ბევრი
თქმულა და მართებულადაც,
არაჯანსაღ, ისტერიულ განწყობაზე,
რომელიც ხშირად ახლდა განდეგილთა
და მონაზონთა ხილვებს, მაგრამ
ნურასდროს დაგვავიწყდება,
რომ ეს გამოცხადებითი რელიგია
ერთი თვალსაზრისით აუცილებლად
უფრო ჯანსაღია, ვიდრე მთელი
ჩვენი თანამედროვე, განსჯითი
ზნეობა: მას არ მიაჩნია შეუძლებლად
გამარჯვება ზნეობრივი
იდეალისთვის უთანასწორო
ბრძოლაში, სტივენსონი, მისთვის
დამახასიათებელი განსაცვიფრებელი
სიზუსტით „სიქველისთვის
წაგებულ ბრძოლას“ რომ უწოდებს.
თანამედროვე ზნეობა, თავის
მხრივ, დარწმუნებით მხოლოდ
იმ საშინელებას აღწერს, რომელიც
კანონის დარღვევას მოსდევს.
ესაა ბოროტში დარწმუნებულობა.
ის მხოლოდ არასრულყოფილებისკენ
იშვერს ხელს, რადგან სრულყოფილება
მისთვის უცნობია. ბერს, რომელიც
ქრისტეს ან ბუდას ჭვრეტს,
გონებაში სრულყოფილი ხატი
აქვს. ჭვრეტა შეიძლება საჭიროზე
უფრო შორს წავიდეს, მან შეიძლება
არსებითის უგულებელყოფა
გამოიწვიოს, მეოცნებედ აქციოს,
გამოაჩერჩეტოს, ან სულაც
გააგიჟოს, მაგრამ ეს კეთილგონიერების
სიყვარულით გამოწვეული
გაგიჟებაა. ეთიკის თანამედროვე
შემსწავლელი კი, თუ კეთილგონიერებას
ინარჩუნებს, მხოლოდ სიგიჟის
გიჟური შიშის წყალობით.
ანაქორეტი, რომელიც მორჩილების
აღმაფრენაში ქვებს აგორავებს,
არსებითად უფრო ჯანსაღი
ადამიანია, ვიდრე ჩიფსაიდზე
მოსეირნე ბევრი ფხიზელი,
ცილინდრიანი ვაჟბატონი: მთელი
მათი სიკეთე ხომ ბოროტების
ცოდნაშია. არ ვამტკიცებ, რომ
მორწმუნეს რამე უპირასტესობა
გააჩნია, გარდა პირველადისა:
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება
სუსტი და საწყალობელი იყოს,
ფიქრით მაინც უზარმაზარ
სიძლიერესა და ბედნიერებასთანაა;
უსაზღვრო სიძლიერესა და
დაუსრულებელ ბედნიერებასთან.
ეჭვგარეშეა, სხვა გონივრული
მოსაზრებებიც მოინახება
ზნეობაზე ღმერთებისა და
ხილვების გავლენაზე – სენაკსა
თუ ქუჩაში. თუმცა მისტიკური
ზნეობა ერთ უპირატესობას
ყოველთვის ინარჩუნებს: ის
უფრო მხიარულია. ახალგაზრდამ
კაცმა შეიძლება უზნეო საქციელისგან
თავი შეიკავოს ავი სენის
შიშით, შეიძლება – ქალწულ
მარიამზე ფიქრით. იქნებ
საკითხავი იყოს, რომელი მეთოდი
უფრო გონივრულია, ან შედეგიანი.
რომელი უფრო ჯანსაღია –
თავისთათავადაც ცხადია.
მახსენდება ნიჭიერი და გულწრფელი
სეკულარისტის, ბ-ნი ფუტის
პამფლეტიდან ერთი ფრაზა,
რომელიც მკვეთრად და სიმბოლურად
ასხვავებს ამ ორ მეთოდს.
პანფლეტს ერქვა „ლუდი და
ბიბლია“. ბ-ნი ფუტის მკაცრი,
პურიტანული ჩანაფიქრით ამ
სარდონიულმა, ჩემი აზრით კი
სრულიად შესაფერისმა და
მოხდენილმა კავშირმა ეს ორი,
კეთილშობილი რამ კიდევ უფრო
მეტად გააკეთილშობილა. თუმც
ნაშრომი ხელთ არ მაქვს, მახსოვს,
რომ ბ-ნმა ფუტმა გადაჭრით
უარყო სპირტიან სასმელების
პრობლემასთან გამკლავების
ყოველგვარი რელიგიური
მცდელობები და განაცხადა,
რომ ლოთის ღვიძლის სურათი
ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა,
ვიდრე თავშეკავებისთვის
მიძღვნილი ნებისმიერი ქადაგება.
ვთვლი, რომ ეს ხატოვანი გამოთქმა
სრულად ასახავს თანამედროვე
ეთიკის ავადმყოფურობას: ამ
ტაძარში შუქი მინავლებულია,
ხალხი – დაჩოქილი, გალობა –
ამაღლებული, მაგრამ საკურთხეველზე,
რომელთანაც ხალხს მუხლი
მოუყრია, სრულყოფილი სხეული
და სუბსტანცია კი არაა, არამედ
– დაავადებული. ეს ლოთის
დამახინჯებული ღვიძლის
სახარებაა და მას გვთავაზობენ
დასამახსოვრებლად.
თანამედროვე
ეთიკის აი ეს დიდი ნაპრალი –
სიწმინდისა და სულიერი
გამარჯვების ცოცხალი სურათების
არარსებობა – არის არსი იმ
წინააღმდეგობისა, რომელსაც
ესოდენ ბევრი კეთილგონიერი
ადამიანი გრძნობს მეცხრამეტე
საუკუნის რეალისტური ლიტერატურის
მიმართ. თუ რომელიმე ჩვეულებრივი
ადამიანი ამბობს, რომ მას
ზარავს თემები, რომლებზეც
იბსენი ან მოპასანი მსჯელობენ,
ან მარტივი ენა, რომლითაც
ისინი ამას აკეთებენ, ეს
ჩვეულებრივი ადამიანი ცრუობს.
თანამედროვე ცივილიზაციის
ნებისმიერი ფენის თუ ხელობის
ჩვეულებრივი ადამიანების
ჩვეულებრივი საუბარი ისეთია,
რომ მის გამოქვეყნებაზე ზოლაც
კი ვერ იოცნებებს. არც ასეთნაირად
წერის მანერაა ახალი. პირიქით,
ვიქტორიანული მორცხვობა და
დუმილია ჯერ კიდევ ახალი და
უკვე წარმავალი. პირდაპირობა
ჩვენი ლიტერატურის ძველისძველი
ტრადიციაა. სიმართლე კი ისაა,
რომ ჩვეულებრივი პატიოსანი
ადამიანი, რამდენადაც გაურკვევლად
არ უნდა აღწერდეს საკუთარ
დამოკიდებულებას, სრულებით
არაა აღშფოთებული ან გაღიზიანებული
თანამედროვეთა პირდპირობით.
ზიზღს მასში ცხადი რეალიზმის
არსებობა კი არა, ცხადი იდეალიზმის
არარსებობა იწვევს. ძლიერი
და ბუნებრივი რელიგიური
გრძნობა არასდროს ეწინააღმდეგებოდა
რეალიზმს. პირიქით, რელიგია
რეალისტური და უხეშიც კია,
ის ყველაფერს თავის სახელს
არქმევს. ესაა უდიდესი განსხვავება
ნონკონფორმიზმის ზოგიერთ
ახალჩამოყალიბებულ სახეობასა
და მეჩვიდმეტე საუკუნის დიად
პურიტანიზმს შორის. პურიტანელთა
არსიც ეს იყო, რომ ზრდილობიანობას
არად დაგიდევდნენ. თანამედროვე
ნონკონფორმისტულმა გაზეთებმა
თავი გამოიჩინეს სწორედ იმ
არსებითი და ზედსართავი
სახელების უარყოფით, რომლებსაც
მათი ფუძემდებლები მეფეებს
და დედოფლებს პირში ახლიდნენ.
და თუ ბოროტებაზე პირდაპირი
მსჯელობა რელიგიის მთავარი
თვისება იყო, სიკეთეზე მის
მსჯელობასაც ასეთივე პირდაპირობა
ახასიათებდა. საწყენი და თანაც
მართებულად საწყენი, ჩემი
აზრით, ისაა, რომ დიდი თანამედროვე
ლიტერატურა, რომლის ტიპური
წარმომადგენელი იბსენია,
ცუდის დამნახავი თვალით
გასაოცარი სიცხადით ხედავს,
ხოლო თვალს, რომელიც კეთილს
უნდა არჩევდეს, სულ უფრო
იბინდავს და მალე ეჭვით სულ
მთლად დაიბრმავებს. თუ შევადარებთ,
ვთქვათ, „ღვთაებრივი კომედიის“
და იბსენის „მოჩვენებების“
ზნეობას, დავინახავთ თანამედროვე
ეთიკის მოქმედების შედეგს.
ვფიქრობ, არავის მოუვა აზრად
„ინფერნოს“ ავტორს ადრევიქტორიანული
მორცხვობა და პოდსნაპისეული
ოპტიმიზმი დააბრალოს, მაგრამ
დანტე სამ ზნეობრივ იარაღს
აღწერს – სამოთხეს, განსაწმენდელს
და ჯოჯოხეთს, როგორც ხედვას
სრულყოფილის, გაუმჯობესების
და წარუმატებლობისა; იბსენს
კი მხოლოდ ერთი აქვს – ჯოჯოხეთი.
ხშირად ამბობენ და სავსებით
სამართლიანადაც, რომ ვერავინ
წაიკითხავს „მოჩვენებების“
მსგავს პიესას ისე, რომ ზნეობრივი
თვითშეზღუდვის აუცილებლობის
მიმართ გულგრილი დარჩეს. იგივე
შეიძლება ითქვას მარადიული
ცეცხლის საშინელ განივთებულ
აღწერაზეც. ცხადია, რომ ზოლასნაირი
მატერიალისტები რაღაც
თვალსაზრისით ზნეობას
ამკვიდრებენ – ამკვიდრებენ
ისევე, როგორც ჯალათი, როგორც
ეშმაკი ამკვიდრებს. მაგრამ
მათ ზემოქმედებას მხოლოდ ის
უმცირესობა განიცდის, რომელიც
სიმამაცის ყველა სიქველის
მიმღებია. ჯანმრთელი ხალხის
უმრავლესობა არ ითვალისწინებს
ამ ზნეობრივ საშიშროებას,
ისევე, როგორც ბომბების და
მიკრობების საშიშროებას.
თანამედროვე რეალისტები
ჭეშმარიტად ტერორისტები
არიან: ერთნიც და მეორენიც
უშედეგოდ ცდილობენ დაძაბულობის
შექმნას. ერთნიც და მეორენიც
კეთილი მიზნით ჩაბმულან
ზნეობის მეცნიერების საშუალებით
დამკვიდრების სრულიად უიმედო
საქმეში.
არ
მინდა მკითხველს ერთი იმ ბუნდოვან
ადამიანთაგანი ვეგონო,
რომლის წარმოსახვაშიც იბსენი
პესიმისტადაა მონათლული.
იბსენთან მრავლადაა ჯანსაღი,
კეთილი და ბედნიერი ხალხი,
ადამიანთა გონიერი მოქმედებისა
და საქმის კეთილად დასრულების
მაგალითები. ამას არ ვგულისხმობ.
ვგულისხმობ იმას, რომ იბსენი
- გამჭოლად და არა შეფარვით
- ბუნდოვანი, ცვალებადი და
ეჭვიანია, როდესაც საქმე
ცხოვრებისეულ სიბრძნეს და
სიქველეს ეხება, და ეს ბუნდოვანება
ძლიერ კონტრასტს ქმნის იმ
შემართებასთან, რომლითაც
უტევს იმას, რასაც ბოროტების
ძირად აღიქვამს - პირობითობას,
სიცრუეს, უვიცობას. ვიცით, რომ
„მოჩვენების“ გმირი შეშლილია
და ვიცით, რატომაცაა შეშლილი.
ვიცით აგრეთვე, რომ დოქტორი
სტოკმანი საღი გონებისაა,
მაგრამ არ ვიცით, რატომ. იბსენი
არ ამბობს, რომ იცის, რა არის
სიქველისა და ბედნიერების
წყარო, სამაგიეროდ იჩემებს, რომ იცის, რა წარმოქმნის სქესთა
შორის ურთიერთობის თანამედროვე
ტრაგედიას. სიცრუე დამანგრეველია
„საზოგადოების ბურჯებში,“
მაგრამ სიმართლეც ზუსტად
ასევე დამანგრეველია „გარეულ
იხვში.“ იბსენიზმში არ არსებობს
უპირობო სიქველე. იბსენისეული
იდეალური ადამიანიც არ არსებობს.
ამას არა თუ აღიარებს, არამედ
ხოტბასაც ასხამს ბერნარდ შოუ
„იბსენიზმის კვინტესენციაში“
- იბსენის ყველაზე უფრო ღირებულ
და ღრმა აპოლოგიაში. ბ-ნი შოუ
იბსენის სწავლებას ასეთი
ფრაზით აჯამებს: „ოქროს წესი
მის არარსებობაშია.“ მის
თვალში გამძლე, დადებითი
იდეალის არარსებობა, სიქველის
გასაღების არარსებობა იბსენის
უდიდესი დამსახურებაა. აქ არ
შევუდგები კამათს იმაზე, ასეა
ეს თუ არა. უბრალოდ ვამბობ, და
ვამბობ მზარდი სიმტკიცით,
რომ ეს არარსებობა, კარგი თუ
ცუდი, პირისპირ გვტოვებს
ადამიანის ცნობიერების
პრობლემასთან, რომელიც სავსეა
ბოროტების ძალიან მკვეთრი,
ხოლო სიკეთის - არანაირი
ხატებით. გამოდის, რომ ჩვენთვის
სინათლე ნიშნავს ბნელ რასმე,
რაზეც ვერ ვლაპარაკობთ. გამოდის,
რომ ჩვენთვის, მილტონის
პანდემონიუმის ეშმაკებივით,
ხილული მხოლოდ სიბნელეა.
კაცობრიობა, რელიგიის მიხედვით,
ერთხელ დაეცა, რათა ბოროტი
და კეთილი შეეცნო. ახლა მეორედ
დავეცით, ოღონდ ამჯერად მხოლოდ
ბოროტის ცოდნა შეგვრჩა.
დიდი, ჩუმი რღვევა, უზარმაზარი, გამოუთქმელი გაწბილება დაეუფლა
ჩვენს დროში ჩვენს ჩრდილოურ ცივილიზაციას. ყველა წარსული
ეპოქა ოფლითა და ჯვარცმით
ესწრაფოდა იმის გაგებას, თუ
რა არის მართალი ცხოვრება,
რა არის მართალი ადამიანი.
თანამედროვე მსოფლიოს გარკვეული
ნაწილი უდავოდ იმ დასკვნამდეა
მისული, რომ ამ კითხვებზე
პასუხი არ არსებობს, რომ ყველაზე
მეტი, რაც შეიძლება გაკეთდეს,
ცხადი საშიშროების ადგილებში
რამდენიმე განცხადების
გაკვრაა, რათა გავაფრთხილოთ
ადამიანები, მაგალითად,
თავგადაკლული სმის ან მეზობლების
არსებობის სრული იგნორირების
საფრთხეთა შესახებ. იბსენი
პირველია, ვინც ამ გზააბნეული
ძიებიდან დიადი მარცხის ამბით
დაბრუნდა.
ყველა
პოპულარული თანამედროვე
ფრაზა და იდეალი სიკეთის
პრობლემის დასაკნინებელი
ხრიკია. ჩვენ გვიყვარს
„თავისუფლებაზე“ საუბარი
და ამას სიკეთეზე მსჯელობის
თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ.
ჩვენ გვიყვარს „პროგრესზე“
საუბარი და ამას სიკეთეზე
მსჯელობის თავიდან ასაცილებლად
ვაკეთებთ. ჩვენ გვიყვარს
„განათლებაზე“ საუბარი და
ამას სიკეთეზე მსჯელობის
თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ.
თანამედროვე ადამიანი ამბობს:
„მოდი, მივატოვოთ მთელი ეს
გაურკვეველი სტანდარტები
და ვეზიაროთ თავისუფლებას,“
რაც ლოგიკურად ნიშნავს: „მოდი, ნუ გადავწყვეტთ, რა არის
კარგი და ამ გაურკვევლობას
დავარქვათ სიკეთე.“ ან კიდევ:
„შემეშვით თქვენი მოძველებული
ზნეობრივი ფორმულებით; მე
პროგრესის მომხრე ვარ,“ რაც
ლოგიკურად ნიშნავს: „რა
მნიშვნელობა აქვს, რა არის
კარგი, მთავარია იყოს ბევრი.“
და კიდევ: „იმედი არც რელიგიაშია
და არც ზნეობაში, არამედ
განათლებაში.“ ეს, ცხადად
ჩამოყალიბებისას ასე გამოითქმის:
„არ ვიცით, რა არის კარგი,
მაგრამ ეს არ უნდა მოვაკლოთ
ჩვენს შვილებს.“
ჰერბერტ
უელსი, ეს განსაკუთრებით
ნათელი გონების ადამიანი,
თავის ბოლოდროინდელ ნაშრომში
ამას ეკონომიკურ საკითხებთან
აკავშირებს. მისი თქმით, ძველი
ეკონომისტები განაზოგადებდნენ
და ძირითადად (ბ-ნი უელსის
აზრით) სცოდავდნენ. ახლებმა
კი, როგორც ჩანს, ყოველგვარი
განზოგადების უნარი დაკარგეს
და ამ უუნარობის გადაფარვას
ცალკეულ შემთხვევათა „ექსპერტობის“
პრეტენზიით ცდილობენ; პრეტენზიით,
„რომელიც პარიკმახერს ან
მოდურ ექიმს შეშვენის, ხოლო
ფილოსოფოსის ან მეცნიერისთვის
სამარცხვინოდ შეუფერებელია.“
მიუხედავად იმ ცინცხალი
გონივრულობისა, რომლითაც
ბ-ნმა უელსმა ეს შეამჩნია,
თავადაც ამ უზარმაზარი
თანამედროვე შეცდომის მსხვერპლი
გახდა. შესანისნავი წიგნის
MANKIND IN THE MAKING საწყის ფურცლებზე
ის უკუაგდებს ხელოვნების,
რელიგიის, განყენებული ზნეობის
იდეალებს და ამბობს, რომ
ადამიანს მთავარი ფუნქციით
– მშობლობის თვალსაზრისით
განიხილავს. ცხოვრება მისთვის
„დაბადებათა ქსოვილია.“ მას
არ აინტერესებს, როგორ უნდა
შეიქმნას დამაკმაყოფილებელი
წმინდანი ან გმირი. მას
აინტერესებს დამაკმაყოფილებელი
მამების და დედების შექმნა.
ყველაფერი ისე ჭკვიანურადაა
მოწოდებული, რომ რამდენიმე
წუთი მაინც გაივლის, ვიდრე
მკითხველი მიხვდება, რომ ესეც
არაცნობიერი ხრიკია. რა აზრი
აქვს ადამიანის გაჩენას, თუ
არ ვიცით, რა სიკეთეა ადამიანობაში?
გამოდის, რომ სხვას გადასცემ
პრობლემას, რომელიც თავად
ვერ მოგიგვარებია. თითქოს
ვინმეს ეკითხებიან: „რის
მაქნისია ჩაქუჩი?“ პასუხად
ისმის: „ჩაქუჩების დასამზადებელია.“
„და ეს, ახლები?“ და მეორდება:
„კვლავ ჩაქუჩების დასამზადებელია.“
როგორც ეს ადამიანი დურგლობის
საბოლოო მიზანზე მსჯელობას
გაურბის, ასევე გაურბის ბ-ნი
უელსი და ყველა ჩვენთაგანი
ამ ფრაზების გამოყენებით
ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს
ფასეულობაზე მსჯელობას.
თუმცა
„პროგრესზე“ ზოგად საუბრებს
ვერაფერი შეედრება. დღევანდელი
ფორმულირებით „პროგრესი“
უბრალოდ შედარებითია, რომლის
აღმატებითი ხარისხი ჯერ ვერ
მოვიფიქრეთ. რელიგიის,
პატრიოტობის, მშვენიერების
თუ უხეში სიამოვნების ნებისმიერ
იდეალს პროგრესის ალტერნატიულ
იდეალს შევაგებებთ ხოლმე,
ანუ ჩვენთვის რაღაც ცნობილის
მიღების შემოთავაზებას
ყველასთვის გაუგებარის მიღების
შეთავაზებით ვპასუხობთ. სწორად
გაგებული მნიშვნელობით
პროგრესი მართლაც რომ ღირსეული
და კანონიერი რამაა, მაგრამ
ზუსტი ზნეობრივი იდეალების
საპირწონედ მისი გამოყენება
სასაცილოა. რამდენადაც შორსაა
ჭეშმარიტებისგან პროგრესის
იდეალის დაპირისპირება ეთიკურ
თუ რელიგიურ იდეალთან, იმდენადვე
ახლოსაა მასთან საპირისპირო:
არავის არაფერი ესაქმება
პროგრესთან, თუ მტკიცე რწმენა
და ლითონში ჩამოსხმული ზნეობრივი
კოდექსი არ გააჩნია. მხოლოდ
დოქტრინის მიმდევარი შეიძლება
იყოს პროგრესული; ლამის ვთქვა,
რომ პროგრესული მხოლოდ
შეუცდომელი შეიძლება იყოს
– ყოველ შემთხვევაში, შეუცდომლობის
არსებობაში დარწმუნებული
ადამიანი, რადგან პროგრესი
მიმართულებას გულისხმობს
და როგორც კი წამით დავეჭვდებით
მიმართულებში, იმავე ხარისხით
ვეჭვდებით პროგრესში. სამყაროს
დასაბამიდან ალბათ არ ყოფილა
ისეთი პერიოდი, როდესაც სიტყვა
„პროგრესის“ გამოყენების
ნაკლები უფლება ჰქონდათ, ვიდრე
ჩვენ. კათოლიკურ მეთორმეტე
საუკუნეში, ან ფილოსოფიურ
მეთვრამეტე საუკუნეში შეიძლება
მიმართულება კარგი ჰქონდათ
ან ცუდი, ან შეიძლება ვერ
შეთანხმებულიყვნენ, რა
მიმართულებით იმოძრავეს და
რა მანძილი გაიარეს, მაგრამ
მიმართულებაზე ადამიანები
ძირითადად თანხმდებოდნენ.
სწორედ
მიმართულებაა, რაზეც ახლა
ვერ ვთანხმდებით. რა სჯობს
მომავალი სრულყოფილებისთვის,
მეტი კანონები თუ ნაკლები
კანონები? მეტი თავისუფლება
თუ ნაკლები თავისუფლება?
საკუთრების სრული კონცენტრაცია
მოხდება თუ სრული დანაწილება?
სქესობრივი ლტოლვა გონიერი
უმანკოების იტელექტუალიზმს
მიაღწევს თუ სრულ ცხოველურ
თავისუფლებას? ყველას შევიყვარებთ
ტოლსტოისთან ერთად თუ არავის
დავინდობთ ნიცშესავით? ესაა
ის, რაზეც ყველაზე მეტად
ვკამათობთ. ეპოქა, რომელიც
ყველაზე ნაკლებადაა გარკვეული
პროგრესის არსში „პროგრესული
ეპოქაა.“ მეტიც, ამაში ყველაზე
უფრო ნაკლებად გარკვეული
ხალხი მისი ყველაზე უფრო
„პროგრესული“ ნაწილია.
ჩვეულებრივი მასა, ადამიანები,
რომლებიც პროგრესით თავს არ
იწუხებენ, ალბათ შეძლებენ
პროგრესს. ცალკეული ადამიანები,
რომლებიც პროგრესზე ლაპარაკობენ,
ოთხივე მხარეს გავარდებიან
სასტარტო პისტოლეტის გასროლისას.
ამიტომაც არ ვამბობ, რომ
„პროგრესი“ უაზრო სიტყვაა;
ვამბობ, რომ ის უაზროა წინასწარ
ჩამოყალიბებული ზნეობრივი
დოქტრინის გარეშე, და მისი
გამოყენება მართებულია მხოლოდ
იმ ადამიანთა ჯგუფებისთვის,
რომლებისთვისაც ეს დოქტრინა
საერთოა. პროგრესი არაა არასწორი
სიტყვა, მაგრამ ლოგიკურად
ცხადია, რომ ის არასწორია
ჩვენთვის. ეს წმინდა სიტყვაა,
სიტყვა რომლის მართებული
გამოყენება მხოლოდ მკაცრ
მორწმუნეს ძალუძს და ისიც –
რწმენის ეპოქაში.
No comments:
Post a Comment