VIII ყვითელი პრესის ზომიერება

ბოლო დროს ბევრი აპროტესტებს იმ ახალი ჟურნალისტიკის გავლენას, სერ ალფრედ ჰარმსვორთის და ბ-ნი პირსონის სახელებს რომ უკავშირდება. თითქმის ყველა, ვინც მას უტევს, უტევს მომეტებული სენსაციურობის, სიხისტის, ვულგარულობისა და დამთრგუნველობის გამო. ამას  კრიჭაში დგომის ახირება არ მალაპარაკებს; უბრალოდ გულწრფელად ვთვლი, რომ ეს ჟურნალისტიკა უვარგისი სწორედ ნაკლები სენსაციურობის და ზედმეტი სიმშვიდის გამოა. საქმე მის სიხისტეში კი არა, თვინიერებაშია. ის მთლიანად ბანალური და პროგნოზირებადია, და არა მარტო უგემოვნო, არამედ უინტერესოცაა. მასში ვერასდროს გადაეყრებით მკვახე პლებეურ გამოთქმას, ჩვეულებრივ ქუჩაში რომ გაიგონებთ ჩვეულებრივი მეეტლისგან. ქცევის გარკვეული სტანდარტის მიხედვით, საინტერესო ამბავი ვულგარულად არ უნდა ჟღერდეს. მაგრამ ამათი სტანდარტი ითხოვს, რომ ვულგარული ამბავი თან უინტერესოც იყოს. ეს ჟურნალისტიკა ცხოვრებისეული გადაჭარბებებით კი არა, ცხოვრების შეუფასებლობითაა დაკავებული; და ამას იმიტომ აკეთებს, რომ მიზნად თანამედროვე ცხოვრების დაუნდობლობით გადაღლილი ადამიანი დაამშვიდოს და დაასვენოს. ეს პრესა სულაც არაა ყვითელი, ის მოყავისფრო - მომეძავოა. სერ ალფრედ ჰამსვორთს გადაღლილ კლერკთან არაფერი არ უნდა წამოსცდეს იმაზე უფრო ჭკვიანური, ვიდრე გადაღლილი კლერკი სერ ალფრედ ჰამსვორთს ეტყოდა. ის არავის არ უნდა შეეხოს (არავის - ანუ გავლენიანს), არავის არ უნდა აწყენინოს, არც არავის ზედმეტად არ უნდა ასიამოვნოს. საერთო შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი ყვითელი პრესა სენსაციურია, სათაურების სიდიდით და მაცდუნებლობით იქმნება. რედაქტორები საჭიროს თუ არასაჭიროს დიდი, მთავრული ასოებით ბეჭდავენ, თუმცა არა შესაშინებლად, არამედ დასამშვიდებლად. დაღლილი ან ნასვამი ადამიანისთვის, ცუდად განათებულ მატარებელში, შვებისმომგვრელია საგანთა მარტივი და ცხადი სახით ჩვენება. რედაქტორისთვის გიგანტური ალფაბეტი ზუსტად ისეთვე როლს ასრულებს, როგორც მშობლებისა და გადიებისთვის, ბავშვებს კითხვას რომ ასწავლიან. აღმზრდელი ბავშვს ცხენის ნალისოდენა A-ს იმიტომ კი არ უჩვენებს, რომ შეხტეს, არამედ პირიქით, რომ დააწყნაროს, მშვიდი და გასაგები გარემო შეუქმნას. ასეთივე ხასიათისაა წყნარი და ჩაბნელებული დაწყებითი სკოლა, რომელსაც სერ ალფრედ ჰარმსვორთი და ბ-ნი პირსონი უძღვებიან. მთელი მათი გრძნობები ანბანურია – ანუ ისეთი, რომელიც კარგადაა ცნობილი მოსწავლეთათვის. მათი ყველაზე უფრო თავშეუკავებელი მოწოდებები ანბანიდან ამოხეული ფურცლებია. ამ ქვეყანაში ნამდვილი სენსაციური ჟურნალისტიკის - როგორიც საფრანგეთში, ირლანდიაში და ამერიკაშია - კვალიც კი არ გვაქვს. როდესაც ირლანდიელ ჟურნალისტს უნდა დაძაბულობის შექმნა, ეს ისეთი დაძაბულობაა, რომ მასზე ლაპარაკი ღირს. ის პარლამენტის წევრს კორუფციაში ამხელს, ან მთელ პოლიციურ სისტემას დანაშაულებრივ შეთქმულებაში სდებს ბრალს. ფრანგი ჟურნალისტის სკანდალი მართლაც სკანდალია: შეიძლება გამოთხაროს, მაგალითად, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტს სამი ცოლი ჰყავს მოკლული. ჩვენი ყვითელი ჟურნალისტიც ზუსტად ასევე მოურიდებლად თხზავს, მისი ზნეობრივი პოზიცია ინფორმაციის საიმედოობის თვალსაზრისით მსგავსია; თუმცა გონებრივი კალიბრი აქვს ისეთი, რომ მხოლოდ დამაშვიდებელი და დამარწმუნებელი ამბების გამოგონება შეუძლია. პეკინის წარმომადგენელთა დახოცვის ფიქტიური ამბავი სიცრუესთან ერთად უინტერესოც იყო ყველასთვის, იმ ადამიანთა გამოკლებით, რომლებსაც შიშის თუ მწუხარების პირადული მიზეზი ჰქონდათ. ის არ შეიცავდა ჩინეთის სიტუაციის რამდენადმე გაბედულ ან ვარაუდიან ხედვას და მხოლოდ იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობდა, რომ ზღვა სისხლზე უფრო შთამბეჭდავი არაფერია. ნამდვილი სენსაციურობა, რომელიც, გამოგიტყდებით, ძალიან მომწონს, შეიძლება ზნეობრივიც იყოს და უზნეოც, მაგრამ უკიდურესად უზნეოც კი გაბედულებას მოითხოვს: ამ ქვეყანაზე ყველაზე სახიფათო საქმე ხომ ვინმეს გაოცებაა. თუ რომელიმე მგრძნობიარე არსებას შეახტუნებ, არც ის უნდა გამორიცხო, რომ შენ შეიძლება გეცეს. ამ მოძრაობის წინამძღოლებს არც ზნეობრივი სითამამე გააჩნიათ და არც უზნეო. მთელი მათი მეთოდი იმაშია, რომ დიდი და ჩახლართული ხაზგასმა მოახდინონ იმისა, რასაც ისედაც ყველა ლაპარაკობს. ესენი არაფერს ისეთს არ შეუტევენ, რასაც მძლავრი გამოძახილი შეიძლება მოჰყვეს. ესენი არ შეუტევენ არმიას, როგორც ამას ფრანგები შვრებიან, ან მოსამართლეებს – როგორც ირლანდიელები, ან თვით დემოკრატიას, როგორც ინლისელებმა ასი წლის წინ. ამათი შეტევის სამიზნე შეიძლება იყოს თავდაცვის სამინისტროს მაგვარი რამ – ის, რასაც ყველა უტევს და არავინ იცავს; ის, რაც მეოთხეხარისხოვანი კომიკური გამოცემების დაობებული ხუმრობის საგანად ქცეულა. კაცი რომ ხმის სისუსტეს ყვირილისას ამჟღავნებს, ესენიც სენსაციურ მცდელობებში საკუთარ უიმედო არასენსაციურობას ავლენენ. მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება უზარმაზარ საეჭვო ინსტიტუციებს მოუცავს, როცა ცივილიზაციის მთელი ბოროტება სახეში თავხედურად გაშტერდება, ამათთვის ნათელი და ვაჟკაცური იდეა თავდაცვის სამინისტროზე მიტანილი იერიშია. ასეთივე წარმატებით შეიძლება ამინდსაც შეუტიო, ან სიდედრზე მოქილიკეთა საიდუმლო საზოგადოება ჩამოაყალიბო. ჩემს დილეტანტურ სენსაციონალიზმს რომ მოვეშვათ და ქაუფერის ალექსანდერ სელკირკის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ მათი სიმშვიდე მაშფოთებს.“ თანამედროვე მსოფლიოს სწყურია ნამდვილი სენსაციური ჟურნალისტიკა. ეს იმ ნიჭიერმა და პატიოსანმა ჟურნალისტმა, ბ-მა ბლეჩფორდმა დაამტკიცა, ქრისტიანობის წინააღმდეგ რომ წამოიწყო კამპანია. დარწმუნებული ვარ, ყოველი მხრიდან აფრთხილებდნენ, რომ ეს გაზეთს ბოლოს მოუღებდა, მაგრამ ის არ გაჩერებულა ინტელექტუალური პასუხისმგებლობის გამო, რაც მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. აღმოჩნდა, რომ მკითხველთა შეშფოთებას გაზეთის წარმატება კვალდაკვალ მისდევდა. მას ყიდულობდა ყველა, ვინც ეთანხმებოდა და ინტერესით კითხულობდა; აგრეთვე ყველა, ვინც არ ეთანხმებოდა და ამის გამო წერილებს სწერდა; ეს წერილები საკმაოდ მოცულობითი გახლდათ (რაშიც მეც შევიტანე წვლილი) და ადგილსაც გულუხვად უთმობდნენ. ასე, სრულიად შემთხვევით (ორთქლის მანქანასავით) იქნა აღმოჩენილი ჟურნალისტური ჭეშმარიტება: თუ რედაქტორი მკითხველს საკმარისად გაახელებს, ნახევარ გაზეთს სრულიად უსასყიდლოდ შეავსებს.

ზოგს მიაჩნია, რომ ასეთი პრესა სერიოზულ განხილვას არც კი იმსახურებს, თუმცა ამას არც პოლიტიკური საფუძველი აქვს და არც ზნეობრივი. ჰამსვორთის სირბილესა და თვინიერებაში ბევრად უფრო დიდი, მონათესავე პრობლემის კონტურები იკვეთება.

ჰამსვორთის ჯურნალისტი წარმატების და ძალადობის თაყვანისცემით იწყებს და მოთვინიერებული უღიმღამობით ამთავრებს. თუმცა ის მარტო არაა და ეს არც სისულელით მოსდის. ნებისმიერი ადამიანი, რაგინდ გაბედულიც არ უნდა იყოს, ძალადობის თაყვანისცემას სრულ მორჩილებამდე მიჰყავს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წარმატებას აღმერთებს, უღიმღამოდ ამთავრებს. ამ პარადოქსს არა პიროვნული, არამედ მსოფლმხედველობითი საფუძველი აქვს. ასეთ დაცემას ადამიანის სისულელე კი არა, სიბრძნე იწვევს. წარმატების კულტი ერთადერთია, რომლის მიმდევრებიც სიმხდალისა და მონობისთვის არიან განწირულნი. გმირობის საფუძველი შეიძლება იყოს ქ-ნი გელაპის შიფრი ან ადამიანის მსხვერპლშეწირვა, მაგრამ არა წარმატების თაყვანისცემა; ადამიანმა შეიძლება მარცხი არჩიოს ქ-ნი გელაპის ან ადამიანის მსხვერპშეწირვის სიყვარულით, მაგრამ არა წარმატების სიყვარულით. ადამიანი, რომელიც ყველაფერს ტრიუმფით ამოწმებს, ტრიუმფამდე ვერასდროს მიატანს. ვიდრე საქმე საიმედოდაა, იმედი უმაქნისია; იმედის ძალა მხოლოდ უიმედო მდგომარეობაში იგრძნობა. ყველა სხვა ქრისტიანული სიქველის მსგავსად, იმედი შეუცვლელი და დაუსაბუთებელია.

ამ მომაკვდინებელი პარადოქსის გამოა, მთელი ეს თანამედროვე ავანტიურიზმი უჩუმრად და მოწყენილად რომ მთავრდება. ამ ჯურის ხალხი ძალაზე ოცნებობს და ეს ძალის თაყვანისცემაში ვლინდება; ძალის თაყვანისცემა კი სტატუს კვოს თაყვანისცემაა; თვლიან, რომ თუ გინდა ძლიერი იყო, ძლიერის პატივისცემა უნდა გქონდეს; არ ესმით მარტივი პრინციპი: ძლიერი მხოლოდ ის ხდება, ვინც ძლიერს არად აგდებს. ამათ სურთ ყველაფერი იყვნენ, სამყაროსეული ძალა მართონ, ვარსკვლავებს რომ ამოძრავებს, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი რამ ვერ გაუაზრებიათ: თუ გინდა ყველაფერი იყო, ჯერ პირველი და უძნელესი ნაბიჯი უნდა გადადგა და ვინმე გახდე; მეორე – როგორც კი ვინმე ხდება, ადამიანი მეყსეულად ყველაფერს უჯანყდება. მეცნიერების აზრით, ცხოველი გადარჩენისთვის ბრმა თავკერძობით იბრძვის. თუ მართლაც ასეა, ჩვენს ალტრუიზმსაც ტრიუმფისათვის ასეთივე სიბრმავე სჭირდება. მამონტი თავს არ ჩაკიდებდა და არ დაიწყებდა იმაზე ფიქრს, სახეობა ცოტათი ხომ არ მოძველდაო. მამონტები იმდენად იყვნენ თანადროულნი, რამდენადაც თვითეული მათგანი იძლეოდა ამის საშუალებას. ირემი არ იტყოდა: „წყვილი ჩლიქი უიმედოდ მოძველდა.“ ის თავის იარაღს საკუთარი მიზნებისთვის გააპრიალებდა. თუმცა მოაზროვნე ცხოველს საშინელი საშიროება ემუქრება: საკუთარი მარცხის შესაძლებლობის აღქმამ შეიძლება დამბლა დასცეს. სოციოლოგი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინების აუცილებლობაზე გველაპარაკება, ავიწყდება, რომ თანამედროვე ტენდენციას უკეთეს შემთხვევაში ის ხალხი აყალიბებს, რომელიც თავად არაფრის გათვალისწინებას არ აპირებს, უარეს შემთხვევაში კი მილიონობით დაშინებული არსება, რომელიც არარსებულ ტენდენციას უწყობს ფეხს. ესაა მდგომარეობა, რომელიც თანდადან მკვიდრდება თანამედროვე ინგლისში. ყველა საზოგადოებრივ აზრზე ლაპარაკობს და გულისხმობს საზოგადოებრივ აზრს საკუთარის გამოკლებით. ყველა თვლის, რომ მისი წვლილი ნეგატიურია და მცდარად მიაჩნია, რომ დანარჩენების წვლილი დადებითია. ყველა ნებდება ზოგად განწყობას, რომელიც თავად დანებებაა. და ამ უგულო და უსარგებლო ერთიანობას ეს ახალი და მოსაწყენი პრესა ნერგავს, რომელსაც გამოგონების არც უნარი აქვს და არც თავხედობა, მხოლოდ ლაქიაობა შეუძლია და ისიც ყველაზე უფრო მდარე, რადგან ეს ძლიერთა ლაქიაობაც კი არ არის. ამით ამთავრებს ყველა, ვინც ძალით და დაპყრობით იწყებს.

„ახალი ჟურნალისტიკა“ უბრალოდ მდარე ჟურნალისტიკაა – აი მისი მთავარი მახასიათებელი. ესაა ჩვენი დროის ყველაზე უფრო უფორმო, უფერული და ქარაფშუტა საქმე.

გუშინ ამოვიკითხე ერთი წინადადება, რომელიც ოქროს ასოებით უნდა დაიწეროს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს მარგალითი Pearson's Magazine -ში აღმოვაჩინე, ბ-ნ ხ. არტურ პირსონთან შეხმატკბილებული ურთიერთობისას, ვისი პირველი, გამოტოვებული სახელი, ვგონებ, ხილპერიკი უნდა იყოს. წერილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნებოდა. აი ეს წინადადებაც, რომელიც ყურადღებით უნდა წაიკითხო და ენაზე აკოტრიალო, ვიდრე თაფლს სრულად არ შეიგრძნობ:

„მცირეოდენი საღი აზრი ამერიკელ მუშასთან ხშირად უფრო მეტად ჭრის, ვიდრე მაღალფარდოვანი არგუმენტაცია. კაცმა, რომელიც საკუთარ არგუმენტებს ფიცარში ლურსმნებივით აჭედებდა, ასობით ხმა მოუპოვა თავის მხარეს უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში.“
 
არ მსურს ამ სრულყოფილების კომენტარით შებღალვა. მერკურის ხმა ძნელი მოსასმენია აპოლონის სიმღერის მერე. უბრალოდ წამით დავფიქრდეთ იმ კაცის უცნაურ, მიუწვდომელ ტვინზე, რომელმაც ეს დაწერა, რედაქტორზე, რომელმაც მოიწონა, ხალხზე, რომლებზეც ამან შთაბეჭდილება მოახდინა და წარმოუდგენელ ამერიკელ მუშებზე, რომლებსაც ეს ნათქვამი იქნებ შეესაბამება კიდეც. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს მათთვის „საღი აზრი!“ სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა იცი, როგორ მოიპოვო ათასობით ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ როდესმე ჩაებმები. ვფიქრობ, ლურსმნები და ფიცარი გადამწყვეტი არაა „საღი აზრის“ გამოსახატად. ვარიაციები დასაშვებია. მაგალითად:

„მცირეოდენი საღი აზრი მეტ შთაბეჭდილებას ახდენს ამერიკელ მუშაზე, ვიდრე მაღალფარდოვანი არგუმენტაცია. კაცი რომელიც საკუთარ არგუმენტებს ჟილეტის ღილებივით წყვეტდა, ათასობით ხმა მოიპოვა.“ ან, მაგალითად, ასე: „საღი აზრი ამერიკაში უკეთესად მუშაობს, ვიდრე მაღალფარდოვნება; სენატორმა ბაჯმა, რომელიც ყველა ეპიგრამას ჰაერში ხელოვნური კბილების შეთამაშებით ამთავრებდა, სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა.“ ან კიდევ ასე: „ ერლსვუდელი ვაჟბატონის საღმა აზრმა, გამოსვლისას თმაში თივის ღერებს რომ ირჭობდა, ბ-ნი რუზველტის გამარჯვება უზრუნველყო.“

ამ წერილში ბევრი სხვა ელემენტიცაა, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობდი დროს. თუმცა ამ წინადადებაში სრულყოფილადაა გახსნილი ჩემბერლენისტების, თაღლითების, მედროვეების, იმპერიის მშენებლების – ყველა იმ მდუმარე და ძლიერი ადამიანის სიმართლე, „საღ აზრში“ რომ გულისხმობენ. გულისხმობენ უაზრო რკინის ნაჭრის გამოუსადეგარ ხის ნაჭერში დრამატული ეფექტებით და ხმაურით ჩაჭედებას. კაცი ამერიკულ ტრიბუნაზე ადის და მასხარასავით იქცევა; მე მას არ ვადანაშაულებ; არა, მე ის მომწონს კიდეც. ის შეიძლება გაბედული და კარგი სტრატეგოსიც იყოს. იქნებ ბერკივით შესანიშნავი რომანტიკული მსახიობია, ხანჯალს რომ იატაკზე ასობს. ან იქნებ მისტიკოსია, დურგლის უძველესი, ღვთაებრივი პროფესიის იდეით რომ მოხიბლულა, ახლა კი მაყურებელს ცერემონიალური ფორმით, იგავურად სთავაზობს. უბრალოდ მაინტერესებს, სულიერი აშლილობის რა უფსკრულში უნდა აღმოჩნდე, რომ ამ რიტუალს „მყარი საღი აზრი“ დაარქვა. სულიერი აშლილობის სწორედ ეს უფსკრულია, ახალი იმპერიალიზმი რომ დაბუდებულა, მოძრაობს და არსებობს. ბ-ნი ჩემბერლენის მთელი დიდებაც და სახელიც ხომ ამისგან შედგება: თუ ადამიანი საჭირო ლურსმანს დაჰკრავს, შედეგი არავის აღელვებს. მთავარია ხმაური, რომელსაც ამ დროს ჩაქუჩი გამოსცემს. აფრიკული ომის დაწყებამდე და მის განმავლობაში ბ-ნი ჩენბერლენი ზარზეიმით აჭედებდა ლურსმნებს. თუმცა როცა ვკითხულობთ: „რა შეკრა ამ ლურსმნებმა? სადაა ეს სადურგლო? სად არიან თქვენი კმაყოფილი უცხოტომელები? სადაა თქვენი თავისუფალი სამხრეთ აფრიკა? სადაა ბრიტანული პრესტიჟი? რა ქნა თქვენმა ლურსმნებმა?“, რა პასუხს ვიღებთ? აქ ისევ ჩვენს პირსონს უნდა დავუბრუნდეთ, ამოვიოხროთ და ვთქვათ: „მომხსენებელმა, რომელმაც ლურსმნები ფიცარში ჩააჭედა, ათასობით ხმა მოიხვეჭა.“
ეს პასაჟი შესანიშნავად ახასიათებს ახალ ჟურნალისტიკას, რომელსაც ბ-ნი პირსონი წარმოადგენს, ჟურნალისტიკას, რომელმაც სტანდარტი იყიდა. ასიდან ერთი შემთხვევა ავიღოთ. პირსონის წერილში აღწერილი ეს შეუდარებელი, ფიცრით და ლურსმნებით აღჭურვილი კაცი გაიძახის ( თან სიმბოლურ ლურსმანს აჭედებს): „სიყალბე ნომერი ერთი! მიჭედებულია ანძაზე! მიჭედებულია ანძაზე!“ ირგვლივ არცერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ან ამწყობი, ან შიკრიკი ბიჭი, რომელიც იტყოდა, რომ სიყალბეს დახლზე აჭედებენ, და არა ანძაზე. ვერავინ შეამჩნია, რომ Pearson's Magazine წმინდა წყლის სისულელეს როშავს. სტანდარტის გაყიდვის ნამდვილი და არსებითი ტრაგედიაც ესაა. ეს არაა უბრალოდ ჟურნალისტიკის გამარჯვება ლიტერატურაზე; ესაა ცუდი ჟურნალისტიკის გამარჯვება კარგ ჟურნალისტიკაზე.

საქმე ისე არაა, თითქოს ერთი წერილი, რომელსაც ფასეულად და ხარისხიანად ვთვლი, მეორემ, ბანალურმა და ბინძურმა განდევნა, არამედ ის, რომ ერთსა და იმავე წერილში უპირატესობა უხარისხობას ენიჭება. თუ ჩემსავით გიყვართ პოლულარული ჟურნალისტიკა, მიხვდებით, რომ Pearson's Magazine სუსტი და უვარგისი პოპულარული ჟურნალისტიკაა. ეს ისეთივე ადვილი ამოსაცნობია, როგორც ამძაღებული კარაქი. ეს ჟურნალისტიკა იმდენადვეა ცუდი, როგორც შერლოკ ჰოლმსის დიდებულ დღეთა სტრენდია კარგი პოპულარული ჟურნალისტიკა. ბ-ნი პირსონი ამ კოლოსალური ბანალურობის მონუმენტია. ყველაფერს, რასაც ის ამბობს ან აკეთებს, უკიდეგანო ჭკუასუსტობის ელფერი დაჰკრავს; შინაურ წარმოებას იცავს და საკუთარ გაზეთს უცხოელებს აბეჭდინებს; როდესაც ამ მეტყველ წინააღმდეგობაზე უთითებენ, კი არ ამბობს, დაუდევრობის ბრალიაო, როგორც საღად მოაზროვნე კაცი იტყოდა, არამედ მაკრატლით ჭრის, სამი წლის ბავშვივით, და რადგან თვით მისი ეშმაკობაც ინფანტილურია, სამი წლის ბავშვივით, ესეც ბოლომდე არ მიჰყავს. არა მგონია სადმე სიცრუის ასეთი უეშმაკო მაგალითი მოიძიოთ. ესაა ის ინტელექტი, რომელმაც ტორის ძველი, საღი და პატივსაცემი ჟურნალისტიკის ადგილი დაიკავა. ეს რომ იანკების პრესის ტროპიკული სიუხვის ტრიუმფი იყოს, ჯანდაბას - მართალია ვულგარული, მაგრამ ტროპიკული მაინც იქნებოდა. არა. ჩვენ მაყვლის ბუჩქებში ჩაგვაგდეს, და უმდარესი ბუჩქნარიდან ცეცხლი ლიბანის კედარს გადაედო.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ზღაპარი, თითქოს ამ ჯურის ჟურნალისტები საზოგადოებრივ აზრს წარმოადგენენ? ვეჭვობ, რომელიმე სერიოზულ და პატიოსან საგადასახადო რეფორმატორს წამითაც რომ ეფიქროს, თითქოს ქვეყანაში ამ რეფორმას ისეთი უმრავლესობა უჭერდა მხარს, როგორც ამას ფულზე დახარბებული ყოველდღიური გაზეთები წარმოაჩენდნენ. ერთადერთი დასკვნა ისაა, რომ რეალური საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით ახლანდელი პრესა უბრალოდ პლუტოკრატიული ოლიგარქიაა. მართალია, საზოგადოება ამ ადამიანების ნაწარმს ამა თუ იმ მიზნით ყიდულობს, მაგრამ დაუჯერებელია, რომ საზოგადოებას მოსწონს მათი პოლიტიკა უფრო მეტად, ვიდრე ბ-ნი კროსსეს დელიკატური ფილოსოფია, ან ბ-ნი ბლექუელის უფრო ბნელი და მკაცრი რწმენა. თუ ესენი უბრალოდ ვაჭრები არიან, მსგავსი და ბევრად უკეთესიც მრავლადაა ბეთერსი პარკ როუდზე. და თუ პოლიტიკოსობას ცდილობენ, მხოლოდ ის გვეთქმის, რომ ჯერჯერობით რიგიანი ჟურნალისტობაც კი არ გამოსდით.











No comments:

Post a Comment