IX ჯორჯ მურის განწყობები

ჯორჯ მურმა ლიტერატურული კარიერა აღსარებით გაიწყო. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, მთელი დარჩენილი ცხოვრებაც რომ ასე არ გაეგრძელებინა. ამ ადამიანს ხალასი, მძლავრი გონება აქვს, მაღალფარდოვან და ცვალებად შეხედულებათა შესანიშნავი ფლობა კი საინტერესო და სასიამოვნოა. ის მუდმივად დროებითი გულწრფელობის მდგომარეობაშია. ყველა აღმაფრთოვანებელმა თანამედროვე ექსცენტრიკოსმა ისიც აღაფრთოვანა, ვიდრე ამის გაძლება შეეძლო. ყველაფერი, რასაც ის წერს, უნდა ვაღიარო, მძლავრი აზროვნების მატარებელია. კათოლიკური ეკლესიიდან მისი წამოსვლის მიზეზთა ახსნა საუკეთესო ხარკია ბოლო წლების განმავლობაში ამ ერთობისათვის გადახდილთაგან. მართლაც, სისუსტე, რომელმაც ბ-ნი მურის ბრწყინვალე თვისებები უნაყოფოდ აქცია, სწორედ ის სისუსტეა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია შესანიშნავად უმკლავდება. ბ-ნ მურს სძაგს კათოლიციზმი, რადგან ის ამსხვრევს სარკის სახლს, რომელშიც ის ცხოვრობს. ბ-ნ მურს აღიზიანებს არა იმდენად ის, როცა ეკითხებიან, სწამს თუ არა სასწაულის და საიდუმლოს  არსებობა, არამედ ის, სჯერა თუ არა, რომ სხვა ხალხი რეალურად არსებობს. მისი ბატონის, პატერის და ყველა სხვა ესთეტის მსგავსად, ის ცხოვრებას იმიტომ ებრძვის, რომ ოცნება არაა, რომელსაც მეოცნებე თავის ჭკუაზე გამოძერწავს. სხვა სამყაროს არსებობის დოგმა კი არა, ამ სამყაროს არსებობის დოგმაა, მას რომ აწუხებს.

ქრისტიანული ტრადიცია (რომელიც ევროპის ერთადერთ თანმიმდევრულ ეთიკად რჩება), ორ-სამ ისეთ პარადოქსზე თუ საიდუმლოზე დგას, კამათში ადვილად რომ უარყოფ, ცხოვრება კი მარტივად ამტკიცებს. ერთი ამათგანი იმედთანაა დაკავშირებული: რაც უფრო უიმედოა მდგომარეობა, მით უფრო იმედიანად მართებს ყოფნა ადამიანს. სტივენსონს ეს ესმოდა, და ამიტომაც  მურს არ ესმის სტივენსონის. სხვა პარადოქსი სიქველის და რაინდობისაა: სუსტს მეტი პატივი უნდა მიაგო, დაუცველს – მეტი დაცვა სჭირდება. თეკერეიმ ეს გაიგო, შესაბამისად, ბ-ნი მური ვერ უგებს თეკერეის. ახლა კი ქრისტიანული ტრადიციის იმ პრაქტიკულ და მომუშავე საიდუმლოს მივუბრუნდეთ, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ, როგორც უკვე ვთქვი, საუკეთესოდ გამოაცალკევა: ამპარტავნობის ცოდვას. ქედმაღლობა ხასიათის სისუსტეა. ის აშრობს სიცილს, აჭკნობს ინტერესს, აქრობს რაინდობას და ენერგიას. ქრისტიანულ ტრადიციას ეს ესმის; შესაბამისად,  ბ-ნ მურს არ ესმის ქრისტიანული ტრადიცია.

ჭეშმარიტება ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ამპარტავნობის ცოდვის ფორმალური ცნება. არამარტო თავმდაბლობაა უფრო ჭკვიანური და ენერგიული რამ, ვიდრე ქედმაღლობა. თვით პატივმოყვარეობაც კი უფრო ჭკვიანურია, ვიდრე ქედმაღლობა. პატივმოყვარეობა ურთიერთობასთანაა დაკავშირებული – ის თითქმის მეგობრობის მსგავსია; ქედმაღლობა მარტოსული და არაცივილიზებულია. პატივმოყვარეობა აქტიურია; მას მრავალრიცხოვანი აუდიტორიის ტაში უყვარს. ქედმაღლობა პასიურია; მას უკვე აქვს ტაში იმ ერთი და სასურველი ადამიანისგან. პატივმოყვარეობას იუმორის გრძნობა აქვს და ხუმრობს – საკუთარ თავზეც კი. ქედმაღლობა ჩლუნგია და გაღიმებაც კი უჭირს. აი ეს განსხვავებაა სტივენსონსა და ბ-ნ ჯორჯ მურს შორის, რომელმაც, როგორც თავად გვატყობინებს, „სტივენსონი ჩამოიფერთხა.“ არ ვიცი სად დაფერთხა, მაგრამ ვფიქრობ, სადაც არ უნდა იყოს, კარგ დროს ატარებს, რადგან პატივმოყვარეა, მაგრამ არა ამპარტავანი. სტივენსონის პატივმოყვარეობა მსუბუქია; ბ-ნი მურის ეგოიზმი – მტვრიანი და მძიმე. სტივენსონი თავად ერთობა და ჩვენც გვართობს საკუთარი პატივმოყვარეობით; ბ-ნი მური საკუთარი აბსურდულობის უმდიდრეს ეფექტებს თავადაც ვერ ხედავს.

თუ ამ საზეიმო უჭკუობას იმ კმაყოფილ უჭკუობას შევადარებთ, რომლითაც სტივენსონი საკუთარ წიგნებს აქებს და ლანძღავს კრიტიკოსებს, ადვილად მივხვდებით, რატომ მოახერხა სტივენსონმა საბოლოოდ ცხოვრებისეული მსოფლმხედველობის მონახვა, ბ-ნი მური კი ქვეყნიერებას გარს უვლის ახალ-ახალის ძებნაში. სტივენსონი მიხვდა, რომ ცხოვრების საიდუმლო მხიარულებასა და თავმდაბლობაშია. „მე“ გორგონაა. პატივმოყვარეობა მას სხვათა სარკეში ხედავს, ამპარტავნობა კი თავად მას სწავლობს და ამიტომაც ქვავდება. აუცილებელია ბ-ნი მურის ამ ნაკლზე დაფიქრება, რადგან ამ სისუსტეს თან გარკვეული სიძლიერეც ახლავს. ბ-ნი მურის ეგოიზმი არა მხოლოდ ზნეობრივი სისუსტეა, არამედ მუდმივი და გავლენიანი ესთეტიკურიც. ბ-ნი მური ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა სხვათათვის, საკუთარი თავი ასე ძლიერ თავად რომ არ აინტერესებდეს. ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს მშვენიერი სურათების გალერეას მიუყვები და თითოეულ მათგანში, რაღაც უსარგებლო და დისონანსური შეთანხმებით, ხელოვანი ერთსა და იმვე ფიგურას წარმოგვიდგენს: „ჩინეთის დიდი არხი და ბ-ნი მურის შორეული ხედი,“ „ბ-ნი მური შოტლანდიურ ნისლში,“ „ბ-ნი მური ცეცხლის შუქზე,“ „ბ-ნი მურის ნანგრევები მთვარის შუქზე,“ და ასე გაუთავებლად. ბ-ნი მური იტყოდა, რომ ასეთი სახის წიგნში ის საკუთარი თავის გახსნას ცდილობდა, ჩვენ კი ვუპასუხებთ, რომ ასეთი სახის წიგნი ჩაფლავდა. ამპარტავნობის ცოდვის საწინააღმდეგო ათასიდან ერთი არგუმენტი ზუსტად ისაა, რომ თვითჭვრეტა ამას ყველაფერს არღვევს. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს დიდ დროს უთმობს, ცდილობს იყოს მრავალმხრივი, თეატრალურად სრულყოფილი ყველაფერში, ენციკლოპედიურად კულტურული, მისი საკუთარი პიროვნება კი ამ ფუჭ უნივერსალიზმში იკარგება. საკუთარ თავზე ფიქრი სამყაროდ გადაქცევას ანდომებს; სამყაროდ გადაქცევის მცდელობას კი რამედ ყოფნის შეწყვეტამდე მიჰყავს. თუ ადამიანი საკმარისად გონიერია, მხოლოდ სამყაროზე იფიქრებს; იფიქრებს თავისებურად, ინდივიდუალურად. ის ღმერთის საიდუმლოს უბიწოდ შეინახავს; ის დაინახავს ბალახს ისე, როგორც არავის სხვას არ დაუნახავს; შეხედავს მზეს, რომელიც არავის უცვნია. ეს ფაქტი სრულიად პრაქტიკულად გამომდინარეობს ბ-ნი მურის „აღსარებებიდან.“ მათი კითხვისას ვერ ვგრძნობთ აშკარად გამოხატულ პიროვნებას, როგორც თეკერეისთან ან მეთიუ არნოლდთან; მხოლოდ საკმაოდ გონივრულ და წინააღმდეგობრივ შეხედულებებს ვეცნობით, რომლებიც ნებისმიერმა ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება წარმოთქვას, თუმცა ჩვენ გვთავაზობენ, რომ მათ გამო საგანგებო აღტაცება განვიცადოთ, რადგან ბ-ნი მურის გამოთქმულია. ისაა ერთადერთი ძაფი, რომელიც აერთებს კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს, რეალიზმს და მისტიციზმს – ის, ან უფრო მისი სახელი. ის ღრმადაა ჩაძირული იმ თვალსაზრისშიც კი, რომელსაც აღარ იზიარებს და ჩვენგანაც იგივეს ითხოვს. ის უადგილოდ იყენებს „მეს“ სადაც ეს საჭირო არაა, სადაც ეს უბრალო განცხადებას ძალას აკარგვინებს. იქ, სადაც სხვა იტყოდა: „მშვენიერი დღეა.“ ბ-ნი მური ბრძანებს: „ჩემი განწყობიდან გამომდინარე, დღე მშვენიერი უნდა იყოს.“ სადაც სხვა იტყოდა: „მილტონის სტილი შესანიშნავია,“ ბ-ნი მური იტყვის: „მილტონი, როგორც სტილისტი, ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე.“ ამ თვითჩაღრმავებული განწყობის შურისძიება მის სრულ უშედეგობაშია. ბ-მა მურმა ბევრი საიტერესო ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო, მაგრამ ყველა მანამდე მიატოვა, ვიდრე მოწაფეები აყვებოდნენ. მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტების მხარესაა, ის ისეთივე ცვალებადია, როგორც ცრუპენტელა ბავშვი. თვით რეალობის პოვნაც კი მას შვებას არ გვრის. ერთი თვისება, ურომლისოდაც ირლანდიელი წარმოუდგენელია, მასაც აქვს: ჩხუბისთავია, და ეს აშკარად დასაფასებელია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. მაგრამ მას არ გააჩნია სიჯიუტე, რომელიც მებრძოლ სულს თან სდევს ბერნარდ შოუს ნაირ ადამიანში. მისი ინტროსპექციისა და ეგოიზმის მთელი ბრწყინვალებაც კი ვერ აფერხებს მის ბრძოლას, თუმცა მუდამ შეაფერხებს მის გამარჯვებას.






No comments:

Post a Comment