხდება. ჩვენს დროში ძალიან გავრცელებულია აზრი, თითქოს ადამიანის რწმენაზე შეტევას, ან რელიგიური პოზიციიდან პოლიტიკაზე ან ზნეობაზე კამათს სივიწროვის, შეუსაბამობის და თვით ბოროტების ელფერიც კი დაჰკრავს. ეჭვგარეშეა, რომ თავად ეს სივიწროვის ბრალდებაა გროტესკულად ვიწრო. შედარებით თანამედროვე მაგალითს რომ მივმართოთ: არც თუ იშვიათია, როცა ადამიანი შეუწყნარებლობის და ობსკურანტიზმის საფრთხობელად უქცევიათ იმის გამო, რომ არ ენდობა იაპონელებს, ან განიცდის მათ აღზევებას იმ მიზეზით, რომ წარმართები არიან. არავინ გეტყვით, რომ ჩამორჩენილობა და ფანატიზმია, თუ ადამიანებს პოლიტიკური ან პრაქტიკული განსხვავებულობის გამო არ ვენდობით. არავინ ჩათვლის შეუწყნარებლობად, თუ იტყვი: „არ ვენდობი, რადგან პროტექციონისტია.“ არავინ ჩაგითვლით სივიწროვის გამოვლინებად ნათქვამს: „განვიცდი მათ აღზევებას, რადგან სოციალისტები, ან მანჩესტერელი ინდივიდუალისტები, ან მილიტარისტები და საყოველთაო გაწვევის მომხრეები არიან.“ პარლამენტარიზმის ბუნებაზე მოსაზრებათა განსხვავებულობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ცოდვის ბუნებაზე – არანაირი. დაბეგვრაზე განსხვავებულ შეხედულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანის არსებობის მიზანზე – არანაირი. სრული უფლება გვეძლევა, არ ვენდოთ ადამიანს იმიტომ, რომ განსხვავებული სახის თვითმართველობაშია; მაგრამ არავითარი უფლება არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ ადამიანში, რომელიც განსხვავებული სახის სამყაროშია. ასეთი სახის განმანათლებლობა ყველაზე უფრო დიდი გაუნათლებლობაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. თუ უკვე გამოყენებულ გამოთქმას დავუბრუნდები, იგივეა რომ თქვა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, გარდა ყველაფრისა. რელიგიაა სწორედ ის, რისი გამოტოვებაც დაუშვებელია, რადგან ის ყველაფერს მოიცავს. რაც არ უნდა დაბნეული იყოს კაცი, ბარგის ჩალაგებისას ჩანთა არ გამორჩება. მოგვწონს თუ არა, ჩვენ გვაქვს ზოგადი შეხედულება არსებობაზე. მოგვწონს თუ არა, ის ცვლის, ან თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, წარმოქმნის და ეხება ყველაფერს, რასაც ვამბობთ ან ვაკეთებთ. თუ სამყარო სიზმარია, ფისკალური პრობლემაც სიზმარი ყოფილა. თუ სამყარო ხუმრობაა, წმ. პავლეს კათედრალიც ხუმრობა ყოფილა. თუ ყველაფერი უვარგისია, მაშინ უნდა გვჯეროდეს (თუ ეს შესაძლებელია) რომ ლუდიც უვარგისია. თუ ყველაფერი კარგია, იძულებულნი გავხდებით, რომ სრულიად ფანტასტიკურ დასკვნამდე მივიდეთ, თითქოს მეცნიერული ფილანტროპიაც კარგია. ყველა გამვლელს უნდა ჰქონდეს მეტაფიზიკური სისტემა და მას მყარად ეჭიდებოდეს. შესაძლებელიც კია, რომ იმდენი ხანია აქვს და ისე მყარად ჩასჭიდებია, რომ დაავიწყდა კიდეც მისი არსებობა.

ეს უკანასკნელი მდგომარეობა სავსებით რეალურია; სინამდვილეში, ეს თანამედროვე მსოფლიოს მდგომარეობაა. თანამედროვე მსოფლიო სავსეა ადამიანებით, რომლებიც იმდენად ღონივრად ჩასჭიდებიან დოგმას, რომ ვეღარც ხვდებიან, რომ ეს დოგმაა. თანამედროვე მსოფლიო, როგორც კორპორაცია, იმდენად ძლიერადაა მიბმული გარკვეულ დოგმებზე, რომ აღარც თვლის მათ დოგმებად. ზოგიერთ ეგრეთწოდებულ პროგრესულად მოაზროვნე წრეში, მაგალითად, „დოგმატურად“ ჩათვლიან სხვა სამყაროში ადამიანის სრულყოფის ან გაუმჯობესების ვარაუდს, თუმცა „დოგმატურად“ არ ითვლება ამ სამყაროში მისი სრულყოფა ან გაუმჯობესება; მიუხედავად იმისა, რომ პროგრესის ეს იდეა ისეთივე დაუმტკიცებელია, ხოლო რაციონალისტური თვალსაზრისით ისეთივე ნაკლებალბათური, როგორც უკვდავების იდეა. პროგრესი ჩვენი ერთ-ერთი  დოგმა აღმოჩნდა, დოგმა კი ნიშნავს რასმე, რაც არ ითვლება დოგმატურად. აი კიდევ ერთი უცნაურობა, რაშიც არაფერ „დოგმატურს“ არ ვხედავთ: ფიზიკური მეცნიერების თეორია, რომლის მიხედვითაც ფაქტები ფაქტების გულისთვის უნდა შევაგროვოთ, გინდაც ჩალასავით უსარგებლო გვეჩვენებოდეს. ეს დიდი და მაცდუნებელი იდეაა,  საკუთარ სარგებლიანობას თითქოს თავად რომ ამტკიცებს, თუმცა განყენებული თვალსაზრისით ისეთივე საკამათოა, როგორც მისანთა და ტაძართა თათბირი, რომელიც ასევე ითვლება თავისთავად სასარგებლოდ. ამდენად, რადგან ჩვენ არ ვართ ცივილიზაცია, რომელსაც სწამს მისნები და წმინდა ადგილები, სრულ სიგიჟედ გვეჩვენება იმ ხალხის თავგანწირვა, ქრისტეს საფლავს რომ ეძებდა. თუმცა რადგან ფაქტი ფაქტის გულისთვის ცივილიზაცია ვართ, ვერავითარ სიგიჟეს ვერ ვხედავთ იმ ადამიანთა საქციელში, რომლებმაც ჩრდილოეთ პოლუსის მისაღწევად გაწირეს თავი. მე არაფერს ვამბობ ჯვაროსნული ლაშქრობების და პოლარული ექსპედიციების საბოლოო სარგებლიანობაზე. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ზედაპირულ და ესთეტიკურ განსაკუთრებულობად და უცნაურობად აღვიქვამთ ადამიანების მიერ ლაშქართან ერთად კონტინენტის გადაკვეთას იმ ადგილის დასაპყრობად, სადაც ადამიანი მოკვდა, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ იმ ადამიანთა სასიკვდილო აგონიაში, რომლებიც ცდილობენ იპოვონ არასებული ხაზების გადაკვეთის ადგილი, სადაც ვერავინ იცხოვრებს.

მაშ, მოდი, გრძელ გზას დავადგეთ და საშინელი ძიება დავიწყოთ. მოდი, ვთხაროთ და ვეძებოთ, ვიდრე საკუთარ შეხედულებებს ვიპოვით. დოგმები, რომლებსაც რეალურად ვფლობთ, ბევრად უფრო ფანტასტიკური და მშვენიერია, ვიდრე გვგონია. ამ ესსეთა წერისას, ვშიშობ, ბევრჯერ ვახსენე რაციონალიზმი და რაციონალისტები და თანაც არც თუ საქებარი მნიშვნელობით. აღსავსე კეთილგანწობით, რომელიც ყველაფრის დასასრულს უნდა სდევდეს თან, თუნდაც წიგნისას, ბოდიშს ვუხდი რაციონალისტებს მათი ასე მოხსენიებისთვის. რაციონალისტები ხომ არ არსებობენ. ჩვენ ყველას გვჯერა ზღაპრების და ვცხოვრობთ კიდეც ზღაპარში. ზოგს ლიტერატურული ბრწყინვალებით სჯერა მზით შემოსილი ქალის, ზოგს უფრო პასტორალური, ელფური ალღოთი, როგორც ბ-ნ მაკქეიბს - უბრალოდ შეუძლებელი მზის. ვიღაცა ღმერთის არსებობის დაუცველ დოგმას ეჭიდება, ვიღაცა ასევე დაუცველ დოგმას კარის მეზობლის არსებობის შესახებ.

ჭეშმარიტება უმალ დოგმად იქცევა, როგორც კი კამათის საგნი გახდება. ყველა, ვინც ეჭვს გამოთქვამს, რელიგიას უყრის საფუძველს, და ჩვენი დროის სკეპტიციზმი, სინამდვილეში რწმენას არ ანგრევს - უფრო წარმოქმნის; უწესებს მას საზღვრებს, მარტივ და გაბედულ ფორმას ანიჭებს. ჩვენ, ლიბერალებს, ადრე ლიბერალიზმი ანბანური ჭეშმარიტება გვეგონა. ახლა, როცა მას ებრძვიან, რწმენის თავდადებით ვეჭიდებით. ჩვენ, ვისაც პატრიოტიზმის გვჯერა, ვთვლიდით, რომ პატრიოტიზმი უბრალოდ გონივრულია და მორჩა. ახლა, როცა დაგვარწმუნეს, რომ ის არაა გონივრული, მივხვდით, რომ ჭეშმარიტია. ჩვენ, ქრისტიანებს, არასდროს გვესმოდა ის დიდი ფილოსოფიური საღი აზრი, რომელიც ამ იდუმალებაშია, ვიდრე ის ანტი-ქრისტიანმა მწერლებმა არ დაგვანახეს. გონებრივი ნგრევის ძლევამოსილი სვლა გაგრძელდება. ყველაფერი უარყოფილი იქნება. ყველაფერი რწმენად იქცევა. გონიერი პოზიცია ქუჩაში ქვების არსებობის უარყოფაა; მათი აღიარება რელიგიური დოგმა გახდება. რაციონალური თეზისია, რომ სიზმარში ვართ; მისტიკურ სიბრძნედ იქცევა, რომ გვღვიძავს. ცეცხლი აგიზგიზდება იმის დასამტკიცებლად, ორჯერ ორი რომ ოთხია; ხმლებს იშიშვლებენ ზაფხულში ფოთლების სიმწვანის დასაცავად. ჩვენ მოგვიწევს არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრების დაუჯერებელი სიქველეებისა და საღი აზრის, არამედ კიდევ უფრო დაუჯერებელის – ამ წარმოუდგენელი სამყაროს დაცვა, სახეში რომ მოგვჩერებია. ჩვენ ვიბრძოლებთ ხილული სასწაულების დასაცავად ისე, თითქოს უხილავი იყოს. ჩვენ შეუძლებელ ბალახს და ზეცას უცნაური გაბედულებით გავუსწორებთ თვალს. ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც ნახა და მაინც ირწმუნა.

დასასრული



No comments:

Post a Comment