ფარისეველს ძალიან ღრმად თუ ჩახედავ,
მასში გულწრფელობას დაინახავ.
თუ ადამიანის ყველაზე უფრო
დამალულ და რეალურ ნაწილს
ჩაუღრმავდები, ნახავ, რომ იქ
ბოროტება კი არ ბუდობს, რომელსაც
არ ამჟღავნებს, არამედ სიკეთე,
რომელსაც ვერ გამოხატავს.
კაცობრიობის ისტორიის პრობლემებს
თუ ამ გულწრფელი სიყვარულით
განვიხილავთ, ყოველგვარი
ფარისევლობისთვის სულ უფრო
მცირე ადგილი დაგვრჩება.
ფარისეველმა წმინდანად ვერ
უნდა მოგაჩვენოს თავი, მაგრამ
არც ფარისევლად არ უნდა
წარმოვიდგინოთ; და ასეთი
შემთხვევების რიცხვი ჩვენი
კვლევის სფეროში თანდათან
გაიზრდება; იმ შემთხვევებისა,
სადაც საერთოდ არაა ფარისევლობა;
შემთხვევებისა, როდესაც
ადამიანი იმდენად გულწრფელია,
რომ აბსურდულად გამოიყურება
და თანაც იმდენად აბსურდულად,
რომ არაგულწრფელი გეგონება.
ფარისევლობის
უსამართლოდ დაბრალების ერთი
საოცარი მაგალითი არსებობს.
ამ ბრალდებას ყოველთვის
წარსულის მორწმუნეს წაუყენებნენ
ხოლმე, იმ შეუსაბამობისა და
ორპირობისთვის, რომელიც, ერთის
მხრივ უკიდურესი მოკრძალების
გაცხადებასა და მეორეს მხრივ,
ცხოვრებისეული წარმატების
მისაღწევად თავის გამოდებასა
და მიღწევით გამოწვეულ
თავშეუკავებელ სიხარულში
ვლინდება. მართლაც, თავის
მოკატუნებას ჰგავს, როდესაც
ადამიანი საკუთარ თავს უბადუკ
ცოდვილსაც უწოდებს და
საფრანგეთის მეფესაც; მაგრამ
არანაირი შეგნებული შეუსაბამობა
ქრისტიანულ მოკრძალებასა
და ქრისტიანულ სიხარბეს შორის
არ არსებობს, როგორც არ არსებობს
მიჯნურის მოკრძალებასა და
სიხარბეს შორის. ადამიანი
ტიტანურ ძალისხმევას მხოლოდ
იმისთვის გაიღებს, რასაც
თვლის, რომ არ იმსახურებს. არ
არსებობს შეყვარებული კაცი,
რომელსაც არ უთქვამს, რომ
ყველაფერს გააკეთებს მიზნის
მისაღწევად, და თან არ უთქვამს,
რომ ამას არ იმსახურებს.
ქრისტიანობის პრაქტიკული
წარმატება მოკრძალებაშია,
რამდენადაც არასრულყოფილად
არ უნდა ხორციელდებოდეს,
რადგან როგორც კი დამსახურებასა
და გასამრჯელოზე ლაპარაკი
წყდება, სული იმწამსვე
წარმოუდგენელი მოგზაურობისთვის
თავისუფლდება. თუ ნორმალურ
ადამიანს ჰკითხავ, რას იმსახურებს,
ალბათ მოიღუშება და თავს
ჩაჰკიდებს. იქნებ ექვს ფუტ
მიწასაც კი არა. აბა ვკითხოთ,
რისი დაპყრობა შეუძლია - რა
თქმა უნდა, ვარსკვლავების.
ესაა რომანტიკა, წმინდად
ქრისტიანული პროდუქტი. ადამიანი
არ იმსახურებს თავგადასავალს,
მას არ შეუძლია დრაკონები და
ჰიპოგრიფები გამოიმუშაოს.
შუასაუკუნოვანმა ევროპამ
დაამკვიდრა მოკრძალება და
რომანტიკა მოიპოვა; ცივილიზაციამ,
რომელმაც რომანტიკა მოიპოვა,
საცხოვრებლად ვარგისი დედამიწა
შექმნა. რამდენად განსხვავდება
ამისგან წარმართული სულისკვეთება,
შესანიშნავადაა გამოხატული
ცნობილ ციტატაში, სადაც ადისონი
დიდ სტოიკოსს წამოაძახებინებს:
'Tis
not in mortals to command success;
But we'll do more, Sempronius, we'll deserve it."
("მოკვდავთ არ ძალუძთ წარმატების მოპოვება, მაგრამ ჩვენ მეტს შევძლებთ, სემპრონიუს, ჩვენ მას დავიმსახურებთ“)
But we'll do more, Sempronius, we'll deserve it."
("მოკვდავთ არ ძალუძთ წარმატების მოპოვება, მაგრამ ჩვენ მეტს შევძლებთ, სემპრონიუს, ჩვენ მას დავიმსახურებთ“)
სრულიად
საპირისპიროა რომანტიკული
და ქრისტიანული სულისკვეთება,
სულისკვეთება მიჯნურისა,
სულისკვეთება, რომელმაც
დედამიწა ევროპული თავგადასავლით
შეკაზმა:
'Tis not in mortals to deserve success. But we'll do more, Sempronius; we'll obtain it."
(„მოკვდავთ არ ძალუძთ წარმატების დამსახურება, მაგრამ ჩვენ მეტს შევძლებთ, სემპრონიუს, ჩვენ მას მოვიპოვებთ“)
'Tis not in mortals to deserve success. But we'll do more, Sempronius; we'll obtain it."
(„მოკვდავთ არ ძალუძთ წარმატების დამსახურება, მაგრამ ჩვენ მეტს შევძლებთ, სემპრონიუს, ჩვენ მას მოვიპოვებთ“)
აი ეს
მხიარული მოკრძალება, სიმსუბუქის
შეგრძნება და დაუმსახურებელი
ტრიუმფისათვის მზადყოფნაა
ის საიდუმლო, რომელიც სიმარტივის
გამო პირქუშად და მისტიკურად
გამოიყურება. მოკრძალება
იმდენად პრაქტიკული სიქველეა,
რომ ადამიანებს ბოროტება
ჰგონიათ. მოკრძალება იმდენად
წარმატებულია, რომ ამპარტავნობაში
ერევათ. ამას ისიც უწყობს
ხელს, რომ მოკრძალებას ზოგადად
თან სდევს დიდებულებისკენ
მარტივი სწრაფვა, რასაც ამაოებას
უტოლებენ. მოკრძალება, თუ
არჩევანი ექნება, ყოველთვის
ოქროს და მეწამულს მიანიჭებს
უპირატესობას; ამპარტავნება
უფლებას არ მისცემს ოქროს
და მეწამულს, რომ მას ასიამოვნონ.
მოკლედ, ამ სიქველის მარცხი
მის წარმატებაში იმალება. ის
იმდენად წარმატებული დაბანდებაა,
რომ სიქველედ არ თვლიან. ის
ზედმეტად პრაქტიკულია ამ
სოფლისათვის. ის ზედმეტად
ამქვეყნიურია.
ჩვენს დროში
ყველაზე ხშირად მეცნიერთა
მოკრძალებულობაზე ლაპარაკობენ,
და ეს ძალიან კარგი მაგალითია.
ადამიანებს ძალიან უჭირთ
იმის დაჯერება, რომ მთების
მომთხრელი და ზღვების გამყოფი,
ტაძრების დამანგრეველი და
ვარსკვლავებისკენ ხელების
გამშვერი ადამიანი სინამდვილეში
წყნარი, მოხუცი ვაჟბატონია,
რომელიც მხოლოდ იმას ითხოვს,
რომ საშუალება მისცენ თავის
ძველ, უწყინარ გასართობს და
თავის ძველ, უწყინარ ცხვირს
მისდიოს. როდესაც ქვიშის
მარცვალს ხლეჩენ და ამით
სამყარო თავდაყირა დგება,
ძნელია ირწმუნო, რომ ამის
გამკეთებელი ადამიანისთვის
ქვიშის გახლეჩა დიდი საქმეა,
კოსმოსის გადაყირავება კი
უმნიშვნელო. ძნელია, იმ ადამიანის
განწყობა გაიგო, რომელიც ახალ
ზეცას და ახალ დედამიწას
თანმხლებ პროდუქტებად
განიხილავს. გონების ამ თითქმის
ზებუნებრივმა უბრალოებამ
განაპირობა დიდი მეცნიერული
პერიოდის დიდი ადამიანების
უზარმაზარი ძალა და ტრიუმფი
– იმ პერიოდისა, რომელიც მგონი
დასასრულს უახლოვდება. ამათ
ცა რომ თავზე ჩამოემხოთ ბანქოს
სახლივით, იმით კი არ გაიმართლებდნენ
თავს, რომ ეს პრონციპის საკითხია,
არამედ იმით, რომ ეს შემთხვევით
მოუვიდათ. თუ სადმე სიამაყე
შეეპარათ, ყველგან გაჩნდა
მათზე თავდასხმის საფუძველი,
მაგრამ ვიდრე თავმდაბლობას
ინარჩუნებდნენ, დაუმარცხებელნი
იყვნენ. ჰაქსლის შეიძლება
შეეწინააღმდეგო, დარვინს –
არა. ის სარწმუნოა, რადგან
შეუგნებლად მოქმედებს, შეიძლება
ითქვას, ჩლუნგიც კია. ეს ბავშვური
და პროზაული გონება მეცნიერებაში
თანდათან ქრება. მეცნიერები
იწყებენ, როგორც იტყვიან,
საკუთარი ღვაწლის გაცნობიერებას,
საკუთარი თავმდაბლობით
გამოწვეული სიამაყე ეპარებათ;
ესთეტიკურები გახდნენ, დანარჩენი
მსოფლიოს მსგავსად; „ჭეშმარიტების“
მთავრული ასოთი წერასაც კი
მიჰყვეს ხელი, საუბრობენ მათ
მიერ ვითომ დანგრეულ რწმენაზე,
წინამორბედთა აღმოჩენებზე.
თანამედროვე ინგლისელებივით,
ისინი საკუთარმა სიმაგრემ
დაარბილა; საკუთარი ძალის
გაცნობიერება დაიწყეს, ანუ
სისუსტე შეეპარათ. ერთადერთი
წმინდად თაბნამედროვე ადამიანი,
თანამედროვე ათწლეულების
პროდუქტი, რომელმაც ჩვენ ძველი
მეცნიერული სამყაროს
დამახასიათებელი პირადული
უბრალოება დაგვიბრუნა, ბ-ნი
ჰერბერტ უელსია. გვყავს
გენიოსი, რომელიც ხელოვანია,
მაგრამ მეცნიერი იყო და ორივე
ეს საქმიანობა ამ დიდი, მეცნიერული
მოკრძალებით აღბეჭდა. მის
შემთხვევაში, მსგავსად სხვა
ზემოთმოყვანილისა, ძნელია
ჩვეულებრივი მოკვდავის
დარწმუნება იმაში, რომ მსგავსი
ადამიანისათვის მსგავსი
სახის სიქველე ბუნებრივია.
ბ-მა უელსმა ლიტერატურული
მოღვაწეობა ამ პლანეტის
უკანასკნელი გაბრძოლების
მძაფრი წარმოსახვით დაიწყო.
როგორ შეიძლება ადამიანი,
რომელიც ესოდენ მძაფრი
წარმოსახვით იწყებს, მოკრძალებული
იყოს? ამას მოსდევს გაშმაგებული
ამბები ცხოველებისგან ადამიანის
გამოკვეთისა და ანგელოზების
ფრინველებივით ხოცვის შესახებ.
მოკრძალებულია ადამიანი,
რომელიც ცხოველისაგან ადამიანს
თლის და ანგელოზებს ჩიტებივით
ხოცავს? ამის შემდეგ ის კიდევ
უფრო გაბედულ ამბებს ეჭიდება,
ვიდრე ეს მკრეხელობაა -
კაცობრიობის პოლიტიკურ
მომავალს წინასწარმეტყველებს,
თან ამას აგრესიული ავტორიტეტულობით
და კატეგორიულობით აკეთებს.
სად კაცობრიობის მომავლის
წინასწარმეტყველი და სად
მოკრძალება? სიამაყესა და
მოკრძალებაზე თანამედროვე
წარმოდგენების ფონზე ძნელია
იმის ახსნა, როგორ შეიძლება
მოკრძალებულად ჩაითვალოს
ასეთი დიდი და გაბედული
ქმედებების ჩამდენი ადამიანი.
ერთადერთი შესაძლო ახსნა აკი
დასაწყისშივე მოგახსენეთ:
დიდი და გაბედული საქმეები
მხოლოდ მოკრძალებულ ადამიანს
ხელეწიფება. მოკრძალებულ
ადამიანს გამაოგნებელი ხილვები
ეძლევა, და ამას სამი ცხადი
მიზეზი აქვს: პირველი ისაა,
რომ მოკრძალებული ადამიანი
მხედველობას სხვაზე უფრო
მეტად ძაბავს; მეორე – ის მათ
უფრო მძაფრად და აღმატებულად
აღიქვამს; და მესამე – ის მათ
უფრო გულწრფელად და ზუსტად
იმახსოვრებს, აგრეთვე ნაკლებად
ამახინჯებს ჩვეულებრივი და
თვითკმაყოფილი ყოველდღიური
მე-ს გამო. თავგადასავალი იმის
ხვედრია, ვინც მას არ ელის –
ანუ, ყველაზე უფრო დიდი
რომანტიკოსის; თავგადასავალი
მორცხვისაა და არა მისი
მაძიებლის.
ბ-ნი უელსის
ეს განსაცვიფრებელი გონებრივი
მოკრძალება ძნელი საილუსტრაციოა,
როგორც ბევრი სხვა, მნიშვნელოვანი
და ცოცხალი რამ, თუმცა ჩემთვის
რომ ეკითხათ, ვიცი, რითიც
დავიწყებდი. ყველაზე საინტერესო, რაც ბ-ნ უელსს სხვა ბრწყინვალე
თანამედროვეთაგან განასხვავებს,
ისაა, რომ მისი ზრდა არასდროს
შეწვეტილა. ღამით თუ იფხიზლებ
და მიაყურადებ, შეგიძლია
გაიგონო, როგორ იზრდება. ეს
ზრდა ყველაზე უფო ნათლად
შეხედულებათა თანდათანობით
ცვლილებაში აისახება. თუმცა
ეს არაა შეხედულებათა უბრალო
ცვლა. ეს არაა ჯორჯ მურივით
პოზიციიდან პოზიციაზე
გაუთავებელი ხტუნვა. ესაა
უწყვეტი მოძრაობა გარკვეული
გზის გასწვრივ და სრულიად
განსაზღვრული მიმართულებით:
საოცარი შეხედულებებიდან
ბანალურისკენ, რაღაც თვალსაზრისით
– არაჩვეულებრივი შეხედულებებიდან
ჩვეულებრივისკენ. ეს ფაქტი
ამტკიცებს ბ-ნი უელსის პატიოსნებას
და გამორიცხავს მის პოზიორობას.
ერთ დროს ბ-ნი უელსი დარწმუნებული
იყო, რომ მაღალი და დაბალი
ფენა იმდენად დაშორდება, რომ
საბოლოოდ ერთი მეორეს შეჭამს.
არც ერთი პარადოქსების მოყვარული
შარლატანი, რომელმაც ასეთი
გასაოცარი თვალსაზრისის
გასამაგრებელ არგუმენტებს
მიაგნო, არ მიატოვებდა მას
- და თუ მიატოვებდა, მხოლოდ
კიდევ უფრო გასაოცარი თვალსაზრისის
ხათრით. ბ-მა უელსმა კი დათმო,
და თან სრულიად უწყინარი
თვალსაზრისის გულისთვის:
ორივე ეს ფენა გაითქვიფება
და გარკვეული სახის მეცნიერულ
საშუალო ფენას, ინჟინერთა
კლასს წარმოქმნისო. სენსაციური
თეორია მან ისეთივე პატიოსანი
სერიოზულობითა და სიმარტივით
მიატოვა, როგორითაც მიიღო.
მაშინ ფიქრობდა, რომ ის
ჭეშმარიტია, ახლა ფიქრობს,
რომ არაა. მივიდა დასკვნამდე,
რომელიც ყველაზე უფრო საშინელია
ლიტერატორისთვის: თითქოს ჩვეულებრივი
თვალსაზრისი ჭეშმარიტია.
როგორი თავგანწირვა გჭირდება,
გოდოლზე რომ შედგე და ათიათას
შეგროვილ კაცს პირდაპირ
გამოუცხადო, რომ ორჯერ ორი
ოთხია.
ახლა ბ-ნი
უელსი კონსერვატიზმის
მხიარულ და ამაღელვებელ
პროგრესს განიცდის. ის გამუდმებით
პოულობს, რომ პირობითობები
თუმცა უხმაუროდ, მაგრამ მაინც
აგრძელებენ არსებობას. ამ
მოკრძალებული და საღი აზრის
კარგი მაგალითი მეცნიერებასა
და ქორწინებასთან მისი
დამოკიდებულებაა. ერთ დროს
ის თვლიდა - დარწმუნებული ვარ,
რამდენიმე არაჩვეულებრივი
სოციოლოგი ახლაც ამ აზრისაა
- რომ ადამიანი შეიძლება
წარმატებულად დააწყვილო და
გაამრავლო, ძაღლის და ცხენის
მსგავსად. ახლა ასე აღარ
ფიქრობს. არა მარტო ასე აღარ
ფიქრობს, არამედ თავის ნაშრომში
MANKIND
IN THE MAKING აღწერა
კიდეც ეს ისეთი გამანადგურებელი
იუმორით, რომ არა მგონია, ვინმე
სხვაც რომ კიდევ ასე ფიქრობდეს.
თუმცა ამის საწინააღმდეგო
ძირითად არგუმენტად ფიზიკური
განუხორციელებლობა მიიჩნია,
რაც ძალიან უსუსურად და სხვებთან
შედარებით უმნიშვნელოდ
მეჩვენება. მეცნიერული
ქორწინების საწინააღმდეგო
ერთი არგუმენტი, რომელიც
მართლა იმსახურებს ყურადღებას
უბრალოდ ისაა, რომ მას მხოლოდ
წარმოუდგენელ მონებს და
მხდალებს თუ მოახვევ თავს.
არ ვიცი, მეცნიერული ქორწინების
მაჭანკლები მართლები არიან
(როგორც თავად ამბობენ) თუ არა
(როგორც ბ-ნი უელსი ამბობს),
რომ სამედიცინო მეთვალყურეობა
ღონიერ და ჯანმრთელ ადამიანებს
წარმოშობს. ის კი ნამდვილად
ვიცი, ეს ღონიერი და ჯანმრთელი
ადამიანები სამედიცინო
მეთვალყურეობას კარგ დღეს
რომ არ დააყრიან.
ამ სამედიცინო
ლაყბობის შეცდომა იმაშია,
რომ ის ჯანმრთელობის იდეას
ზრუნვის იდეასთან აკავშირებს.
რა ესაქმება ჯანმრთელობას
ზრუნვასთან? ჯანმრთელობა
უზრუნველობაა. ზრუნვა საგანგებო
შემთხვევებისთვისაა. ზრუნვა
მაშინ გვჭირდება, როცა გვინდა
რომ გამოვჯანმრთელდეთ, მაგრამ
მაშინაც მხოლოდ იმიტომ, რომ
კვლავ უზრუნველნი ვიყოთ. თუ
ექიმი ხარ, ავადმყოფ ადამიანებს
მიმართავ და ვალდებული ხარ
უთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ,
მაგრამ თუ სოციოლოგი ხარ,
კაცობრიობას მიმართავ, და
მას კი უნდა უთხრა, რომ უდარდელი
იყოს. ჯანმრთელი ადამიანის
ყველა ფუნდამენტური ფუნქცია
აუცილებლად სიამოვნებით უნდა
განხორციელდეს და სიამოვნებისათვის;
არავითარ შემთხვევაში –
სიფრთხილით და სიფრთხილისთვის.
ადამიანი იმისთვის უნდა
იკვებებოდეს, რომ მადა
დაიკმაყოფილოს, და არა იმიტომ,
რომ სხეული აქვს შესანარჩუნებელი;
ივარჯიშოს – არა იმიტომ, რომ
მსუქანია, არამედ იმიტომ, რომ
უყვარს ფარიკაობა ან ცხენები,
ან მაღალი მთები, და თან უყვარს
თავისთავად, ყოველგვარი
მიზეზის გარეშე. და კიდევ:
ადამიანი უნდა დაქორწინდეს
იმიტომ, რომ შეუყვარდა, და
არავითარ შემთხვევაში იმის
გამო, რომ მსოფლიო დასახლებული
იყოს. საკვები გაგვიახლებს
ქსოვილებს, ვიდრე მათზე არ
ვფიქრობთ. ვარჯიშიც ფორმაში
მოგვიყვანს, ვიდრე თავში სხვა
რამ გვიტრიალებს. ქორწინებაც
შეძლებს ჯანსაღი თაობის
წარმოშობას თუ ბუნებრივი
აღტაცების საწყისზე აღმოცენდება.
ჯანმრთელობის უპირველესი
კანონით მოთხოვნილება
მოთხოვნილებად კი არა, ფუფუნებად
უნდა ჩავთვალოთ. ამიტომაც,
მოდი, პატარ-პატარა ამბებს,
მაგალითად ავდმყოფობას,
ზრუნვით მოვეკიდოთ; მაგრამ
საღი აზრის სახელით, მოდი
უზრუნველნი ვიყოთ მნიშვნელოვანში,
როგორიცაა ქორწინება; სხვანაირად
ჩვენი ცხოვრების წყარო დაშრება.
თუმცა ბ-ნი
უელსი მთლად ვერ გათავისუფლდა
რამდენადმე უფრო ვიწრო,
მეცნიერული ხედვისგან, რომლის
მიხედვითაც, ყველაფერი
მეცნიერების განსჯის საგანია.
ის ჯერ კიდევ იმ დიდი მეცნიერული
შეცდომის ტყვეობაშია, როცა
იწყებენ არა ადამიანის სულით
– პირველით, რასაც ადამიანი
ხვდება, არამედ რომელიღაც
პროტოპლაზმით, ანუ უკანასკნელით.
ამ დიდებული გონებრივი
აღჭურვილობის ერთი ნაკლი
ისაა, რომ ადამიანის მასალას
არ ითვალისწინებს. თავის "ახალ
უტოპიაში," მაგალითად,
ის
ამტკიცებს, რომ უტოპიის არსი
ადამიანის დაცემის უარყოფა
იქნება. მას რომ ადამიანის
სულით, ანუ საკუთარი თავით
დაეწყო, დაცემა იქნებოდა
პირველი რამ, რასაც ირწმუნებდა.
მოკლედ, მიხვდებოდა, რომ
თავკერძობის
წყარო მე-ს არსებობაა და არა
განათლების თუ აღზრდის
შეცდომები. ყველა უტოპიის
შეცდომაც ისაა, რომ ადამიანის
უდიდეს სიძნელეს
თავიდანვე დაძლეულად თვლის
და უმნიშვნელო სიძნელეების
მოგვარების წვრილმან ანგარიშს
გთავაზობს; ვარაუდობს, რომ
ყველა დასჯერდება საკუთარ
წილს და გრძლად აღწერს, ამ
წილს ავტომობილით მიართმევენ
თუ საჰაერო ბურთით. ბ-ნი უელსის
მიერ ადამიანის ფსიქოლოგიის
უგულებელყოფის კიდევ უფრო
ცხად მაგალითს კოსმოპოლიტიზმში
იპოვით, რომელიც მის უტოპიაში
ყველა პატრიოტულ საზღვარს
აუქმებს. ჩვეული გულუბრყვილობით
ის ამტკიცებს, უტოპია ერთიანი
მსოფლიო სახელმწიფო თუ არ
იქნა, ომებს ვერ ავიცილებთო.
თავში აზრადაც არ მოსდის, რომ
ერთი მსოფლიო სახელმწიფო რომ
არსებობდეს, მსოფლიოს დასასრულამდე
მასთან ომში ვიქნებოდით
ჩართულნი; თუ ვაღიარებთ, რომ
მრავალფეროვნება აუცილებელია
აზროვნებასა და ხელოვნებაში,
რა აზრი აქვს ამის უარყოფას
მმართველობაში? ეს ხომ ძალიან
მარტივია: სიკეთისთვის ბრძოლას
ვერ გამორიცხავ, თუ სიკეთეს
შეგნებულად არ ეწიმანაღმდეგები.
შეუძლებელია ცივილიზაციათა
შორის შესაძლო კონფლიქტის
გამორიცხვა, რადგან შეუძლებელია
იდელთა შორის კონფლიქტის
გამორიცხვა. დღევანდელ
სახელმწიფოებს შორის თანამედროვე
ქიშპი რომ არ ყოფილიყო, უტოპიებს
შორის ქიშპი იქნებოდა, რადგან
უმაღლესი რამ არა მარტო
ერთიანობისკენ ისწრაფვის,
არამედ განსხვავებულობისაკენაც.
ადამიანები ხშირად იბრძვიან
ერთიანობისათვის, მაგრამ
კიდევ უფრო ხშირად –
განსხვავებულობისთვის. ეს
მრავალფეროვნებაა დიდი
ევროპული ცივილიზაციის მძაფრი
პატრიოტიზმისა და შეურიგებელი
ნაციონალიზმის დედააზრი.
ესაა სამების დოქტრინის
მნიშვნელობაც.
ბატონი
უელსის მსოფლმხედველობის
მთავარი ნაკლი მაინც უფრო
ღრმაა და ძალიან სახალისოდაა
გამოხატული ახალი უტოპიის
შესავალ ნაწილში. მისი
მსოფლმხედველობა საბოოლოოდ
თავად მსოფლმხედველობის
შეუძლებლობამდე მიდის. ყოველ
შემთხვევაში, ის უარყოფს
მდგრადი და საიმედო იდეების
არსებობას, რომლებსაც შეიძლება
სულიერი კმაყოფილება დაეყრდნოს.
თუმცა უფრო გასაგებიც და
გასართობიც თავად ბ-ნი უელსის
მოსმენა იქნება.
ის ამბობს:
„არაფერია გამძლე, ზუსტი და
ცხადი (გარდა პედანტის
გონებისა)... ყოფიერების არ
იყოს! - არც ყოფიერება არსებობს,
არამედ უნივერსალური
ინდივიდუალობების წარმოქმნა
მხოლოდ, და პლატონმა ჭეშმარიტებას
ზურგი აქცია, როდესაც თავისი
კონკრეტული იდეალების
მუზეუმისკენ იბრუნა პირი.“
და კვლავ: „ ჩვენს ცოდნაში
უცვლელი არაფერია. ჩვენ
ვაძლიერებთ განათებას და
სინათლის ყოველი ახალი ნაკადი
მანამდე გაუმჭვირვალ სიღრმეს
განჭოლავს და ახალ-ახალ
გაუმჭვირვალობებს გამოაჩენს.“
ასეთი რამის თქმისას, სრული
პატივისცემით ვამბობ, ბ-ნი
უელსი ცხად აზრობრივ განსხვავებას
ვერ ამჩნევს. არ შეიძლება იმის
თქმა, რომ ცოდნაში არაფერია
უცვლელი. ასე რომ იყოს არაფერი
გვეცოდინებოდა და ამას ცოდნას
ვერ დავარქმევდით. ჩვენი
გონებრივი მდგომარობა შეიძლება
ძალიან განსხვავდებოდეს
იმისგან, რომელიც რამდენიმე
ათასი წლის წინ მაცხოვრებელ
ადამიანს ჰქონდა, მაგრამ ის
არ შეიძლება სრულად განსხვავდებოდეს,
რადგან ამ შემთხვევაში
განსხვავებას ვერ შევამჩნევდით.
ბ-ნ უელსს რა თქმა უნდა, ესმის
ის უმარტივესი პარადოქსი,
რომელიც ჭეშმარიტების
სათავესთანაა მოკალათებული.
ორი რამის განსხვავებულობა
მსგავსებაზე მიუთითებს.
კურდღელი და კუ განსხვავდებიან
სისწრაფით, მაგრამ მსგავსნი
არიან მოძრაობით. უსწრაფესი
კურდღელიც კი ვერ იქნება
ტოლფერდა სამკუთხედზე ან
ვარდისფერის იდეაზე უფრო
მარდი. როცა ვამბობთ, რომ რაღაც
მოძრაობს, უსიტყვოდ ვგულისხმობთ,
რომ არსებობს კიდევ სხვა რამ,
რაც არ მოძრაობს. თვით იმის
თქმა, რომ ყველაფერი იცვლება,
ნიშნავს აგრეთვ იმის აღიარებას,
რომ უცვლელიც არსებობს.
ბ-ნი უელსის
შეცდომა მის მიერვე არჩეული
მაგალითიდან ჩანს საუკეთესოდ.
მართალია, რომ მკრთალი სინათლე
უფრო მუქ რამესთან შედარებით
სინათლედ, უფრო კაშკაშასთან
შედარებით კი სიბნელედ აღიქმება.
თუმცა სინათლის თვისება იგივე
რჩება, სხვაგვარად მას კაშკაშა
სინათლედ არ მოვიხსენებდით.
სინათლის ხასიათი რომ გონებაში
გამაგრებული არ იყოს, შეიძლება
მუქი ჩრდილისთვის ძლიერი
სინათლე გვეწოდებინა, ან
პირიქით. თუ სინათლის ხასიათი
წამით შესუსტდა, მაშინვე
გაჩნდება ეჭვი, მეტი სინათლეა
ახალ ნაკადში თუ ნაკლები.
მოკლედ, პროგრესი შეიძლება
ღრუბელივით ცვალებადობდეს,
მაგრამ მიმართულება ისეთივე
მყარი უნდა იყოს, როგორც
ფრანგული შარაგზა. ჩრდილოეთი
და სამხრეთი პირობითია იმ
თვალსაზრისით, რომ ბორნმუთის
ჩრდილოეთით ვარ და შპიცბერგენის
სამხრეთით, მაგრამ ჩრდილოეთ პოლუსის მდებარეობაში ეჭის
შეტანა ასევე ეჭვქვეშ დააყენებს
შპიცბერგენის სამხრეთით
ყოფნასაც. სინათლის აბსოლუტური
იდეა იქნებ მიუღწეველიცაა.
ჩვენ იქნებ ვერც მივიღოთ სუფთა
სინათლე. იქნებ ჩრდილოეთ
პოლუსსაც ვერ მივაღწიოთ;
მაგრამ ჩრდილოეთ პოლუსის
მიუღწევლობა არ ნიშნავს მის
განუსაზღვრელობას. ბრაიტონის
და ვორთინგის დამაკმაყოფილებელი
რუკა მხოლოდ იმის წყალობით
არსებობს, რომ ჩრდილოეთ პოლუსი
განსაზღვრულია.
მოკლედ,
პლატონმა პირი სიმართლისკენ
იბრუნა, ზურგი კი ბ-ნ უელსს
მიუშვირა, როცა კონკრეტული
იდეალების თავის მუზეუმისკენ
შებრუნდა. სწორედ აქ გვიჩვენებს
პლატონი თავის მნიშვნელობას.
არაა მართალი, თითქოს ყველაფერი
ცვალებადია; ის რაც იცვლება,
გამოვლინებაა და მატერიალურია;
არის რაღაც, რაც არ იცვლება;
ესაა ზუსტად ის განყენებული
თვისება, უხილავი იდეა. ბ-ნი
უელსი სწორად აღნიშნავს, რომ
ერთი და იგივე რამ შეიძლება
ერთხელ სინათლედ დაინახო და
მეორედ – სიბნელედ. მაგრამ
ორივე ამ შემთხვევას სინათლის
იდეა აერთიანებს - რომელიც
საერთოდ არ დაგვინახავს. ბ-ნი
უელსი შესაძლოა უფრო და უფრო
გაიზარდოს, ვიდრე მისი თავი
ეულ ვარსკვლავს არ გასცდება;
წარმოდგენაც კი შემიძლია,
როგორ აღწერს ამას კარგ რომანში.
ამ შემთხვევაში ხეებს ჯერ
მაღლებად, შემდეგ კი დაბლებად
დაინახავს; ღრუბლებს ჯერ მაღლა
დაინახავს, შემდეგ კი ზემოდან
დახედავს. მაგრამ იმ ვარსკვლავურ
სიმარტოვეში მასთან ერთად
უსასრულოდ დარჩება სიმაღლის
იდეა; იმ უზარმაზარ, საშინელ
სივრცეში მისი მყუდრო თანამგზავრი
ის ცხადი აზრი იქნება, რომ ის
კი არ გასუქდა (მაგალითად),
არამედ გამაღლდა.
გამახსენდა,
რომ ბ-ნ უელსს მშვენიერი
რომანი აქვს დაწერილი ადამიანებზე,
რომლებიც ხეებივით მაღლები
იზრდებიან; და აქაც, ჩემი აზრით,
ის ამ ბუნდოვანი ფარდობითობის
მსხვერპლია. „ღმერთების
საზრდო,“ ბერნარდ შოუს პიესის
მსგავსად, ზეადამიანის იდეის
კვლევაა და ისიც დაუცველია
იგივე გონებრივი შეტევისაგან,
თუმც კი ნახევრად პანტომიმური
ალეგორიის პირბადითაა შენიღბული.
ძნელია ელოდებოდე ჩვენგან
რამე სახის პატივისცემას
დიდი არსების მიმართ, თუ ის
არანაირად არ შეესაბამება
ჩვენ სტანდარტებს. დიდობის
ამ სტანდარტთან შეუსაბამობის
გამო მას დიდსაც კი ვერ
დავარქმევთ. ყველაფერი, რაც
საინტერესოა ზეადამიანის
იდეაში, ნიცშემ ასე შეაჯამა:
„ადამიანი არის ის, რასაც უნდა
გადააჭარბო.“ მაგრამ გადაჭარბება
ხომ ჩვენთვის საერთო სტანდარტის
არსებობას გულისხმობს და
კიდევ რაღაცას, რაც მას აჭარბებს.
თუ ზეადამიანი უფრო ადამიანურია,
ვიდრე ადამიანები, მას, რა
თქმა უნდა, საბოლოოდ გააღმერთებენ,
მანამდე რომ მოკლან კიდეც.
მაგრამ თუ ის უბრალოდ უფრო
ზეადამიანურია, მის მიმართ
შეიძლება ინდიფერენტულნიც
დარჩნენ, როგორც რამე სხვა,
უაზრო ურჩხულის მიმართ. მან
ჩვენი გამოცდა უნდა გაიაროს,
თუნდაც იმისთვის, რომ შეგვაშინოს.
უბრალო ძალა ან ზომა სტანდარტია;
მაგრამ მხოლოდ ეს არ აფიქრებინებს
ადამიანებს, რომ სხვა ადამიანი
მათ აღემატება; ძველი, ბრძნული
ზღაპრის გოლიათი მავნებელია;
ზეადამიანიც, თუ კარგი ადამიანი
არაა, მავნებელია.
„ღმერთების
საზრდოც“ ზღაპარია, სახელად
„ჯეკი– გოლიათების მმუსვრელი,“ ოღონდ გოლიათის თვალით დანახული.
ვფიქრობ, ლიტერატურაში ეს
პირველად გაკეთდა; თუმცა ეჭვიც
არ მეპარება, რომ საამისო
ფსიქოლოგიური მასალა არსებობდა.
დარწმუნებული ვარ, რომ გოლიათი,
რომელიც ჯეკმა მოკლა, თავი
ზეადამიანად წარმოედგინა.
როგორც ჩანს, ჯეკს ის ვიწრო
და შეზღუდულ ადამიანად თვლიდა,
რომელიც სასიცოცხლო ძალის
დიად წინსვლას ეწინააღმდეგება.
მას (როგორც არც თუ იშვიათად
ხდება) ორი თავი რომ ჰქონოდა,
ის ელემენტარულ აზრზეც
მიანიშნებდა, რომ ორი თავი
ერთს სჯობს, განავრცობდა ასეთი
მოწყობილობის დახვეწილ
თანამედროვეობას, რაც ორმხრივად
ხედვის და საკუთარი თავის
დროული კორექტირების საშუალებას
იძლევა. მაგრამ ჯეკი გამძლე
ადამიანური სტანდარტების
დამცველია და თვლის, რომ ერთ
კაცს ერთი თავი და ერთი სინდისი
უნდა ჰქონდეს. ჯეკს არ აღელვებს
გოლიათის გოლიათურობა. მას
აინტერესებს, კარგია გოლიათი
თუ არა – ანუ რამდენად კარგია
ჩვენთვის, ადამიანებისთვის;
როგორია მისი რელიგიური
შეხედულებები; რა აზრისაა
პოლიტიკაზე და მოქალაქის
მოვალეობებზე; უყვარს თუ არა
ბავშვები – თუ მხოლოდ ბნელი
და საშინელი მნიშვნელობით
უყვარს? გული იქ აქვს, სადაც
უნდა ჰქონდეს, თუ არა? ამის
გასაგებად დროდადრო ხმალსაც
გაჰკრავს ხოლმე. ეს ძველი და
მართალი ზღაპარი უბრალოდ
ადამიანის მთელი ისტორიაა;
მას რომ ჩავწვდომოდით, არც
ბიბლია დაგვჭირდებოდა და არც
მატიანე, მაგრამ თანამედროვე
მსოფლიო განსაკუთრებით შორსაა
ამ გაგებისგან. თანამედროვე
მსოფლიო, ბ-ნი უელსის მსგავსად,
გოლიათების მხარესაა; ეს
ყველაზე დაცული, და ამიტომაც
ყველაზე ცუდი და პროზაული
პოზიციაა. თანამედროვე სამყარო,
როდესაც თავის პაწაწინა
კეისრებს აქებს, ძლიერებასა
და სიმამაცეზე ლაპარაკობს,
მაგრამ ვერ ხედავს მარადიულ
პარადოქსს, რომელიც ამ იდეათა
დაკავშირებას თან სდევს:
ძლიერი მამაცი ვერ იქნება;
მხოლოდ სუსტი შეიძლება იყოს
მამაცი. მერყეობის დროსაც,
ძლიერად მას თვლიან, ვისაც
შეუძლია, რომ მამაცი იყოს.
ჯეკის გასაძლებად გოლიათს
ერთადერთი გზა ჰქონდა: სხვა,
ათჯერ მასზე უფრო
დიდ
გოლიათებთან მუდმივ ბრძოლში
უნდა დახელოვნებულიყო; მაგრამ
მაშინ გოლიათობა უნდა შეეწყვიტა
და ჯეკი გამხდარიყო. ამდენად,
მცირეს და დამარცხებულის
მიმართ თანაგრძნობა, რომლის
გამოც ჩვენ, ლიბერალებს და
ნაციონალისტებს ხშირად
გვსაყვედურობენ, სულაც არაა
უსარგებლო სენტიმენტალიზმი,
როგორც ბ-ნ უელსს და მის მეგობრებს
წარმოუდგენიათ. ეს პრაქტიკული
სიმამაცის პირველი კანონია.
უსუსტეს ბანაკში ყოფნა უძლიერეს
სკოლაში ყოფნაა.
ზეკაცის
რასის განთიადიც კაცთა
მოდგმისთვის სასარგებლოდ
წარმომიდგენია, რადგან მას
ურჩხულივით უნდა შევებათ. თუ
ზეადამიანი გვჯობია, რა თქმა
უნდა, ბრძოლა საჭირო არ არის.
თუმცა ამ შემთხვევაში
რატომ
წმინდანს არ დავარქმევთ?
მაგრამ თუ ის უბრალოდ უფრო
ძლიერია (ფიზიკურად, გონებრივად
თუ ზნეობრივად) მაშინ ანგარიში
უნდა გაგვიწიოს, სულ ცოტა,
მთელი იმ ძალის გამო, რაც ჩვენ
გვაქვს. ჩვენ თუ მასზე სუსტნი
ვართ, ეს არაა იმის მიზეზი,
რომ საკუთარ თავზე უფრო სუსტნი
ვიყოთ. თუ გოლიათის მუხლებს
ვერ ვწვდებით, ამის გამო საკუთარ
მუხლებზე არ უნდა დავეცეთ.
სწორედ ეს დგას გმირის
თანამედროვე თაყვანისცემის,
ძლიერი ადამიანით, კეისრით
და ზეკაცით აღტაცების უკან:
იმისთვის, რომ ის ადამიანზე
რამდენადმე მეტი იყოს, ჩვენ
ადამიანზე რამდენადმე ნაკლებნი
უნდა გავხდეთ.
არსებობს
გმირის თაყვანისცემა, უფრო
ადრინდელი და უკეთესი, ვიდრე
ესაა. თუმცა ძველი გმირი,
აქილევსის მსგავსად, უფრო
ადამიანი იყო, ვიდრე ყველა
დანარჩენი ადამიანი. ნიცშეს
ზეკაცი ცივი და უმეგობროა;
აქილევსს ისე სულელურად უყვარს
თავისი მეგობარი, რომ მისი
დაკარგვით გადარეული არმიებს
ჟლეტს. ბ-ნი შოუ ათქმევინებს
კეისარს: „ ვისაც იმედი არ
ჰქონია, არც უსასოობაში
ჩავარდება;“ ძველი ღმერთკაცი
პასუხობს იმ საშინელი ბორცვიდან:
„უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ
ჩემისა?“ დიდი ადამიანის
სიძლიერე ის კი არ არის, რომ
სხვებზე ნაკლებს გრძნობს,
არამედ ის, რომ სხვებზე უფრო
მეტს, და როცა ნიცშე ამბობს:
„ახალ მცნებას გაძლევ – იყავ
მყარი,“ სინამდვილეში გეუბნება:
„ახალ მცნებას გაძლევ – იყავ
მკვდარი.“ მგრძნობელობა
სიცოცხლის განუყოფელი ნიშანია.
ბოლო
სიტყვისთვის ისევ ჯეკს
მივმართავ, გოლიათებს რომ
მუსრავს. ბევრი ვიფიქრე ბ-ნი
უელსზე და გოლიათებზე. არა
იმიტომ, რომ ეს საკითხი
საგანგებოდაა წამოწეული მის
გონებაში. ვიცი, რომ ზეკაცს
ნაკლები ადგილი უჭირავს მის
სამყაროში ბერნარდ შოუს
სამყაროსთან შედარებით. სწორედ
ამიტომ ჩავფიქრდი: რადგან
გმირის უზნეო თაყვანისცემის
ერესი მას ნაკლებად დაუფლებია,
იქნებ ჯერ კიდევ შესაძლებელია
დღევანდელობის ერთი საუკეთესო
მოაზროვნის დაცვა ამ
გადაგვარებისგან. „ახალ
უტოპიაში“ ბ-ნი უელსი არაერთხელ
აღტაცებით მიანიშნებს ბ-ნ
ჰენლიზე. ეს ბრძენი და უბედური
ადამიანი ბუნდოვანი ძალადობით
აღტაცებაში ატარებდა სიცოცხლეს
და ყოველთვის მიმართავდა
ძველ, უხეშ თქმულებებს და
ბალადებს, ძლიერ და პრიმიტიულ
ლიტერატურას, რათა იქ ძალის
ხოტბა და ტირანიის გამართლება
ეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. იქ
მსგავსი არაფერია. პრიმიტიული
ლიტერატურა ჯეკის ზღაპარია.
ძველი პრიმიტიული ლიტერატურა
სუსტის ქება-დიდებაა. უხეში
ძველი ზღაპრები უმცირესობათა
მიმართ თანაგრძნობითაა სავსე,
თანამედროვე პოლიტიკური
იდეალისტივით. ძველი, მარტივი
ბალადები სენტიმენტალურად
ზრუნავენ დამარცხებულზე,
აბორიგენთა დაცვის საზოგადოებასავით.
როდესაც ადამიანი მტკიცე და
მარტივი იყო, როდესაც მძიმე
დარტყმების და მძიმე კანონების
ქვეშ ცხოვრობდა, ის ორნაირ
სიმღერებს მღეროდა. ერთში
სუსტის ძლიერზე გამარჯვებას
ზეიმობდა, მეორეში კი ძლიერის
სუსტზე იშვიათ გამარჯვებას
გლოვობდა. სტატუს ქვოს ეს
მიუღებლობა, არსებული წონასწორობის
შეცვლის გამუდმებული მცდელობა,
ძლიერის ნაადრევი გამოწვევა
- აი ადამიანად წოდებული
ფსიქოლოგიური თავგადასავლის
მთელი ბუნება და შინაგანი
საიდუმლო. მისი სიძლიერე
ძლიერის აბუჩად აგდებაა.
კაცობრიობის ერთადერთი რეალური
იმედი მიტოვებული იმედია.
ბალადები ტყის კაცებს ყველაზე
მეტად მაშინ აქებენ, როდესაც
არამარტო მეფეს, არამედ თვით
გმირსაც არად აგდებენ. როგორც
კი რობინ ჰუდი ზეკაცს ემსგავსება,
რაინდული განწყობის მემატიანე
მას წამსვე საწყალ მკალავს
დააჟეჟინებს, უბოდიშოდ გვერდზე
გაწევას რომ უპირებდა. მემატიანე
რობინ ჰუდს ამ დაჟეჟვას
აღტაცებული გაოცებით მიაღებინებს.
ეს დიდებულება არც თანამედროვე
ჰუმანიზმის პროდუქტი გახლავთ
და არც მშვიდობასთან ესაქმება
რამე. ესაა ომის ერთერთი
მივიწყებული ხელოვნებათაგანი.
ჰენლისტები ღონიერი და მეომარი
ინგლისისკენ მოგვიწოდებენ
და ღონიერი და მეომარი ინგლისის
ძველ ამბებს იშველიებენ. იქ
კი ყველგან გარდიგარდმო წერია:
„მაჯუბას პოლიტიკა.“
No comments:
Post a Comment